ბრალდებული ცააძე მოწმეს მეგობრებით დაემუქრა

ბრალდებული ცააძე მოწმეს მეგობრებით დაემუქრა

ბრალდებული სპეცრაზმელების მიერ, ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენებები მისცემის შემდეგ, მთლიანად შეიცვლა 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის ოფიციალური ვერსია, რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის იქნა მიწოდებული. სპეცრაზმელების ჩვენებით, ისინი სპეცოპერაციაში მონაწილეობით ბრძანებას ასრულებდნენ. 

როგორც ბრალდებული სპეცრაზმელების ჩვენებით ირკვევა, მათთვის ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი, რა ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას. გადაწყვეტილება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, მათი ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ ბრძანებას ემსახურებოდა. ბრალდებულები ჩვენებაში ამბობენ, რომ არანაირი საფრთხე ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან არ მოდიოდა. მათ მიმართ ცეცხლის გახსნა კი მათ ლიკვიდაციას ემსახურებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვა. სპეცრაზმელების შემდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმე კობა გოგატიშვილმა, რომელიც მომხდარ ფაქტს შემთხვევით შეესწრო.

მოწმე გოგატიშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს ვაზაგაშვილს და ხუბულოვს პოლიციელების მიმართულებით სროლა არ განუხორციელებიათ და მათ მიმართ საკონტროლო გასროლა პისტოლეტით გიორგი ცააძემ განახორციელა. მოწმის დაკითხვამდე პროკურატურამ სასამართლოს წარმოუდგინა ვიდეო, სადაც 2006 წლის 2 მაისს მომხდარი მოვლენების შესახებ კობა გოგატიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ დაცხრილული მანქანიდან სროლა არ ყოფილა და სპეცრაზმელები ესროდნენ მანქანას, რომელმაც ორიენტაცია დაკარგა და ხეს შეასკდა.

მოწმე გოგატიშვილი ამბობს, რომ დილის საათებში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაინახა BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც სპეცრაზმელები ესროდნენ, შემდეგ ავტომობილმა ორიენტაცია დაკარგა და ხეს დაეჯახა. მისივე თქმით, იგი ეცადა იქ მყოფი ახალგაზრდების დახმარებას.

„როდესაც გავედი დასახმარებლად, დავინახე ორი ახალგაზრდა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ამის შემდეგ კი, მოვიდა შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც შემდგომ გავიგე, რომ იყო გიორგი ცააძეა. მივიდა და მოხრილ მდგომარეობაში მათ პისტოლეტიდან ესროლა, რის შემდეგაც მანქანის საქარე მინა სისხლით შეიღება. ჩემთან ერთად მყოფ ქალბატონს ვთხოვე წყალი, რომ ახალგაზრდებს დავხმარებოდი. ცააძე კი ადგილიდან მოშორებას მთხოვდა. ახალგაზრდებს ფეხებთან, რომლებიც ავტომობილში ისხდნენ იარაღები ჩაუდეს. შემდეგ კი მივიდა ერთი პირი, რომელმაც მანქანაში ტყვიები ჩაყარა. როდესაც დაჭრილები მანქანიდან გადმოიყვანეს, შევესწარი ირაკლი ფირცხალავას საუბარს, რომელიც ამბობდა, რომ ვითომ პირველად ამათ გვესროლესო“, - აცხადებს მოწმე კობა გოგატიშვილი.

როგორც ჩანს, მოწმე გოგატაშვილის ჩვენება მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდებულებისთვის. ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოწმეს მიმართა და დაინტერესდა ბოლოს როდის იყო პროკურატურაში, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ის საგამოძიებო უწყებაში გუშინაც იმყოფებოდა. როგორც გოგატიშვილმა განაცხადა, ის თავად პროკურატურაში იმ პერიოდში ვერ მივიდოდა, რადგან შიში ჰქონდა.

„გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, იმათი არ გეშინია?!“, - მიმართა გიორგი ცააძემ მოწმეს.

გიორგი ცააძის მხრიდან პროკურატურის მთავარ მოწმეზე მუქარის განხორციელებაზე, შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. როგორც საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, ცააძისგან მთავარ მოწმეზე მუქარა განხორციელდა. მისივე თქმით, მოწმის დაკითხვის დროს დაცვის მხრიდან მის მიმართ გამოყენებული იყო ზეწოლის სხვადასხვა ფორმები.

„ეს იყო საუბრის ტონი, გარკვეულწილად მუქარაც, რომ ცააძის მეგობრები გარეთ არიან და ეშინია თუ არა მოწმეს ამის გამო. ჩვენი აღქმით, ეს მუქარა მიზნად ისახავდა მოწმის ჩვენებების დისკრედიტაციას და მის იძულებას ცააძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შეცვლის მიზნით. მოწმე კობა გოგატიშვილმა დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატი, დავით ხაჟალია არ იზიარებს ბრალდების პოზიციას, რომ ბრალდებული ცააძე დაემუქრა მოწმეს.

„ცააძის განცხადება მუქარა არ იყო იმის გამო, რომ გოგატიშვილს როცა დაუსვა კითხვა - თუ თქვენ ეს ყველაფერი იცოდით, ამდენი ხანი რატომ არ განაცხადეთ პროკურატურაში, მან უთხრა, რომ თქვენი მეშინოდაო. ცააძემ უპასუხა, - ახლა არ გეშინია, ჩვენი მეგობრები ხომ გარეთ არიანო? და ეს შეკითხვა ლოგიკურიც იყო. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მუქარა“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი, რომლის განცხადებით, ეს არის კლასიკური მაგალითი მოწმეზე ზეწოლის, რომ მოწმემ არ თქვას სიმართლე და შესაბამისად, იყოს შიშის ქვეშ. მისივე თქმით, ცააძის მიზანი იყო მოწმის შეშინება.

„ეს იყო ღია მუქრა, ცააძის მიზანი იყო მოწმის დაშინება, რომ დაბნეულიყო და არ ეთქვა სიმართლე სასამართლოზე. რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა და შესაბამისად, მუქარა დასჯადი ქმედებაა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე ყველა ზომას მიიღებს, რათა ეს ადამიანი სიმართლის თქმის შემდეგ იქნება დაცული და როგორც მას, ასევე მის ოჯახს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება ბრალდებულ ცააძეს თავისუფლებაში მყოფი მეგობრების მხრიდან“, - აცხადებს მერაბ ჩიქოვანი.