„საუბარი - შემცირდეს საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხოვნობა, ქვეყნისათვის ძირის გამოთხრის მცდელობაა“

„საუბარი - შემცირდეს საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხოვნობა, ქვეყნისათვის ძირის გამოთხრის მცდელობაა“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის მოსაზრებით საქართველოს აქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკას შეუძლია აიტანოს. ეს აზრი რეალობას მოკლებული სულაც არ არის, მით უფრო, რომ ბოლო წლებში საჯარო სექტორში სხვადასხვა ტიპი ანაზღაურებაზე გამოყოფილი ხარჯი სულ უფრო იზრდება. თუმცა, ფინანსისტები ქადაგიძეს ურჩევენ, კრიტიკა ჯერ საკუთარი უწყებიდან დაიწყოს, რამეთუ პროპორციულად ეროვნულ ბანკი სახელფასო მიმართულებით სხვა სახელმწიფო უწყებებზე 4-ჯერ მეტს ხარჯავს.

ქვეყნის ბიუჯეტის 14%-ზე მეტი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებზე იხარჯება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხარჯი წლიდან წლამდე იზრდება. 2015 წელს ამ მიმართულებით 1,4 ლრდ ლარია გამოყოფილი, შარშან 1,3 მლრდ ლარი იყო, წინა წლებში კი უფრო ნაკლები. შესაბამისად, მუდმივად მზარდი სახელფასო ხარჯი ბიუჯეტს ტვირთად აწევს.

„2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შემდეგია – ზოგადად, ჩვენ მივესალმებით ბიუჯეტის კორექტირებას, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვსაუბრობდით, რომ საჭიროა ბიუჯეტის კორექტირება, წარმოდგენილი ცვლილებები, ჩვენი აზრით, საკმარისი არ არის. ის არ ასახავს იმ გამოწვევებსა და რეალობას, რაც ქვეყანაშია. ჩვენი რეკომენდაცია არის მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირება, რაც დაეხმარება როგორც ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას, ასევე, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს.

დღეს ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას შეუძლია ეს აიტანოს და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ყველა პარამეტრზე, ამიტომ ჩვენი მთავარი რჩევა, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნაშია, არის ის, რომ შემცირდეს მიმდინარე და ბიუროკრატიის აპარატის შენახვის ხარჯები“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში იმყოფება, წლიურად ქვეყანაში შემოვა მილიარდი დოლარით უფრო ნაკლები, ვიდრე წინა წელს შემოდიოდა, „ამიტომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის, პირველ რიგში, ბიუჯეტი უნდა ასახავდეს ამ ახალ რეალობას“.

„ეს არის მთავარი ჩვენი საზრუნავი იქამადე, ვიდრე არ მოვახერხებთ იმ ფუნდამენტური ფაქტორების აღმოფხვრას და შემომავალი ფულადი ნაკადების გაზრდას, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები. თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ ლარის კურსზე, მაშინ, როდესაც სხვა შემომავალი ნაკადები მცირდება, მაშინ ამის მთავარი იარაღი არის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი. დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა ქადაგიძემ.

საბანკო სფეროს ექსპერტი, ეკონომისტი ლია ელიავა კატეგორიულად არ ეთანხმება სებ-ის პრეზიდენტს და ურჩევს კონტროლი საკუთარი უწყებიდან დაიწყოს.

„საუბარი იმაზე, რომ უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები და საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანების რიცხოვნობა, ქვეყნისათვის ძირის გამოთხრის მცდელობაა. საქართველოში ისედაც მაღალი უმუშევრობის დონეა და თუ მას კიდევ საბიუჯეტო სფეროდან გამოშვებული ხალხი დაემატება, ქვეყანა ვერ აიტანს ამდენ უმუშევრებს და სოციალური აფეთქება მოხდება. ეს იდეა მავნებლურია.

საბიუჯეტო სფეროში მომუშავე 116 000 კაცზე, წლიურად, ხელფასის სახით 1.4 მილიარდი ლარი იხარჯება. ერთ ადამიანზე კი საშუალოდ, წლიური შემოსავალი 10 -12 000 ლარი მოდის. ეროვნული ბანკის წლიური სახელფასო ფონდი არის 12 მილიონი ლარი, ეს კი 300 თანამშრომელზე ნაწილდება. გამოდის, რომ საშუალოდ, ეროვნული ბანკის თითოეულ თანამშრომელს წლიურად აქვს 40 000 ლარის შემოსავალი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხარჯებში თუ რაიმე არ მოსწონს, ჯერ დაიწყოს თავისი სტრუქტურით და მერე უკვე მთავრობაში მომუშავე გაუბედურებული ხალხი აკრიტიკოს. ეს სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი რეკომენდაციები მგონია“, - აცხადებს ლია ელიავა.