გადმოცემით, წიწამურის გზაზე, იქ, სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, გასული საუკუნის დასაწყისში დაჭრილი ირემი მისულა. ამ ტრაგიკულ ადგილას მაშინ ქვის ჯვარი მდგარა. დაჭრილი ირმის კვალს სწორედ აღნიშნულ ჯვართან მიუყვანია მონადირენი. სისხლიანი კვალი იქიდან ისევ უკან მონასტრისაკენ ბრუნდებოდა და მონადირენიც უკან გაჰყოლიან ამ კვალს. ნახევარი გზაც არ ჰქონდათ გავლილი, რომ დაჭრილი თეთრი ხარ-ირემი დაუნახავთ. როგორც ჩანს, სამჯერ ასულა ეს ირემი მონასტერში და ისევ უკან დაბრუნებულა ჯვართან.
გაშმაგებული პირუტყვი რქებით ლეწავდა და ანგრევდა ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა და გზას ისე მიიკვლევდა. ბოლოს სისხლით დაცლილი და დაქანცული ჯვრის წინ დამხობილა, რქები მიწაში ჩაურჭვია და ისე დაულევია სული. ეს ამბავი დაბეჭდილა 1909 წლის „ივერიაში“ და ამ წერილს მაშინ ხელს აწერდა მონადირე ნიკოლა ივანეს ძე ბერიძე, რომელიც ამავე დროს საგურამოსა და გლდანის სახელმწიფო ტყის მცველიც ყოფილა...
ქართველებისთვის გოლგოთად მიჩნეულ ამ ტრაგიკულ ადგილას დღეს სასულიერო პირებს და ადგილობრივებს ეკლესიის აშენება სურთ, რათა წმიდა ილია მართლის მოკვლის ცოდვა გამოისყიდოს ჩვენმა ერმა, თუმცა ილია ჭავჭავაძის ტაძრის აგებას ბიუროკრატიული ბარიერები შეეჯახა.
როცა გახმიანდა, რომ მრევლს აქ ეკლესიის აგება ჰქონდა გადაწყვეტილი, სრულიად მოულოდნელად, კულტურის სამინისტრომაც გადაწყვიტა, ილია ჭავჭავაძის მემორიალისთვის მაინცდამაინც ახლა მიენიჭებინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასე რომ, ეკლესიის აშენება, სავარაუდოდ, კიდევ გაჭიანურდება.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ წიწამური ისტორიული ადგილია და ის ხელუხლებელი უნდა დარჩეს. მისი თქმით, აბსოლუტურად გასაგებია მამა ტარიელ სიკინჭილაშილის პოზიცია, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ცოდვა სწორედ ამ ადგილას ლოცვით უნდა გამოვისყიდოთ, მაგრამ მიუღებელია ყოველგვარი ნებართვის გარეშე მშენებლობის წამოწყება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს შესაბამის სტრუქტურებთან და, უპირველეს ყოვლისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ხოლო, თუ საპატრიარქო გადაწყვეტს, რომ წიწამურში ეკლესია უნდა აშენდეს, ამას დეპუტატი მხოლოდ მიესალმება და შესაბამისი ადგილის შერჩევაზეც იზრუნებენ.
For.ge-სთან საუბრისას საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ საბუთების მოწესრიგებას თან ახლავს ერთგვარი ბიუროკრატიზმი, რის გამოც სამდღიანი საქმე შეიძლება სამ თვეს და მეტი ხნითაც გაგრძელდეს. მამა ტარიელის თქმით, ამის კონკრეტული მაგალითი საგურამოელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს. კერძოდ, საგურამოში ორი ეკლესიაა აგებული, მათ შორის, ერთი მონასტერი, სადაც უშუალოდ მამა ტარიელი მოღვაწეობს, ილია მართლის სახელობისაა. 15 წლის წინ დაიწყო ამ ტაძრის მშენებლობა, მაშინ შევარდნაძის პერიოდი იყო, მერე სააკაშვილის პერიოდიც დაემთხვა და 15 წლის მანძილზე მამა ტარიელმა ვერ მოახერხა ტაძრის დარეგისტრირება.
„მშენებლობა ისე დაიწყო, რომ საპატრიარქოს არ გამოუყვეს ეს მიწა, რადგან დღესაც კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. მაშინ ითქვა, მოდით, დაიწყოს მშენებლობა და მერე თანდათან ეს საბუთები მოგვარდებაო. არადა, საბუთები დღემდე მოუგვარებელია. მე პრეტენზია არ მაქვს, ვის ეკუთვნის ეს მიწა - მუზეუმს, ფინანსთა თუ ეკონომიკის სამინისტროს, მთავარია, რომ ეს ქართული მიწაა. მეორე შემთხვევაც მახსენდება, ხუთი წლის წინ წმინდა გიორგის ტაძარი ავაშენეთ ისევ საგურამოში, სოფლის ცენტრში, მაშინაც ამბობდნენ, საბუთებია საჭიროო, მაგრამ მეგობრებისა და სოფლის მცხოვრებლების მხარდაჭერით დავიწყეთ მშენებლობა. იმ საბუთების მოგვარება დღესაც გაჭიანურებულია. ბიუროკრატიული ლაბირინთები ჩემთვის მოუხერხებელია, არც ვიცი, როგორ კეთდება ეს საბუთები, ის ვიცი, რომ ერთი უწყებიდან მეორეში უნდა ირბინო. რაც შეეხება წიწამურში, ილიას მკვლელობის ადგილას ეკლესიის აშენებას, ეს მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროს. 25 ივნისს შევიტანეთ თხოვნა ეკლესიის აშენების თაობაზე. ნათქვამი იყო, რომ ეს მიწა გადაეცემოდა საპატრიარქოს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ ადგილას ყველაზე უპირველესად უნდა აშენებულიყო ილია მართლის ეკლესია, აქ ხომ წმიდა ილია მართლის სისხლი დაიღვარა. თუ ეს ჯვარცმისა და გოლგოთის ადგილია, მაშინ როგორ შეიძლება, ამ ადგილას ეკლესია არ იყოს?! საუბარია 3 ათას კვადრატულ მეტრზე. ამ ადგილას პატრიარქი რომ მიბრძანებულიყო და პარაკლისი გადაეხადა, მისასვლელი გზა გავაკეთე, იქვეა ილიას წყარო. ამიტომაც დავიწყე ფუსფუსი ჩემთვის და ჩავთვალე, რაკი ეკონომიკის სამინისტროში წერილი მივიტანე, არავისთვის არ იქნებოდა გაუგებარი ეკლესიის მშენებლობა. მაინც ქართველები ვართ, ვისთვის არ იქნებოდა გასახარი ეკლესიის მშენებლობა?! ასე ჩავთვალე. ეს იყო ჩემი აჩქარება, თუ გნებავთ, შეცდომა, ზოგი დანაშაულს არქმევს. კი ბატონო, ასე იყოს, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ვიმეორებ, ბიუროკრატიოული ბარიერების გამო ეკლესიის აშენება არ უნდა შეფერხებულიყო“, - აცხადებს მამა ტარიელი.
მოძღვარი აქვე განმარტავს, რომ პიროვნულად დიდ პატივს სცემს დიმიტრი ხუნდაძეს, მცხეთის მაჟორიტარს, და ღვთის წინაშე ვალდებულია, ნებისმიერი მოყვასი უყვარდეს, თუმცა ეს ბატონი დიმიტრის კერძო აზრია, რომ წიწამური ხელუხლებელი უნდა დარჩეს და აქ ეკლესია არ უნდა აშენდეს. ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ ერთადერთი გადამწყვეტი აზრი პატრიარქისაა. მამა ტარიელის განმარტებით, მხოლოდ პატრიარქი გრძნობს სულისწმინდის მადლით, სად უნდა აშენდეს ეკლესია. ამიტომ პატრიარქი თვითონ იტყვის, ან ვისზეც გადავა სულიწმინდის მადლი, მას დაავალებს, გააჟღეროს საზოგადოებაში, რომ წიწამურში უნდა აშენდეს ეკლესია.
„შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს დაევალოს ამის გაცხადება. როგორ შეიძლება, პატრიარქს არ მოსწონდეს ტაძრის აშენების იდეა?! შეიძლება, ქართველს არ მოსწონდეს ეს იდეა? თუმცა ისიც გამიგია, ყოველ ნაბიჯზე ეკლესიას ხომ არ ავაშენებთო?! ეტყობა, ამას გულით არ ამბობენ, ნეტა, ყოველ ნაბიჯში აგვაშენებინა ეკლესია. საბერძნეთში თუ ჩახვალთ, ნახავთ, ყოველ ჭიშკარსა და ეზოში ეკლესიაა აშენებული. შეიძლება, იმის გამო, რომ ასიამოვნონ მათ, ვისგანაც ხელფასს იღებენ და ვინც ერისა და სარწმუნოების მტერია, ეს ბავშვები გაბრიყვებულნი ჰყავდეთ და მათ თუთიშივით გაამეორებინონ, რომ არ უნდათ ეკლესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ გულში სულ სხვა რამეა. იქ ატყდა ერთი ამბავი, ვიღაცამ დარეკა, მამა ტარიელი მოვიდა, ტრაქტორი მოიყვანაო. წიწამურში კომუნისტების დროინდელი ერთი მონუმენტი დგას, სტანდარტულად აშენებული. ამ მონუმენტს პატივს ვცემ, რადგან ილიას სულის სახსენებლად დაუდგავთ, ალბათ, იმ არქიტექტურით, როგორც კომუნისტებს ესმოდათ. დღეს მითხრეს, რომ ეს მონუმენტი აქამდე ძეგლების სიაში არ იყო, მაგრამ კულტურის სამინისტროს გადაუწყვეტია, ორ დღეში ძეგლთა ნუსხაში უნდა შევიტანოთო. როგორც ჩანს, საშიშროება გაუჩნდათ, ვაითუ, მამა ტარიელი მოვიდეს ტრაქტორითო. ეს ძეგლი ჯალალედინის საფლავზეც რომ იყოს, იმასაც არ შევურაცხვყოფ. მით უმეტეს, ილიას საფლავზეა ეს მონუმენტი და მას როგორ შევურაცხვყოფ?! გინდაც კომუნისტების აშენებული იყოს და გინდაც ჩვენი მტრების. სხვათა შორის, წინა მთავრობას ვკითხე, თუ შეიძლება, ეს ძეგლი გავამშვენიეროთ და ზედ ჯვარი დავდგათ-თქო, სასტიკად ამიკრძალეს, როგორ შეიძლება, ეს მემორიალი არქიტექტორმა ამ სახით დადგაო. ამის შემდეგ, დაახლოებით ათი წლის წინ, თვითნებურად ავედი ღამით და ამ მონუმენტს ჯვარი დავადგი, ის ჯვარი დღესაც დგას. ამით მემორიალი გამშვენებულია და რამდენი იქ ვიღაც გაივლის, პირჯვარს იწერს, როცა ჯვარს ხედავენ“.