სექტემბრისთვის გამზადებული უალკოჰოლო სასმელების მარკირება, სავარაუდოდ 2 თვით გადაიწევს. პრემიერ-მინისტრმა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნის გათვალისწინებით, ფინანსთა მინისტრს პროცესის გადავადება დაავალა. მწარმოებლები კი საერთოდ ეწინააღმდეგებიან ახალ ტიპის გადასახადს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით უკვე მიმართეს.
„ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა. კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს. პრემიერ-მინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პირველად უალკოზოლო სასმელების სავალდებულო მარკირების წესი 2012 წლის 24 აპრილს გაჩნდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე. ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას უნდა დაექვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყალი).
ელექტრონული მარკირება, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ე.წ. ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელებს შვეიცარული კომპანია „სიქპას“ შვილობილი კომპანია, რომელმაც, სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის თანახმად, გაწეული მომსახურებისთვის უნდა მიიღოს შესაბამისი საფასური.
საქონლის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება უნდა განხორციელებულიყო ჯერ კიდევ 2013 წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა საკითხი რამდენჯერმე გადაიდო და დღემდე ღიად რჩება.
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ „ამჟამად საკითხზე მიღებულია „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ და 1-ლი სექტემბრიდან ფინანსთა სამინისტროს გეგმა ამუშავდება. შესაბამისად, მარკირებას დაექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ენერგეტიკული სასმელები, წვენები.
„მიგვაჩნია, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღებისა და ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია, ასევე ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებსაც“, - აცხადებენ ბიზნესმენები.
მეწარმეები თვლიან, რომ მათი ნაწარმი გაძვირდება კიდეც. კომპანია „კოკა კოლას“ წარმომადგენელი ვახტანგ ლაღიძე მიიჩნევს, რომ ეს პროდუქციის საბოლოო ფასზე თავისთავად, აისახება.
„ეს რისკი არსებობს. ყველაზე მიუღებელი თემა ის არის, რომ მარკირება 1 სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. ამ პერიოდში, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამის გამო, ჩვენ უნდა გავაჩეროთ ჩამომსხმელი ხაზები, უნდა დავკარგოთ საკმაოდ დიდი დრო, ენერგია, თანხა. სულ ვამბობთ, რომ 1 თეთრზეა საუბარი, მაგრამ, რეალურად, კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, უკვე 1,3 თეთრია.
ეს არის მომსახურეობის გადასახადი, მაგრამ იგი არ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე და გადის ქვეყნიდან. თანხის დამატება თვითღირებულებაზე აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის რაღაც დონეზე გაძვირებას. საქართველოში ფასის ელასტიურობა არის ერთი ორთან, ანუ 1%-ით გაძვირება 2%-ით შემოსავლის კლებას იწვევს. შესაბამისად, ჩვენ 2%-ითაც რომ მოგვიწიოს რაიმეს გაძვირება, კომპანიების შემოსავლები 4%-ით შემცირდება“, - აცხადებს ვახტანგ ლაღიძე.