ვის უმიზნებენ ანტიმონოპოლისტები?

ვის უმიზნებენ ანტიმონოპოლისტები?

რომელ ბიზნესს მიადგება უახლოეს მომავალში კონკურენციის სააგენტო? ანტიმონოპოლისტების მიზანში რამდენიმე მიმართულებაა. ამ ეტაპზე ნავთობსექტორის გარდა, კონკურენციის სააგენტოში კიდევ რამდენიმე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

სააგენტო საკუთარი ინიციატივით იკვლევს საავიაციო ნავთის ბაზარს, ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაცია „გლობალაგროს“ წევრთა შესაძლო კარტელურ შეთანხმებას, შავი ზღვის პორტებში ნავთობტერმინალთა საქმიანობას.

განცხადების ან საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტო სწავლობს ავტოგაზის, ხორბლის, ფქვილის სასაქონლო ბაზრებს და შპს „ლიტექსი-სერვისის“ საჩივრის საფუძველზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას. საქმე ეხება მის საკუთრებაში არსებული ნაგავსაყრელების გამოყენებაზე უარის თქმას.

ასევე სააგენტო სწავლობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების (ხაშურის, ასპინძის, აბაშისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები) მიერ სპეციალური ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვების დროს „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევას (შპს „ინტერტექნიქსის“ განცხადების საფუძველზე); «საქართველოს რკინიგზის» შვილობილი კომპანია შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას - შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის“ საჩივრის საფუძველზე.

გარდა ამისა, სააგენტოში მიმდინარეობს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ შეტყობინების განხილვა შპს „გნ კო“-ს (ინგოროყვას კლინიკა) წილთა 50%-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგი.

სპეციალისტები დამატებით კიდევ რამდენიმე მიმართულებას მიანიშნებენ. ეს არის კომუნიკაციების სფერო, განსაკუთრებით ინტერნეტპროვაიდერები და რასაკვირველია ფარმაცევტული სექტორი.

ჯერჯერობით კი, ყველაზე რეალური ფქვილისა და ხორბლის ბაზრის კვლევის დასრულებაა, რომლის დასრულებაც კონკურენციის სააგენტომ ოქტომბრამდე გადადო. წესით და რიგით, იგი ზაფხულის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, მაგარმ მეხორბლეთა ასოციაციას 17 ივლისს მიუვიდა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ კვლევის ვადა 12 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.

სააგენტომ ფქვილის ბაზრის კვლევა დაახლოებით 6 თვის წინათ დაიწყო. საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანული კომპანია „კარატ ჰოლდინგი“, რომლის მიმართაც ქართველ მეხორბლეებს ძირითადი პრეტენზიები ჰქონდათ, წესების დარღვევით ოპერირებდა. სააგენტოსათვის გაგზავნილ მიმართვაში საუბარია 2013-14 წლებში არასამართლიანი ფასებით მოქმედებაზე, ასევე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ კანონით დასკვნა 3 თვეში უნდა მზად იყოს, თუმცა საქმის სირთულიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს კვლევა 1 წლის განმავლობაში გააგრძელოს.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც კონკურენციის სააგენტომ ფქვილის ბაზრის კვლევა დაიწყო, აზერბაიჯანული კომპანია „კარატ ჰოლდინგი“ წესების დაცვით ოპერირებს. სილაგავას თქმით, სიტუაცია დარეგულირდა, გაიხსნა ახალი კომპანიები, მათ შორისაა ლილოში მდებარე კომპანია „გეომილი“. გარდა ამისა, ახლა, წინა წლებისგან განსხვავებით, ხორბალი რუსეთიდან შემოდის და არა ყაზახეთიდან, რამაც ბაზარი გადაანაწილა.

„კომპანია „კარატ ჰოლდინგს“ ელევატორები აღმოსავლეთ საქართველოში აქვს, რუსული ხორბალი კი ფოთის პორტიდან შემოდის, სიტუაცია ამანაც დააბალანსა. თუ ადრე, აზერბაიჯანული კომპანია ბაზრის 70 პროცენტს ფლობდა, ახლა მათი წილი 35 პროცენტამდეა“ - განუცხადა „კომერსანტს“ ლევან სილაგავამ.

მისი განცხადებით, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობები იქმნება, თუმცა სიტუაციის გაჯანსაღების მიუხედავად, კანონის თანახმად, კომპანია, შესაძლოა, წინა წლების დარღვევების გამო დაჯარიმდეს.