ზაფხული სურსათის კონტროლის თვალსაზრისით ძალიან მკაცრი აღმოჩნდა. საუბარია არა უბრალოდ სამომხმარებლო ბაზრის შემოწმებაზე, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ახალ ნორმატიულ აქტებზე. ივლისიდან გმო პროდუქტები შეავიწროეს, აგვისტოდან კი არანატურალური ნედლეულისგან დამზადებული რძის ნაწარმის ჯერი დადგება.
შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებზე სასურსათოდ გამოსაყენებელი გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლი განხორციელდება.
„გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმად ითვლება ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს გამრავლების, ან გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი. საუბარია ძირითადად სათესლე და სანერგე მასალებზე, მაგრამ აქვე იგულისხმება ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასევე გამრავლების უნარი.
როგორც ცნობილია, პირველ ივლისს ამოქმედდა კანონი გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების წესების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, შემუშავებულია ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს საბაჟოს საზღვრებზე ამ ტიპის სურსათის სასაზღვრო კონტროლის წესი. ამ წესის მიხედვით, საბაჟო კონტროლს დაექვემდებარება ყველა პროდუქტი, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს და მასზე უნდა იყოს მითითებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ სპეციალური ნიშანდება. თუ ასეთი ნიშანდება არ არის, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტების მიხედვით, რომ არ შეიცავს ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი მოხვდება რისკის პროდუქტში და გადაეგზავნება ლაბორატორიაში კვლევაზე“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გაკონტროლდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც შემოვა იმპორტის სახით. მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით გენმოდიფიცირებული პროდუქცია აღმოჩენილი არ ყოფილა საქართველოს საბაჟო საზღვარზე.
„პირველი იანვრიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვაკონტროლებთ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტს საქართველოში. ახლა უკვე მზად არის ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების პროექტი, რომელზეც ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გაკონტროლებას“, - ამბობენ შემოსავლების სამსახურში.
სურსათის კონტროლის თვალსაზრისით ზაფხული საკმაოდ დატვირთულია და ბევრი სიახლეც ხორცილდება. აგვისტოდან რძის წარმოებას დაუწესებენ მკაცრ, მაგრამ აბსოლუტურად სამართლიან მოთხოვნას.
1-ლი აგვისტოდან, მწარმოებლები და დისტრიბუტორები რძის პროდუქტების წარმოებაში არაცხოველური ცხიმის ან სხვა დანამატების შემთხვევაში, ტრადიციული ბრენდების დასახელებას - ხაჭო, მაწონი, არაჟანი, კეფირი, იოგურტი - ვეღარ გამოიყენებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგულირების სხვა ძირითადი მუხლები 5 წელიწადში ეტაპობრივად ამოქმედდება. ამასთან, მცენარეული ცხიმის გამოყენების შემთხვევაში ტერმინი „მსგავსის“ ან „მაგვარის“ გამოყენება დაშვებულია 1 წლის განმავლობაში, ანუ 2016 წლის 1-ელ აგვისტომდე.
რეგლამენტი, რომელიც რძის პროდუქტების მარკირებას და სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებს გულისხმობს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა. 1 აგვისტოდონ ამოქმედებული მარკირებით, მცენარეული ცხიმით დამზადებული რძის პროდუქტის მაწვნად, არაჟნად და ხაჭოდ დასახელება იკრძალება, თუმცა სახელწოდების შერჩევისას კომპანია არ იზღუდება, შეუძლია ნებისმიერი სახელი შეარჩის მაგ: „მაწვნუკა“ ან „არაჟნისი“, „იოგურტის მსგავსი“, „კეფირის მაგვარი“.