„ჩემი დედას ერთი ქალიშვილი ყვანდა, იმას კიდენ ბიჭი ყვანდა, მოკლედ რომ ვთქვათ, დიშვილი მყვანდა, - თქვა კაცმა, რომელიც გრამატიკას დიახაც, რომ კარგად ვერ ფლობდა, - ჰოდაა, ცოლის მოყვანა დააგვიანა, არ მოყავს ცოლი. ეს ბიჭი ცოტა ხერხემალი გაღუნული ქონდა როცა ცოლი არა ქონდა, და როცა ცოლი უკვე ქონდა, ხერხემალი მაინც გაღუნული ქონდა. ჰოდა, ეს ცოლი ქორწილზე ვერაფერი შეამჩნია. ერთი დღე გავიდა, ვერაფერი შეამჩნია, ხუთი დღე, ათი დღე, ათი კვირა გავიდა, ვერაფერი შეამჩნია, ძალიან კარგი ბიჭი იყო, თვეში ხუთი-ექვსი დრაჰკანი გამოდიოდა. ჰოდა, ერთხელ ბანაობს რა, იმაში, აი... აი, იმაში, აი... ვაჰ, კასრს რა ქვიან“. „კასრი ჰქვია...“ „ჰო? ვა...“
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)
იტყვიან ხოლმე რაღაცას და ატყდება ხორხოცი. მერე, აჩვენებენ ვიღაცას და, წავიდა გნიასი! ოკუპაცია ბორდერიზაციამ გადაფარა, ბორდერიზაცია - სუპერთასმა, სუპერთასი - შეწყალებამ, შეწყალება - მოწყალებამ (ტარიფები), მოწყალებას ოლიმპიადა ფარავს. ნაკვალევს წვიმა შლის და ბორდელიზაცია რჩება.
ორი დღე იბიარდით ვერთობოდით. ვერთობოდით რა... გული გადავაყოლეთ და ეგ იყო. გულს ვერ უბრძანებ. არა, როგორ ვერ უბრძანებ, მაგრამ ბრძანება ერთია, შესრულება - მეორე. გული ისეთია, იქით უბრძანებს ვისაც გინდა იმას.
იმიტომაა, გულს რომ ვერ იტანენ, ცივ გონებას მოიხმობენ, მაგრამ ცივი გონება მე სასაფლაოზე ვიცი. იქ იმდენი ცივი გონებაა... ცივი გონებით განვსაჯე და ბოლოს მაინც გულს მივანიჭე უპირატესობა. გონება დახლზე დევს, გული - არა, გონება იყიდება, გული - არა, ტვინი ბერდება, გული - არა.
ჰოდა, ჯაჭვლიანის ნათქვამი - „ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ „იბიარდზე“ 10 წლის განმავლობაში. ეს „იბიარდობა“ ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ“, - გულიდან მოდის და არა ტვინიდან.
ტვინში ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკია, გულში - ოჯახის სიყვარული და ნაცების სიძულვილი, და მინდა გითხრათ, რომ თუ ამ ქვეყანაში ოჯახის სიყვარული და ნაცების სიძულვილი არ იქნება, არ იქნება არც ევროპა, არც რეკონსტრუქცია და არც განვითარება. იქნებიან მხოლოდ ეროვნული ბანკი და ქადაგიძე, ანუ შეძენილი ნამუსოდეფიციტის სინდრომი.
მე, მაგალითად, ბედმა გამიღიმა და ამ შვიდი თუ რვა წლის წინ სრულიად შემთხვევით გავიგე, რას ნიშნავს იბიარდი, მაგრამ ყველას ხომ არ უღიმის ბედი? უფრო სწორად, ბედი ყველას უღიმის, მთავარია, შეამჩნიო და დააფასო. იბიარდში არაფერი იყო სასაცილო, თუ ამას არ ჩავთვლით - „ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ“.
იმპლემენტირება... გონების ცივად დაძაბვით ვიხსენებ, რომ ეს სიტყვა დანერგვას ნიშნავს, გული კი, დაუძაბავად მეუბნება, რომ ჩანერგვა უფრო უნდა იყოს. დანერგილი, ამ ქვეყანაში, კარგი არაფერი გამიგია, ჩანერგილები - იცოცხლე! მარგველაშვილი - ავლაბრის რეზიდენციაში, ელისაშვილი - საკრებულოში, სააკაშვილი - აწ უკვე ოდესაში, „ოცნება“ სავსეა ეგეთებით და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ჩანერგილი, გვარს არ დავასახელებ, აგერ გვყავს - მთაწმინდის პანთეონში.
„დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პირველად შერცხვა თუ, უბრალოდ, პირველად აღიარა? სამარცხვინო კიდევ ბევრია. კობახიძის აღიარებებს კიდევ მოვისმენთ, თუ აღიარებს, მაგრამ ვაღიაროთ: რაჭველი თუ გამამაძაღლდა, მტრისას!!! მიმიქარავს ვანელი და ხონელი!
გასულ კვირაში „ინ ქოლორ“, ანუ ცვეტში ხონი იყო. მარგველაშვილმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე. ზაზა მეუბნება, ლევანი ძმა არისო. ზაზა ჩემი ძმაა. ჩემი ძმის ძმა ჩემი ძმაა და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ძმის ძმობით უნდა შემოვიფარგლო, თორემ თუ გავაგრძელე, ჯერ კაკო ბობოხიძე გახდება ჩემი ძმა, მერე კი კაკო ბობოხიძის ძმები - გურამ დონაძე, ალისტრახო როხვაძე, მეგის ქარდავა, მასტერა, მაიმუნა...
ზაზას ბევრი ველაპარაკე და მგონი დავარწმუნე, რომ ლევან ბობოხიძე კი არ შეიწყალეს, არამედ შეიწყალეს კაკო ბობოხიძის ძმა, თორემ ლევან ბობოხიძეზე არანაკლებ კარგ ადამიანებს, უდანაშაულოებს, ძალიან ბევრს, ჯერ კიდევ ნარებზე ძინავთ, რადგან ისინი კაკო ბობოხიძის ძმები არ არიან, მათი კაიკაცობა კი თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ნარზე წოლა ურჩევნიათ კაკო ბობოხიძის ძმობას და ზვიად ქორიძესთან კოლეგიალობას.
„შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე არ საუბრობს დეტალებზე, რის გამოც კომისიამ მსჯავრდებულ თეა სირაძის შეწყალებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულის პერსონალური ინფორმაციის დაცვა კომისიის წევრთა „ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია“, - ეს ინფორმაცია ძმობაში ერთგულმა სააგენტომ გაავრცელა.
საერთოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამართლიანობა. ზნეობა და სამართალი.
ჩვენში დარჩეს და, საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა, წესით, მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული და ასეც არის - ყველა ცდილობს, რომ ზვიად ქორიძის შესაწყალებელი არ გახდეს. რაც შეეხება თეა სირაძის საკითხს, ოთხი თუ ხუთი ინდოელი ჰაერში რომ აბურთავა, ერთ რამეში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - ამ ქალბატონს ინდოელების ნაცვლად ქართველები რომ ეცემა, კარგა ხნის შეწყალებული იქნებოდა, ანაც, საერთოდ, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვებდნენ, ნაცემი ქართველები მართლმადიდებელი სასულიერო პირები რომ ყოფილიყვნენ.
„შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს. ეს არ არის დიდი ჟიური. შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას იღებს შეწყალების თაობაზე და არა იმაზე, რომ აღასრულოს სამართალი. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება არის კომისიის წევრთა სერიოზული განსჯის, კამათის და ბჭობის შედეგი“, - ამ სიტყვების ავტორი არის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.
უკვე ერთი კვირაა, ყველამ ვიცით, რომ იბიარდი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მაგრამ კიდევ მრავალი წელი გაივლის, სანამ მივხვდებით, რომ სამართალი, პირველ რიგში, სამართლიანობაა.
„ფოთმა ნანა ალექსანდრიას თასზე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლა. დღეს ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. თასის მფლობელი სომეხი საერთაშორისო ოსტატი ბაჰე ბაგდასარინიანი გახდა. მეორე ადგილზე უკრაინელი დიდოსტატი ალექსანდრ ზუბოვი გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი უკა პაიჭაძე დასჯერდა“, - ეს სამართლიანობაა, უსამართლობა კი ის იყო, ნონა გაფრინდაშვილის სახელის ხსენება ლამის ოფიციალურად რომ იყო აკრძალული. ნანა ალექსანდრიას მაშინ ხმა არ ამოუღია ნონა გაფრინდაშვილის დასაცავად - ეს ფაქტია.
ფაქტი არის უკვე მომხდარი ამბავი. გასულ კვირაში ასეთი ამბავი მოხდა: „ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია. სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა. დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 153-ეა. წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა“.
ანუ, მომხდარი ფაქტია წილისყრა, მომხდარი ფაქტია ჯგუფის შემადგენლობა, სამწუხაროდ, მომხდარი ფაქტია, რომ მუნდიალს რუსეთი უმასპინძლებს და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზე იმყოფება.
ეს ყველაფერი მართალია და ეგრეა, თუმცა, თუ ძმობაა - ძმობა იყოს და, ჩემს მოძმე სააგენტოს მცირე შენიშვნა-შესწორებას არ დავზარდები - საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები სულაც არ არიან მოლდოვა, ავსტრია, ირლანდია, უელსი და სერბეთი. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძე, აგრეთვე სპორტის პოლიტიკოსები, რომლებმაც არაფერი იციან და ბევრს ყვირიან, და სპორტული ჟურნალისტები, რომლებმაც ყველაფერი იციან, მაგრამ დუმილს ამჯობინებენ.
რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების მთავარი მეტოქე არის ბურთი, რომელიც არაფრით არ ემორჩილება ჩვენ ფეხბურთელებს.
ბურთი მრგვალია - ამით თუ დავიმშვიდებთ თავს და რადგან თავი დავიმშვიდეთ, დროა დავივიწყოთ ფეხბურთი (ძნელი კია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს და ახერხებს) და გართობაზე ვიფიქროთ.
„ჰით ბათუმი 2015“ აქტიურ ფაზაში შედის! აქ ყოველდღე რაღაც ხდება! ბათუმი 16-19 ივლისს „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში იტალიელ ვარსკვლავებს მასპინძლობდა. ზღვისპირა ქალაქში სანრემოს დღეები უკვე დასრულდა, თუმცა „ჰით ბათუმი 2015“ ისევ გრძელდება.... განუმეორებელმა უმბერტო ტოციმ და ჯგუფმა „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილი ჰიტები შეასრულეს. ამავე დღეს ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც გაიმართა. „ჩვენ სადაც გვეძახიან სამღერად ყველგან მივდივართ. ჩვენ ყველა მსმენელს პატივს ვცემთ, პოლიტიკური მისწრაფებები ჩვენთვის არ არსებობს, ჩვენთვის არსებობს მხოლოდ მუსიკა და მეტი არაფერი“, - ასეთი განცხადება გააკეთა ბათუმში მყოფმა იტალიური ჯგუფის „რიკი ე პოვერის“ სოლისტმა ფრანკო გატიმ. „ჩვენ მოგვაქვს მხიარულობა და მუსიკა! ჩვენ მუსიკოსები ვართ და არა პოლიტიკოსები! ჩვენ მხოლოდ დადებითი რამ მოგვაქვს ხალხთან - ხალისი ყველასთვის“, - აღნიშნა „რიკი ე პოვერის“ სოლისტმა ანჯელა ბრამბატიმ. „მუსიკა უნივერსალური ენაა ურთიერთობებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ქვეყენაში ვაკეთებთ. ჩვენ ყველა ქვეყანაში ვმღერით, ჩვენს ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ“, - მიაჩნია „რიკი ე პოვერის“ სოლისტს ანჯელო სოტჯუს“.
დალიე დამამშვიდებელი და გაიზიარე მხიარულება.
დალიე დამამშვიდებელი - ხვალ ჯულიეტოვნა გაბუნია ბოროტად გაიცინებს და გაიხსენებს, რომ „რიკი ე პოვერი“ ცხინვალში სეპარატისტების მიწვევით იყო ჩასული. გაიხსენებს და ისევ ბოროტად გაიცინებს. მერე გამოვა ქალბატონი კობახიძე და ბოდიშს მოიხდის, მერე ბოდიშს მოიხდის ტურიზმის დეპარტამენტი, ბოდიშს მოიხდიან სხვებიც. იტყვიან, არ ვიცოდითო.
ეგრე, სოსო ჯაჭვლიანმაც არ იცოდა, რა არის იბიარდი და არც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა იციან, რომ საკუთარ კართან არ უნდა იმატაო.
ხოლო ეს ნაცებმაც იციან. ეს ყველაზე კარგად ნაცებმა იციან:
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 12 მაისიდან 12 ივლისამდე განხორციელებული პროექტის ანგარიში წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიდან“ აცნობეს, ანგარიშის მიზანი იყო, რუსული კაპიტალის მოცულობის დადგენა საქართველოს ეკონომიკაში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ რუსული კაპიტალი მეტწილად ოთხი მიმართულებით მიემართება ესენია: ელექტროენერგია; წყალმომარაგება; მადნეული; მინერალური წყლები. ამ ჩამონათვალიდან მნიშვნელოვნად ლიდერობს ელექტროენერგია, ხოლო წყალმომარაგების მიმართულებით, ინვესტიცების მოზიდვა განხორცილდა 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ.
მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ობიექტთა უმრავლესობის გასხვისება განხორცილდა 2003 წლიდან 2012 წლამდე ასევე მნიშვნელოვან საკითხს, წარმოადგენს თუ რა ობიექტების გასხვისება განხორცილდა ამ პერიდოში: თბოსადგურ „მტკვარი ენერგეტიკას“ - 2003 წელი რუსული წილი 100%; „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“ – 2011 წელი რუსული წილი 100%; „დარიალი ჰესი“ - 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმი; „ლარსი ჰესი“ - 2011 წელი გაფორმებული მემომარანდუმი; „შილდა ჰესი“0 - 2012 წელი გაფორმებული მემორანდუმი; „ჟინვალჰესი“ - მფლობელი - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც ფაქტობრივად არსებული მნიშვნელოვანი წყალსაცავების შესყიდვა მოახდინა 2008 წლის ომის შემდგომ.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა მეტად საინტერესო ფაქტი, კერძოდ, საქართველო-რუსეთის 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ საქართველოს მხარე, 2009 წელს რუსულ მხარესთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს „ენგურჰესის“ ერთობლივი მართვის შესახებ.
„უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება, რომ საქართველო 2003-2008 წლებში სტრატეგიულ ობიექტთა ნუსხას ამცირებს და მის რაოდენობას ხუთ ობიექტამდე განსაზღვრავს.
თუკი კარგად დავაკვირდებით კვლევის შედეგებს რუსული მხარე ფლობს იმ ობიექტთა უმრავლესობას, რომლიც საქართველოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით სტაბილურობის გარანტიებს წარმოადგენს, ხოლო მათი გასხვისება საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან განხორცილდა, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს ვიდრე პასუხებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
რამხელა ნიუსი იყო და რა პატარა რექცია მოყვა. ბოდიშს ვიხდი, რეაქცია საერთოდ არ მოყოლია. არადა, რეაქცია ნამდვილად უნდა ყოფილიყო, ოღონდ არა ისეთი, წივილ-კივილით, ჩხავილით, ათთეთრიანი დენით, ხუთთეთრიანი გაზით და უფასო წყლით!
ესაა საქმე, თორემ იბიარდი არ იცისო - ამან უკვე ჩაიარა, როგორც იმან... ის თუ გახსოვთ, შარშან 9 აპრილს ნაცებმა სლოვაკეთის დროშა რომ დაწვეს და საფრანგეთის დროშის დაწვამდე ცოტა რომ დააკლდათ!
არ გახსოვთ.
ის თუ გახსოვთ, როგორ იზეიმეს ტერიტორიების დაკარგვა?
„მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულ ოთხ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცათ“, - წავიკითხე და მახსოვს.
ის თუ ახსოვს პროკურატურას, დასაბრუნებელი ჯერ კიდევ ბევრი რომ არის?
იცის, მაგრამ არ ახსოვს.
გულში დატოვება ვიცი, თუმცა სადაც სამართალი სხვაა და სამართლიანობა - სხვა, იქ გული საინტერესო აღარ არის, თავში კი - ფეხია.
ჰ.ე. (ჰოდა ეჰ) „ჰოდა, მე ავიღე, პირდაპირ მივედი იმ ქალთან, ვეუბნები - რა აქს დასაწუნი ჩემი დედას შვილი და კიდევ იმისიც შვილი, ჩემი დიშვილი რაღა-მეთქი, საყვარელო შვილო-მეთქი, ქალი ხომ არ არის, მაგის სილამაზეს რომ დასდევ-მეთქი, მშვენიერი მოსიყვარულე ქმარია-მეთქი, სმითაც ბევრი არა სვამს-მეთქი, აბა ლოთი შაგხვედროდა-მეთქი, თვეში შვიდი-რვა დრაჰკანი გამოსდის-მეთქი და სხვა რა გინდა-მეთქი. ჰოდაა, ამ ქალსა მე ეს ყველაფერი რომ მეთქი, ისევ შაუყვარდათ ერთმანეთი, მაშ?! მთავარია, დროზედ უთხრა ადამიანს ყველაფერი“. „ეჰ, ვასკო ნამდვილი მამაკაცი იყო“, - ამოიოხრა მამიდა არიადნამ, - ხერხემალიც სწორი ქონდა და ყველაფერი“.
(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)