რატომ ტივტივებს ერთიანი კავკასიის იდეა

რატომ ტივტივებს ერთიანი კავკასიის იდეა

ხან საქართველოში და ხანაც სომხეთში დროდადრო აქტიურდება ერთიანი კავკასიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის იდეა. აზერბაიჯანში ამ კუთხით სრულ დუმილს ამჯობინებენ. მათ, ყარაბაღის გამო, ამგვარი იდეის არსებობაც კი მიუღებლად მიაჩნიათ. მსგავსი პრობლემა საქართველოს ორი აქვს, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ერთიანი კავკასიის ინიცატორადაც კი გვევლინება.

საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს გეგმაზე, რომ კავკასიაში “კავკასიის შეერთებული შტატები” შეიქმნას. ეს სომხური პარტია “ახალი დროების” ლიდერის, არამ კარაპეტიანის აზრია.

“ვაცნობიერებთ იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტი არ უნდა დარჩეს ისე, როგორც ეს დღესაა და აზრი არ აქვს მოლაპარაკებები იმ ლოგიკით გაგრძელდეს, რაც დღემდე არსებობდა. საერთაშორისო პოლიტიკაში რაღაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ევროპის სივრცეში ამიერკავკასიის რესპუბლიკების ინტეგრაცია მოახდინოს, მათ შორის აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის. მათი მიზანია რეგიონში შექმნან ერთიანი კავშირი, რომელსაც შეიძლება “კავკასიის შეერთებული შტატები” ეწოდოს და რომლის დედაქალაქი თბილისი უნდა იყოს”, - აცხადებს კარაპეტიანი.

იგი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. მისივე აზრით, “ერთიანი კავკასიის” პროექტთან არის დაკავშირებული 7 აპრილს ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომლის თანახმადაც ევროსაბჭო გეგმავს “შექმნას არაოფიციალური კონტაქტები ყოფილი საბჭოთა კავშირის არაღიარებული რესპუბლიკების საზოგადოებებთან, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო კულტურსა და დიალოგს, ისე, რომ შეინარჩუნოს ევროკავშირის მიერ მათი არაღიარების პოლიტიკა”.

ასეა თუ ისე, ერთიანი კავკასიის თუ კავკასიის შეერთებული შტატების იდეა მარტო სომხეთში არ გასჩენიათ. საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ საკაშვილმა 2011 წლის 12 თებერვალს თბილისში ვიზიტად მყოფ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახმედ დავიდოღლუსთან, სწორედ ერთიანი კავკასიის შექმნის იდეა განიხილა. მაშინ სააკაშვილმა “გახსნილი საზღვრების” მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ამ იდეას ეთანხმებიან.

როგორც რუსული გამოცემა “რეგნუმი” წერს, არც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და არც სომხეთი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ სააკაშვილის ამ განცხადებაზე და არ განუმარტავთ საკუთარი პოზიცია ამ იდეის მიმართ.

“აზერბაიჯანში არა, მაგრამ ერევანში სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში ერთიანი კავკასიის შექმნის გეგმა დროდადრო განიხილება და ითვლება, რომ კავკასიის გაერთიანებამ შეიძლება კონფლიქტების მოგვარებას შეუწყოს ხელი”, - ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არანაირად ხელს არ აძლევს სომხეთის მოწონებული გეგმით მოხდეს ერთიანი კავკასიის შექმნა, სააკაშვილის ამ ფრაზისათვის არც მაშინ მიუქცევიათ ყურადღება და არც შემდეგ.

“სომხეთს კავკასიის გაერთიანება ყარაბღის გამო აძლევს ხელს. ბაქო კი არ შეურიგდება, რომ ყარაბაღი არ ჩაითვალოს მის ნაწილად. მეორეც - სამხრეთ კავკასიის ამ სამივე სახელმწიფოდან აზერბაიჯანი ეკონომიკურად ყველაზე ძლიერია და მის პოტენციალს არაფერი ემუქრება. რაში სჭირდება ეკონომიკური დონორის როლის თამაში დანარჩენი ორისათვის?!

მესამეც - წმინდა პოლიტიკური საკითხები იმდენად ბუნდოვანია... როგორი იქნება მართვა, დედაქალქის თემა დ ა.შ. ბუნებრივია, არც ერთ სახელმწიფოს დათმობა არ მოუნდება. ეს წინადადება, სხვა რომ არაფერი, იმდენად დაუმუშავებლია, რომ მიუღებელი იქნება აზერბაიჯანისათვისაც, საქართველოსთვისაც და სომხეთისთვისაც.
ყარაბაღის მსგავსად არც ჩვენთვის არის მისაღები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესვლა იმ სტატუსით, როგორადაც ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ”, - აცხადებს საყვარელიძე.