ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგოპრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი 3.48 თეთრით გაიზრდება.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს. კვირიკაშვილის განმარტებით, სამი წლის წინ სახელმწიფომ ენერგომომწოდებლებთან ერთად ტარიფი 3,54 თეთრით შეამცირა - დღეს, დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.
„ბევრი რამ შეიცვალა - მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ბევრ ქვეყანაში მოხდა დოლარის გამყარება. ვინაიდან ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და ენერგოკომპანიებს დოლარში აქვთ ვალდებულებები, სახელმწიფომ გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნდეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მხოლოდ სიმბოლურ დახმარებაზე არ იქნება საუბარი, როგორ გაუმკლავდება საქართველოს ბიუჯეტი ისედაც გაზრდილ სოციალურ ვალდებულებებს, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
ბატონო ვაჟა, უკვე ცნობილია, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფები გაძვირდება - ის დაახლოებით გაუთანაბრდება დედაქალაქში ელექტროენერგიის ფასებს. თქვენი შფასებით, რამდენად გარდაუვალი პროცესი იყო?
- ტარიფის მომატება, ბუნებრივია, ყოველთვის არასასურველია და ახალი ტვირთი - სოციალურად ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის. ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა გამონახოს, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ბუნებრივია, ელექტროენერგიის გამომუშავებაზე გაწეული დანახარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, სემეკის გადაწყვეტილება გასაგებია.
რაკი ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო, მაინც მგონია, რომ სუბსიდირების სრულყოფილი მექანიზმი უნდა შეიმუშავოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ. სოციალურად ყველაზე დაუცველების სუბსიდირება ჩემი აზრით, ცოტა გაურკვევლობას ქმნის, რამდენადაც რეგიონების მოსახლეობის 70-80% სიღატაკის ზღვარზეა, ან მის ქვემოთ - თუ 100 ათასი ქულის პატრონს ექნება მხოლოდ შეღავათი და ყველა სხვა გადაიხდის, ეს რეგიონების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ვფიქრობ, მთავრობამ უნდა იფიქროს უფრო სრულყოფილ მექანიზმზე, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ, უკვე კორექტირებულ ბიუჯეტში ამისი შესაძლებლობები ერთი შეხედვით, არ ჩანს.
ვიცით, რომ მთავრობა სუბსიდირების საკითხზე მუშაობს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბიუჯეტს ჯანდაცვის, ამ საკმაოდ წარმატებული პროექტის ბოლომდე მიყვანაც კი უჭირს. თუ ახალი სოციალური ვალდებულებებიც დაემატება, სხვა ტიპის პრობლემები ხომ არ გაჩნდება? გაუძლებს ჩვენი ბიუჯეტი ასეთ ტვირთს?
- შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩვენი ბიუჯეტის მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ამოცანის გადაწყვეტა იოლი არ იქნება, მაგრამ მთავრობა იმიტომ არსებობს და იმიტომ აქვს აღებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს.
რეალური გამოწვევა არის ის, რომ ძალზე საჭირო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შესთავაზა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადი იყო, ბიუჯეტს მისი გამკლავება გაუჭირდებოდა, ეს პროგრამა დღემდე ხორციელდება და ამ მიმართულებით ბიუჯეტს ჯერ პრობლემა არ გასჩენია - ვფიქრობ, მისი გაგრძელება აუცილებელია.
რაც შეეხება ტარიფებს, უნდა მორჩნენ ასეთი ფრაზებით ჟონგლიორობას - ვინც რეალურად სოციალურად დაუცველია, მხოლოდ ის მიიღებს დახმარებას - საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობას თუ გადავხედავთ, სოციალურად დაუცველია მოსახლეობის 70-80%...
სწორედ ამას გეკითხებით, რომ სოციალურად დაუცველი ძალიან ბევრია და ამას როგორ გაწვდება ბიუჯეტი?
- ძალიან გაუჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ არასებობს, რადგან ეს არის ხალხის ნებით არჩეული ხელისუფლება, მას აქვს გარკვეული დაპირებები გაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ დენის ტარიფი გაიაფდება, გაზის ტარიფი შემცირდება. კი თითქოს შემცირდა, მაგრამ როგორც ვნახეთ, გარკვეული დროის შემდეგ ისევ ხდება ელექტროენერგიის საფასურის ზრდა და არც თუ უმნიშვნელოდ.
ამ დაპირებებს შესრულება უნდა, ხელისუფლებას სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს, რათა არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რომელიც არჩევნების შედეგებზე აისახება. აქედან გამომდინარე, ამ რთული ბიუჯეტის პირობებში უნდა შეძლოს და შესაბამისი წყაროები გამოძებნოს. სხვა შემთხვევაში ხალხის მდომარეობა გაუარესდება.
ამას გარდა, სხვა პრობლემებიც არსებობს - სტიქიამ გადაუარა მთელ საქართველოს, ამ ეტაპზე კახეთი ითხოვს დახმარებას, რომელსაც სეტყვამ სააზამთროს მოსავალი გაუნადგურა - ყველას დახმარებას ბიუჯეტი როგორ შეძლებს?
- ის პასუხისმგებლობა, რომელიც ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო, ავალდებულებს, რომ იყოს ხალხის გვერდით იმ გასაჭირში, რასაც ჰქვია საარსებო მინიმუმის წყაროს განადგურება. სხვა საკითხია, როგორ უნდა დარეგულირდეს ამ პრობლემების მოგვარებისას ბიუჯეტზე დაწოლა. ამისთვის საკმაო დრო ჰქონდა „ქართული ოცნების“ მთავრობას და ახლაც არის გარკვეული დრო და საშუალება იმისათვის, რომ ბიუჯეტზე დაწოლა შეამციროს. მაგალითად, სოფლად მოსავლის დაზღვევის შემოღებით.
ასეთი მექანიზმები უფრო ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული, თუნდაც სავალდებულო დაზღვევის შემოღებით - საქართველო ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბოლო წლებია, რატომღაც ცნება - სავალდებულო დაზღვევა ლექსიკონიოდან ამოვარდა.
თანაც ვიცით, რომ ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც ისეთივე მიდგომები აქვს მოსახლეობისადმი, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ ხალხს საკუთარი თავისთვის თავად უნდა მიეხედა, წასულიყო თუნდაც უცხოეთში და ოჯახი ასე ერჩინა. ხელისუფლება კი დასავლეთზე ორიენტირებული, მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტებით იქნებოდა დაკავებული. ამ ხელისუფლების განაცხადი სხვაა - თუმცა რეგიონები მაინც დაცლილია შრომისუნარიანი მოსახლეობისგან და ავტობუსების კოლონები მიემართება თურქეთისკენ სამუშაოდ.
ეს ხელისუფლება ამბობდა, რომ ქართულ ეკონომიკას ისე ააღორძინებდა, რომ ოჯახებს თავის რჩენა არ გაუჭირდებოდათ და როდესაც ეკონომიკური აღმავლობა დაიწყებოდა, მუშახელი უცხოეთში საძებარი არ უნდა ყოფილიყო. როდესაც ხელისუფლება ასეთი დაპირებებით მოდის, ის დახმარებაზე უარს ვერ ეტყვის მოსახლეობას, რომელიც სტიქიის შედეგად საარსებო საშუალების გარეშე დარჩა - სახელმწიფო შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს ასეთ მოსახლეობას.
ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სულ რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ, რა მოხდა საბერძნეთში, რომელიც წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობდა. ჩვენც ამ მიმაართულებით ხომ არ მივდივართ? - სულ უფრო მეტ ხარჯს ითხოვს ბიუჯეტი, ხოლო ეკონომიკური ზრდა ჯერ არსად ჩანს...
- ბიუჯეტის ხარჯზე საქართველო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს არ ცხოვრობს, იმიტომ, რომ ეს არ არის იმ მოცულობისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნის ბიუჯეტი, როგორიც საბერძნეთია, რომელიც სოციალურ ვალდებულებებს სესხების ხარჯზე აფინანსებდა. ჩვენ არც გვთავაზობს ამ სესხებს არავინ და არც ჩვენი მთავრობაა მაინც და მაინც გამეცადინებული, რომ ვალები აიღოს. არც საგარეო ვალია დასაშვებზე მააღალი.
პირიქით, ვფიქრობ უფრო მეტი ფინანსური რესურსები გვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იმისათვის, რომ უფრო მეტი პერსპექტიული პროექტი დავაფინანსიოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ვფიქრობ, რომ მომავალზე ორიენტირებული პროექტები საგრძნობლად აკლია საქართველოს.
ამას ინვესტიციები სჭირდება - რუსეთის ფაქტორის გამო საქართველო ჯერ კიდევ მაღალი რისკის ქვეყნად ითვლება, ამიტომ, რაც არ უნდა მიმზიდველი ბიზნესგარემო იყოს, ეს საკითხი პრობლემად რჩება...
- პრობლემების ჯაჭვი, რა თქმა უნდა, სერიოზულია და განსაკუთრებით კერძო ინვესტორები სიხარულით არ წავლენ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად, საომარი მდგომარეობა აქვს რუსეთთან. ეს არის ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი და არა ბიზნესგარემო.
როდესაც არის საფრთხე, რომ შესაძლოა რუსეთმა დაძაბულობის კერები შქმნას ქვემო ქართლში, ჯავახეთში, აჭარაში და ა.შ. ინვესტორი მაინც ფრთხილობს. სხვათა შორის იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ინვესრტორები სიხარულით გარბიან სომხეთში ან აზერბაიჯანში, რომელსაც ჩვენგან განსხვავებით, თავისი ენერგორესურსები გააჩნია...
ეს სირთულე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ორიენტირებული უნდა ვიყოთ მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაზე, არ ავიღოთ დიდი ვალები და რაც შეიძლება მეტი, მომავალზე ორიენტირებული პროექტი განვახორციელოთ.