თბილისის საკრებულოს წევრებმა მოსკოვის მერისთვის გაგზავნილ და გასაგზავნ წერილებზე იკამათეს. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის შეკითხვამ დაპირისპირება გამოწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ უმრავლესობის მიმართ შეკითხვა დასვა, იყო თუ არა თბილისის მერიის მიერ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მოსკოვის მერის მიწვევა სინქრონში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან?! ამ საკითხმა სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და უმრავლესობის დეპუტატებს შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება გამოწვია.
საბოლოოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ სხდომაზე წარადგინა 2005, 2007 და 2008 წლის 11 ივნისს თბილისის მერის მიერ მოსკოვის მერისთვის გაგზავნილი წერილები. მათ შორის, ერთ-ერთი წერილით თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა იური ლუჟკოვს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდა; ასევე, - 2008 წლის 11 ივნისს გაგზავნილი წერილით „რუსეთის დღეს“ ულოცავდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნაციონალები რუსეთის მიმართ „თბილ“ დამოკიდებულებას ჩანასახშივე აღკვეთენ. თუმცა, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ასეთი წერილები თავად ნაცმოძრაობისგან იგზავნებოდა ჩრდილოეთ მეზობელთან აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე.
For.ge ამ ორიოდე წლის წინ წერდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელმა კულტურის მინისტრმა - გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის კულტურის მინისტრს - ავდეევს მოსკოვში ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების გასტროლი შესთავაზა.
იმხანად გრიგოლ ვაშაძის მიმოწერის გამომზიურებამ ყველაზე მეტად ნაციონალები დააბნია. ისინი სდუმდნენ და თავს იკავებდნენ გრიგოლ ვაშაძის ადვოკატირებისგან. მხოლოდ გიგი წერეთელი აკეთებდა არაფერისმთქმელ კომენტარს, რომ ვაშაძის საქციელი, თურმე იმ კონტექსტიდან უნდა ამოვიკითხოთ, თუ რა მოვლენებიც უსწრებდა წინ ამ წერილის დაწერას.
და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდებოდა, როცა ნაციონალებს ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი „ერისიონის“ რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, ახლაც For.ge-მ სწორედ გრიგოლ ვაშაძის წერილი შეახსენა სევდია უგრეხელიძეს, რაზეც ნაციონალმა დეპუტატმა გვიპასუხა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსი კოლეგისთვის გაგზავნილი წერილი სწორედ ურთიერთობის დალაგების მცდელობა იყო. თუმცა ამის მერე გამოკვეთა რუსეთმა თავისი სახე და საქართველოში ყველა დარწმუნდა, რომ „ბაბაიას“ პოლიტიკა რუსეთთან არ ამართლებს. სწორედ ამის შემდეგ გაწყდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, თორემ მანამდე ასეთი ურთიერთობა არსებობდა.
„მე დავსვი კითხვა, საკრებულოს წევრებმა თუ იციან, რეალურად რა მოხდა, გაიგზავნა თუ არა წერილი მოსკოვის მერის სახელზე და ამასთან მიმართებით რას ფიქრობენ. ავტომატურ რეჟიმში გაიგზავნაო, - აღნიშნა მერმა. მეტი არაფერი მიკითხავს. ამან გამოიწვია ქარიშხალი, წამოვიდა ბრალდებები და ლანძღვა-გინების ნიაღვარი, რომ თურმე გიგი უგულავა 2008 წლამდე, ანუ ომამდე აგზავნიდა მოსკოვში წერილებს. ამით დადასტურდა, რომ მათი ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვიყავით დესტრუქციულნი, ცუდად ვექცეოდით რუსეთს და ამან გამოიწვია აგვისტოს ომი, სრული აბსურდია. აბსოლუტურად არ იყო საჭირო ეს ლანძღვა-გინება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი მიმართება და ეს სინქრონში მოდის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან. ამათ ჰუმანიტარული დახმარებაც კი მიიღეს იქიდან, მაგრამ არაფერი უთქვამთ. სწორედ მათ კონტექსტში ჯდება მოსკოვის მერის მოწვევა, მაგრამ თქვან სიმართლე.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არის გაწყვეტილი ქვეყანასთან, რასაკვირველია, მოლაპარაკების ფორმატი უნდა არსებობდეს, ეს დაუწერელი კანონია, თუნდაც აბაშიძე-კარასინის ფორმატი მაინც მოლაპარაკების ფორმატია და შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამის მიღმა ურთიერთობები კაპიტულანტურია და ეს არის მცოცავი ოკუპაციის ნაწილი“, - გვითხრა სევდია უგრეხელიძემ.
რაც შეეხება მოარულ გამოთქმას, რომ ოლიმპიადა და სპორტი პოლიტიკაზე მაღლა დგას, სევდია უგრეხელიძე ამას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, სანამ ომს დაიწყებდა ჰიტლერი, მანამდე გერმანიაშიც ჩატარდა ცნობილი ოლიმპიადა, რამაც კიდევ ერთხელ გაუხსნა ხელ-ფეხი ჰიტლერის მსოფლიო აღიარებას. სწორედ ამის შემდეგ დაატრიალა ჰიტლერმა მთელ მსოფლიოში ტრაგედია. ამდენად, სევდია უგრეხელიძის აზრით, რუსეთი მარტო საქართველოსთვის კი არ არის საფრთხე, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის და მათთვისაც, ვინც ევრაზიულ კავშირში ძალდატანებით წევრიანდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის ნაცმოძრაობის ორ თუ სამდღიანი კამპანიის სახე და ამ ადამიანებმა არ შეიძლება ყველაფერი გამოიყენონ ბინძური პოლიტიკისთვის. მისი თქმით, მოსკოვის მერის მოწვევის გაგზავნა-არგაგზავნა არ არის მთავარი, აქ მთავარია, რომ ოლიმპიური თამაშები თავისი წესებით რეგულირდება, ქარტიის მიხედვით ხდება ოლიმპიური თამაშების მოწყობა, რაც ითვალისწინებს, რომ მხარეებმა უნდა მიიწვიონ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩართულია ოლიმპიურ თამაშებში. ეს მკაცრად დადგენილი ეტიკეტია.
„მართალია, ოლიმპიური ქარტიის ეთიკით, წერილის დრაფტი (სამუშაო ვარიანტი) მომზადდა, თუმცა ასეთი წერილი არ გაგზავნილა. ეს არის ტექნიკურად მომზადებული წერილი, 50 ქვეყნის ჩამონათვალით, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ თამაშებში. ეს წერილი უნდა გაგზავნილიყო, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერის და, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციასთან მძიმე პოლიტიკურ ურთიერთობებში ვართ და ომის ჭრილობებს დღემდე იშუშებს ჩვენი ოკუპირებული ქვეყანა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, მოსკოვის მერი აღარ მოვიწვიოთ. ასე რომ, გაუგზავნელ წერილზე ტეხავს ქარიშხალს ნაცმოძრაობა. პირიქით, მე იქით მაქვს შეკითხვები, როგორც საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რატომ იწვევდნენ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მერს, ლუჟკოვს თბილისობის დღესასწაულზე? როგორ, მაშინ რუსეთი არ იყო საქართველოს ტერიტორიების მიმტაცებელი? პირველი მიწვევა ხომ 2005 წელს არის გაგზავნილი, მოგვიანებით წერილი გაიგზავნა 2007 წელს, როცა უკვე ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა და გიგი უგულავა ლუჟკოვს მერად არჩევას ულოცავდა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ 2008 წლის ივნისში მაშინ, როცა ქართულ-რუსული ურთიერთობები დაძაბულია, როცა შიდა ქართლის ქართულ სოფლებს ბომბავენ, როცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მან დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების პოლიტიკა, როდესაც მაისში რუსეთის სახელმწიფო დუმაში უკვე იხილება აღნიშნული საკითხი, ამ ფონზე საგარეო საქმეთა ხაზით რუსეთის მთავრობას გიგი უგულავა ულოცავს რუსეთის დღეს, სიტყვებით, „დიდი სიყვარულით გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ და გვინდა მოგილოცოთ რუსეთის დღე“. ეს არის თუ არა პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტი? ვინც პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტით თამაშობს, მათი დღეები პოლიტიკურად დათვლილია“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ და განმარტა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, გაუგზავნელ წერილზე ისაუბროს.