გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალში ლარის კურსი სტაბილური გახდება, ხოლო ის ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი წინა ნიშნულამდე არ გამყარდა, გასაკვირი არ არის, რადგან ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნები ნავთობის ქვეყნები არიან, ამიტომ საქართველოში ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნებში საინვესტიციო მადაზე.
ამის პარალელურად, ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ წელს ოჯახის ხარჯი 300 ლარით გაიზრდება. ამას ემატება დენის ტარიფიც, რაც წლის განმავლობაში გაძვირებულ ინტერნეტსა და ინტერნეტ-ტელევიზიასთან ერთდ მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს მოსახლეობას.
როგორი იქნება სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე ესაუბრა.
ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალში ლარის კურსი სტაბილური გახდება, თუმცა ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახის ხარჯი წლის ბოლოს 25%-ით გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომ 2014 წელს ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი 956,2 ლარი იყო, გასაგები ხდება, რომ 25%-იანი ზრდის შემთხვევაში, ოჯახის ხარჯები გაცილებით გაიზრდება.
- ლარის სტაბილური მდგომარეობა ცოტა პირობითი ცნებაა. მყარი, ფიქსირებული, უცვლელი მდგომარეობა სასაფლაოზეა, ცოცხალი ორგანიზმი კი ვითარდება და რაღაც იცვლება მის სტრუქტურაში. მსოფლიოს უმსხვილესი სავალუტო ფონდის ძირითადი ვალუტებიც კი ერთმანეთთან მიმართებაში იცვლიან ხოლმე თანაფარდობას. ამიტომ იმის თქმა, რომ ლარის კურსი არ შეიცვლება, ცოტა ბელეტრისტიკაა, ვიდრე რეალობის ამსახველი. ამ შემთხვევაში, მთავარია, ამ ზრდის ტემპის ზომა, თუ რა ზომით მოხდება ეს ცვლილება. იმისთვის, რომ ჩვენმა ვალუტამ აღარ გააგრძელოს ვარდნა, რამდენიმე პირობაა საჭირო - ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს, მისი ზრდის ტემპი უნდა იყოს მეტ-ნაკლებად მაღალი, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენს სახმელეთო მეზობლებში. ექსპორტი კი არ უნდა მცირდებოდეს, არამედ იზრდებოდეს, ისევე, როგორც ინვესტიციების მოცულობა. ასევე, ტრანსზაქციებიც მნიშვნელოვანია, უცხოეთიდან შემოსული თანხები უნდა იყოს მზარდი. ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს იმედს, რომ მოხდება ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება. თუ ეს ფაქტორები არ არის, მაშინ ვალუტის გამყარების ან სტაბილურობის შენარჩუნება არ ხდება.
ანუ გიორგი კვირიკაშვილმა იჩქარა, როცა დააანონსა, რომ მომავალში ლარის სტაბილური კურსი გვექნება?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი მინისტრი, მით უმეტეს, ვიცე-პრემიერი პოლიტიკური ფიგურაა და მის ნათქვამში ხშირად პირდაპირი არითმეტიკული პასუხის ნაცვლად, ხატოვანი, სიმბოლური პასუხებიც არის. მისი ნათქვამი უნდა აღვიქვათ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.
როგორც ჩანს, ამის წინაპირობას თქვენ ვერ ხედავთ.
- აღდგომა და ხვალეო. მე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გავაკეთე დასკვნები. ვიცე-პრემიერები კი მიდიან და მოდიან, საბოლოოდ ეკონომიკის შეფასების კრიტერიუმები რჩება და საერთოა საქართველოსთვისაც, ამერიკისთვისაც და ნებისმიერი სახელმწიფოსთვისაც.
ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია და, ალბათ, ჩვენს ვალუტაზე ესეც აისახება. საინტერესოა, სამომხმარებლო კალათა რამდენით გაიზარდა და კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ცხოვრება?
- მოსახლეობის ცხოვრების გაიოლება ყველასთვის რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მაშინ ტარიფების გაძვირებაც აღარ მოხდებდა. ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ადგილი აქვს ე.წ. მარაოსებურ გაძვირებას, როცა ერთი მიმართულებით იზრდება ფასები, მერე ამას მოჰყვება მეორე სეგმენტი და ჩვენ გადავალთ უკვე ახალ საფასო წონასწორობაზე. თუ აქამდე ლაპარაკი იყო ვალუტის ახალი კურსის წონასწორობაზე, ახლა გადავდივართ სამომხმარებლო საქონლის ფასების ახალ წინასწორობაზე, რომელიც გაცილებით მაღალი იქნება. ხატოვანი გამოთქმა რომ მოვიშველოთ, თუ აქამდე გეოგრაფიული ვაკის დონეზე იყო, ახლა თანდათანობით გადავდივარ ზეგანის დონეზე. მერე შეიძლება მთის დონეზეც მოგვიწიოს გადასვლა. მაგალითად, ადგილობრივ ნედლეულზე ფასების გაძვირება, რომელსაც ლარის კურსის დევალვაციით ხსნიან, აუცილებლად გამოიწვევს მომსახურების ხარჯების გაზრდას, სატრანსპორტო ხარჯების გაძვირებას. ელექტროენერგიას საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს წარმოებაში, მათ შორის, კვების მრეწველობაში, პურის წარმოებაში. ამიტომ, ეს ყველაფერი თვითღირებულებას მნიშვნელოვნად დააწვება. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ბიზნესმენებმა და ხელისუფლებამ, რომ მოხდება დოტაცია და სუბსიდირება, სახელმწიფოს არ აქვს იმდენი რესურსი, რომ განუსაზღვრელი მასშტაბით მოახდინოს ამის კომპენსირება. ფაქტობრივად, მოგვიწევს ახალ ფასებზე გადასვლა- ტრანსპორტის, კომუნიკაციების და სხვა კუთხით.
როდის ელით თანხების მატების პიკს?
- რაშია, იცით საქმე? ეს ძალზე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რადგან ფასების დონეზე მოქმედებს არა მარტო წმინდა ობიექტური, ანუ გარე და შიდა ფაქტორები, არამედ საზოგადოების მზაობა და ფსიქოლოგიური განწყობა, მიიღოს ახალი ფასები. ბევრს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ იყო ასეთი მომენტი, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში საბჭოთა ტაქსები უცბად ორჯერ გაძვირდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ტაქსები დადიოდნენ აბსოლუტურად ცარიელები, გაბრაზებულმა ტაქსისტებმა მოაწყვეს აქციები. ეს 70-იანი წლების შუა ხანებია, მაშინდელ ლენინის მოედანზე რამდენიმე წრე გაბმული სიგნალით 600 ტაქსმა საპროტესტო წრე დაარტყა, რადგან კლიენტი აღარ უჯდებოდათ, მაგრამ რამდენიმე ხანში საზოგადოება ამას შეეგუა. ამიტომ საზოგადოების მზაობაზეც იქნება ახალი ფასები დამოკიდებული, თუმცა ერთ მომენტიცაა, ეს მუდმივი პროცესია და რომ გამოვაცხადოთ, არიქა, დამთავრდა ფასების მატება და ხვალიდან აღარაფერი მოიმატებსო, წარმოუდგენელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. რაც შეეხება სამომხმარებლო კალათის ზრდას, ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აფასებს, მაგრამ ის მცირეოდენი ზრდაც მტკივნეულია. ალბათ, წელს უკვე 5%-იანზე მაღალი მაჩვენებელი გვექნება და უფრო მაღალ მაჩვენებელზეც გავალთ.
ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ წლის განმავლობაში ოჯახის ხარჯი 20-25%-ით მოიმატებს.
- ძალიან ძნელია თქმა, მაგრამ 5 %-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
ეს როგორ აისახება ხელისუფლების წინასაარჩევნო რეიტინგზე?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაძვირება ხელისუფლების იმიჯს სერიოზულად აზიანებს, ამიტომ ხელისუფლებას მეტი მუშაობა მოუწევს ეკონომიკის კუთხით, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის. ერთ-ერთი ფაქტორი, რითაც ახლანდელი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, იყო ტარიფების შემცირება, რაც პოპულისტური ნაბიჯი იყო, რასაც ახლაც ვამბობ და მაშინაც ვამბობდი, მაგრამ ამანაც განსაზღვრა „ქართული ოცნების“ პოპულარობა. ეს შარმი თუ ხიბლი ამ პოლიტიკურ ძალას უკვე ხელიდან ეცლება. ამიტომ საჭიროა, უფრო რეალისტური, ალტერნატიული ეკონომიკური წინადადებები.
დღეს ბევრს საუბრობენ სოციალური დახმარების პროექტების გადახედვაზე, როცა ოჯახში მისული სოციალური აგენტი ვერ ახერხებს რეალური ქულით შეაფასოს გაჭირვებული ადამიანი და, ვინც დახმარებას საჭიროებს, დახმარების გარეშე რჩება. სხვა ალტერნატიული პროექტი ხომ არ უნდა მოინახოს, თუნდაც ოჯახში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ხომ არ უნდა გადაწყდეს სოციალური დახმარებების გაცემა?
- ერთს ვიტყვი - დღემდე მოქმედი სისტემა, გარკვეულწილად, ახალისებს სიღარიბეს. ახალი ტერმინი ავირჩიე, ფაქტობრივად, ამით ვქმნით სიღარიბის კომფორტის ეფექტს, რაც პარადოქსია. ადამიანს ვახალისებთ იმისთვის, რომ ღარიბად დარჩეს, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია.
ანუ, დახმარებები არ უნდა გაიცეს?
- ჩვენ უნდა ვასწავლოთ თევზის ჭერა, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ადამიანმა თავისი საქმიანობით ირჩინოს თავი.
ამ პირობებში, სადაც მსოფლიოში ეროვნული ვალუტების კრიზისია, სადაც ადგილობრივებიც კი ვერ საქმდებიან, არათუ ემიგრანტები, სადაც უკვე საბერძნეთის კრიზისია, როგორ გგონიათ, საქართველოში შეიქმნება სამუშაო ადგილები?
- შეიძლება რაღაცების მოფიქრება. ადამიანები ხომ გარკვეულ სტიმულებზე რეაგირებენ, წავახალისოთ რეგიონალური სახეობები. რაც უფრო მცირე ბიზნესია, მით მეტი შეღავათი უნდა მივცეთ. თუ შეიქმნება ახალი ბიზნესი, ეს ხელს შეუწყობს ადგილზე რეგიონში დასაქმებას და იქაური მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ეკონომიკას ახასიათებს გარკვეული ინერციონალიზმი. ჩვენ კი გვინდა შედეგი დღესვე. რაც შეეხება მთის კანონს, ის სექტემბერში ამოქმედდება და თავის შედეგებს გვიან მოიტანს. კიდევ მეტი რადიკალური და სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი.
სომხეთში ელექტროენერგიის ფასის მატებას საპროტესტო აქციებით შეხვდნენ, ჩვენთან „სეთ- თოფ ბოქსებიც“ კი მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას და დღემდე ბევრი ტელევიზორის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ მომხმარებლების დაცვა არავის უკისრია. როგორ გგონიათ, ქართული საზოგადოება ფასების ზრდას კვლავაც შეეგუება?
- ჩვენთან არასასურველ დონეზეა მოსახლეობაში ეკონომიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება. სომეხთა მენტალიტეტი ეკონომიკურ დონეზე უფრო რაციონალურად მუშაობს სამომხმარებლო და ყოფით საკითხებზე, ვიდრე ქართველების. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახსრების, რესურსების რაციონალური გამოყენება, დარდიმანდული დამოკიდებულება არ შეიძლება, დაწყებული ელექტროენერგიითან, დამთავრებული კვების პროდუქტებით.
ალბათ, გადასახედია ბანკების მიმართ წამახალისებელი პოლიტიკა, რითაც ბანკებს მოსახლეობის გაღატაკების საშუალება ეძლევათ. მით უფრო, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი მაღალი საკრედიტო პროცენტები.
- ბანკებმა თავიანთი ისტორიული როლი შეასრულეს, განსაკუთრებით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ქართული სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკა ჩამოყალიბდა, საქართველო გახდა მსოფლიო ეკონომიკის საერთაშოროსო მოთამაშე, მაგრამ საბანკო საქმიანობაში თანდათანობით იმძლავრა თვითკმარობის პრინციპმა, ბანკები მუშაობენ არა იმდენად ეკონომიკის განვითარება-წახალისებაზე, არამედ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ეს ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა მიმართულია საკუთარი რესურსებისკენ და ეკონომიკაზე გაბატონებისკენ. როცა ბიზნესი დგამს რაღაც ნაბიჯებს, ეფექტურია ის ნაბიჯი, რომელიც ზრდის მის მომგებიანობას, შედეგიანობას ისე, რომ არ დააზიანოს ამ ტიპის სხვა ბიზნესმოთამაშე, არ შეუმციროს მათ შემოსავალი. ამ კუთხით ბევრი კითხვის ნიშნებია საბანკო სექტორის მიმართ. ჩვენ მეოთხე ხელისუფლებას ვუწოდებთ მედიას, სინამდვილეში, მეოთხე ხელისუფლებაა საბანკო სექტორი, რომელსაც შეუძლია სერიოზული პრობლემა შეუქმნას ნებისმიერ სახელმწიფოს თავისი ქმედებით. მათ არ უნდა მიეცეთ სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ მოქმედების საშუალება.
ამიტომაც ერიდება ხელისუფლება საბანკო სექტორს?
- გარკვეული შეკითხვები და შენიშვნები, რაც არსებობს ეროვნული ბანკის მიმართ, ზუსტად ესაა, რატომ არ ახდენს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით უფრო ქმედით მოქმედებას. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პროსახელისუფლო დამოკიდებულების გარეშე აღმასრულებელ ხელისუფლებას ნამდვივილად გაუჭირდება რაიმე არსებითი ზეგავლენის მოხდენა სექტორზე.
უცხოეთიდან დახმარებებიც შემცირდა, ხედავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ სოციალურ ნიადაგზე გამოვიდეს ჩვენი ხალხი?
- ამ ეტაპზე ორგანიზებული სოციალური გამოსვლების საფრთხეს ვერ ვხედავ, ეს არც უახლოესი თვეების განმავლობაში მოხდება. რა იქნება ახალი წლისთვის და შემდგომ პერიოდში, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.