საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობასა და ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის დაწყებას, რატი ამაღლობელი სახელმწიფოსათვის დიდ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.
ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. მე თვითონ მამა მყავს მძიმედ ავადმყოფი და ამ რეფორმის შედეგები გამომიცდია, როგორც საკუთარ თავზე, ასევე კლინიკაში მინახავს ბევრი მადლიერი პაციენტი.
ექსპერტი არ ვარ და შესაბამისად, სისტემის პლიუსებსა და მინუსებზე ვერ ვილაპარაკებ. თუმცა, თავისთავად ის, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის დაფინანსებისთვის ამხელა ხარჯს იღებს, ძალიან მნიშვნელოვანია.
არ ვიცი ეს პროექტი რამდენად სიცოცხლისუნარია, სწორედ იმის გამო, რომ ძალიან დიდი ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ ამ საკითხს – პაციენტის და სახელმწიფოსი. პაციენტებისთვის, განსაკუთრებით კი გაჭირვების ზღვარს მიღმა მყოფთათავის, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია, ხოლო სახელმწიფოსთვის – დიდი პასუხისმგებლობა. ალბათ სწორედ ამ მომენტებს ითვალისწინებს სახელმწიფო, როცა პირველადი ჯანდაცვის რეფორმას აცხადებს“, – ამბობს ამაღლობელი.
„რაც შეეხება მდიდარი და ღარიბი ფენისთვის სხვადასხვანაირი შეთავაზებების გაკეთებას, ვფიქრობ, ესეც არჩევანის საგანი უნდა იყოს თავად პოტენციური პაციენტების მხრიდან. შეძლებულ ადამიანს უნდა შეეძლოს უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე, ხოლო უმწეოებს უფრო მეტი სერვისებით სარგებლობა უნდა შეეძლოთ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს მძიმე დაავადებები, რომელმაც არც მდიდარი იცის და არც ღარიბი. მაგალითად, სარკომა. ამ დაავადებას იმდენად კოლოსალური თანხები სჭირდება, რომ ნორმალური შემოსავლის მქონე ადამიანიც კი ვერ შეძლებს მასთან მარტივად გამკლავებას. აი ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს მონაწილეობა განსაკუთრებით ეფექტიანი უნდა იყოს“, – მიაჩნია რატი ამაღლობელს.