რეზიდენცია და მარგველაშვილის პოლიტიკური ფსონი

რეზიდენცია და მარგველაშვილის პოლიტიკური ფსონი

for.ge აგრძელებს მუშაობას ათონელის ქ. N25-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავასაჯაროვეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმოწერა, რომლის თანახმად, ირინა იმერლიშვილი დათანხმდა მთვარობის წინადადებას, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი განთავსებულიყო ათონელის რეზიდენციაში, იმერლიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ათონელზე გადასვლა გადაიფიქრა.

როგორც ცნობილია, ირინა იმერლიშვილი თანახმა იყო, რომ პრეზიდენტს დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭო ათონელის N25-ში განთავსებულიყო. სწორედ, ამ თანხმობის შემდეგ, მიმართა მთავრობის ადმინისტრაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობის უშიშროების საბჭოს აპარატისთვის გადაცემის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ათონელის 25-ში მდებარე უძრავი ქონება, ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარგებლობის უფლებით ეროვნული უშიშრობის საბჭოს აპარატს გადასცა.

ამ ინფორმაციას, ეროვნული უშიშრობის საბჭოს პრეს-სამსახურში კატეგორიულად უარყოფდნენ. თუმცა, for.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა მტკიცებულება, რითაც დასტურდებოდა, რომ იმერლიშვილი ნამდვილად თანახმა იყო ეროვნული უშიშროების საბჭო განთავსებულიყო თბილისში, ათონელის ქ N25-ში. for.ge-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტალური მტკიცებულების შემდეგ, იმერლიშვილმა 2015 წლის 17 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, მაია ცქიტიშვილის წერილობით მიმართა. წერილში იმერლიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვალს იმ მიზეზებს განუმარტავს, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება ათონელის N25-ში გადასვლასთან დაკავშირებით.

for.ge-მ მთავრობის კანცელარიიდან ოფიციალურად მოითხოვა 2015 წლის 17 ივლისით და 28 ივლისით დათარიღებული წერილები, რომელიც  ადასტურებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი თანახმა იყო ათონელის ქ. N25-ში მდებარე სახელმწიფო შენობაში გადასვლაზე იმ დათქმით, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია მუშაობას გაარძელებდა აბდუშელიშვილის ქ N1-ში (ავლაბრის რეზიდენცია) - პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განკუთვნილ შენობაში. იმერლიშვილი მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად თემის პოლიტიზირებას ასახელებს: „ჩვენს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი პოლიტიკურია და არა ლოჯისტიკური,“ - წერს იმერლიშვილი.

ამავე წერილში იმერლიშვილი კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის აპარატის ოფისი აღჭურვილი უნდა იყოს ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, გათვალისწინებული არ არის ათონელზე მდებარე შენობაში. ამაში კი უშიშროების საბჭოს მდივანი მაშინ დარწმუნდა, როდესაც 8 ივლისს აღნიშნული შენობა დაათვალიერა.

„უშიშროების საბჭოს აპარატთან არასდროს შეთანხმებულა, თუ რა საჭიროებებს უნდა აკმაყოფილებდეს მისთვის განკუთვნილი შენობა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, იგი არ იყო გათვლილი საბჭოს აპარატის ფუნქციონირებისთვის. ამაში დავრწმუნდი, როდესაც პირველად ა.წ. 8 ივლისს დავათვალიერე აღნიშნული შენობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მისი აპარატის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების უზრუნველყოფა დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული“, - წერს იმერლიშვილი, თუმცა უცნაურია, რომ თანხმობა მანამდე განაცხადა.

ამავე წერილით, იმერლიშვილი მთავრობას რჩევას აძლებს, მთავრობას დაქვემდებარებული რომელი უწყება შეიძლება განთავსდეს ათონელზე.

„იმ ფონზე, როცა რამდენიმე სახელმწიფო უწყება დარჩენილია ფართის გარეშე, მაგალითად, გაყიდულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, ორი სახელმწიფო მინისტრის აპარატი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის სხდომაზე ითხოვდა ალტერნატიული ფართის გადაცემას, რადგან სამინისტროს ამჟამინდელი შენობა სავალალო მდგომარეობაშია.

იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა რაციონალურად განკარგავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ათონელის ქ. N-25-ში მდებარე შენობას. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი კი აგრძელებს მუშაობას მის ამჟამინდელ იურიდიულ მისამართზე, ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ N 1-ში. ამასთან, ვფიქრობ, მოიხსნება კითხვები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ჭარბი“ ფართის დაკავებასთან დაკავშირებით“, - წერს ირინა იმერლიშვილი.

უშიშროების საბჭის მდივანს, წერილობით უპასუხა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, სადაც მაია ცქიტიშვილი წერს: „სამწუხაროა, რომ მიხვედით იმ დასკვნამდე, თითქოს ჩვენს შორის მიმდინარეობდა რაიმე მოლაპარაკება და, მითუმეტეს, რომ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა ჩვენს მიერ რაიმე პოლიტიკური მიზეზების გამო. პირიქით, სამწუხაროდ, სწორედ თქვენ ამბობთ უარს სამართლებრივი პროცედურის მიხედვით ალტერნატიულ ფართში გადასვლაზე და ყველა სხვა უწყებისათვის ჩვეულებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას ცდილობთ“, - და იქვე დასძენს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ უშიშროების საბჭოს ათონელის N25-ში გადასვლა ადმინისტრაციულ შენობაში შესთავაზა უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ დაკავებული ფართის განთავისუფლების დაჩქარების მიზნით.

„აღნიშნულის თაობაზე მთავრობამ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც თქვენი თანხმობის შემდეგ, დაადასტურა თანხმობა ათონელის ქ. N25 მდებარე შენობაში უშიშროების საბჭოს აპარატისთვის ფართის გადაცემაზე. შესაბამისად, თქვენივე მომართვის საფუძველზე გადმოგეცათ სარგებლობაში აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართი. აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებები და მათ შორის უშიშროების საბჭოს აპარატი არ არიან უფლებამოსილნი ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინონ რაიმე დათქმები ან პირობები. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი დათქმები გულისხმობს სხვა უწყების განთავსების პირობას. ამდენად, ათონელის ქ. N25-ში არსებული ფართი გადმოგეცათ რაიმე დათქმების ან პირობების გარეშე თქვენივე თანხმობის საფუძველზე“, - წერს მაია ცქიტიშვილი.

რაც შეეხება იმერლიშვილის პრეტენზიას, - „ათონელზე მდებარე შენობა ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად არ არის აღჭურვილი“, - საპასუხო წერილში ცქიტიშვილი წერს:

„მოგეხსენებათ, რომ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობა უნდა წარიმართოს ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად, რაც გულისხმობს ელემენტარულ უსაფრთხოების ზომებს. ცხადია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განთავსებისათვის მოწყობილი შენობა ათონელის ქ. N25-ში სრულად პასუხობს ნატოს უსაფრთხოების სტანდარტებს, ვიდეომეთვალყურეობის და დაშვების სისტემების ჩათვლით. ამავე დროს, მოგეხსენებათ, რომ სწორედ ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე, აბდუშელიშვილის ქ. N1-ში უშიშროების საბჭოს აპარატის გადასვლის შემთხვევაში, აღნიშნულ შენობაშიც საჭირო იქნება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უშიშროების საბჭოს აპარატის ქვერეგისტრის მოწყობა და ამაში დამატებითი, თუნდაც მცირე, რესურსის დახარჯვა“, - ნათქვამია ცქიტიშვილის წერილში.

წერილში ცქიტიშვილი იმერლიშვილიშვილის იმ „რჩევასაც“ გამოეხმაურა, მთავრობას დაქვემდებარებული რომელი უწყება შეიძლება განთავსდეს ათონელზე. მაია ცქიტიშვილი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში წერს, რომ მისი მხრიდან ამ უწყებების სამუშაო პირობებზე ყურადღების გამახვილება ცინიკურად ჟღერს.

„მისასალმებელია, რომ თქვენთვის ცნობილია თუ რამდენი სახელმწიფო უწყებაა განთავსებული, თქვენივე თქმით, სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობებში. სამწუხაროდ, იმ უწყებების სია, რომლებიც არც ადგილმდებარეობით და არც მოწყობის სტანდარტით არ აკმაყოფილებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მოთხოვნებს, ბევრად უფრო ვრცელია და მოიცავს კულტურის და განათლების მნიშვნელოვან დაწესებულებებსაც.

თუმცა, მაშინ, როდესაც თქვენ უარს ამბობთ უმაღლესი სტანდარტით მოწყობილ ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ ეს ფართი არ აკმაყოფილებს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც კარგად გესმით, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის და სათათბირო ორგანოს ფუნქციონირებისათვის სპეციალურად დაგეგმილი და მოწყობოლი ფართის სხვა უწყებისათვის გადაცემა არ იქნება რაციონალური, და, ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, განთავსებული ხართ საკმარისზე სამჯერ უფრო დიდ ფართში, თქვენი მხრიდან ამ უწყებების სამუშაო პირობებზე ყურადღების გამახვილება ცინიკურად ჟღერს.

ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო ქონების მართვა არის მთავრობის, და არა ცალკეული უწყებების, ექსკლუზიური უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ათონელის ქ. N25-ში მდებარე შენობა გამოყოფილი იქნა პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის და სათათბირო ორგანოს ფუნქციონირებისათვის. ამ გადაწყვეტილების შეცვლა და სახელმწიფო ქონების დაკავება ვერ განხორციელდება ცალკეული უწყებების შეხედულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ქონების პირველადი თანხმობის გარეშე“, - ნათქვამია მაია ცქიტიშვილის წერილში.

ამავე წერილში ცქიტიშვილი წერს, რომ ასეთი თანხმობა აბდუშლიშვილის ქ. N1-ში განთავსებაზე არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას და არც უშიშროების საბჭოს მიღებული არ აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს აბდუშელიშვილის ქ. N1-ში განთავსება და ამ უწყებების მიერ მათ დებულებაში აღნიშნული მისამართის მითითება არ არის ამ სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის ტოლფასი და არ წარმოადგენს ამ ფართით სამართლებრივად გამართლებული სარგებლობის საფუძველს.

რას იზამს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, წარმართავს საკითხს სამართლებრივად თუ პოლიტიკურად, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.