კონკურენციის სააგენტო დღე-დღეზე ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევას წარმოადგენს. პროცესი უკვე 8 თვეა მიმდინარეობს და შეიძლება კომპანიების სოლიდური დაჯარიმებით დასრულდეს. პარალელურად კი მომხამრებელს სულ უფრო აღელვებს ბაზარზე წარმოდგენილი საწვავის ხარისხი. ამიტომაც ხელისუფლებას ბაზრის გაკონტროლებას სთხოვენ.
თუკი კარტელური გარიგებისთვის ბიზნესი ჯარიმას გადაიხდის, უპრეცედენტო იქნება თავად ჯარიმის მოცულობაც. მან, შესაძლოა, რამდენიმე ათეულობით მილიონ ლარს მიაღწიოს. საუბარია საწვავის ბაზარზე, რომლის მოთამაშეებიც კარტელურ გარიგებასა და ფასების ხელოვნურ ზრდაში არიან მხილებულნი.
კონკურენციის სააგენტომ, პრაქტიკულად, დაამთავრა საწვავის ბაზრის კვლევა და მივიდა დასკვნამდე, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი ნავთობკომპანიები, 2009 წლიდან მოყოლებული, არღვევენ კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლს, ახდენენ ფასების ფიქსირებასა და შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის გამო, ყველა ნავთობკომპანიას სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება, უახლოეს დღეებში გაკეთდება.
თუ სააგენტო კომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკანასკნელნი, მართალია, გაასაჩივრებენ ამ დასკვნას და პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს, თუმცა ბაზარზე ფასი, სავარაუდოდ, დაიწევს.
იმის მოლოდინი, რომ კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების ხელოვნურად გაზრდის ფაქტს დაადასტურებს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა. მან ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველოზე საწვავის მსოფლიო ფასების კლება არ აისახება.
პარალელურად სპეციალისტები საქართველოს სარეალიზაციო ქსელში არსებული საწვავის ხარისხის შემოწმებას ითხოვენ. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენთან არავითარი კონტროლი არ ხორცილდება და ყველაფერი ნავთობიმპორტიორების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მომხმარებლები ხშირად ჩივიან დაბალ ხარისხზე, მაგრამ მათი სამართლიანი პრეტენზია უპასუხოდ რჩება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბაზარზე ბევრი წვრილი კომპანია გამოჩნდა.
„ბუნებრივია, ახალი კომპანიების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისით, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ბაზარი, მით უკეთესია. თუმცა აუცილებელია, რომ შემოსული პროდუქტი საბაჟოზევე შემოწმდეს და გაირკვეს, იგი არის თუ არა შესაბამისობაში ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან. ამ გზით დაბალი ხარისხის საწვავის შემოტანა უნდა გამოირიცხოს. საბაჟოზე კონტროლის მექანიზმი უნდა განსაზღვროს შემოსავლების სამსახურმა, ხოლო ქვეყანაში დადგენილი სტანდარტი მოითხოვონ მებაჟეებმა, შეამოწმონ ლაბორატორიებმა. ასეთი სახის კონტროლი უკვე დაინერგა საგზაო ბიტუმზე.
ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, როგორც ბიტუმის ხარისხი მოწმდება, ასევე შემოწმდეს საწვავის ხარისხი და დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ქვეყანაში დადგენილ სტანდარტს. ამ გადაწყვეტილებით დაცული იქნება როგორც მომხმარებელი, ისე ბაზარი. ნავთობიმპორტიორებმა კეთილი ინებონ და დაიცვან ხარისხი. საქართველოში არსებობს მაღალი ხარისხის ლაბორატორიები, სადაც ამ პროდუქტების შემოწმება შესაძლებელია.
აბსოლუტურად მესმის ყველა იმ მომხმარებლის, რომელიც ამბობს, რომ ხარისხი არ აკმაყოფილებს. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ. ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი უკონტროლობა არ შეიძლება“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.