ატმის გლეხური სინდრომი

ატმის გლეხური სინდრომი

კახეთში გლეხებს ატმის რეალიზაცია არ უჭირთ, თუმცა უკმაყოფილებას ფასის გამო გამოთქვამენ. წელს მოსავალი შედარებით მცირეა, ფასი შარშანდელზე მაღალი, ექსპორტზეც გაცილებით მეტი ხილი გადის, თუმცა გლეხები მაინც წუწუნებენ.

სოფელ ჩუმლაყის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შხამქიმიკატები შარშანდელთან შედარებით ძვირი ღირდა, რის გამოც მოგებას ვერ ნახულობენ.

„ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს. ერთი წამლობა 1000 ლარამდე ჯდება. წელს ატამს ჭია შეესია, ატმის გადასარჩენად ყველა ღონე ვიხმარეთ, შეწამვლა 4-ჯერ მოგვიწია. წლიდან წლამდე ამას შევყურებთ და მოგებას ვერ ვნახულობთ. შრომას გვერდზე გადავდებთ, მთავარია, შხამქიმიკატების, გასხვლისა და მოხვნის ფული დავფაროთ, მეტი არაფერი გვინდა. იმდენი მოვლა სჭირდება, ეს ფასი ხარჯებსაც კი ვერ დაგვიფარავს“, - აცხადებენ კახელი ფერმერები.

კახეთში მდებარე ხილის კომპანიამ 120 ტონა ატამი უკვე ჩაიბარა და 2000 ტონამდე ატმის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანია ყველანაირი ხარისხის ხილს უპრობლემოდ იღებს. ჩუმლაყის სარეალიზაციო ბაზარზე 1კგ ატმის ფასი 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. ვაშლატამას ფასი კი 50 თეთრიდან 80 თეთრამდეა. ჩუმლაყი ატმის რელიზაციის ცენტრია. ყველას, ვისაც კი ამ ხილის ბითუმად ყიდვა სურს, სწორედ ამ სოფელში მიემგზავრება.

„გადამყიდველებს ნარჩევი ხილი მიაქვთ, სხვანაირს არ იბარებენ. ატამი, რომელსაც წუნი აქვს, თითქმის არ იყიდება, გვრჩება ჩვენ და აღარ ვიცით, სად წავიღოთ. სადაც ატმის უხვი მოსავალია, ამ სოფლებისთვის ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება რა გახდა, რომ ჩვენც ამოვისუნთქოთ.

მოსახლეობაც ნაკლებად ყიდულობს. გასულ წლებში უფრო მეტი გასაღება გვქონდა, ზოგს საკომპოტედ მიჰქონდა, ზოგს სამურაბედ. წელს ეს გაყიდვებიც შემცირდა“, - ამბობს ფერმერი გური ზარდიაშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მოსავლის საერთო რაოდენობამ 23 ათასი ტონა შეადგინა, ანუ შარშანდელზე ნაკლები. ამ ეტაპზე ქართული ატამი ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.

„წელს, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე 10 000-მდე ტონა ატამი გავა. ექსპორტის მაჩვენებელი შარშან 4000 ტონა იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყსა და სოფელ ახაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით იწყებს მუშაობს.

საწარმო შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთში ხილი მუშავდება, სუფთავდება და ფასოვდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. ანალოგიურ მომსახურებას გაუწევს ფერმერებსა და გლეხებს სოფელ ახაშენის გადამამუშავებელი - სამაცივრე საწარმო“, - აცხადებენ სამინისტროში.

ოთარ დანელიას უწყების ინფორმაციით, ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია.

„რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, წელს ფერმერებსა და გლეხებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სხვათა შორის, წელს ატმის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე, შარშანდელთან შედარებით, მაღალია. თუკი წინა ზაფხულს 1 კგ საუკეთესო ატამი 50-70 თეთრი ღირდა, ახლა 1 ლარზე ნაკლებად არსად იყიდება.