პროვოკაცია პროვოკაციის წილ. აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში უეფას ევროპის ლიგის საფეხბურთო მატჩისას ინციდენტი მოხდა. აზერბაიჯანული კლუბის „გაბალას“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრის მომენტში სტადიონზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, რომლის შემადგენლობაშიც ქართული ტერიტორიები - რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული, მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელწოდებით: Burchali is ancient Azerbaijan land („ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა“); „Sarvan no Marneuli“, „Bostandere No Rustavi“ და „Choruk Gemerli! No Bolnisi!“.
შეხვედრის 78-ე წუთზე, ტრიბუნაზე მყოფმა აზერბაინელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა დაწვეს. მატჩის დასრულების შემდეგ კი ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი შესაძლოა, 2 ივლისს თბილისში გამართული მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს, როდესაც ქართველი ფანების გარკვეულმა ჯგუფმა აზერბაიჯანელ ფანებს სახელწიფო დროშები წაართვეს და დახიეს. ასევე, სტადიონზე გამოფინეს ბანერი - „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი - 1921“.
მომხდარით შეურაცხყოფილი ორივე კლუბი რეაგირებისთვის უეფას მიმართავს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ერთ შემთხვევაში, ქართველების ისტორიული მეხსიერება ვერ ივიწყებს, რომ ძირძველი ქართული ტერიტორიები - კახი და ზაქათალა დაკარგულია, ხოლო, მეორე შემთხვევაში - ვიღაც პროვოკატორს სურს, ბორჩალო, ბოლნისი, მარნეული, რუსთავი - ეს ოდინდელი ქართული მიწები აზერბაიჯანულ ქალაქებად გამოაცხადოს.
„გაბალა“ – „დინამოს“ თამაშზე მომხდარ დაპირისპირებას პროვოკაციად აფასებს ირაკლი ღარიბაშვილი. „პანიკის გარეშე. ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს „ნაცების“ მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ – ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები.
„დინამო თბილისი“ კი განცხადებას ავრცელებს, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარის დროულად აღკვეთა ვერ შეძლეს. კერძოდ, 90 წუთის მანძილზე სტადიონზე რთული ვითარება იყო და მატჩის მიმდინარეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იდგა, რასაც ხელს უწყობდა მაყურებელთა უკონტროლო ჯგუფების პროვოკაციული ქმედებები. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა ქვეყნისა და კლუბის შეურაცხმყოფელი დროშები, რომლებიც უეფას დელეგატის მითითებისა და ჩამორთმევის შემდეგ კიდევ ორჯერ დაბრუნდა ტრიბუნაზე. ასევე, მეორე ნახევრის დასაწყისში მოედნის აღმოსავლეთ მხარეს დაწვეს საქართველოს ეროვნული დროშა, ხოლო მატჩის შემდეგ ადგილობრივმა ქომაგებმა ჩაამსხვრიეს თბილისელ გულშემატკივართა ავტობუსის მინები.
ცნობილი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფეხბურთი მარტო თამაში და სპორტული სანახაობა არ არის, ფეხბურთში უზარმაზარი თანხები ტრიალებს - ფიფა, უეფა ყველა ჩართულია დიდი ფულის სტრატეგიაში და, ცხადია, ამ ფულს ასე ადვილად ქართველ ფეხბურთელებს არავინ მისცემს, არავის სურს, საქართველოში ჩამოვიდეს ეს ფული და ახალი მიშა მესხი, ახალი მურთაზ ხურცილავა, ახალი გივი ჩოხელი გაიზარდოს.
„უნდათ, ქართული ფეხბურთი მოკლან. იციან, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება და საქართველოში ყოველთვის დაიბადებიან უძლიერესი ფეხბურთელები. ამიტომ მთელი მსოფლიო სპორტულ ომს გვიცხადებს. ეს უკვე პოლიტიკაში გადაიზარდა. ჩვენ საომარი გვაქვს. ეს უნდა იყოს თამაში ომით. ე.ი. თამაშის სტრატეგიას, ტაქტიკას, კიდევ უნდა მიემატოს ომი. მარტო სპორტსმენი კი არ უნდა გავზარდოთ, არამედ - სულით მეომარი. კავკასიის ფეხბურთი ისედაც დანგრეულია, ვიღაცას აწყობს, თუ ჩვენ, კავკასიელები (ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, ჩეჩნები, დაღესტნელები) ერთმანეთს გადავეკიდებით, ფეხბურთის სამყაროში ერთმანეთს არ დავეხმარებით. ვიღაცას სურს, დაანგრიოს ეს ერთობა. რაც აზერბაიჯანში მოხდა, მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, რომ მომავალში დიდი ფეხურთი აღარ გვქონდეს. არადა, სპორტული ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა ფეხბურთი. ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენზე, ვეტერან ფეხბურთელებზე, ვისაც დიდი ფეხბურთი გამოვლილი და ნათამაშევი გვაქვს, ვინც ვიცით, რა არის მსოფლიო პირველობა, რა არის ომი. ფეხბურთში დიპლომატიაა საჭირო. მართალია, ნაციონალებმა ბოლო ვაგონებში ჩაგვსვეს, მაგრამ, სანამ არსებობს საქართველოში ის ხალხი, ვისაც გავლილი აქვს ეტაპები ქუჩიდან მსოფლიო პირველობამდე, ამ ხალხის გამოყენება აუცილებელია. დროშების დაწვას, გადახევას ჩვენ ვერ გაგვიბედავდნენ“, - აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი და კონკრეტულ ფაქტსაც იხსენებს.
ერთი წლის წინ იგი ქუთაისის „ტორპედოს“ ამოსაქაჩად მიიწვიეს, თუმცა ქუთაისში ჩასვლიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ინტრიგები ჩართეს იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, თითქოს ქუთაისში ფეხბურთი ჩავარდნილია, მოაწყვეს პროვოკაცია, მათთან შევარდა სამიათასკაციანი ჯგუფი და კიდევ კარგი, რომ ვეტერანმა ფეხურთელებმა უპრობლემოდ შეარიგეს დაპირისპირებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყებოდა ჩხუბი, ლეწვა და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველო დაეტაკებოდა ერთმანეთს.
უფრო მეტიც, რეზო ძოძუაშვილი ფეხბურთის ოქროს ხანასაც იხსენებს, როცა აზერბაიჯანში ჩასვლისას მიშა მესხის, სლავა მეტრეველის, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას, გივი ჩოხელის დანახვაზე მთელი აზერბაიჯანული აუდიტორია, ასი ათასიანი სტადიონი სიყვარულს გამოხატავდა. ეს საჩვენებელი თამაშები იყო, რომლის შემხედვარე აზერბაიჯანელებიც ემოციებს ვერ ფარავდნენ და ყვიროდნენ: „თბილისის „დინამო“, ჯიგრები ხართ“, „საბჭოთა კავშირში ლიდერები ხართ“, „ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ“. რეზო ძოძუაშვილი თვლის, რომ იმ პერიოდში ფეხბურთელები იმდენად დიდ ხელოვნებას აჩვენებდნენ მოედანზე, რომ, ძალაუნებურად, ფეხბურთის მაყურებლები შენიანები ხდებოდნენ და ფეხბურთის ხელოვნება ერებს აერთიანებდა.
„ახლა დავმარცხდით. ფეხბურთის, როგორც ხელოვნების, დაკარგვის ლიდერები არიან ზოგიერთები. ზუსტად ასე არ უნდოდა რუსთაველის თეატრის დანგრევა სააკაშვილის მთავრობას? აქ ძაღლის თავია ჩამარხული. კიდევ კარგი, ფედერაციაში უკვე შევიკრიბეთ ისეთი ხალხი, ვისაც დიდი ფეხბურთი გვაქვს ნათამაშევი და გვინდა, შევაგნებინოთ ახალგაზრდა თაობას, ჩვენი ესტაფეტა მიიღონ და გააგრძელონ ის, რაც ბორია პაიჭაძემ, ავთანდილ ღოღობერიძემ, გივი ჩოხელმა გადმოგვცეს. თორემ ისევ ყველანაირ პროვოკაციაში მოვხვდებით. კიდევ ერთი ლოზუნგი გვჭირდება - „კავკასიელებო, ვიყოთ ერთად!“ რა გვაქვს გასაყოფი? ვის რა ეკუთვნოდა კავკასიაში, ეს ჩვენზე კარგად იციან ჩვენმა წინა თაობამ და ისტორიკოსებმა. დამერწმუნეთ, აზერბაიჯანმა იმხელა ოლიმპიური თამაშები ჩაატარა და აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა იმხელა სიყვარული გამოხატეს ქართველების მიმართ, რომ საქართველოს ეს უნდა დაენახა. სპორტის ძალა დიდია. დღეს ეს პროვოკატორები შეიძლება, არც აზერბაიჯანელები იყვნენ, არც ქართველები და სულაც მესამე ქვეყანის წარმომადგენლები იყვნენ, ვისაც არ აწყობს ჩვენი კარგი ურთიერთობა, არ აწყობს, რომ აზერბაიჯანიდან გაზი მივიღოთ, აქედან კი „ბორჯომი“ გავიტანოთ“.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროვოკატორებმა იმიტომ გამოარჩიეს ქართული ტერიტორიები - ბორჩალო, ბოლნისი, მარნეული და რუსთავი, რომ სწორედ აქ ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და ამით უნდათ შექმნან იმიტაცია, თითქოს აზერბაიჯანული მოსახლეობა ითხოვს, აღარ იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში.
„ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. უხერხულიცაა ამაზე საუბარი, მაგრამ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასმა სწორედ აქ ჩამოასახლა ბორჩალოს ტომი, რომელსაც ახლა მარნეულს ვუწოდებთ, მაგრამ 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი რომ შემოვიდა, აზერბაიჯანელები მას დაუპირისპირდნენ, ჩვენ ერეკლე მეფის ქვეშევრდომები ვართ და არ გაგატარებთო. ისტორიულად ეს ქართული მიწაა, რაც ყველა დოკუმენტით დასტურდება, მაგრამ ამის მტკიცება სწორად არ მიმაჩნია. მანამდე თბილისშიც მოხდა მსგავსი რამ და ახლა იგივე განმეორდა აზერბაიჯანში. ამ პროვოკაციას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მისამართი, რაც ჩვენც კარგად ვიცით და მთელმა მსოფლიომაც. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ამ პროვოკაციას, რადგან საუკუნეთა მანძილზე კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდა და აზერბაიჯანმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი კეთილმეზობლური ურთიერთობა საქართველოსთან ურყევია. ეს დადასტურდა 2008 წლის მოვლენების დროსაც“, - აღნიშნა სერგო ვარდოსანიძემ.