„ირანი, შესაძლოა, აშშ-ის ერთ-ერთ საიმედო მოკავშირედაც იქცეს ისლამისტებთან ბრძოლაში“

„ირანი, შესაძლოა, აშშ-ის ერთ-ერთ საიმედო მოკავშირედაც იქცეს ისლამისტებთან ბრძოლაში“

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ ამერიკასთან ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ირანი კვლავაც რჩება „ქედმაღალი აშშ-ის ოპონენტად“.

ჰამენეიმ მოუწოდა პოლიტიკოსებს, კარგად შეისწავლონ, რამდენად შეესაბამება ირანის ეროვნულ ინტერესებს ვენაში მიღწეული შეთანხმება, რადგან ირანი არავის მისცემს უფლებას, შელახოს რევოლუციური პრინციპები. ჰამენეის მიმართვას კვლავინდებურად ახლდა მრავალათასიანი ბრბოს შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.

ამერიკა-ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1979 წლის 4 ნოემბერს აიათოლა ჰამენეის რადიკალურად განწყობილმა მომხრეებმა იერიშით აიღეს აშშ-ის საელჩოს შენობა თეირანში და 444 დღით მძევლად აიყვანეს თანამშრომლები. დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში სასიკეთო ძვრებია. ამდენად, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ირანისა და აშშ-ის თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, საინტერესო სწორედ ისაა, რომ ირანი, შესაძლოა, აშშ-ის ერთ-ერთ საიმედო მოკავშირედაც იქცეს, ვინაიდან ირანი ახლო აღმოსავლეთში მთელ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციას ცვლის. ზოგადად, სეპარატულად, აშშ-სა და ირანის ელიტური სამხედრო ნაწილები ერთობლივ ოპერაციებში ისედაც იღებდნენ მონაწილეობას.

For.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

თქვენ მიიჩნევთ, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანმა და აშშ- შეიძლება ითანამშროლონ. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ დაამტკიცებენ თუ არა ბირთვული შეთანხმების ტექსტს, ირანელები უარს არ იტყვიან რეგიონში თავისი მეგობრების მხარდაჭერაზე. უფრო მეტიც, ჩაგრულ პალესტინელ, იემენელ, სირიელ, ერაყელ და ბაჰრეინელ ხალხს, ლიბანისა და პალესტინის წინააღმდეგობის მებრძოლ მართალ მოჯაჰედინებს აუცილებლად ექნებათ მათი მუდმივი მხარდაჭერა. როგორ შედგება ეს თანამშრომლობა?

- საამისოდ ძალზე ბევრი ასპექტია. მაგალითად, რა შეხების წერტილი აქვს აშშ-ს ირანთან, რატომ წავიდა ობამას ადმინისტრაცია ამ შეთანხმებაზე, რომელსაც საუკუნის გარღვევას უწოდებენ?! 1979 წლის შემდეგ, რაც აიათოლა ჰამენეი მოვიდა სათავეში და შაჰის რეჟიმის გადატრიალება მოხდა, აშშ-ირანს შორის გაციებული ურთიერთობა აშკარა იყო. პრინციპში, ირანი რეგიონული მასშტაბით ერთგვარი ზესახელმწიფოა, რომელიც ტრადიციულად განიხილავს აშშ-სა და ისრაელს, როგორც მტერს. აიათოლები, როგორც ყველაზე დიდი ძალაუფლების კონცენტრირების მქონენი, პირდაპირ გამოხატავენ ამ აზრს და ახლაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჰამენეიმ ეს დაადასტურა. სხვათა შორის, ამ შეთანხმების ირგვლივ არაერთგვაროვანი რეაქციაა აშშ-შიც. დემოკრატების შეხედულებებიც გაყოფილია, რესპუბლიკელები ტრადიციულად უფრო ლოიალურად არიან განწყობილნი ისრაელის მიმართ და მათთვის მიუღებელია ამ ტიპის შეთანხმება ირანთან. საერთოდ, ობამას ადმინისტრაცია ამ თვალსაზრისით გამონაკლისია, რადგან ეს ადმინისტრაცია ერთ-ერთ ყველაზე ანტიისრაელურ ადმინისტრაციად ითვლება.

რით აიხსნება ანტიისრაელური პოლიტიკა ობამას ადმინისტრაციაში? აშშ-ის წინა პრეზიდენტებს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელის მიმართ.

- სხვათა შორის, ჰილარი კლინტონი ლოიალურად არის განწყობილი ისრაელის მიმართ. ნეთანიაჰუს მიღება კონგრესში დემონსტრატიულად ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით ხდებოდა. ამით კონგრესის უმრავლესობა, პრაქტიკულად, აჩვენებდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ობამას, მათ შორის, ანტიისრაელური პოლიტიკის მიმართ. დიდი ალბათობით, კონგრესი ვეტოს დაადებს ამერიკა-ირანის შეთანხმებას, შემდეგ ობამა დაძლევს ამ ვეტოს და შემდეგ ისევ კონგრესს მოუწევს ორი მესამედით ხმის მოგროვება საიმისოდ, რომ დაძლიოს ეს ვეტო. ეს უნდა მოხდეს კონგრესშიც და სენატშიც. ამიტომ პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა არ შეიძლება.

რად უნდოდა ობამას ირანთან შეთანხმება?! - პირველ რიგში, ეს აიხსნება სანქციების დაწესებით რუსეთის მიმართ. გარკვეულწილად, ეს არის რუსეთის, როგორც ენერგომატარებლების წყაროს, ევროპისგან ჩამოცილების მცდელობა. რუსეთი ევროპას გაზითა და ნავთობით ამარაგებს. სხვათა შორის, ამ სანქციების დროს ირანი ჩინეთში, ინდოეთსა და აზიის ქვეყნებში ახერხებდა გაზის გაყიდვას, ევროპაში მას გზა გადაკეტილი ჰქონდა, ამით ამერიკა ევროპას, თითქოსდა, მიანიშნებს, ნუ გეშინიათ, რუსეთი აღარ არის ერთადერთი წყარო, რომელიც თქვენ მოგამარაგებთო. იქ არის საუბარი ყატართან ერთად გაზით მომარაგებაზე. ირანის ექსპერტები და ენერგეტიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში 4 მილიონ ბარელამდე გაზარდოს ექსპორტი და წარმოება. ანუ პირველი, ეს არის ენერგეტიკული ინტერესი.

ანუ, ეს ყველაფერი რუსეთის ჭრილში ხდება?

- არა მხოლოდ რუსეთის ჭრილში, თუმცა რუსეთიც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდა ამისა, კონფიგურაციაც იცვლება. ადრე ახლო აღმოსავლეთში ტრადიციულად მყარი მოკავშირე იყო საუდის არაბეთი. დიდი პერიოდის მანძილზე საუდის არაბეთს იმედი ჰქონდა, რომ აშშ სირიაში განახორციელიებდა ინტერვენციას და მათთვის საძულველ ასადის რეჟიმს მოაშორებდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ასადი მჭიდროდ თანამშრომლობს ირანთან. საუდის არაბეთისთვის ირანი არანაკლებად მტრული სახელმწიფოა, ვიდრე ისრაელისთვის, რაც რიტორიკის დონეზე, შეიძლება, არავინ არ თქვას. თუკი ისრაელი შეეცდება სამხედრო მოქმედებების წარმოებას ირანის წინააღმდეგ, არა მგონია, საუდის არაბეთი ამის წინააღმდეგი იყოს. აქაც პრობლემების მთელი კომპლექსებია. ირანი არის შიიტური სახელმწიფო, დანარჩენი მუსლიმანური სახელმწიფოები კი არიან სუნიტები. პარადოქსია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები მოხსნილია და ამ შეთანხმების დამტკიცებას ელოდება აშშ-ის ადმინისტრაცია კონგრესისა და სენატის მეშვეობით, ირანი დღემდე შეტანილია აშშ-ის შავ სიაში, როგორც სახელმწიფო, რომელიც ეხმარება ტერორიზმს. ამიტომ გზა უნდა გაეხსნას ირანს, ირანმა უნდა გაყიდოს ნავთობი და გაზი.

„ჰესბოლა“- ეს უფრო ირანული დაჯგუფებაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებს და ძალიან აქტიურია იმავე ლიბანში და სირიაში. ეს დაჯგუფება ირანის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია. ამდენად, აქ არის წინააღმდეგობა. ერთი მხრივ, შენ აღიარებ და აძლიერებ ეკონომიკურად ირანს, მეორე მხრივ, შენ აღიარებ, რომ ეს სახელმწიფო ღიად, დაუმალავად მხარს უჭერს ტერორიზმს და გააჩნია თავისი ტერორისტული ორგანიზაცია. ისლამური სახელმწიფო არის მეორე ფაქტორი, რითაც ობამას ადმინისტრაცია ირანთან ურთიერთობის აუცილებლობას ხსნის.

როგორც ჩანს, აშშ-სა და ირანის სამომავლო თანამშრომლობა მარტივი არ იქნება. რამდენად შეიძლება ენდოს აშშ ირანს ბირთული პროგრამების აკრძალვასთან დაკავშირებით?

- რესპუბლიკელების და ისრაელის შფოთსაც სწორედ ეს იწვევს. რესპუბლიკელებში და ებრაელების პოლიტიკურ ელიტაში არავის სჯერა, რომ ირანი დააკონსერვებს ბირთვული იარაღის წარმოების პროცესს. ამასთან ერთად პრეცედენტიც იქმნება, ვინაიდან საუდის არაბეთი უკვე აცხადებს, თუ ბირთვული იარაღის წარმოება შეუძლია ირანს, ჩვენც ავაშენებთ რეაქტორს, ჩვენც წამოვიწყებთ რეაქტორის მშენებლობას, ჩავატარებთ ბირთვულ კვლევებს და მერე შემთხვევით აღმოჩნდება, რომ ჩვენც გაგვაჩნია ბირთვული იარაღი. ამდენად, ძალზე მყიფეა ვითარება, რადგან შემდეგი ადმინისტრაცია რომ მოვა აშშ-ის ხელისუფლებაში და ის ნამდვილად იქნება პროისრაელური, შეიძლება, ირანთან ურთიერთობა გადაიხედოს. ეს ორი პუნქტი, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის აუცილებლობა ირანის მეშვეობით და ენერგეტიკულად რუსეთის შესუსტება, ვერ ფარავს იმ საფრთხეებს, რაც ემუქრება რეგიონსა და მსოფლიოს, თუკი რესპუბლიკელებისა და ისრაელის აზრი გამართლდება და ირანი შექმნის ბირთვულ იარაღს. ამდენად, ამ თვალსაზრისით, ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის, მაგრამ ის, რომ ირანი შეთანხმების შედეგად დაბრუნდება, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის აქტიური წევრი და ერთ-ერთი მთავარი აქტორი ახლო აღმოსავლეთში, ეს უდავოა, ეს ხელს შეუწყობს ირანის გაძლიერებას.

ამ ფონზე რუსეთის შიში, ალბათ, რეალურია, რადგან ირანის გაზის გამოყენების შემდგომ რუსული გაზის ფასი დაეცემა. გლობალურ პოლიტიკაში რუსეთის სამომავლო ჩანაცვლებითაც ხსნიან მორიგ რუსულ აგრესიას თუნდაც ხურვალეთთან მიმართებით.

- საქმე ისაა, რომ გაზის რეზერვები მსოფლიოში საკმაოზე მეტია და ირანის გაზით ვითარება კარდინალურად არ უნდა შეიცვალოს. ენერგეტიკის დარგის ექსპერტების მოსაზრებები იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოახდენს ირანული გაზი და ნავთობი რუსული ნავთობის ფასის დევალვაციას?! ზოგი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, ზოგი კი თვლის, რომ - არცთუ მნიშვნელოვანი. ამდენად, გაზის ალტერნატივა არსებობს, არის ყატარი, არის შეერთებული შტატები. გარდა ამისა, რუსეთი აქტიურად მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებაში. ობამამაც აღნიშნა რუსეთის პოზიტიური როლი ამ შეთანხმებაში. რუსეთი არ ახდენდა ამ პროცესისგან დისტანცირებას და გარკვეული ბონუსიც დაიწერა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, რომ კონსტრუქციული ფუნქციის მქონე იყო. თუმცა რუსეთმაც იცის, რომ ეს პრობლემების მხოლოდ გარეგნული დაძლევაა და პრობლემები უფრო გარღმავდება, რაც ობამა შეიცვლება. მეორეც, რუსეთს აქვს თავისი ინტერესი, რომ მოხდეს მისი შეღწევა ირანის ეკონომიკაში, მათ შორის, აქ იგულისხმება ტექნოლოგიების მიწოდება, ჭაბურღილების აშენება, მთელი ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სწორედ ირანის ენერგეტიკულ სექტორში, როგორიცაა გაზი და ნავთობი.

გარდა ამისა, რუსეთი მოითხოვს სამხედრო შეიარაღებაზე ემბარგოს მოხსნას და ამით ცდილობს, დაიკავოს ირანის მნიშვნელოვანი ბაზარი, სამხედრო ტექნიკის ექსპორტის თვალსაზრისით. ამდენად, რუსეთი ბევრ ბონუსს ელოდება ამ შეთანხმების მიღწევით. თუკი მომდევნო ადმინისტრაციის შემდეგ ირანში კვლავაც გაუარესდება ვითარება და კვლავაც გამოცხადდება სანქციები, რუსული კაპიტალის ირანში შესვლის მიუხედავად, რუსეთს პრობლემა არ შეექმნება. ამდენად, რთული სათქმელია, რუსეთი იგებს თუ აგებს.

ცხრა წლის განმავლობაში ქართულ მხარეს ირანთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. საქართველო ცდილობდა, არ გადაეკვეთაწითელი ზოლი“, რომელიც ვაშინგტონის გაღიზიანებას გამოიწვევდა. თავშეკავება გულისხმობდა რადიოაქტიური ნივთიერებისა და მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებელი ნედლეულის საქართველოს გავლით გატანის აკრძალვას, მაღალტექნოლოგიური და ორმაგი დანიშნულების საგნების ტრანზიტს. გარდა ამისა, 2008 წელს ირან-საქართველოს ურთიერთობები გაყინული იყო იმ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ვაშინგტონის მოთხოვნით, ქვეყნიდან გააძევა ფულის გათეთრებასა და კონტრაბანდაში დადანაშაულებული ირანელი მოქალაქეები. დააკავეს ბირთვულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერი- არდებილიც, რომელიც სარაკეტო ტექნოლოგიებს ყიდულობდა იმ დროს, როდესაც ირანი მწვავე სანქციების ქვეშ იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს ირანში ჩასულქართული ოცნებისდელეგაციას რთული საუბარი ჰქონდა ირანის ხელისუფლებასთან.

- ეს მართლაც პრობლემური თემაა. რთული ურთიერთობები მართლაც იყო. თედო ჯაფარიძისა და გუბაზ სანიკიძის ვიზიტის დროს ირანში მართლაც გამოთქვეს პრეტენზია. ირანის ხელმძღვანელობას არაფერში ადარდებს, ნაციონალების დროს იყო ეს ფაქტი, თუ „ოცნების“ დროს. მათთვის მთავარია, რომ საქართველო არის სახელმწიფო, ეს არის პოლიტიკური მემკვიდრეობა და პარტიულ რევიზირებას არავინ ახდენს. ამ თვალსაზრისით, ეს სამწუხარო ფაქტია და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს, თუმცა ძალიან ძნელია, გაუძლო აშშ-ის წნეხს, თუკი ბირთვულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერის დაკავება მოითხოვა ამ სახელმწიფომ. მით უფრო, რთულია ეს თემა, რადგან ბირთვულ უსაფრთხოებას ეხება, მაგრამ ვიზების დაწესება ირანელი მოქალაქეებისთვის და ირანის უზარმაზარი მეცნიერული, სავაჭრო, კულტურული პოტენციალის იგნორირება არ შეიძლება. ეს უძველესი ცივილიზაცია, საინტერესო ქვეყანაა.

ამდენად, ყველანაირი ინტერესია, საქართველომ გააღრმავოს კავშირები ირანის პოლიტიკურ ელიტასთან, ირანის სახელმწიფოსთან და სათავისოდ გამოიყენოს, რადგან ირანის მეშვეობით შეიძლება ელაპარაკო რუსებს.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და, რთული ურთიერთობის მიუხედავად, არ გადაუხედავს ამ პოზიციისთვის.

- ქართულ დეპუტაციას რომ ჰკითხოთ, რომელიც ჩასული იყო ირანში, ირანელები დიდი პიეტიტით იყვნენ განწყობილნი ქართველების მიმართ. ერთ-ერთ მინისტრს ისიც უთქვამს, თქვენ უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმაზე, რომ ნებისმიერმა ირანელმა იცის, თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი გურჯებს, ქართველებს ირანის სახელმწიფოს განვითარებასა და მის კულტურაში. ამ კავშირებს დამატებითი ბიძგი სჭირდება, იმდენად ბევრი რამ გვაკავშირებს. გეოპოლიტიკის, გეოეკონომიკის თვალსაზრისით, ნავთობისა და გაზის ექსპორტის თვალსაზრისით არის საინტერესო ირანი და არის საინტერესო, როგორც შუამავალი, სანდო მოკავშირე, პარტნიორი რუსეთთან მოლაპარაკების დროს.

თუმცა ირანში არსებული მტრული შეძახილები -სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ საქართველო-ირანის ურთიერთობას აფერხებს, რადგან ჩვენ მაინც ამერიკის იდეების გამზიარებლებად ვითვლებით.

- კი ბატონო, მაგრამ მიუხედავად ამ შეძახილებისა, ამერიკის შეერთებული შტატებია ამ მოლაპარაკების მთავარი ინიციატორი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი უნიკალური პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყანაა, რომელიც, პრაქტიკულად, თეოკრატიული რეჟიმის მიერ იმართება, სასულიერო კასტა მართავს ამ ქვეყანას და, ამ თვალსაზრისით, ირანის პრემიერსაც და პრეზიდენტსაც ნაკლები ეკითხებათ, ვიდრე აიათოლებს. იქაც არის შიდა პოლიტიკური ბრძოლა რეფორმატორ-ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. სხვათა შორის, სწორედ ამ ლიბერალურ ფრთას დასჭირდა გარკვეული ძალისხმევა, რომ შიდა ირანულ პოლემიკასა და დისკუსიაში გაემართლებინა აშშ-სთან შეთანხმების აუცილებლობა, რადგან მართლაც ძალიან ძნელი იყო წნეხის დაძლევა. სანქციები მძიმედ აისახებოდა ირანის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.

ანუ, რუსული სანქციებისგან განსხვავებით, ირანისთვის დაწესებულმა სანქციებმა შედეგი გამოიღო?

- დიახ, ირანის მიმართ დაწესებული სანქციები რამდენიმე ათეული წელია, რაც გრძელდება და წნეხი იგრძნობა. რუსეთი ჯერ კიდევ ამ წნეხის ფაზაში შედის, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ რუსული ეკონომიკა ძალზე დამოკიდებულია ნავთობსა და გაზზე. თუკი ამერიკა-ირანს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას ახლო აღმოსავლეთში, ეს ნამდვილად გარღვევაა. ირანს უკავშირდება ბევრი რამ, სტაბილიზაცია ლიბანში, გარკვეულად - სირიაში განვითარებული მოვლენებიც. ასევე, „ჰესბოლა“ აქტიური მოთამაშეა პალესტინაში. ანუ, ბევრ ქვეყანაზე ახდენს გავლენას ირანის ფაქტორი. სათანადო სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში, ირანს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში მოვლენათა სტაბილიზაციაში.