ტიბერიუს გრაკხუსის რეფორმა ძველ რომში და მისი მნიშვნელობა დღევანდელი საქართველოსთვის

ტიბერიუს გრაკხუსის რეფორმა ძველ რომში და მისი მნიშვნელობა დღევანდელი საქართველოსთვის

ძველი წელთ აღრიცხვის II საუკუნე. რომის რესპუბლიკა პლანეტის უძლიერესი სახელმწიფოა. მას უკვე დამორჩილებული ჰყავს თითქმის მთელი დასავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი, სამხრეთი ბალკანეთი და თავის გავლენას ავრცელებს მცირე აზიის ნახევარკუნძულზე.

თუმცა, რომის რესპუბლიკის ოქროს ხანაში ხდება მოულოდნელი რამ - სახელმწიფო ფართოვდება და არმიის რიცხვი კი მცირდება. საქმე ისაა, რომ მაშინ მიღებული იყო არმიის ქონებრივი ცენზის მიხედვით გამოყვანა. ანუ, სენატორები და ისინი, რომელთაც შეეძლოთ ცხენის ყოლა, მხედრობას შეადგენდნენ და მიღებული იყო მხედართა ქონებრივი ცენზი, რომელიც გარკვეულ, დადგენილ თანხას შეადგენდა, შემდეგ მოდიოდნენ მძიმე ქვეითები, რომლებზეც თავისი ცენზი იყო დადგენილი. ისინი დღევანდელი სიტყვით, საშუალო კლასი, თავისუფალი ფერმერები იყვნენ. სწორედ ესენი შეადგენდნენ ლეგიონერთა ძირითად მასას. ვისაც უფრო ნაკლები შემოსავალი ჰქონდა, მსუბუქ ქვეითთა რიგებში ეწერებოდნენ, ხოლო უქონელ პროლეტარებს, იტალიაში წარმოებული ომებისას, შეეძლოთ არმიას უჭურველი გაჰყოლოდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, მოწინააღმდეგის განადგურებაში მიეღოთ მონაწილეობა, ნადავლის ხათრით. ერთი სიტყვით, არმიისა და საჯარისო სახეობების რაოდენობა მოქალაქეთა დემოგრაფიულ მდგრადობაზე და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე იყო დამოკიდებული.

ამა თუ იმ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, მისი მიწის ძირითადი ნაწილი რომაელი ხალხის საკუთრებად ცხადდებოდა და საზოგადოებრივი მიწების კატეგორიაში ტარდებოდა. ამ საზოგადოებრივი მიწებით კი წლების (საუკუნეების თუ არა) განმავლობაში, სხვადასხვა მანქანების წყალობით, სწორედ რომაული არისტოკრატია სარგებლობდა. ჩნდებოდა უზარმაზარი მეურნეობები, სადაც ძირითადად მონები იყვნენ დასაქმებულნი. აქედან გამომდინარე, მათი პროდუქცია უფრო იაფი და გასავლიანი იყო, ვიდრე თავისუფალ მიწათმოქმედთა. მიწათმოქმედნი ღატაკდებოდნენ და უფასო პურისა და სანახაობისთვის რომში იყრიდნენ თავს, ანუ პროლეტართა რიგებს ავსებდნენ. სწორედ ამიტომ, ისინი ცენზის მიღმა რჩებოდნენ და ვერც შორეულ ლაშქრობებში მიჰყვებოდნენ არმიას.

საზოგადოებრივი (სოციალური) თვალსაზრისით, დღევანდელ საქართველოშიც გარკვეულწილად მსგავსი ვითარებაა. კომუნისტური რეჟიმის წყალობით მოხდა შეძლებულ მეურნეობათა მოშლა (გაკულაკება), პროლეტარიატი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში წამყვან და ერთად–ერთ დაშვებულ საზოგადოებრივ ფენად გამოცხადდა (ოფიციალურად საბჭოთა მესვეურები საკუთარ წყობას პროლეტარიატის დიქტატურასაც უწოდებდნენ). მართალია, ეს პროლეტარები ვითომ დასაქმებულები იყვნენ, მაგრამ მათი ნაწარმი ვერ უძლებდა მონათა მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაპირისპირებას. მონათა თამაშს კი დღევანდელ ვითარებაში მანქანა–დანადგარები და ადრეულ სსრკ–ს პირობებში კი გულაგის პატიმრებიც ასრულებდნენ.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის პირობებში, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, განადგურებულ იქნა ჯერ კიდევ ჩანასახამდელ მდგომარეობაში მყოფი ქართული ეკონომიკა და ის გლობალური ეკონომიკის დანამატად იქცა. ანუ, ქართველი პროლეტარი მსხვილი კომპანიების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. ეს კომპანიები არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ, არამედ ჯანმრთელობისათვის მავნე ქიმიურ-ბიოლოგიური საშუალებებითაც უკეთურობდნენ. ქართველი გლეხი ღატაკდებოდა და დღიურ საშოვარზე ქალაქებში, ანუ ძირითადად თბილისში ჩამოდიოდა. ხდებოდა მთელი ერის გაღატაკება.

საქართველოს პირობებში ზემოთ აღნიშნული ვითარების მთელი სიმწვავე ისაა, რომ არსებობს შობადობის კონტროლი. ანუ, თუ რომში არსებული ვითარება მხოლოდ არმიას ურტყამდა, დღეს ის მთელ ერს გადაშენებით ემუქრება.

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ვითარების გამოსასწორებლად: დაიწყო ფულის ჩადება სოფლის მეურნეობაში, ამუშავდა გარკვეული პროგრამები გლეხების დასახმარებლად, შეიზღუდა მავნე პროდუქტების შემოტანა (ყველაზე ქმედითი რეფორმა), გაიხსნა უფრო მეტი ბაზარი საზღვარგარეთ. თუმცა ამას საკმარისს კი არა, ნახევარ რეფორმასაც ვერ ვუწოდებთ. მეათედზე ნაკლები გაკეთდა. მართალია, ამან შეაფერხა სოფლის გაღატაკების მდინარება (პროცესი), მაგრამ სრულად ვერ აღმოფხვრა ის. მით უმეტეს, რომ ფრიად საშურია, მიზნად არა არსებული სასოფლო რესურსის ამოქმედება დავისახოთ, არამედ საერთოდ სოფლის აღორძინება გაკულაკებამდელი ვითარების დონეზე მაინც.

ვნახოთ, როგორ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევას რომის რესპუბლიკაში.

***

ქრისტეს შობამდე 134 წელს სახალხო ტრიბუნად ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი აირჩიეს. სწორედ მან დაიწყო მიწის საკითხის მოგვარება. არსებობს ვარაუდი, რომ სემპრონიუს გრაკხუსები ეტრუსკული წარმოშობის დიდებულები იყვნენ. ტიბერიუსის მამა, ასევე ტიბერიუსი, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ხოლო ბაბუა დედის მხრიდან არც მეტი არც ნაკლები თვით სციპიონ აფრიკელი გახლდათ, სახელოვანი ჰანიბალის მძლე. თვითონ ტიბერიუსმა სახელი სამხედრო მოღვაწეობით გაითქვა. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ის პირველი აიჭრა კართაგენის გალავანზე და თავი გამოიჩინა იბერიის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბრძოლებშიც. ერთი სიტყვით, საქმე გვქონდა ძალიან კეთილშობილ და სახელმოხვეჭილ პიროვნებასთან.

მიწის საკითხის მოგვარებას ართულებდა ის გარემოებანი, რომ მრავალი გავლენიანი ოჯახი ამ მიწებს საუკუნეების მანძილზე ფლობდა (ფორმალურად სარგებლობდა) და მათი უფლებანი ამ მიწებზე ყიდვა გაყიდვის საგნად ქცეულიყო, ანუ უკვე არსებობდა მრავალი „კეთილსინდისიერი მყიდველი“. ტიბერიუსმა შეზღუდა ერთი კომლის სარგებლობაში არსებული ფართობი დაახლოებით 125–დან 250 ჰექტარამდე. ეს დამოკიდებული იყო კომლში ვაჟების რაოდენობაზე. ამაზე მეტი ფართობი მსარგებელს უნდა ჩამორთმეოდა და დარიგებოდა უმიწო პროლეტარებს კომლზე დაახლოებით 7,5 ჰექტრამდე. ამასთანავე ეს მიწა მათ არა საკუთრებაში, არამედ ე.წ. „საშვილიშვილო იჯარაში“ გადაეცათ. ანუ, მიწა ამოვარდა სავაჭრო ბრუნვიდან. საკითხის მოსაგვარებლად შეიქმნა სპეციალური კომისია.

მართალია, განაწყენებულმა სენატორებმა, გარკვეული პოლიტიკური საბაბის მიღებისთანავე, ტიბერიუსი ჩაქოლეს, მაგრამ რეფორმა გაგრძელდა. თუმცა, იყო გარკვეული შერბილებები, ანუ დაცულ იქნა „კეთილსინდისიერ მყიდველთა“ უფლებები. შედეგი კი ძალიან თვალსაჩინო გამოდგა. მაშინ, როცა ცენზის მფლობელთა რაოდენობა განუხრელად მცირდებოდა, ქრისტეს შობამდე 125 წლის აღწერაში მათი რაოდენობა 76 000–ით გაიზარდა. ამაში კიდევ სხვა ღონისძიებანი (ცენზის შემცირება) იყო ჩართული, მაგრამ რეფორმების დამსახურებას გვერდს ვერ ავუვლით. ეს გამოჩნდა ხალხის პატივისცემაში ტიბერიუსის ძმის მიმართ. შემდეგ იყო ქრისტეს შობამდე 105 წლის მარიუსისა და რუფუსის სამხედრო რეფორმები, როცა რომი მთლიანად პროფესიონალურ არმიაზე გადავიდა და გაწყდა პირდაპირი კავშირი ჯარსა და ხალხს შორის. სწორედ გრაკხუსებისა და მარიუსის–რუფუსის რეფორმებმა შეუმზადეს ნიადაგი პომპეუსისა და კეისრის ლაშქრობებს, ხოლო ხალხისა და ჯარის კავშირის გაწყვეტამ კი გამოიწვია იმპერიის ჩამოყალიბება. მოკლედ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეფორმამ თავისი შედეგი გამოიღო.

საინტერესოა, რომ მსგავსი ღონისძიება გაატარა ჟორდანიას მთავრობამ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, აღნიშნული ღონისძიება გაკეთდა კლასობრივი ბრძოლის პირობებში, მენშევიკური მთავრობა სულ სხვა მიზნებს ისახავდა და ღონისძიებას უკუღმართად უძღვებოდა, ამ რეფორმის შედეგად 1920 წლისათვის დაარსდა 23 ახალი სოფელი 2072 კომლით. როგორც ხედავთ, შედეგი შთამბეჭდავია.

ზემოაღნიშნულიდან თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ, რომ დღევანდელ საქართველოშიც მსგავსი რეფორმა ფრიად საჭირო და აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია მრავალი ადგილობრივი თუ დროისმიერი მოვლენა. დღევანდელ დღეს, ჩვენთან მხოლოდ 5 ჰექტამდე მიწა ითვლება მცირე საოჯახო მეურნეობად. ანუ, თუ მეტი გაქვს, უკვე კაპიტალისტი ხარ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით მაშინ, როცა მეფის რუსეთის დროს ერთ გლეხს საქართველოში ოჯახის გამოსაკვებად სჭირდებოდა მევენახეობის მხარეში 4 დესეტინა, ანუ 4,36 ჰექტარი, ხოლო მევენახეობის არმქონე მიწათმოქმედების რეგიონში 5 დესეტინა, ანუ 5,45 ჰექტარი. აქედან ფაქტია, რომ თუ კაპიტალისტი არ ხარ მშიერი უნდა მოკვდე. ხოლო გრაკხუსი კი უქონლებზე 7,5 ჰექტარ მიწას იძლეოდა. ყველაზე ცოტა, 7 ჰექტრამდეა ასაყვანი გლეხების მიერ მოსახმარი ფართობების რაოდენობა.

საერთოდ, სოფლის მეურნეობა მაღალი რისკებით გამოირჩევა. ანუ არსებობს მოუსავლიანი წლები. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიებით რისკები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მაგრამ აქ საჭიროა მოსავლიანობასა და ეკოლოგიურ დაბინძურებას შორის მყიფე წონასწორობის დაცვა. იმიტომაცაა აუცილებელი საკმარისი ფართობის ქონა და სხვადასხვა ჯიშების მოშენება, რათა რაღაც მარაგი გვქონდეს მოუსავლიანობისას. სწორედ იმიტომაც იძლეოდა ტიბერიუს გრაკხუსი არა 4,5 ან 5,5, არამედ მთელ 7,5 ჰექტარ ფართობს, რომ შექმნილიყო მტკიცე მეურნეობა.

გრაკხუსისეული რეფორმის ჩვენთან გასატარებლად საჭიროა:

აიკრძალოს კერძო ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე 1 კვ. კილომეტრის ანუ 100 ჰექტარზე მეტი ფართობის ფლობა–სარგებლობა, უმკაცრესი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს მესამე პირების გამოყენებით, აღნიშნული ნორმის გვერდის ავლაზე. მსგავსის აღმოჩენისას პირს უნდა ჩამოერთვას მიწის მთლიანი რესურსი და დარჩეს მხოლოდ 10 ჰექტარი ნაკვეთი. საჭიროებიდან გამომდინარე, პირს შეიძლება გადაეცეს ნორმაზე მეტი ფართი (არა უმეტეს 4 000 ჰექტარისა) მხოლოდ რეფერენდუმის შემთხვევაში;

უნდა შედგეს მიწის სახელმწიფო აღწერა (კადასტრი) და დეტალურად გაიწეროს ყოველი ჰექტარი ნაკვეთი. სახელმწიფოს ხელში არსებული მიწები დაიყოს ნადელებად მინიმუმ 4 ჰექტრის ოდენობით. ფართობის სიდიდე გათვალისწინებული უნდა იყოს მიწის ბუნებიდან და რეგიონიდან გამომდინარე;

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს ცოლ–შვილი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს საშვილიშვილო იჯარაში მიწის ნადელი საჭირო ტექნიკით და სათანადო ლიტერატურით, რომელიც დაეხმარება არსებულ რეგიონში მეურნეობის ხეირიანად წარმართვაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეკოლოგიური წონასწორობის დაცვას.

მოდით, ზემოაღნიშნული წინადადება განვიხილოთ პუნქტობრივად:

დღეს 100 ჰექტარზე მეტი მეურნეობა ძალიან იშვიათია და სახელმწიფოს შეუძლია ფიქსირებული წესით გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს მესაკუთრეებს. არსებობს კომპანიები (მაგალითად ნავთობსადენების ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებათა მმართველი კომპანიები), რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ მიწის დიდი ფართები, რაც უნდა დაუმტკიცდეთ რეფერენდუმის შემდეგ. მანამდე სახელმწიფომ და კომპანიამ ერთობლივად უნდა განახორციელონ კონტროლი აღნიშნულ მიწებზე, თუ კომპანია უკვე ფლობს მას, ან სარგებლობს ამ ფართით. არსებობენ სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიები, რომლებმაც შეიძლება რეფერენდუმზე გაიტანონ თავიანთი წინადადებები, ან აწარმოონ საქმიანობა 100 ჰექტრის ფარგლებში მონაცვლეობით. ანუ, ჯერ 100 ჰექტარში იმუშავონ, გარკვეული ფართობების სრული დამუშავების შემდეგ სახელმწიფოს გადასცენ ხსენებული ფართობები და სანაცვლოდ მიიღონ ახალი. ასე რომ, ჩვენი სახელმწიფო წესით, არ უნდა შეხვდეს ისეთ მწვავე წინაღობებს, რომელსაც რომაელი ტრიბუნი ცხვირით დაეჯახა და მათი დაძლევა სიცოცხლის ფასადაც დაუჯდა.

მიწის სახლემწიფო აღწერა უნდა მოხდეს დიდი დაკვირვებით და სრული მოცულობით. აქ უნდა იყოს ჩართული ყველა შესაძლო წილის მქონე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი დაწყებული აგრონომებით და გეოლოგებით, სამხედრო სპეციალისტებით დამთავრებული. მიწის ნადელებად დაყოფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს: ა) მიწის აგრარულ დანიშნულებას და მისი წყლით მომარაგების საქმეს, ანუ თუ რაღაც აკლია, ემატება ფართობი.

ბ) კლიმატურ–გეოლოგიურ პირობებს, ანუ თუ ნაკვეთი მდებარეობს მკაცრ კლიმატურ პირობებში, აქაც უნდა მოხდეს ფართობის დამატება, ხოლო გეოლოგიურად არამდგრადი ფართობის შემთხვევაში, ნადელს უნდა დაემატოს საკარმიდამო ნაკვეთი მდგრად ნიადაგზე, არა უმეტეს 1 000 კვ. მეტრის.

გ) მიწის სტრატეგიულ–დემოგრაფიულ დანიშნულებას, ანუ სამხრეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ფართობი გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.

მყარი მეურნეობის შესაქმნელად საჭიროა პირი იყოს დაოჯახებული და სამეურნეო საქმეები უნდა იყოს გადანაწილებული. დღევანდელ ვითარება მოითხოვს მეურნეობის ტექნიკურ და სამეცნიერო უზრუნველყოფას რაღაც დონეზე მაინც. აგრეთვე აუცილებელია, ოჯახმა ადგილზე მიიღოს რაღაც თავშესაფარი, ქოხი, თუნდაც კარავი (კლიმატური პირობების გათვალისწინებით), გარკვეული მასალა სამეურნეო ნაგებობების გასამართავად. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია მიწის არა მარტო ფართობი, არამედ მოცულობაც. მიწის სიღრმე და სიმაღლე უნდა შეადგენდეს კონუსს, რომელიც წავა ნაკვეთის პერიმეტრიდან 89,2 გრადუსით. სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, სახელმწიფომ მსურველს უნდა შესთავაზოს თავისუფალ ნადელთა ბაზა, მიაწოდოს ინფორმაცია ნადელების ტიპებისა და მათი თავისებურებების შესახებ, პიროვნების მიერ ნადელის არჩევის შემდეგ, მიწის მართვის უწყების წარმომადგენელი სოფლის გამგებელთან ერთად, უნდა მიჰყვენენ ამ პიროვნებას ადგილზე და მიუთითონ ნადელის ზუსტი საზღვრები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაფორმდეს საშვილიშვილო იჯარა.

აქვე მოსაგვარებელია სხვა საკითხებიც. მთელი სასოფლო სამეურნეო ფართობი უნდა დაიყოს სოფლებად. თოთოეულ სოფელს, ნადელების გარდა, უნდა გამოეყოს სანახირე საძოვრები და ტყე. მოსაგვარებელია საქონლის ჯოგების და ცხვრის ფარების საკითხი. შესაძლებელია, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საშვილიშვილო იჯარის მსურველს გარკვეულ რეგიონებში გამოეყოს მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთი 2 ჰექტრამდე, სამაგიეროდ გადაეცეს საზაფხულო და საზამთრო საძოვრები გონივრულ ფარგლებში. აქვე გასათვალისწინებელია „მწვანე გზები“, რომლებიც საზაფხულო და საზამთრო საძოვრებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

აღნიშნული ღონისძიების შედეგები ფრიად სასარგებლო უნდა გამოდგეს საქართველოს დემოგრაფიული მდგრადობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.

უნდა მოხდეს სურსათის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობებსება მისი გაძვირების გარეშე; ქვეყნის სასურსათო ბაზარი თითქმის მთლიანად უნდა გაჯერდეს ადგილობრივი პროდუქციით და მნიშვნელოვნად გაიზარდოს სურსათის ექსპორტი; მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ფასები სტრატეგიულ პროდუქტებზე (ხორბალი, რძე, კვერცხი). თუმცა, ამისათვის სხვა ღონისძიებების გატარებაც იქნება საჭირო - უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგრადობა, ანუ მათზე ნაკლებს გავლენას უნდა ახდენდეს ეკონომიკური რყევები; უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და მომავლის სასოს გამყარება. ანუ, ხალხი თავს უფრო ბედნიერად უნდა გრძნობდეს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით: ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ძალადობის შემცირება, კულტურული განვითარება. ყველა ესენი ერთად დიდად უნდა წაადგეს საქართველოს უპირველესი გამოწვევის შობადობის მნიშვნელოვანი გაზრდის საქმეს.

PS. რა თქმა უნდა, ამ სტატიას არ აქვს აკადემიური კვლევის პრეტენზია, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ღირს დაფიქრებად!