ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების მეთოდოლოგიას კვლავ ცვლის. ამასობაში კი სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128 000 ადამიანით შემცირდა. სამინისტროში ხარვეზს აღიარებენ და სასწრაფოდ აღმოფხვრის პირობას დებენ.
2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506 245-დან 377 971 მოქალაქემდე დაიკლო. „მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიის შემოღების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიანი დანამატის შემოღება დაასახელა. ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული გაღარიბების ფონზე მთავრობამ ბავშვის 10-ლარიანი დანამატი ვეღარ შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიით ათიათასობით ოჯახის საარსებო შემწეობის გარეშე დატოვება კი გააგრძელა“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მათივე თქმით, 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.
საქართველოში სოციალური დახმარების სისტემა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით შეიცვალა. ძველი წესით, ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 001-ზე ნაკლები იყო, შემწეობას იღებდნენ. 1-სულიანი ოჯახისთვის ეს დახმარება 60 ლარი იყო, ხოლო ერთზე მეტსულიანი ოჯახებისათვის ყოველ მომდევნო წევრზე - 48.
ახალი წესით კი, სარეიტინგო ქულები დაჯგუფდა. მაგალითად, იმ ოჯახებს, რომლებსაც 30 001-ზე ნაკლები ქულა აქვთ, ყოველ წევრზე 60 ლარს იღებენ, ხოლო ისინი, ვისი ქულაც 60 001-დან 65 001-მდეა, თითო წევრზე 30 ლარს.
როგორც ჩანს, ამ მეთოდმაც ვერ გაამართლა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მეთოდოლოგიას კვლავ ცვლის. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, სოციალური დახმარების სისტემას, რომელიც 2015 წლის მაისიდან საპილოტე რეჟიმში ამუშავდა, ხარვეზები აქვს:
„ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ახალი სისტემა, პირველ რიგში, მარტოხელა პენსიონერების რაღაც ნაწილს აზარალებს. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, შევისწავლეთ პროგრამის სუსტი წერტილები და შევიტანთ შესაბამის ცვლილებას, რომლებიც მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება და დამტკიცების შემთხვევაში, 1-ლი აგვისტოდან შევა ძალაში“, - განაცხადა სოფრომაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა პენსიონერებსაც ეხება. სოფრომაძის განმარტებით, გაიზრდება პენსიონერების შეფასების კრიტერიუმი, რაც საშუალებას იძლევა, დახმარება აღუდგეს იმ პირებს, რომელთაც ეს დახმარება დროებით შეუჩერდათ. სახელმწიფო აუნაზღაურებს მათ იმ თვეების თანხებსაც, რა პერიოდშიც ეს დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტაგ მეგრელიშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ პროგრამის მეთოდოლოგიას დრო და დრო გადახედვა სჭირდება, რადგანაც მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა იცვლება, ამის გადამოწმება კი კონტროლის ჯგუფების საქმეა.
„არჩევნების პერიოდებში კონტროლის ჯგუფების მუშაობა გაჩერებულია ხოლმე, სწორედ ამიტომ იზრდება ბენეფიციარების რაოდენობა. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობდნენ, აკონტროლებდნენ ახალ ბენეფიციარებს, საიდანაც ორმოცი-ორმოცდაათი ათასი ბენეფიციარი ამოვარდა“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.
პირველ აგვისტომდე ორიოდე დღეა დარჩენილი, სოცდაუცველები შეჩერებული დახმარების აღდგენას ჯერ ისევ ელიან.