ბანკები ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებენ. ქადაგიძის ირგვლივ შემოკრებილი ჯგუფის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც უფრო იწურება პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების დრო (პირველი აგვისტო), მით უფრო ირღვევა სებ-ისა და საბანკო სექტორის ერთიანობა.
საქართველოს ბანკების ასოციაციასა და ბანკებს შორის დაპირისპირებაზე განცხადება, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ გაავრცელა. გოცირიძის თქმით, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ასოციაციის რიგების დატოვებას აპირებს.
„მათ ვერ შეძლეს ასოციაციის ხელმძღვანელობის შეცვლა, ვინაიდან მთავრობისაგან მოსალოდნელი საფრთხეებით დაშინებული პატარა ბანკები, რომლებიც რაოდენობრივად მეტია, ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას. თანაც, რამდენიმე პატარა და საშუალო სიდიდის ბანკის მესაკუთრე მმართველი ხელისუფლების წევრები არიან“, - აცხადებს გოცირიძე.
მისივე განცხადებით, კულუარულად ცნობილი ხდება, რომ მოსალოდნელია საერთაშორისო ორგანიზაციების დემარში, საბანკო ზედამხედველობისა და ზოგადად, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ბანკები ბანკების წინააღმდეგ! ეს უკვე ახალი მოვლენაა ქართულ ცხოვრებაში“, - აცხადებს გოცირიძე.
ამ დროს მის მოსაზრებას და შეშფოთებას არც ბანკები იზიარებენ და არც ბანკების ასოციაცია. „რომან გოცირიძე ნათელმხილველი გახდა, ლელა კაკულიაა? როგორ შეიძლება ასოციაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ მე არ ვიყო საქმის კურსში და მან იცოდეს“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ. კანონპროექტში 70-მდე შენიშვნა სწორედ წევრი ბანკების მომზადებული იყო, რაც საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ასოციაციის პრეზიდენტმა წარადგინა.
„თიბისი ბანკი“ ბანკების ასოციაციის დატოვებას უარყოფს. ბანკში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მათ მიერ ასოციაციის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელში გოცირიძის პირად მოსაზრებებზე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან მის განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
„ვითიბის“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ ასოციაციის წევრი ბანკების აქტიური ჩართულობით სებ-ის რეორგანიზაციის კანონპროექტზე გარკვეული რეკომენდაციები მომზადდა, რაც ყველა ბანკს შორის შეჯერებული საბოლოო პროდუქტი იყო. რამე კონფლიქტსა და დაპირისპირებაზე მას არ სმენია.
ამასობაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებს უხმო და მათ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული წინადადება გააცნო. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც, შესაძლოა, პარლამენტს წარედგინოს, სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, თანხვედრაშია ასოცირების დღის წესრიგთან, სადაც საუბარია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე.
რაც შეეხება იმას თუ როდის დაადებს პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ეს თავად გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ეს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 1 აგვისტომდე მოხდება.
პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში შეკრებილი არასამთავრობოების ნაწილი კანონპროექტის ანტიკონსტიტუციურობაზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საფრთხის ქვეშ აყენებს საბანკო სისტემის განვითარებას.
„საბანკო ზედამხედველობის სამსახური და, ზოგადად, საბანკო სექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი. როდესაც საუბარია ბანკებზე ზედამხედველობაზე, ეს უნდა განახორციელოს დამოუკიდებელმა სამსახურმა. ამ კანონით დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის. ყველაფერთან ერთად, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ძალიან კარგი იქნება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი განიხილება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი კი არ უარყოფს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა.
„საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტთან დაკავშირებით ფონდმა მთავრობას მრავალი რეკომენდაცია წარუდგინა. ბევრი მათგანი შეუფერხებლად გაითვალისწინეს კანონპროექტის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე და კანონის საბოლოო რედაქციაში აისახა, თუმცა მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები, რომელიც ეხება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მმართველის უპირობოდ გათვისუფლების შესაძლებლობას. ასევე მიგვაჩნია, რომ ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის პროცესი მოკლე ვადაში არ უნდა მოხდეს. ის, რაც მიმდინარე კანონით არის გათვალისწინებული, არარეალურად მოკლე დროა. ერთი სიტყვით, ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ღიად დარჩა“, - აღნიშნა სადიკოვმა.
საბოლოოდ, სავალუტო ფონდი ახლაც ძველ პოზიციაზეა - საქართველოსთვის უკეთესია თუ საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ქევშ დარჩება.
„ვაცნობიერებთ, რომ მსოფლიოში განსხვავებული მოდელები არსებობს და საბოლოოდ ქვეყნის გადასაწყვეტია თუ სად მიუჩენენ ადგილს საბანკო ზედამხედველობას. ზედამხედველობის ცალკე სააგენტოდ ფორმირება შესაძლებელია, თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონზე, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან და ბაზელის საბანკო პრინციპთან. ამასთან, გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დაგვაზღვევდა ნაჩქარევი შეცდომებისგან. თუ ეს ორი პირობა არ შესრულდა და ზედამხედველს არ ექნება სრული დამოუკიდებლობა და თუ ეროვნული ბანკისგან გამოყოფა მოკლე ვადაში მოხდა, საბანკო ზედამხედველობის ხარისხი, შესაძლოა, გაუარესდეს. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, - განაცხადა სადიკოვმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს. „კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ ჟრიამულს“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სრულად გათვალისწინებულია. პრემიერს მაგალითად პოლონეთის საბანკო სისტემა მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ბანკების ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებლად საქმიანობა, ხოლო პოლონეთის საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია.
„სწორედ პოლონეთის საბანკო სისტემა არის სამაგალითო მთელ მსოფლიოში... პოლონეთის საბანკო სისტემაში ზედამხედველობის სააგენტო არის ცალკე. შესაბამისად, მე კითხვა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, თუკი პოლონეთის საბანკო სისტემა არის ყველაზე საუკეთესო და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის საუკეთესო, მაშინ სად არის კითხვები?“, - უკვირს პრემიერს.