კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და დააჯარიმა კიდეც. მთლიანობაში ჯარიმის მოცულობა 55 მილიონ ლარს აღწევს. ახლადშექმნილმა უწყებამ ბოლოს და ბოლოს დაადასტურა ის, რისი ეჭვიც მომხმარებელს მუდმივად ჰქონდა, ხოლო პრესა წლების განმავლობაში წერდა.
სანქციები დაეკისრა ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიასა და სამ ეკონომიკურ აგენტს, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ „მსხვილ ხუთეულთან“. ერთ-ერთი მათგანია „ვისოლი“, რომელიც კონკურენციის სააგენტომ 10,426 393 ლარით დააჯარიმა. „ლუკოილის“ საჯარიმო თანხა 4 740 260 ლარია, „რომპეტროლს“ - 10 885 806 ლარის გადახდა მოუწევს, „გალფის“ შემთხვევაში ეს თანხა 11 267 384 ლარია. კონკურენციის სააგენტომ ყველაზე მეტად „სოკარი“ დააჯარიმა, რომელსაც 14 381 385 ლარი დაეკისრა.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ბარაბაძის თქმით, დასკვნა მოცულობითია და მოიცავს 1100 გვერდს, რომელიც 50 ტომის მასალას ეფუძნება. კვლევის დასასრულებლად სააგენტოს 10-თვიანი ვადა მიეცა, თუმცა მან მუშაობა ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა. შედეგებიდან გამომდინარე, სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპი, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები და შეთანხმებული ფასი.
კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, ჯარიმა დაეკისრათ.
ნავთობპროდუქტების რეალიზატორები კონკურენციის სააგენტოს დასკვნას სავარაუდოდ, გაასაჩივრებენ. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კონკურენციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ.
„ნავთობიმპორტიორები თვლიან, რომ მათ კონკურენციის შესახებ კანონი არ დაურღვევიათ და თუ იქნება მათთვის არასახარბიელო, არადამაკმაყოფილებელი დასკვნა, ისინი ეცდებიან ინდივიდუალურად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოიყენონ ყველა სამართლებრივი ფორმა, რომ გააგრძელონ ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. საჯარიმო სანქცია არის ძალიან დიდი და სერიოზული, ბრალდებაც საკმაოდ მძიმეა“, - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა დარბაზის წარმომადგენელი ვახტანგ ჭარია კი კონკურნეციის სააგენტოს დასკვნას პოზიტიიურად აფასებს. კომპანიების შეთანხმებულად მოქმედების შესახებ არსებული ეჭვები საბოლოოდ გამართლდა.
„მივესალმები ასეთ გამოძიებას, რომელმაც დაადგინა სიმართლე. ეჭვი გვქონდა, რომ ასეც იყო. ნავთობკომპანიები აქამდე შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ამიტომ იყო საწვავზე მაღალი ფასი. ამიერიდან, თუკი შეთანხმებული მოქმედება აღარ იქნება, ისინი მომხმარებელზე ორიენტირებულნი გახდებიან.
კონკურენცია თავისთავად დაარეგულირებს ბაზარს, თუ რა თქმა უნდა, არ მოხდება გარიგებები. იმის გამო, რომ ეს კომპანიები დაჯარიმდნენ, არ მგონია ნავთობის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.
რაც შეეხება ნავთობკომპანიებისთვის დაკისრებულ ჯარიმას, ეს თავისთავად პოზიტიურია, რადგან თანხა, შესაძლოა, საზოგადოებრივ სიკეთეს მოხმარდეს“, - განაცხადა ვახტანგ ჭარიამ.
უშუალოდ ნავთობიმპორტიორთა მხრიდან რაიმე სახის კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.