სად გადის ზღვარი ჟურნალისტობასა და მოქალაქეობრივ პოზიციას შორის, როცა შენსავე სამშობლოში, შენსავე ტერიტორიაზე მცოცავი ანექსიის წინაშე აღმოჩნდები და, როცა სოფელ ხურვალეთში რუსული ანექსიის გასაპროტესტებლად ჩასულს დამონტაჟებული გხვდება ბანერი, წარწერით, - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი“.
ჟურნალისტებმა ეს ფსევდობანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს... მას შემდეგ შეფასებები არ წყდება. „ბრავო, ჟურნალისტებო!“ - ამ სიტყვების ავტორი „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძეა. ის თვლის, რომ ჟურნალისტებს არაფორმალური საერთაშორისო იმუნიტეტი იცავს და მათი ქმედებები უფრო რეზონანსულია. ამიტომ მათ მიმართ მადლობის მეტი რა ეთქმის. უფრო მეტიც, რომან გოცირიძის აზრით, ეს სიმბოლური აქტი პოლიტიკურ პარტიებს რომ ჩაედინათ, ჯერ ჩვენი მთავრობა დაგმობდა და მერე - რუსეთი. ეს რომ სახელისუფლებო ძალებს გაეკეთებინათ, რუსეთის საპასუხო რეაქცია შეიძლება უფრო მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ ეს ჟურნალისტებმა გააკეთეს, მათ კი იმუნიტეტი იცავთ.
სამაგიეროდ, ამ ინციდენტს უფრო რთულად აფასებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. მართალია, ის სულაც არ ფიქრობს, რომ ჟურნალისტები პატრიოტები არ არიან და თავიანთი სამშობლო არ უყვართ, მაგრამ მაინც მიიჩნევს, რომ ხურვალეთში ბანერის ჩამოხსნა გარკვეული პოლიტიკური ძალის მიერ იყო ანგაჟირებული.
ქართველი ჟურნალისტების მიერ ბანერის დემონტაჟმა მანანა კობახიძეზე ადრე სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღაშფოთა და მომხდარი რუსულ პროვოკაციაზე წამოგებად შეაფასა, შემდეგი სიტყვებით - „ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას... ახალგაზრდები არიან, არ იციან, ომი რა არის“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარის შემდეგ დაასკვნა: „ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, სად გადის ზღვარი მათ ჟურნალისტობასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის“.
მედიაექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი For.ge-სთან საუბარს რიტორიკული შეკითხვით იწყებს და ეს შეკითხვა მთლიანად ქართული მედიას შეეხება - „ხურვალეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თქვენ პირადად როგორ ფიქრობთ? სახელმწიფო პირებისგან განსხვავებით, მთლიანად საზოგადოებას და, კონკრეტულად, ჟურნალისტურ გილდიას არ აქვს თავშეკავების ვალდებულება. მე რომ მკითხოთ, ის აბრა უნდა ჩამოეხსნა სახელმწიფოს რომელიმე პირს, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო პირი ვერ ან არ ხსნის ამ აბრას, ეს კიდევ გასაგებია, რადგან ის მაღალი პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული და ჰგონია, რომ აბრის ჩამოხსნა შესაძლოა, ერთგვარ პროვოკაციაზე წამოგება იყოს. ჟურნალისტებს კი არ აქვთ ასეთი თმენის ვალდებულება და ისინი მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა. ქალბატონ მანანა კობახიძეს ან ხელისუფლების ნებისმიერ სხვა პირს, ნაცვლად იმისა, რომ აკრიტიკოს ჟურნალისტები ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უჯობს, დაკავდნენ საქმით საქართველოს რუსეთის სივრცისგან მოწყვეტის ჭრილში, არ გაიმეორონ ის, რასაც ამბობს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი, ამ შემთხვევაში - კარასინი და თავისი ქმედებით შეიმუშაონ იმგვარი სტრატეგია, რომლითაც არათუ ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა აღარ მოხდება, არამედ მოხდება ქვეყნის სრული დეოკუპაცია. ასეთი რესურსია რუსეთთან საუბარი ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ანუ პრაღის ფორმატის ჯერ შესუსტება და მერე გაუქმება საერთოდ, ხოლო შემდეგ ჟენევის ფორმატის გაძლიერება.
პროფესიული სტანდარტების ჭრილში თუ განვიხილავთ ჟურნალისტთა ქმედებას, რასაკვირველია, ისინი ხურვალეთში პირდაპირ პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებდნენ, მაგრამ ისინი იქ მივიდნენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები. მათ იქ პროფესიული მოვალეობა კი არ შეუსრულებიათ, რეპორტაჟი კი არ გაუკეთებიათ, ან ვიდეოკამერები კი არ ჩაურთავთ, არამედ ისინი იყვნენ პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ამდენად, მე უფრო ვიზიარებ რომან გოცირიძის და ყველა ამგვარ შეფასებას და ვამბობ, ჩვენ, ყველამ ერთად, ერთიანი ფრონტით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთს. ესენი უნდა იყვნენ ჟურნალისტები, მასწავლებლები, პირველ რიგში - ხელისუფლება, ოპოზიციური ძალა, სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ჩვენ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება ჰქვია“, - აცხადებს ირაკლი ტაბლიაშვილი.
მისი აზრით, ასეთ რთულ გლობალურ ვითარებაში ზოგიერთები კიდევ საუბრობენ წარსულზე, 9 წელზე, სხვათა დასჯის აუცილებლობაზე. ჩვენ გადავყევით ლოკალურ პროვინციულ სჯა-ბაასს, დისკუსიას უაზრო თემებზე, ამ დროს კი მსოფლიოში და, პირველ რიგში, ევროპის კონტინენტზე, ძირეული ცვლილებებია. ბალტიის სამივე სახელმწიფო, ასევე, პოლონეთი ამაგრებს საკუთარ საზღვრებს, რადგან ელოდება რუსეთის ინტერვენციას. მართალია, საქართველოსთვის რთულია ნატოს კარზე კაკუნის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ ეს რთული იყო ბალტიისპირა სახელმწიფოებისთვისაც, თუმცა მათ გაუძლეს ამ სირთულეს და მათთვის მოულოდნელად გაიღო ნატოს კარი.
„დავით უსუფაშვილმაც ახსენა რამდენიმე ხნის წინ - „კაკუნი სამოთხის კარზე“. ჩვენ არა მარტო უნდა ვუკაკუნოთ, არამედ კულტურულად უნდა ვეცადოთ, შევამტვრიოთ ეს კარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ სახელმწიფოში, რომელსაც ფორმალურად ჰქვია დამოუკიდებელი საქართველო და რეალურად ის არის პრორუსული ძალა. ამას თუ არ გავისიგრძეგანებთ, დავდგებით ისეთივე ფაქტის წინაშე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, როცა გვითხრეს, ქართული ენა სახელმწიფო ენა არ არისო და მაშინ ასი ათასი კაცი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე. სხვათა შორის, თქვენს საიტზეც გაჩნდა გამოკითხვა - რა არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტია? - ნატო, ევრაზიული კავშირი თუ „არ ვიცი“. საკითხის ასე დასმა არარელევანტურია. მით უმეტეს, ახლა, რადგან საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არ შეიძლება ბუნებაში იყოს სხვა რამ, გარდა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების. როდესაც ამ კითხვით მივმართავთ საზოგადოებას და ფიქსირდება სხვადასხვა პროცენტი, ჩვენს არაკეთილმოსურნე სახელმწიფოს უჩნდება განცდა, რომ საქართველოს საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. სინამდვილეში, 2008 წლის პლებისციტის შემდეგ, ხოლო მომდევნო წლების ყველა კვლევაში დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტიად სწორედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყოფნას მიიჩნევს“, - აღნიშნა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა თავიანთ საქმეს უნდა მიხედონ, რადგან საზღვრის დაცვა და ბანერების მტვრევა ჟურნალისტების საქმე არ არის. შეიძლება, რუსული ანექსია გააპროტესტონ აქციებით, მაგრამ აქ რეალურად გლობალური თამაშები მიდის და აქ საკითხი საქართველო-ოსეთის ურთიერთობას სცილდება. რეალურად საქმე იმაშია, რომ აქ ჩამოსულია თურქმენეთის პრეზიდენტი, ირანს კი სულ ახლახანს მოუხსნეს სანქციები, მართლაც ისტორიული რამ ხდება და ამის გამო რუსეთმა ზუსტად განჭვრიტა, რომ კიდევ დავარდება ნავთობის ფასი. გარდა ამისა, აქ გაზსადენზეცაა საუბარი და სწორედ ამ ფონზე იწყებს რუსეთი ე.წ. თვითმარქვია რეჟიმის გამოყენებით იმ სასაზღვრო მონაკვეთზე მანიპულირებას, სადაც „ბი-პი“ გადის.
„რა თქმა უნდა, საპროტესტო აქცია უნდა მოწყობილიყო. ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას და ეს უნდა გაგვეპროტესტებინა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს პროვოკაცია, რომელიც მოაწყო რუსეთმა და ყველაფერი გამოიყენა, რომ ამ პროვოკაციაში ჩავეთრიეთ. მაშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ. მაშინ ვერავინ ვერაფერი გააკეთა, ძლივს გამოგლიჯეს საქართველო ხელიდან რუსეთს. ამ ფონზე წახვიდე და ე.წ. ცხინვალის რეჟიმის ან ვიღაც იდიოტის მიერ აღმართული ბანერი ჩამოაგდო, რა გარანტია გაქვს, რომ ამას არ გამოიყენებენ? თუნდაც ერთი ჟურნალისტისთვის რომ ესროლათ ან აეყვანათ რუსულ ჯარებს ჟურნალისტი, რას გავაკეთებდით მერე? დაიწყებოდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ იმის ძახილი, რომ ეს მთავრობა ვერაფერს აკეთებს, წავიდოდით ისევ და ახალ 2015 წლის აგვისტოს მოვაწყობდით? ომს დავუწყებდით რუსეთს? არ ვიცი, რომელი პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ, არავის ხელს არ ვადებ, რადგან არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს იყო გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო ქმედება, რომლითაც საფრთხის წინაშე დააყენეს მთელი საქართველო. ის, რასაც ვერ აკეთებს ვერც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვერც ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ვერც ჩვენი ჯარი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაზე, თურმე ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მაშინ, მოდით, ჟურნალისტები მივუქსიოთ რუსებს და ვანგრევინოთ ბანერები.
მანანა კობახიძის მისამართით კი ვიტყვი, თუ იციან, რომელი პოლიტიკური ძალები დგას ამათ უკან, მაშინ ამ მთავრობამ მათ პასუხი აგებინოს. რამდენი პროვოკატორი დადის ამ ქვეყანაში, უშიშროების სამსახური რაში იღებს ხელფასს? გამოავლინოს ეს პროვოკატორები და ჟურნალისტებისკენ ნუ გაიშვერენ ხელს. ამიტომ, არც მანანა კობახიძის კომენტარი მომწონს და არც რომან გოცირიძის, ორივე უპასუხისმგებლობაა. იმ ბანერის უკან სამხედრო ძალა დგას, ეს ხომ ვიცით და ამას როცა აგდებს ადამიანი, გინდაც ემოციურ, გინდაც არაემოციურ ნიადაგზე, ეს ხომ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას? ვინმე დაუშლის რამეს რუსეთს? ვინმემ პასუხი მოსთხოვა რუსეთს, 2008 წელს გორის ცენტრში ჰოლანდიელი ჟურნალისტი რომ მოკლეს? ჰკითხეთ ერთი, ბატონ გოცირიძეს“, - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.