21 აპრილს რუსთავის მერიის წინ, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო.
“უკვე ათი დღეა მდინარე დებედა კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა ჩვენი საძოვრები და სოფელს უახლოვდება. ჩვენი სახლები, რამდენიმე დღეში წყალში ჩაიძირება. გამგეობას მივმართეთ და არაფრით დაგვეხმარნენ. ახლა აქ ჩამოვედით და დახმარებას გუბერნატორისგან ვითხოვთ” ამბობს მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალის მცხოვრები, ალი ასადოვი.
იმ დღეს რუსთავის მერიაში და სამხარეო ადმინისტრაციაშიც დიდი ხუთშაბათის გამო ყველა ისვენებდა.
ერთი საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებთან, რუსთავის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლების გარდა, არავინ გამოსულა. მოგვიანებით კი მერიასთან ქალაქის მერი, ზაქრო დარჩიაშვილი გამოჩნდა. ჟურნალისტებს კითხა, რა ხდებაო და გვერდზე გავიდა.
შემდეგ, საპროტესტი აქციას მოერიდა და მობილურზე რეკვა დაიწყო.
სოფელ ქვემო სარალიდან ჩამოსულები დაშლას არ გეგმავდნენ. მათი პრობლემის მოსასმენად, არც ერთი ქართული ტელევიზია მოსულა. მათ ნაცვლად აქციის გასაშუქებლად, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის სატელევიზიო არხები გამოჩნდნენ.
“ადიდებული მდინარე ჩვენს გარდა ხუთ სოფელსაც ემუქრება. თუ დროზე ნაპირსამაგრი სამუშაები არ ჩატარდა, უსახლკაროდ ვრჩებით. მარნეულის გამგეობის გარდა, სოფელ შულავერის ხელმძღვანელობასთანაც ვიყავით. ასე ამბობენ, ტექნიკა არ გვყავს და რა ვქნათო” – ამბობდა აქციის მონაწილე, აზიზ გუსეინოვი.
აქციის მიმდინარეობიდან საათნახევარში გაირკვა, რომ გუბერნატორი, დავით კირკიტაძე, მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში ჩასულა.
“დათო, უკვე სოფელ სარალში იმყოფება. ტექნიკაც მიიყვანა და ყველაფერი გაკეთდება. რა ვქნათ მეტი?” – გვითხრეს გუბერნატორის პრესსამსახურში.
როგორც აღმოჩნდა, მამუკა ჩიქოვანი ქვემო სარალის მოსახლეობასთან იმის სათქმელად იყო მოსული, რომ აქციის გაგრძელებას აზრი აღარ ქონდა.
“გუბერნატორი ახლა თქვენს სოფელში იმყოფება. სტიქიასთან საბრძოლველად ყველაფერს ვაკეთებთ. მე მგონი ასეთ დროს თქვენ აქ კი არა, თქვენს სახლებთან უნდა იყოთ” – უთხრა ჩიქოვანმა შეკრებილებს.
აქცია მისმა სიტყვებმა მართლაც დაშალა, თუმცა სარალელები კითხულობდნენ, რატომ არ დაეხმარა მათ გუბერნატორი, მანამ სანამ აქციას მოაწყობდნენ.
“გუბერნატორს უყურადღებობაში ბრალს ვერავინ დასდებს. თქვენც გეცოდინებათ - გუშინ ასეთივე წყალდიდობა იყო გაჩიანში, სადაც მან მთელი ღამე გაათენა. სტიქია ისეთი რამეა, რასაც ერთ და ორ დღეში ვერ მოერევი” – გვითხრა ჩიქოვანმა.
ჩვენ მოგვიანებით დაუკავშირდით სოფელ ქვემო სარალის მაცხოვრებლებს. მათ სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ სარალში ჩასული გუბერნატორი ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე დღეს დაწყებას შეპირდა.
ყველა ქართულმა არხმა გადასცა ქვემო ქართლის გუბერნატორის ქვემო სარალში ჩასვლის ფაქტი. თუმცა არავის უთქვამს, რომ ამ სტუმრობას წინ აღნიშნული სოფლის მაცხოვრებლების საპროტესტო აქცია უძღოდა.
მანამდე კი, მდინარე დებედამ უკვე დაფარა ქვემო სარალის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 5 ჰექტარი.