ტურნე ცეილონში

ტურნე ცეილონში

დღევანდელ წერილში ქართველი სპორტსმენების მორიგ საზღვარგარეთულ „ისტორიებს“ გაგაცნობთ. რასაკვირველია ჩვენებურებმა თავს დამტყდარ მოულოდნელობას თავი ღირსეულად გაართვეს და ქართულ ადათ - წესებსა და მენტალიტეტს უცხო ქვეყნის ცის ქვეშაც არ უღალატეს.

ჩვენი დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე მანუჩარ მაჩაიძე იქნება.

„ყველასთვის ცნობილია, როგორ აშაყირებენ თეატრში თუ სპორტში კოლეგები ერთმანეთს. ხანდახან ასეთ შეხუმრებებს უსიამოვნო შედეგიც მოჰყვება ხოლმე, მაგრამ, მერე რა... გაივლის დრო და ყველაფერი სასიამოვნო მოგონების სტატუსს იძენს მაინც...

ტურნე გვქონდა ცეილონში, 1971 წელს.

ბუნებრივია, საქეიფოდ არავინ გაგვიშვებდა და გულისჯავრს კინოში სიარულით ვიქარვებდით. კინოში წასვლა „მოსული“ იყო. იყო და წავედით კიდეც კოლექტიურად ფილმის სანახავად.

ჩვენი ბედი რა ვთქვი მე! მაინცდამაინც „დრაკულა“ („უჟასი“) არ გადის, თურმე?! ვამპირები... სისხლი და ასე შემდეგ.

ასეთებიც უცხო იყო მაშინ ჩვენთვის („ფანტომასი“ იყო ბოლო უცნაურობა).

დაიწყო ეს საშინელება ეკრანზე და აგვიტყდა კანკალი. ხელის თითებით ვართ ჩაჭიდებული სკამის ძგიდეებს. „ვაი დედას“ დაძახება ერთ რამედ ღირს, მაგრამ, ერთმანეთის გვრცხვენია. მოკლედ, ბოლომდე ვაჟკაცურად გავუძელით. როგორც იქნა, დამთავრდა ეს უბედურება და დაზაფრულები და კრიჭაშეკრულები გამოვლასლასდით გარეთ (ქილიასი არ იყოს: „დედა, რა იყო ეს?!“).

– რა იყო, რამ დაგაგლახათ და რამ შეგაშინათ, თქვე გოიმებო! – შეგვიძახა ჩვენმა ფეხბურთელმა რ.ფ-მ, რომელიც რეზო ძოძუაშვილის ახლო მეგობარი იყო და ნომერშიც სულ ერთად ცხოვრობდნენ ნებისმიერ „პაეზდკაში“, – მე, მაგალითად, სულ არ შემშინებია... რაა, ახლა, აქანა საშაშიშო?!

– ვაა, – გააპროტესტა ერთმა, – აბა, ის კაი იყო, წვერებიანმა კაცმა რო პატარა, უწვერულვაშო ბიჭი შეჭამა, ჯერ რო უკბინა და ისე?!

– ეგ ხომ კინოა, შე შტერო, – მოიგერია რ.ფ-მ და, იმის სადემონსტრაციოდ, რომ სულაც არ შეშინებია, გამოგვიცხადა, მეორედ უნდა შევბრუნდე და ვნახო ის „ბაღნიჭამია“ კაციო და რეზოს გახედა:

– წამოხვალ, რეზო, შენც?

– არა, ძმაო, მე მეშინია, მაგას მეორედ რა მანახვებს, ერთხელ ძლივს გავუძელი.

– ლაჩრები ხართ ყველა! ბურთის მეტი რა იცით თქვენ! – მიგვალანძღა რ.ფ.-მ და შემდეგ სეანსზე შებრუნდა.

ჩვენ მივედით სასტუმროში, დავრიგდით ჩვენ-ჩვენს ნომრებში, წამოვწექით და ძილის შესავალს ვახაზირებთ.

გადის ორი-სამი საათი და დერეფნიდან განწირული ყვირილი გვესმის.

– მიშველეეთ! – და მორჩა, ჩამოვარდა სიჩუმე (ეს გვინდოდა ახლა?!). ჩავიმალეთ საბნებში.

– მიშველეთთთ! – ისევ გაისმა SOS!

გავცვივდით ნომრებიდან. ვარაუდით, ხმა რეზო ძოძუაშვილის ნომრიდან გამოდიოდა, შევცვივდით იქ და რას ვხედავთ: აგდია ძირს ეს ჩვენი უშიშარი რ.ფ. და რეზო ასულიერებს.

– ჩქარა, წყალი! წყალი! – ყვირის გამწარებული რეზო და გამეტებით ულაწუნებს წაქცეულს ლოყებში, რომ მოასულიეროს.

– რა ხდება, რეზო? – შემოვესიეთ გარშემო.

– ნუ გეშინია, – სულ არ გვაქცევს ყურადღებას ძოძუაშვილი და განაგრძობს ტყაპუნს, – მე ვარ, ბიჭო, რეზო ვარ მე! გაახილე თვალი, ე!

თურმე, რა მომხდარა: მეორე სეანსნაყურები რ.ფ. მოსულა კინოდან, შესულა თავის ნომერში, გაუხდია პერანგი, რომ კარადაში შეკიდოს, გამოუღია კარადის კარი და, – „ვე!” – დაუძახია კარადაში შემალულ, ნახევრადშიშველ რეზოს შიგნიდან.

კომენტარი მკითხველისთვის მიმინდია, რეზო კი თავს იკლავდა, კინაღამ მოვკალი საყვარელი ძმაკაციო.

რ.ფ. მაშინ გადარჩა, მაგრამ, „უჟასებზე“ ლაპარაკი რომ დაიწყებოდა, ჩუმად გაიძურწებოდა ხოლმე ნომრიდან“.

ბატონი მანუჩარის შემდეგ ესტაფეტას ყოფილ მოჭიდავე ომარ ეგაძეს გადავცემ.

„რუსეთის ერთ ქალაქში ვართ ჩემპიონატზე. გადავყევი მეც ხელს. საცხოვრებელში უკომპრომისო დისციპლინაა. გადავყევი მეც ხელს-მეთქი, გითხარით და 20.00 საათზე რომ დავაგვიანე საცხოვრებელში, აფორიაქდნენ თურმე ბიჭები. რომან რურუაა მორიგე ზედამხედველი იმ ღამეს (საერთოდაც, ის იცავდა შინაგანაწესს).

– სადაა ეგაძე? – იკითხა თურმე. ბიჭებმა „გაუადვილეს“ – მოვა, აბა, სად წავაო.

ღამის 2 საათია... შევიპარე და დავიძინე.

– ბიჭო... - მაღვიძებს მეგობარი მოჭიდავე, – რომანს ვუთხარით შენზე „ლუნატიკია“ და უაზროდ დადისო, აბა რა გვექნა? თუ ძმა ხარ, კაცი არ მოგვამდურო, როგორმე გაამართლე ნათქვამიო.

ვაი შენს ომარს... რაღაც უნდა მოვიმოქმედო. შუაღამეა... ავდექი და თვალდახუჭული დავადექი თავზე მძინარე რომანს და ვაჭერ თითებს მკერდსა და მუცელზე.

გაიღვიძა და წამოხტა:

– რა დღეში ხარ, კაცო, შენ?!

– ააჰ, აჰ, აჰ... – შეუძახეს ბიჭებმა, – არ გააღვიძო, არ გააღვიძო, შეიძლება, გაგიჟდეს და დაგვკბინოს ყველა... ყველას დაგვკბენს! „აპასნია, აპასნი!!!”

რომანი ჭკვიანი კაცია, პატიოსნების ეტალონი და... დაუჯერებია.

„ეს ასე იყოს, მაგრამ „თამაში“ თუ არ გავაგრძელე, მიხვდება“, – გავიფიქრე.

მეორე ღამეა, სპორტსმენებს თავიანთი ხელით გაურეცხავთ რაღაცეები და ფანჯარაზე გაუკიდებიათ გასაშრობად... დავიძინეთ... შუა ღამეს ავდექი, მივედი სარეცხიან ფანჯარასთან თვალდახუჭული.

– გელიიი! – ვიყვირე ისე, რომ თვალს არ ვახელ, ვაფოთიალებ ხელებს. წამოიშალნენ ბიჭები (ვითომ არ იციან), წამოხტა რომანიც. ბიჭებმა ხელი ჩამკიდეს და ტაატ-ტაატით მიმიყვანეს საწოლთან. დავწექი და დამეძინა (ვითომ!). რომანი ჩაწყნარდა, მაგრამ ჯერ სადაა...  „თუ თამაშია, ბოლომდე უნდა ვითამაშო“. ცოტა რომ ჩაცხრა და ჩაწყნარდა იქაურობა, ვაცალე და ისევ თვალდახუჭული წამოვდექი ოთახის სიბნელეში. წყალი უნდა დავლიო (ვითომ). შუაში მდგომ მომცრო მაგიდაზე წყლით სავსე გრაფინი დგას. თვალდახუჭულმა გავწიე ხელი, წყლიანი ჭურჭლისკენ, მაგრამ – ბოდიში, რამდენჯერაც გავწიე ხელი, იმდენჯერ მიტია გრაფინმა... გავიგრძელე ხელი – გრაფინი მაინც მშორდება. მალულად გავახილე თვალი და რას ვხედავ, რომან რურუა ნელ-ნელა, ისე რომ (მთვარეული) არ გამაღვიძოს – თავისკენ სწევს გრაფინს. ვითომ დავკმაყოფილდი... ისევ დავწექი და დავიძინე. რომანს მთელი ღამე არ უძინია, საწყალს. ან რა დააძინებდა, ბიჭებს უთქვამთ, ეგ ხომ მთვარეულია და მთვარეული, მაგრამ გაბრაზებულია თქვენზე, ბატონო რომან, და ფრთხილად იყავით, დამუქრებულია, გრაფინი უნდა გლეწო თავშიო... გაათევდა ღამეს, აბა, რას იზამდა“.