პრეზიდენტისა და მთავრობის უთანხმოების მორიგი მიზეზი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ხდება, რომელიც ეროვნულ ბანკს ბანკების ზედამხედველობის ფუნქციას აცლის ხელიდან. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ეს ის ცვლილებებია, რომელიც ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას რადიკალურად ვერ შეცვლის. ორივე მოდელი ნორმალურად მუშაობს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში და არც ჩვენთან შეიქმნებოდა პრობლემები რომ არა პოლიტიკური ნების დეფიციტი. პრეზიდენტის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით ქვეყნის საფინანსო სისტემა დაინგრევა და ვეტოს დასადებად ემზადებიან, ხოლო მთავრობა თვლის რომ ამით არაფერი დაშავდება.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრობლემა არა ეროვნულ ბანკს არამედ იმ საშიშ ტენდენციას უკავშირდება, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ვებრძოდით - ქვეყანაში გრძელდება პრაქტიკა, როდესაც პერსონალური მიუღებლობის საკითხი შეიძლება კანონმდებლობაში ცვლილებებით გადაწყდეს.
ბატონო გია, ლარის დევალვაციაზე საუბრისას შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ეროვნული ბანკის წილ პასუხისმგებლობას. როგორ ფიქრობთ, ბანკების ზედამხედველობის სამსხურის გამოყოფით მთავრობა არსებული სიტუაციის გამოსწორებას ფიქრობს?
- ბუნებრივია, ეროვნულ ბანკს კავშირი აქვს დევალვაციასთან და ამისი უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ობიექტური გრძელვადიანი ფაქტორები არსებობს - კურსი დგინდება საავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებით, თუ მიწოდების დეფიციტია, ბუნებრივია, ეს არის გრძელვადიანი პრობლემა და მხოლოდ ეროვნულ ბანკზე პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. ეს არის მთავბრობის და ეროვნული ბანკის სოლიდარული პასუხისმგებლობის ზონა - ორივეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
როდესაც ერთი მხარე მეორისთვის რაღაცის გადააბრალებას ცდილობს, ეს არასერიოზულად და, ვიტყოდი, არასახელმწიფოებრივად გამოიყურება. გასაგებია, რომ ამ პროცესში ეროვნულ ბანკს აქვს თავისი წილი, მაგრამ მთავრობას რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ამას რას უშვება?
ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურს რომ გამოყოფენ და დევალვაციის პროცესი ისევ გაგრძრლდება, მერე რას აპირებენ? ჯერაც არ არის მოხსნილი დევალვაციის განმაპირობებელი სისტემური ფაქტორები. როგორ აპირებენ ამის მოხსნას? ამის ნაცვლად ისეთი თემებით არიან დაკავებული, რაც ახლა ხდება.
თქვენ ამბობთ, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ ეს მთავრობა და ეროვნული ბანკი როდისმე სოლიდარულები იყვნენ?
- ზუსტად ამაშია საქმე, რომ არ იყვნენ და ელემენტარულად, კომუნიკაცია ვერ ააწყეს, რომ ნორმალურად ემუშავათ.
ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები, როდესაც ბაზარზე გაჩნდება რყევები, მოკლევადიან პერიოდში ის გამოასწოროს ისე, რომ არ დაიწყოს პანიკური პროცესები. რაც შეეხება გრძელვადიან ფაქტორებს, სავალუტო ბაზარზე მიწოდება უნდა გააკეთოს ეკონომიკამ - ეროვნული ბანკი ამას ვერ გააკეთებს. ამ მოკლევადიანი რყევების გასასწორებლად ეროვნულმა ბანკმა მთელი რეზერვები რომ დახარჯოს, თუ მთავრობას გრძელვადიანი სისტემური ზემოქმედების ფაქტორები არ გააჩნია, მერე უარესი არ მოხდება?
ეს არის რეალური პრობლემა და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა ამას რომ ვერ წყვეტს, ამაზე სამწუხაროდ, არავინ არ ლაპარაკობს.
როგორც ცნობილია, თავიდანვე არსებობდა პოლიტიკური პრობლემა, ქადაგიძე უხეშად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგის ბანაკიდან იყო...
- შესაძლოა, არის კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ გულშემატკივარი, მაგრამ თუ ქადაგიძე არ იყო მოსაწონი, მილიონნაირი მექანიზმი არსებობდა მისი გაშვების, მითუმეტეს, რომ ქადაგიძესთან უამრავი კითხვა არსებობს თუნდაც წინა ხელისუფლების პერიოდში მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მაშინ უნდა ყოფილიყო ამაზე საუბარი და არა ახლა, როდესაც ვიღაცას ხელის გაშვერა დასჭირდა. ახლა გავიგეთ, რომ ქადაფიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნულია?
2016 წლამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი, როდესაც ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ეწურება. დარჩენილი დრო რისთვის არის საკმარისი, რისი გამოსწორება შეიძლება?
- არც არაფრის - ეროვნული ბანკიდან რაღაც სამსახურის გამოტანა ტყული შარი-შურია, ამით არაფერი არ შეიცვლება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ძალიან არახელსაყრელ დროს ტაქტიკურ შეცდომას უშვებს ხელისუფლება. თავი რომ გავანებოთ ქვეყნის ინტერესებს, ეკონომიკურ პროცესს და ა.შ. დავუშვათ, ეს ყველაფერი არავის არ აინტერესებს და მხოლოდ პრაგმატულ პოლიტიკაზე ფიქრობს - პრაგმატუილი პოლიტიკური მოსაზრებითაც გაუგებარია ეს ნაბიჯი. ამ სამსახურს რომ გამოიტანენ ეროვნული ბანკიდან, ამას ხომ ასაღებენ რაღაც კარგ გადაწყვეტილებად? სექტემბრიდან, რისი დიდი ალბათობაც არის, ლარის კურსი ისევ რომ გაიქცევა, ქადაგიძე უკან არ გამოიშვერს ხელს, ეროვნული ბანკი რომ დააუსტეს ამისი ბრალიაო? ამას რას დაუპირისპირებენ?
გამოდის, რომ ამით სერიოზულ კოზირებს აძლევენ ქადაგიძეს - ამას რატომ ვერ ხვდებიან ეს არ მესმის.
ეკონომიკის მინისტრი როგორც აცხადებს, რამდენიმეთვიანი კონსულტაციები მიმდინარეობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. გაქვთ ინფორმაცია მათ რა პოზიცია აქვთ?
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეროვნული ბანკის მიმართ შენიშვნები არ ჰქონდათ და იმ შენიშვნებსაც, რაც ხელისუფლებას ეროვნული ბანკის მიმართ ჰქონდა, არ იზიარებდნენ - ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, ისინი ამბობდნენ, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ის უნდა გაძლიერდეს და არა - დასუსტდეს.
ბუნებრივია, სართაშორისო ინსტიტუტები კატეგორიულები ვერ იქნებიან და არც უნდა იყვნენ, რადგან ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაალაგებს თავისი მენეჯმენტის სტრუქტურას. ასე რომ, ამ საკითხთან დააკავშირებით საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიცია, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი.
პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოზიტიური არგუმენტი. მას აქვს ორი არგუმენტი - ამბობს რომ გამოყოფით არაფერი შავდება - იმას კი არ ამბობს, რა კეთდება - ეს ლოგიკურია? არდაშავებაა ხელისუფლების ამოცანა, თუ რაღაცის გაკეთება? თუ ამით არაფერი არ უმჯობესდება, ამხელა ამბავი რისთვისაა ატეხილი?
მეორე არგუმენტია უნდობლობა ქადაგიძის მიმართ, რაც კატასტროფული არგუმენტია - თუ პერსონალური საკითხები კანონმდებლობის ცვლილებით გადავწყვიტეთ, ეს ძალიან შორს შეგვატოპინებს და ძალიან ცუდი პროცესების დასაწყისი გახდება.
ქადაგიძე რომ ცუდი ბიჭია, ზედამხედველობა გამოვიტანოთ და ხვალ რომ კარგი ბიჭი დაინიშნება, მერე რა ვქნათ, უკან შევიტანოთ? რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მახინჯი პოლიტიკური აზროვნების შედეგია. ამაზე თან ღიად ლაპარაკობენ - ქადაგიძე ცუდი რომ არის, იმიტომ გამოგვაქვს ეს სამსახური ეროვნული ბანკიდანო. შეიძლება პერსონალური საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა?! პერსონალიების მიხედვით უნდა დავალაგოთ კანონმდებლობა? სააკაშვილს ამას არ ვედავებოდით? ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია არ იყო მის მიმართ?
გარდა ამისა, ქადაგიძეს რამდენიმე თვე დარჩა და ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ამ რამდენიმე თვის გამო ღირდა?
როგოერც ჩანს, რაღაც შედეგს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ სვლას რატომ გააკეთებდნენ?
- ამაში მე სერიოზულს ვერაფერს ვერ ვხედავ. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაღაცას ფიქრობს და ამას ამიტომ აკეთებს. ხშირად, ხელისუფლებას არ აქვს ფიქრის უნარი და მსგავს ნაბიჯებს დაბალი კვალიფიკაციის გამო დგამს. ზოგჯერ ისეთ რამესაც კი აკეთებს, რაც გარედანაც ადვილად დასანახი სისულელეა.
თუ უნდობლობა არსებობდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიმართ, არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც ეტაპზე შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა...
- არ მინდა ფრჩხილების ბოლომდე გახსნა, მართალია ცოტა ხანს ვიყავი ხელისუფლებაში, მაგრამ ვიცი, რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, ძალიან მარტივად და წყნარად შეიძლებოდა ამ საკითხის გადაწყვეტა...
საკუთარი სურვილით წავიდოდა?
- რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მისთვის ეთქვათ, რომ უნდობლობა იყო მის მიმართ და არ მგონია, იმ პერიოდში წინააღმდეგობა გაეწია. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მაშინ მისი დატოვების პოლიტიკური ნება იყო. ორი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ ცუდი კაცი ყოფილა?
როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მოხდა, ამ გადაწვეტილების მიზეზი რა არის?
- გამიჭირდება ყველაფრის ახსნა. გასაგებია, რომ ლარის კურსი გაიქცა - ერთ-ერთი ინტერესი იყო ხელის შეხოცვა, მაგრამ თუ ხელის შეხოცვაა, მაშინ, ბოლომდე შეახოცონ. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ლარის კურსის ვარდნა დასულდა და ლართან დაკავშირებით ნათელი მომავალი გველის, ძალიან ცდება. ეროვნულ ბანკს რომ შეასუსტებენ და სექტემბერში ლარის კურსი გაიქცევა, მერე სად მიდიან? ვის დააბრალებენ? მერე ქადაგიძე აქეთ დააბრალებს ყველაფერს. მერე რას აკეთებენ? არავინ არ ფიქრობს და არავინ არ ითვლის, ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა.
არის წინასწარი პროგნოზი, რომ სექტემბერში ლარი გაიქცევა?
- სექტემბერში რომ დაწოლა გაიზრდება ეს ცხადია, იმიტომ, რომ ზაფხულში ვალუტით მაინც მეტ-ნაკლებად დაბალანსებული თვეებია - ტურისტები შემოდიან და ა.შ. ეკონომიკური აქტივობაც, რაკი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ცოტა შემცირებულია. სექტემბრიდან ბუნებრივია, რისკები გაიზრდება. არ მინდა კატეგორიულად ვთქვა, რომ აუცილებლად რაღაც იქნება ლართან დაკავშირებით, მაგრამ რისკი ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე დღეს.
საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია. თუ ის ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს, ალბათ, ისიც იცის, რომ მისი დაძლევა შესაძლებელია. ღირს ამის გამო დაპირისპირების ახალი ტალღის აგორება?
- დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც მეჩვენება, ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ვეტოს არ გამოვიყენებდი. მით უმეტეს, რომ ის არის გადალახვადი. გარდა ამისა, ამ ცვლილებებით ისეთი კატასტროფული არაფერი ხდება, რომ ღირდეს ხელისუფლების შტოებს შორის ასეთი დაპირისპირება.
მთავარი პრობლემა სხვაა - ქვეყანაში გრძელდება პრაქტიკა, როდესაც პერსონალური მიუღებლობის საკითხი შეიძლება კანონმდებლობაში ცვლილებებით გადაწყდეს. ეს არის ინსტიტუციური რღვევის პირდაპირი ინდიკატორი და ძალიან სახიფათო ნაბიჯი. პრობლემა ამ შემთხვევში არის კანონის მიღების მოტივაციის სისუსტეში. სწორ ადგილზე მოიგონეს რაღაც, იმიტომ, რომ პერსონალური საკითხი გადაეწყვიტათ. სხვა, შინაარსობრივი არგუმენტები, რომ ეს ცვლილებები რამეს გააუმჯობესებს, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია.