„ისტორიული შეთანხმება“ ნავთობს საგრძნობლად გააიაფებს

„ისტორიული შეთანხმება“ ნავთობს საგრძნობლად გააიაფებს

ირანთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს, ამის სანაცვლოდ სანქციების დიდი ნაწილი მოიხსნება და დასავლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა გაფართოვდება. ასეთი გადაწყვეტილების კვალდაკვალ მსოფლიოში ნავთობის გაიაფებას ელიან. მალე 1 ბარელი ნავთობი შეიძლება 40 დოლარამდე ჩამოვიდეს. გამორიცხული არ არის იაფი საწვავის ხანა რამდენიმე წლითაც კი გახანგრძილვდეს.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ირანი 15 წლის განმავლობაში ურანს 3.67%-ზე მეტად აღარ გაამდიდრებს. ურანთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ნატანზას ობიექტზე. თეირანმა დადო პირობა, რომ უარს ამბობს ბირთვული იარაღის შექმნაზე და ამ პირობის შესრულებას საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

ექვს ქვეყანასა (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი) და ირანს შორის დადებული 100-გვერდიანი შეთანხმების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 90 დღე. ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა, რომელიც იარაღის შესყიდვას უკავშირდება, თეირანის წინააღმდეგ კიდევ 5 წლით იმოქმედებს.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებს დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ. მისი თქმით, შეუთანხმებელი საკითხები აღარ დარჩა.

შეთანხმებით განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, შეთანხმება ირანთან ისტორიული მასშტაბის შეცდომაა, რომლითაც ირანი ბირთვულ იარაღს მიიღებს.

„ირანი რჩება ბირთვული იარაღის მიღების გზაზე. შეზღუდვების მნიშვნელოვანი წილი, რომლებიც ამ პროცესს აჩერებდა, მოხსნილია. ირანმა ასობით მილიარდის „ჯეკპოტი“ მოხსნა. ამით მას მიეცა საშუალება, გააგრძელოს აგრესია და ტერორი რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ეს არის ცუდი, ისტორიული მასშტაბის შეცდომა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ვენაში მიღწეული შეთანხმების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი უკვე დაეცა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა და 1 ბარელზე 57,28 დოლარი შეადგინა, „ლაითის“ ნედლი ნავთობი კი 1,3%-ით გაიაფდა და 51,5 დოლარამდე ჩამოვიდა. სავარაუდოდ, პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

უცხოელი სპეციალისტების პროგნოზით, მსოფლიოში „შავი ოქრო“ კიდევ გაიაფდება. 1 ბარელის სამომავლო ფასად 40 დოლარსაც ასახელებენ. ეს სულაც არ არის არარელური. რამდენიმე თვის წინ ნავთობი სწორედაც ამ ფასად იყიდებოდა და თანაც მაშინ თეირანისთვის სანქციების მოსხნის თაობაზე საუბარიც კი არ მიმდინარეობდა.

ირან-საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი ვანო მთვრალაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, სანქციების გაუქმების კვალდაკვალ, ირანთან ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმის მოხსნისკენ მოუწოდებს. ეს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„არსებობს ინტერესი, რომ ირანმა ენერგომატარებლების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება განახორციელოს. ამიტომ, თუკი ეს სანქციები საბოლოოდ მოიხსნა, საქართველო შეიძლება განხილული იყოს ტერიტორიად, რომლის საშუალებითაც ირანი განახორციელებს გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას ევროპისკენ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ასეთ შემთხვევაში „დიდი შეთანხმებით“, გარკვეულწილად, საქართველოც მოგებული დარჩება.