ციხეში თერძად მომუშავე პატიმარს ხალხი შემოეკრიბა და ამბობდა: „კაცო, თვე არ გავა, სამი-ოთხი თუმანი ფული არ გავაკეთო. რაც იყო, ძალიანაც კარგი იყო. ეხლა, რა, უკეთესი ციხე იქნება? ნახე, რა დღეში ჩაგვაგდონ!“ „ნუ გეშინია, სანამ მეფის ხელისუფლება იქნება, ციხეც იქნებ. კერე და იყავი“, - მიუგო ვიღაცამ. მეორეგან იმაზე საუბრობდნენ, თუ როგორ მოეწყოთ მასობრივი გაქცევა. „მე ამათი აყალმაყალი ფეხებზეც არ მკიდია, თავისუფლებაში გასვლა მინდა. არა, ამათმა მზემ, ათი წელი აქ ვიყო, არა?!“ „ხალხს დააცადე, - თქვა მეორემ, - ხალხი მამაძაღლია, თავის საქმე იცის. ისე უნდა მოიქცე, რომ ხალხის მხარეზეც იყო და უფროსებმაც ვერ დაგინახონ. გამოვა რამე - შენთვისაც იქნება, არ გამოვა და, ისევ ისა ხარ, რაც იყავი!“
(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)
ხალხი მამაძაღლია... შიშიც მამაძაღლია. შეშინებული ხალხი ორგზის მამაძაღლია. მამაძაღლი ხომ ისედაც მამაძაღლია, მაგრამ თუ იგი საკუთარ თავს ხალხს უწოდებს, მამაძაღლზე მამაძაღლია. უმამაძაღლესი! თქვენო უმამაძაღლესობავ!..
მიშა მამაძაღლია. ბარნოვიც მამაძაღლია.
თქვენო უმამაძაღლესობავ!!!
გასულ კვირაში ბარნოვი კიდევ უფრო მეტად, ვიდრე როდესმე, გავდა ლომის ბრძანების („ტყეში მოსაქმება სასტიკად იკრძალება“) მსხვერპლს, გადამუშავებული საკვებით გაბერილ ბეღურას, რომელიც ლომს შეცდომით ბუ ეგონა.
ის ბარნოვი კი არა, ეს ბარნოვი უნდა გაყო შუაზე, სწორედ იმ ადგილზე, დონაძეს და მისნაირებს მრგვალ ბაღად რომ ეჩვენებათ. უნდა გაყო და, ერთი ნახევარი გურამ დონაძეს უნდა მიუგდო, მეორე ნახევარი - ირაკლი ვაჭარაძეს. დაყავი და აბატონე!
ძველს გავიხსენებ...
“სად შოულობს ეს ხალხი ამ ჯადოსნურ ჯოხებს?! საერთოდაც, ძალიან საინტერესოა იმ კონკრეტული ჯადოსნური ჯოხის ისტორია. მის შესახებ ცოტა რამ თუ არის ცნობილი. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ამ ჯადოსნური ჯოხით ერთი ჟურნალისტი შეეხო ანდრო ბარნოვს და ერთი ჩვეულებრივი, სხვაზე ოდნავ მეტად ნაკითხი ბიჭი უცებ ექსპერტად იქცა. გასულ კვირაში კი იმავე ჯოხით ანდრო ბარნოვს შეეხო ბაჩო ახალაია და ერთი, სხვაზე ნაკლებად ნაკითხი ექსპერტი უცებ თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად მოგვევლინა. „ის საკმაოდ დიდი ხანია, თანამშრომლობს ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით… ამ ყველაფერმა შედეგად მოიტანა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ პატივი გვაქვს, რომ ბატონი ანდრო ჩაუდგეს სათავეში თავდაცვის ეროვნულ აკადემიას” – გვახარა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ. არადა, წინა დღეს ასეთი ნიუსი იყო: „ბაჩო ახალაიამ არასამთავრობოებს ვაზიანის ბაზაზე უმასპინძლა”. ნიუსში იყო ასეთი წინადადება: „ასეთი სახის შეხვედრები ძალიან პროდუქტიულია. არასამთავრობოებს აქვთ საშუალება, მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა“. მერე იტყვიან, ჯადოსნური ჯოხი არ არსებობსო… როგორ არ არსებობს! არსებობს, ოღონდ, ძალზე მცირე რაოდენობით. ბარნოვს კიდევ ბევრჯერ შეეხებიან სხვადასხვა ზომის ჯოხით, ოღონდ, არა მგონია, რომელიმე მათგანი ჯადოსნური იყოს”.
ეს ზუსტად ხუთი წლის, ერთი თვისა და ერთი კვირის წინ დავწერე, როცა არასამთავრობოები სამთავრობოები იყვნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირა ისტორიაში ანდრო ბარნოვის ნიშნით, ორი ნულით შევა და ამ ქვეყანას პატრონი რომ ყავდეს, წესით, რიგით და, რაც მთავარია, კანონით, ბიბლიოთეკარი ბარნოვი ქათმების საკანში უნდა იჯდეს (გაბერილი ბეღურების საკანი არ არსებობს) და იქაურ მამლებს ემსახურებოდეს.
ამ ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული ადამიანია, ვისაც უფლება აქვს პოლიციელს, სამართალდამცველს, ელაპარაკოს ისე, როგორც ხურვალეთში ბარნოვი ელაპარაკებოდა პოლიციელს და, რაც ყველაზე საინტერესოა, ყველანი ნაცები არიან. რა მოხდებოდა, პოლიციელს ბარნოვი პანღურის კვრითა და კისერში წათაქებით წინადაკავების საკანში რომ შეეგდო?
რა მოხდებოდა და, აღშფოთდებოდნენ არასამთავრობოები (რადგან ნაცებისგან ფინანსდებიან), შეშფოთდებოდნენ ტელევიზიები (რადგან ნაცები აკონტროლებენ), პროკურორი ბრალს არ წაუყენებდა და მოსამართლე არ მიუსჯიდა, რამეთუ პროკურატურაც და სასამართლოც ჯერ კიდევ ნაცების ხელშია.
მე ის მიკვირს, ბარნოვი გუბერნატორად, გამგებლად, მინისტრად ან რომელიმე სახელმწიფო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელად აქამდე რომ არ დაინიშნა.
ანდრო ბარნოვის ნიშნით, ორი ნულით არის აღბეჭდილი ქართული სახელმწიფო, რომლის ღერბზეც, წესით, ორი ლომის ნაცვლად ორი ნული უნდა ეხატოს, „ძალა ერთობაშია“ უნდა წავშალოთ და „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ უნდა დავაწეროთ. ისე, თუ ღერბზე ლომებს მაინც დავტოვებთ, ისინი (ლომები) ერთმანეთს თათებიდან სუპერთასის ბილეთს უნდა გლეჯდნენ.
ასეთია დღევანდელი საქართველო და კაცობრიობამ მადლობა თქვას, სხვა საქართველო არსად რომ არ არის. შესაბამისად, არსად, საქართველოს გარდა, არ არის ჩემი მეგობარი სააგენტო, რომელიც გასულ კვირაში, კერძოდ - შაბათს, იუწყებოდა, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ“.
აი, იმ განვხადების ელემენტარული ნაწილაკები: "დღეს,18 ივლისს, 18.00 საათზე, მთავრობის კანცელარიის შენობასთან რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია "Stop Russia" არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორებს დილიდან დაცვის პოლიცია არ აძლევს უფლებას, ტერიტორიაზე მოაწყონ სცენა. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 25-ე მუხლითაა გარანტირებული და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს არ შეუძლია, თუ აქციამ კანონსაწინააღმდეგო სახე არ მიიღო. მედიით გავრცელებული ცნობებით ირკვევა, რომ ორგანიზატორებს ვერ დაუსახელეს კონკრეტული და საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადგილზე სცენის გამართვა… მიგვაჩნია, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია უკანონოდ ზღუდავს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა, კანონის დაცვით, კანცელარიას შეტყობინება 5 დღით ადრე გაუგზავნეს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს მანიფესტანტთა უფლებების დაცვა”.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გერმანიაში დააპატიმრეს 94 წლის მოხუცი, ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკის ბუღალტერი... ეს, ისე, ინფორმაცია განსჯისთვის, ოცნებისთვის, თუნდაც - „ქართული ოცნებისთვის“.
რაც შეეხება ენჯეოშნიკების განცხადებას, ეს განცხადება დაპირებით სრულდება: „დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიანებით უფრო ვრცელი განცხადებით გამოეხმაურებიან“.
ბეჭი არ ამოიგდოთ - ეს რჩევა მათთვის არის განკუთვნილი, ვინც ამ განცხადებას აწერს ხელს. შეხვედრის ადგილი უცვლელია, ტონი უცვლელია, პატრონი უცვლელია და უცვლელია ხელმომწერთა ჩამონათვალიც: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), იდენტობა, მედიის განვითარების ფონდი (MDF), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS), დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრი (CDSS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), Voice from Georgia, GeorgianReview.ge, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).
ბინძურო მიხეილ, რა ასწავლე ამისთანა იმ სასწავლებელში!
სახელები ქვიათ - იტირებ! იმის ინსტიტუტი, ამის ინსტიტუტი, ისეთი ინიციატივა, ასეთი სააგენტო და, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, ინსტიტუტია, ინიციატივა თუ სააგენტო, ყველა არის ცენტრი, მთელი ინფორმაცია იქ იყრის თავს, ქვეყნის საუკეთესო ტვინები ზრუნავენ ეკონომიკურ, იურიდიულ და დემოკრატიულ განვითარებაზე, ოღონდ, მხოლოდ მაშინ, როცა გრანტი აქვთ აღებული. გრანტიდან გრანტამდე კი ჯოკერს თამაშობენ - შეტენვა, წაგლეჯვა, ხიშტი, ვიში კოზირები, ნიჟე...
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორი ორგანიზაცია - „სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ (GISS) და „დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრი“ (CDSS). იმან დემოკრატიაზე ვერ გაქაჩა და მხოლოდ სტრატეგია აირჩია, ეს ცდილობს, სტრატეგიაც იტვირთოს და დემოკრატიაც. დანამდვილებით კი იმის თქმა შეიძლება, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში იქაურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იციან, რომ ჰიპოტენუზას კვადრატი უდრის კათეტების კვადრატების ჯამს და მხოლოდ ქართველი ენჯეოშნიკები ამტკიცებენ, რომ ჰიპოთენუზას კვადრატი კათეტერების კვადრატების ჯამის ტოლია. ამიტომაც არის, რომ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, ესენი კი - ენჯეოშნიკები.
კიდევ, ის არის განსხვავება, რომ იქაურ აქციას ალენ დელონი უძღვება, აქ ჩატარებულს - მიშა მშვილდაძე, იქაური უფლებადამცველები მართლა უფლებადამცველები არიან, აქ კი... „აქცია მიშა მშვილდაძეს მიჰყავდა. აქციის ორგანიზატორებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მათ შორის იყვნენ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია, "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი პაატა გაფრინდაშვილი, ადვოკატი ოთარ კახიძე, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე, ასევე გადაცემა "მძიმე კაცის" წამყვანი დავით კოვზირიძე, უფლებადამცველი გიორგი ტუღუში“.
უფლებადამცველი გიორგი ტუღუში!!! ეს იგივეა, რაც ფეხბურთელი დავით კირკიტაძე, პოეტი დავით გოგიბედაშვილი, როკ-ვარსკვლავი ნინა წკრიალაშვილი და ტოპ-მოდელი ხათუნა გოგორიშვილი.
მაგარი პროვინცია ვართ. თითქოს, ვცდილობთ რაღაცას, მაგრამ არ გამოგვდის. ალენ დელონისა და მიშა მშვილდაძის შედარებითი დახასიათება წაკითხული გაქვთ, ანჯელინა ჯოლისა და თამარ ჩერგოლეიშვილის შედარებითი დახასიათება ახლა იწერება. რიგში დგას ხელოვნებისა და ნარკოტიკების თემა, რადგან გასულ კვირაში დაკავეს კახა მამულაშვილი.
შემჩნეულია, რომ სამართალდამცველები განაკუთრებით მტრობენ ხელოვნების კორიფეებს. თავის დროზე, ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებულები იყვნენ ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდი, კურტ კობეინი... გასული კვირიდან მათ რიგებს ლელა წურწუმიას ქმარიც შეემატა. ახლა, დავსხდეთ და ველოდოთ, როდის ჩაიწერება ლელა წურწუმია იმ სიაში, რომელშიც ჯენის ჯოპლინი, ტინა ტერნერი და სუზი კვატრო იწონებენ თავს.
სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს ჩვენი დედა ტერეზა - ეკა ბესელია.
„ლიკა კიკიანს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვდა. შეხვედრაში კიკიანის დედაც მონაწილეობდა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „შეხვედრის სურვილი ლიკას დედამ გამოთქვა. როგორც კი განცხადება მივიღე შეხვედრის თაობაზე, მაშინვე დავუკავშირდი. გვქონდა ძალიან ღია საუბარი... ვისაუბრეთ თავის წუხილზე, მოსაზრებებზე, ასევე ფაქტებზე. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ბუნებრივია კოორდინაცია გვექნება და ვიმუშავებთ ამ კუთხით. დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. თავის მხრივ კიკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბესელიამ მას მოუსმინა და დეპუტატის მხრიდან ძალიან დიდი დახმარებაა, რომ "მძიმე დროს მარტო არ დატოვა“.
არა მგონია, რომ ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ ვინმეს გული არ აუჩუყდეს, თვალზე ცრემლი არ მოადგეს და არ გაიფიქროს: „ეკა დედაა ერისა“.
დედასთან დაკავშირებით, გასული კვირის ერთი წერილი, ოღონდ მანამდე 25-27 წლის წინანდელი წერილები უნდა გავიხსენო.
მოკლედ, 88 თუ 89 წელი იყო, „ლიტერატურულმა საქართველომ“ ხუტა ბერულავასადმი კრიტიკით აღსავსე წერილი დაბეჭდა. ავტორი და შინაარსი არ მახსოვს და ამას არც აქვს მნიშვნელობა. ამავე გაზეთის შემდეგ ნომერში გამოქვეყნდა საპასუხო წერილი, რომლის ავტორების ფანტაზია ყველა საზღვრებს გასცდა. არ არსებობს ქართულ ენაში სალანძღავი და საგინებელი ზმნა, არსებითი და ზედსართავი სახელები, რომელიც საპასუხო წერილის ავტორებმაც „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციის მიმართ არ გამოიყენეს. იყო დედის გინება, მამის, პატრონ-მყვარებლის, მკვდარის და ცოცხალის, კარგების, კეთილების, გულით საყვარლების, გამზრდელის, დამსმელის და ა.შ. მაგრამ, ყველაზე საოცარი იყო ის, თუ ვინ და, რაც მთავარია, როგორ აწერდა ხელს - „პატივისცემით, ზუგდიდელები“.
რატომ გამახსენდა ეს ამბავი? გასულ კვირაში რაღაც ამდაგვარი წავიკითხე, ოღონდ ზუგდიდელების ნაცვლად უსტარს ხელს აწერს შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია.
ნაწყვეტები და ნაგლეჯები: „ლადო, შვილო! ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი თაობა უნდა ზრუნავდეს საქართველოს აღმშენებლობაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ სახელს ამოფარებულმა, ნებაყოფლობითი მონობა არჩიე. რომ იცოდე, როგორ მენანები!..“
უფრო უარესი - „რა ღირებული სახელწოდება შეგირჩევია, სხვისი დაკვეთების შესასრულებლად. ამ სახელით როცა გამოდიხარ, სულ ცოტა სინდის-ნამუსთან თანხვედრაში მაინც უნდა მოდიოდეს შენი მყვირალა შავი აზრები“.
ა, კიდო - „ძალიან მეცოდები, რადგან შენ უკან მდგარი დამკვეთებიც თქვენთან ერთად, ფულის მონები, გარემოებათა ტყვეები ხართ. მონები კი ვერასოდეს, ვერაფერს ქმნიან ღირებულს და მნიშვნელოვანს“.
ესეც - „ლადო, ღმერთმა დაიფარის ეს ქვეყანა თქვენისთანებისგან. ყველას თავისი გზა აქვს, ის გზა რომელიც თქვენ იპოვეთ, ლადო, სრულ დისონანსშია სინდისთან, ნამუსთან, სიმართლესთან“.
და, ბოლო - „გუშინ ცხელ გულზე რამდენიმე წერილი დავწერე შენ მიერ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წამოყენებულ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე. დღეს დილით გადავიკითხე და ეს გზასაცდენილი ახალგაზრდა კაცი მაინც ვერ გავიმეტე... ჩემს გულს რა ვუთხარი, ძალიან შემეცოდე და ვილოცე შენთვის. მკვლელსაც ხომ აქვს ბოლო სიტყვის უფლება, ეგებ დაფიქრდე, მოინანიო, შვილო, ლადო! უახლოეს დღეებში თუ არ იქნება უარყოფილი ჩემი ოჯახის მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები, არ მინდოდა, მაგრამ იძულებული ვიქნები, სასამართლოში გიჩივლო და მოვითხოვო ყველა სიტყვისთვის პასუხისგება“.
არა, ძმაო, ამან „დაუნ ზი დიქტეიტესაც“ კი გადაუჯოკრა! არადა, ქ-ნ ბელას მართლა ყველაფერში ვეთანხმები, რასაც სადღობელაშვილზე ღაღადებს, მაგრამ ეს „ლადო, შვილო“ რა პონტია, მაინც ვერ გავიგე. ალბათ, ქართვლის დედა, ხმალი, ფიალა და რამე.
ისიც უნდა ვაღიარო, რომ შალვა ნათელასბიჭთან მიმართებაში სადღობელაშვილსაც ვეთანხმები. მოდი და ნუ დაეთანხმები! და არა მხოლოდ შალიკოსთან, ბელა ალანიას „ლადო, შვილო“ ზვიად სიჭინავასთანაც მართალია - „ბარიგა“ ზვიად სიჭინავამ ხალხის ფულები შეჭამა, - ამის შესახებ "თავისუფალი თაობის" ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა. ლადო სადღობელაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და სამ ძირითად პუნქტს გამოყოფს“.
„ხალხის ფულები შეჭამა“ - ვაფრენ ასეთ ტექსტებზე. გაივლის დრო და ლადო სადღობელაშვილი თავისი რომელიმე ძმაკაცის შვილს აუცილებლად კითხავს: „ერთი კარგი ქორწილი როდის უნდა გვაჭამო?“ თუმცა, მანამდე, აუცილებლად და ხშირ-ხშირად იტყვის სიტყვებს რომელთა გამოყენებაც „მრგვალი მაგიდის“ კომკავშირლებს ახასიათებდათ, „ნაციონალური მოძრაობის“ კომკავშირლებს და ენჯეოშნიკებს ახასიათებთ და „ქართული ოცნების“ კომკავშირისთვისაც არ არის უცხო - „სუკის აგენტი“, „კრემლის აგენტი“, „მოღალატე“, „ერის მოღალატე“, „პუტინის მონა“...
მაგრამ „ხალხის ფულების ჭამა“ ყველასგან გამოირჩევა და თან ნუ დაგვავიწყდება, რომ „ტყემლით მაინც სულ სხვაა“.
რ.ხ. (როგორც ხდება) „გეტყვი, თუ გინდა, კოლია შილაკაძევ, როგორ და რით გათავდება ეს ამბავი, - მიმართა კლასიონ კვიმსაძემ თოკაძის მსხვერპლს, - ჩვენც და შენც ციმბირში ამოგვძვრება სული. რევოლუცია გაიმარჯვებს. მაგ თოკაძე მწერალი ყოფილა, - აგერ ახლა გავიგონე, - მოგონებებს დაწერს. კაი რაც ხდება აქ, იმას თავისთვის მიითვისებს, ცუდი თუ მოხდება რამე - ჩვენ დაგვაბრალებს და დიდი კაცი გახდება, ნამეტანი დიდი.
(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)