დეზინფორმაცია გაშიფრულია - აგვისტოში უგაზოდ არავინ დარჩება

დეზინფორმაცია გაშიფრულია - აგვისტოში უგაზოდ არავინ დარჩება

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულმა მიზანმიმართულმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო. ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ ცნობამ ჯერ მოსახლეობა ააფორიაქა, შემდეგ მთელი ენერგოსექტორი. როგორც მოსალოდნელი იყო, ტელეკომპანიის ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა და აგვისტოში უგაზოდ დარჩენა არავის ემუქრება.

ფსევდოსკანდალებზე მონადირე მედიასაშუალების ცნობას პივრველ რიგში, ენერგეტიკის სამინისტრო გამოეხმაურა. კალაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ „სამწუხარო და შემაშფოთებელია, როდესაც მედიასაშუალება ობიექტური ინფორმაციის გაშუქების ნაცვლად, მოსახლეობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეები შეცდომაში შეყავს“.

„27 ივლისს „რუსთავი2-ის“ ეთერით გასული სიუჟეტი - მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ - არის დეზინფორმაცია და საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მხრიდან სიცრუის უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის შეცდომაში შეყავნას. მაშინ, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრო ღიაა ყველა მედიასაშუალებასთან თანამშრომრომლობისთვის, აღნიშნულ საკითხზე არხი უწყების პოზიციით არ ინტერესდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენებზე დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშოების მიუხედავად, მოსახლეობის ბუნებივი აირით მომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„შაჰ-დენიზის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ბუნებირვი აირით მომარაგება „ყაზახის“ ძველი მილსადენით განხორციელდება. მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშოების პერიოდში, მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას, „შაჰ-დენიზის“ მილსადენი უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, მილსადენების რეაბილიტაცია ერთდროულად არ იგეგმება, ეს არის გეგმური სამუშაოები, რომელის მრავალი წელია, ჩვეულებრივად ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აგვისტოს იმიტომ შეირჩა, რომ ამ დროს ბაზარზე ბუნებრივ აირზე დიდი მოთხოვნა არ არის.

„აგვისტოს მოხმარება ნაკლებია. ბაზარზე არ არის ისეთი დიდი მოთხოვნა და შესაბამისად, გადანაწილება ხდება იმ სამი მილსადენის მეშვეობით, რომლითაც ვსარგებლობთ საქართველოში. „შაჰ-დენიზის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 1-დან 20 აგვისტომდე გასტანს და მის ფუნქციას „ყაზახის“ ძველი მილსადენი იტვირთებს. მილსადენი იცლება რამდენიმე დღის განმავლობაში და ივსება რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც 2-3 დღე სჭირდება. თეორიულად ვამბობ, თუ რაღაც თანხვედრა მოხდა, დღის პიკის დაკმაყოფილებაში პრობლემა მაინც არ იქნება, რადგან ჩვენ მე-3 მილსადენი გვაქვს რუსეთიდან და ბუნებრივია, იქედან მოხდება შევსება“, - განუცხადა ვალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამ კომბინაციით ყველას - გაზაგასამართი სადგურების, კომერციული ობიექტების, მოსახლეობის - მოთხოვნა დაკმაყოფილდება. „ეს ასე ხდებოდა წლების განმავლობაში და შესაბამისად, არც ახლა არის გამონაკლისი“, - აღნიშნა ვალიშვილმა.

კომენტარი გააკეთა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმაც“, რომელმაც დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და შაჰ-დენიზის მილსადენებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაზმომარაგებაში პრობლემებს არ გამოიწვევს.

„მილსადენების ოპერატორი კომპანიები „სოკარი“ და „ბიპი“ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს დაგეგმილი სარებილიტაციო სამუშაოების შესახებ გამაფრთხილებელ შეტყობინებას რამდენიმე თვით ადრე უგზავნიან. 1-დან 20 აგვისტოს პერიოდში საქართველოს ბუნებრივი აირი ალტერნატიული მილსადენით მიეწოდება“, - ნათქვამია „სოკარის“ განცხადებაში.

გამართული ფუნქციონირების მიზნით მილსადენებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ხორციელდება. „ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც აბონენტებისათვის და მით უმეტეს ქვეყნისათვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტას არ იწვევს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.