კითხვა: მაშასადამე, თქვენ ჟანდარმერიის ოფიცერი იყავით? პასუხი: დიახ. კითხვა: რას აკეთებდით ომის დამთავრების შემდეგ? პასუხი: როგორც ჟანდარმთა ყოფილ ოფიცერზე, ჩემზე ვრცელდებოდა ბრძანება წმენდის შესახებ და ოფიციალური თანამდებობის დაკავების უფლება არ მქონდა. მეტიც, ჩვეულებრივ კომპანიებში მუშაობის უფლებაც კი არ მქონდა და, რომ მეარსება, დროებით სამუშაოზეც თანახმა ვიყავი. 1950 წელს შემთხვევით შევხვდი იდოხარას, რომელმც ის-ის იყო სატრანსპორტო კომპანია „ორიენტი“ დააარსა. შემომთავაზა, მასთან დამეწყო სამსახური და დირექტორ-მმართველის თანამდებობაზე დამნიშნეს. კითხვა: როგორ გაიცანით იდოხარა? პასუხი: ომის დამთავრების წინა პერიოდში ის სამხედრო მომარაგების სამინისტროში მუშაობდა და ჩემთან მოხვდა დაკითხვაზე ერთი დანაშაულის გამო, რომელიც მაშინ ჩაიდინა. (სეიტე მაცუმოტო, „მკვიდრთა სამყარო“)
რამე ხომ არ გეცნობათ? ალბათ. არა. ალბათ კი არა, ნამდვილად არ გეცნობათ. ეს იქ იყო, იაპონიაში, ჩვენთან ეგრე არ ყოფილა, რომ დამნაშავე დაესაჯოთ, წმენდის ბრძანება რომ გამოეცათ, ოფიციალური, სახელმწიფო თანამდებობა კი არა, ჯიხურში მუშაობის უფლებაც რომ არ ქონოდა და ყველას, დღევანდელსაც და ხვალინდელსაც რომ ცოდნოდა, ჟანდარმობა, კუდობა, სოდობა და სხვა უამრავი მამაძაღლობა, საერთო სახელი ნაცობა და რუსთავიორელობა რომ ქვია, დასჯადი რომ არის და ასეთი დასჯადობის გარეშე, სახელმწიფოს კი არა, სტადიონს ვერ ააშენებ, მაგრამ თუ სტადიონი აშენებული დაგხვდება, იქ შესასვლელ ბილეთს ვერ გაყიდი.
მურუსიძე მოსამართლეობს, თორდია ითვლის, ქადაგიძე რეცეპტებს წერს, შიხიაშვილი დაყელყელაობს, ხოლო სიჭინავას წამმზომი უჭირავს და აქეთ გვამუნათებს: „ტემპი ხო კლებულობს, ტემპი!“
იყო ასეთი ტემპერამენტიანი ნიუსი: „ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, ბილეთების გაყიდვის ტემპი ძალიან ცუდია. როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა. "გაყიდულია 2300 ბილეთი. ეს ძალიან ცუდი ტემპია. ამიტომ ჩვენ ალბათ, 18:00 საათისთვის ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ამ ბილეთების გაყიდვა და როდის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ", - განაცხადა სიჭინავამ“.
ნიუსის კითხვის დროს, თავიდან, აგრესიულად განვეწყვე, მაგრამ „ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ"-ზე ცოტა არ იყოს გული მომილბა. მართლაც, რა უნდა ქნას დომენტიმ, მარტო მუშაობს (რიჟა მოადგილე ძაან რიჟას ბაზრობს) და მარტო კაცი სფფ-შიც ბრალიაო, ნათქვამია. ბევრი შემომედვება და ერთ ძველ გადაცემას გაიხსენებს - „მრავალსახეობა ეკრანისა“ - და ასე გადააკეთებს: „მრავალსახეობა დომენტისი“.
კაცი-ცირკი, კაცი-ჩოლკა, კაცი-იოლკა, კაცი-იგრუშკა, კაცი-ასტანოვკა, კაცი-ოჩერედი, კაცი-რასტოვი, კაცი-კრასნადარი, კაცი-გასტრანომი, კაცი-კანიაკი...
მთელი გასული კვირა ლაითად ვერთობოდით - კაცთა ბილეთები, ქალთა კვოტები, ენჯეოთა განცხადებები, გაერთიანებულ დემოკრატთა ვიზიტები, თავისუფალ დემოკრატთა პროტესტები, კრავთა დუმილი, ნაცთა ბღავილი და ვიტამინები. უფრო სწორად, ვიტამინი იყო ერთი - კლუბი „ვიტამინი“. დადგება დღე, ამ კლუბს სახელს შეუცვლიან, დაარქმევენ „დიარეას“ და მის ფონზე სურათს გადაიღებენ შუა და საჩვენებელთითშემართული გოგო ბიჭები, რომლებიც წლების შემდეგ გაიგებენ, რომ შუა და საჩვენებელი თითების ერთად აღმართვა მოსალოდნელ გამარჯვებას აღნიშნავს, ხოლო სიტყვა დიარეა - მოულოდნელ ტრაწს.
რაც შეეხება სუპერთასის ბილეთების გაყიდვას, ეს ნამდვილად მოსალოდნელი ტრაწი იყო, რადგან , როგორც ცნობილია, თუ სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე ზვიად სიჭინავა კიდია, მეორე მოქმედებაში აუცილებლად ისმის მისი სიტყვები: "ბილეთები ხვალ, 09:00 საათიდან გაიყიდება. შევადგინეთ კომისია, რომელიც 08:00 საათზე ჩაიბარებს ბილეთებს, მიაწვდის სალაროებს და მოხდება მისი ნორმალურად გაყიდვა. ამის გარანტიას ჩვენ გაძლევთ. მინდა მივმართო გულშემატკივრებს, არ აყვნენ პროვოკაციებს. დაიცვან "ცოცხალი რიგი". როგორც იცით, ვაკის პარკში ჯებირებია დამონტაჟებული და "ცოცხალი რიგი" დაიწყება სწორედ იქიდან, ანუ პირველი 50 კაცი 09:00 საათზე წამოვა სალაროსთან. ასევე, 07:00 საათიდან დამონტაჟდება ბიოტუალეტები და იქიდან გამომდინარე, რომ მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დაიდგმება სასმელი წყლისთვის მაცივრები. ერთი სიტყვით, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ გულშემატკივარმა კომფორტულად იგრძნოს თავი".
ხოლო სპექტაკლის დასკვნით ნაწილში ჩემი მეგობარი სააგენტო ასეთ ნიუსს ავრცელებს: „უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების შეძენის მსურველების ნაწილმა ვაკის პარკში კარვები, ნაწილმა კი ჰამაკი გაშალა. ფეხბურთის გულშემატკივრები ამაღამაც ვაკის პარკში დარჩენას გეგმავენ, რათა "ცოცხალ რიგში" საკუთარი ადგილი შეინარჩუნონ.
ვაკის პარკში შეკრებილთა კიდევ ერთ ნაწილს პარკის ტერიტორიაზე პლედები აქვს გაშლილი და მასზე არიან მოთავსებული. რაც შეეხება სისუფთავის კუთხით არსებულ მდგომარეობას, პარკი საგრძნობლად დანაგვიანებულია. ტერიტორიაზე ყრია ბოთლები, სიგარეტის კოლოფები და სხვა სახის ნარჩენები“.
მინდა, რომ ჩემს მეგობარ სააგენტოს მოკრძალებით შევუსწორო - ვაკის პარკში მხოლოდ ბოთლები და სიგარეტის კოლოფები ყრია, სხვა სახის ნარჩენები კი სხვაგან ელოდებიან დამსუფთავებლებს - ფეხბურთის ფედერაციაში, სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში, ეროვნულ და ანტიეროვნულ ბანკებში, ავლაბრის სასახლეში, მედიაში, ხელოვნებში... და სად აღარ!!! და რადგან ეს ჩამონათვალი სიჭინავა-არველაძის კანტორით დავიწყე, აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგიდან ქართული ფეხბურთის ნარჩენები საბოლოოდ არის გატანილი: „სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე ტურიდან გამოეთიშა. "ცხინვალი" შინ რუმინულ "ბოტოშანთან" 1:3 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4), თბილისის "დინამომ" სტუმრად აზერბაიჯანულ "გაბალასთან" 2:0 წააგო (2:3), ხოლო ბათუმის "დინამო" ასევე სტუმრად კვიპროსულ "ომონიასთან" 2:0 დამარცხდა (1:2)“.
ბავშვობაში ერთი მაგარი სიზმარი ვნახე - ვითომ მამამ სტადიონზე წამიყვანა, „ლივერპულს“ ვეთამაშეთ, წვიმდა და სამით ნოლი მოვიგეთ. ვითომ, ხალხი მაგარი ბედნიერი იყო. ეგეთი სიზმრები ბევრი მაქვს ნანახი, ხან „ფეინოორდს“ ვეთამაშებოდით, ხან „ინტერს“, „ნაპოლის“, „ტოტენჰემს“... სიზმარი მაგარი რამეა, ოღონდ თუ კარგად აგიხდება.
გამიგია, თუ სიზმარში ტაჰამატას ნახავ, ცხადში ზვიად სიჭინავას გადაეყრები და თუ ცხადში რეზო არველაძე შეგხვდება, ჯობს არ დაიძინო, თორემ სიზმარში საქართველოს ნაკრებს რეიტინგში პალესტინა და ავღანეთი გაუსწრებენო. ავღანეთი, სადაც ბურთის გაგორებაზე ხალხს თავებს ჭრიან.
სხვა თემებზე უნდა გადავიდე, მინდოდ მეთქვა, ფეხბურთი იქით იყოს-მეთქი, მაგრამ ფეხბურთი ისედაც იქით არის და რა ვიცი, ალბათ ის დროც დადგება, როცა ფეხბურთის ხსენებაზე კარავი, ჰამაკი, ზვიად სიჭინავა და ბიოტუალეტი არ გაგახსენდება, ხოლო ბიოტუალეტის დანახვაზე - მესი, სუარესი და ნეიმარი.
ყოველ შემთხვევაში, გასული კვირიდან მოყოლებული ისეა, რომ თუ ოცი პოლიციელი მაგრად გცემს, მეორე დღეს სოლარიუმში უნდა წახვიდე. ეს ქალებს ეხებათ, გასულ კვირაში ხომ რამდენიმე დღე მთავარი თემა კიკიანის ქალის ცემა იყო. გაიხარა მშრომელმა ხალხმა - იმედმა, რუსთავმა, საზმაუმ. დამთავრდებოდა სერიალი, რომელშიც ნაზად ეფერებიან თურქის ქალებს, და იწყებოდა საინფორმაციო, რომელიც გვამცნობდა, როგორ ცემა ოცმა პოლიციელმა კლუბის მენეჯერი ერთი გოგონა, რომელიც „ნას მალა ნო მი ვ წელნიაშკახ“-ს პონტში (პლუს სოლარიუმი) ერთობ ყოჩაღად ყვებოდა რაღაცას, „ჯეინ ეარ“-სა და „კურტიზანი ქალების ბრწყინვალება და სილამაზე’-ს შორის.
იმ ამბავს აღარაფერი ეშველება, მაია ასათიანის აცრემლებული და ნანუკა ჟორჟოლიანის დაჭყეტილი თვალებიც ვეღარ უშველიან. იქნებ, ისიც გაგვახსენდეს, დოდო აბაშიძის ალექსანდრე რომ ეუბნება თემურ წიკლაურის ბელაფონტეს - კარგი უქნიათ, რომ გცემეს, ალბათ დააშავეთ რამეო.
ცემა იყო, პროვოკაცია თუ, საერთოდ, არაფერიც არ ყოფილა, ამას, იმედია, გამოძიება დაადგენს, მაგრამ უკვე ვხედავ ყვითელი ჟურნალების მყვირალა სათაურებს: „სად მოხვდა ყველაზე მეტი პანღური ლიკა კიკიანს?“, „რა აქვთ საერთო ლიკა კიკიანს და ეკა ყურშიტაშვილს?“, „ვისმა წყევლამ უწია კლუბის მენეჯერს?“...
მაგრამ, ეგ ცოტა მერე იქნება, 11 აგვისტო რომ ჩაივლის. 11 აგვისტომდე მთავარი თემა არის სუპერთასი და საქმეს ისეთი პირი უჩანს (პირი ნამდვილად უჩანს), რომ ვინც ბილეთების აჟიოტაჟს გადაურჩება, ერთი კარგი სურათი უნდა გადაიღონ უცნობი ჯარისკაცის ფონზე. იქნება თუ არა მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი გიორგი ნემსაძე? რამდენიმე საათია ეს კითხვა ყველას აწუხებს. სწორედ რამდენიმე საათის წინ თქვა ნემსაძემ ეს სიტყვები - "როგორც ნორმალური მომაკვდავი ადამიანი, ჩავეწერე რიგში ორი დღით ადრე".
წარმოგიდგენიათ?! ბილეთების რიგში უკვე მომაკვდავი ხალხი ეწერება. მე ვიცი, რომ ქალბატონს, ბავშვს და მოხუცს ადგილი უნდა დაუთმო, გზაზე გადასვლაში მიეხმარო, ჩანთა წაუღო და ა.შ. ასე ვიზრდებოდით, ასე გვზრდიდნენ და ახლა იმ დონეზე დავეცით, რომ ნორმალური მომაკვდავი კაცი ბილეთების რიგში დგას და რიგი და ოჩერედი რომ იყოს, ეგ კიდევ არაფერი. ზედახორაა, ნამდვილი ზედახორა.
სამ რაღაცას ვაკეთებთ სულ ტყუილად - ტყუილად ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, ტყუილად ვაბრახუნებთ ნატოს ჭიშკარზე და ტყუილად გვაქვს იმედი, რომ სამოთხის ალაყაფი გაგვეღება, რასაც ეს ნიუსიც ადასტურებს: „ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა თემურ მაისურაძემ განაცხადა. განხილვის საგანი სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირება იყო. "საზამთროს და ნესვის გამო ნახევარი თბილისი კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს, რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ. ვინმე ამას შეამოწმებს? ასეთ საზამთროს ვინმე გაანადგურებს, რომ იცოდნენ, რომ მომავალ წელს ამ საზამთროს მოყვანა არ შეიძლება? ყველამ ვიცით, რა სერიოზული პრობლემაა. შარშან ჩემს ოჯახში სამჯერ მოწამვლის პრობლემა იყო. წელს ჩვენ არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და დარბიან. ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი", – განაცხადა თემურ მაისურაძემ“.
რაც არ უნდა ტრაწიანები იყვნენ მე მაინც ვენდობი ხალხის რჩეულებს. ხალხის რჩეულები არიან და იმიტომ. ნუ დაიწყებთ, ბიძინა ივანიშვილის რჩეულები არიანო. ცოტათი ჩვენც ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 150 კაცი და ქალი ხელფასს იღებს და ნაცვლად იმისა, რომ ნატოს კარზე აკაკუნებდნენ, დგანან და საპირფარეშოს კარს ურტყავენ მელოტ თავებს და თანაც - ამაოდ.
ვერ იკავებენ! ვეღარ იკავებენ!!!
და, შესაბამისი ღონისძიებაც ჩაატარეს: „საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში, დღეს კონფერენცია გაიმართა, თემაზე - "დაბერების პოლიტიკა საქართველოში". კონფერენცია ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით გაიმართა, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდთან, გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და აშშ საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით“.
ამ მართლა ერთი, ტრაწიანი კონფერენციის მოწყობას რად უნდოდა ორი ფონდი, ერთი სააგენტო და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე?! მაგრამ, ხომ გეუბნებით, ვეღარ იკავებენ-მეთქი. აღარ შეუძლიათ და, შეეკითხეთ, თუ გინდათ! აქ ასაკში კი არ არის საქმე, საქმე გაგებაშია. 20 წლის ბებერიც მინახავს და 80 წლის ხუნტრუცა ბიჭიც. გაგებაა მთავარი, გა-გე-ბა!!!
ა, ბატონო, ნიუსი 20-25 წლის ბებრებზე: „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 9-10-11 ივლისს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის "ცოცხალი წიგნები" ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების 5-კაციანი მობილური ჯგუფი აჭარას ესტუმრება. როგორც "ინტერპრენსიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ჯგუფის შემადგენლობაში არიან მანანა ჩიტიშვილი, ელა გოჩიაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, გურამ მეგრელიშვილი, არჩილ ქიქოძე“.
ესენი არიან ცოცხალი წიგნები? ეს ფარდული შეჰფერის ჩვენს ეპოქას? ისა და... 5-კაციანი ჯგუფიო და... ვაჰ... მანანა და ელა კაცები არიან?
ახლა კი ვხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს გენდერს, ახლაღა ვხვდები... დებილი ვარ, აქამდე რომ ვერ ვაცნობიერებდი პრობლემის არსს და მასშტაბს. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არაფერია დაფარული და ამიტომ მე პურის ოჩერედში ვკვდები, ვიღაცეები - ვიზის ოჩერედში, სხვები - ბილეთების ოჩერედში, გენდერული თანასწორობის ჯილდო კი სულ სხვას გადაეცემა: „საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დღეს გენდერული თანასწორობის კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. ქვეყნის პირველ პირს გენდერული თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ გადასცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შომბი შარპმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა 2015 წლის ქალთა და გენდერული თანასწორობის წლად გამოცხადებისთვის“.
მავიწყდებოდა... პარლამენტართა დახასიათებისთვის ეს ნიუსიც უნდა წაიკითხოთ: „თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებისთვის პარლამენტი ავტომანქანებს გამოყოფს, რომელიც მას EBRD-ის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, ავტომანქანები ოლიმპიადის წარმომადგენლებს 15 ივლისიდან 2 აგვისტომდე უნდა ათხოვონ. ხაბელოვის ამ განცხადებას დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მანქანები პარლამენტსაც ჭირდება და 15 ივლისიდან ორ აგვისტომდე პერიოდი საკმაოდ დიდია. კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემაც. როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი არა ბიუროს, არამედ ხაზინანდართა საბჭოს განსახილველია“.
მოკლედ, მანქანები პარლამენტსაც ჭირდება. ლევომიციტინის ახალი პარტიაც ხომ ჭირდებათ? არ არიან ნორმალურები. უფრო სწორად, ეგენი არ არიან ნორმალური მომაკვდავები, რადგან ნორმალური მომაკვდავები ბილეთების რიგში დგანან, ეგენი კი, აგერ ნახავთ, 11 აგვისტოს, სუპერთასის მიმდინარეობისას, ყველანი სტადიონის სამთავრობო ლოჟის ტუალეტის კართან იქნებიან ჩამორიგებულნი.
დღეს რაღაც ძალიან ხშირად ვახსენებ პარლამენტს და პარლამენტარებს, მაგრამ სულაც არ არის ჩემი ბრალი, საკუთარ თავს მოკითხონ. მაგალითად, გასულ კვირაში გოგი ქავთარაძემ ტუჩები ზიზღით რომ მოპრუწა - რას გვახვეწნინებენ ამ ნატოში შესვლასო - დავით დარჩიაშვილს წვერები სიძულვილით აეჯაგრა: „მსგავსი ანტიდასავლური განცხადება უკვე მესამეა, რომელსაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში ჩემთვის ცალსახაა, რომ ამის უკან დგას „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით“.
კიიი, ბიძინა ივანიშვილი მართლაც ბევრი რამის უკან დგას და ჰა, რამე რო იყოს, ბარე ორი ნაციონალ-პარლამენტარის დედა აღიარებს, რომ ამ ქვეყნად მათი შვილების მოვლინებაშიც ბიძინა ივანიშვილი ურევია.
მე არ ვიცი, რაში ურევია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ „თეგეტა მოტორსის“ პიარ-სამსახურის ღონისძიება მხოლოდ კოხოძის დამსახურებაა.
„დღეს, 10 ივლისს გეგეშიძის ბაღში საბურავების მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია გაიმართა. 13 საათზე საბურავების კავშირის ხელმძღვანელი, საბა ურავია, მიმართავს აქციის მონაწილეებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებს საბურავების სათქმელს. საბურავები მოუწოდებენ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციონ საბურავს და შესაბამისად საკუთარ უსაფრთხოებას. მათი თქმით, არასეზონური და გაცვეთილი საბურავების მოხმარება საფრთხეს უქმნის მათი მფლობელებისა და მგზავრების სიცოცხლეს. დამატებითი ინფორმაციისთვის, თბილისელი მძღოლების დაახლოებით 35% უკიდურესად გაცვეთილი საბურავებით გადაადგილება, ხოლო 20% ზაფხულში ზამთრის საბურავს მოიხმარს. საბურავების დემონსტრაციის მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი, განახლებული ფასებით საბურავებზე“ - იუწყებოდა ჩემი მეგობარი სააგენტო.
ის დროა, „თეგეტა მოტორსმა“ ხელი საბურავზე მოისვას და გაარკვიოს, ჟანგიანი ლურსმანი რომელ პროტექტორში აქვს გარჭობილი.
ნელ-ნელა ბოლოსკენ წავალ. არადა, რამდენი რამ არის გასახსენებელი - ნინო ბურჯანხორბალაძის მოგზაურობა რუსეთში, უფლისციხის ნაკრძალის დირექტორის დაკავება, კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკავებული შენობის ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაცემის საკითხი და სხვა, თუმცა გენდერი მაინც გენდერია, უგენდერო ქვეყანა იგივეა, რა უპატარძლო ქორწილი, უპატარძლო ქორწილი კი არასამთავრობო ორგანიზაციის სემინარს წააგავს, ეს კი ცუდია.
ნახეთ, რა მაგარი რამ მოხდა! წაიკითხეთ, გაეცანით, დაფიქრდით! ანშანტეეე!!!
„თბილისის საკრებულოს დეპუტატები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "თბილისის გენდერული ფორუმის" შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრას ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ადამიანის უფლება დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, ლილოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე, ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკარასაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციასთან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, მარგალიტა ხიდირბეგიშვილი დაესწრნენ“ - აი, ეს იყო ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში.
მაგარი იქნებოდა, ჩემს მეგობარ სააგენტოს რომ შეშლოდა და ასე რომ დაეწერა - „საკრებულოს ოთხკაციანი დელეგაცია...“ და ჩამონათვალი: „რიმა, გულიკო, ია და მარგალიტა“.
მაგარი კაცები, მოხერხებულები, მოუხელთებლები.
აი, თქვენ კი გაქრით მომავალი არჩევნების წინ!!!
მარგველაშვილმა იმ გენდერული ჯილდოს მიღებაზე რომ თქვა, წარმატებულ ქალთა რიცხვი ყოველდღე იზრდებაო, კაცებმა ეგრევე საპასუხო პენალტი დაურტყეს, რაც ნიუსად ასე გავრცელდა: „ვაკის პარკში ფეხბურთის ბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველ წუთს იზრდება“.
აბა, რა! კაცად უნდა ვარგოდე, თორემ წვერ-ულვაში კონჩიტასაც კი აქვს.
უ.უ. (უი, უი!) ისინი ძალზე მოხერხებულად და ეშმაკურად მოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში არ მოგვცემენ გამოაშკარავების საშუალებას. მათი დაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის გავლენიანი ბოსი თავის შესაძლებლობებთან შედარებით ხელგაშლილ ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ, მაშინაც კი, გამოაშკარავება ოპოზიციური პარტიების მხრიდან კი არ მოხდება, არამედ იმავე მმართველი პარტიის მტრულად განწყობილი ფრაქციისაგან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის წყალობით. (სეიტე მაცუმოტო, „მკვიდრთა სამყარო“)