სპეცრაზმელები ფირცხალავას და ცააძეს წინააღმდეგ

სპეცრაზმელები ფირცხალავას და ცააძეს წინააღმდეგ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა მხარეთა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საქმე მას შემდეგ გართულდა, რაც კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითმა სპეცრაზმელებმა, სასამართლოს სპეცოპერაციის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს. for.ge-ს ინფორმაციით სპეცრაზმელებმა ჩვენება ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს წინააღმდეგ მისცეს, სწორედ ისინი დაასახელეს როგორც სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები. ამ დრომდე დაკითხულია მხოლოდ სამი სპეცრაზმელი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე სპეცრაზმელების დაკითხვის პროცესი დაიხურა.

საქმის პროკურორი ლევან ადეიშვილ ადასტურებს, რომ დაკავებულმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენებები მისცეს სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ.

„ჩვენებებში ბრალდებულებმა ახსენეს მაღალჩინოსნები. მათ ისაუბრეს იმის ირგვლივ, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების ჩვენებები მამხილებელია“, - განაცხადა ლევან ადეიშვილმა.
ბრალდებული სპეცრაზმელების ადვოკატი, იაგო სოხაშვილ კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა თქვეს სიმართლე.

„რიგითმა სპეცრაზმელებმა, რომლებიც დაიკითხნენ, მამხილებელი ჩვენება მისცეს ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ ცალსახად იყვნენ ეს ადამიანები ხსენებული“, - ამბობს იაგო სოხაშვილი.

ამ გახმაურებული სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების ადვოკატი, დავით ხაჟალია ამბობს, რომ პროკურორის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, იქედან გამომდინარე, რომ რიგითმა სპეცრაზმელებმა ჩვენება დახურულ კარს მიღმა მისცეს და საზოგადოებისთვის მათი ჩვენების დეტალები უცნობია.

„ბევრი პროკურორის განცხადება მსმენია მამხილებელ ჩვენებებზე, რომელიც შემდგომ საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს სასამართლო სხდომაზე. ეს განცხადებები ჩემთვის არაფერს ნიშნავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამ ეტაპზე ვინმეს უდანაშაულობაზე ან დამნაშავეობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან სასამართლო განხილვები მიმდინარეობს და სწორედ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა პირი დამნაშავე“, - აცხადებს დავით ხაჟალია.

სპეცრაზმელების მხრიდან ხელმძღვანელების წინააღმდეგ მამხილებელ ჩვენებებზე განცხადებებს უფლებების დარღვევად მიიჩნევს, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა. ბრალდებულ ფირცხალავას განმარტებით, ის ფაქტი, რომ დახურულ სხდომაზე რიგითები ხელმძღვანელების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებებს, ხოლო ე.წ. მხილებულებს დაცვის უფლება არ აქვთ, ბაკჰანალიაა.

„პროკურატურის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებას, რომ დახურულ პროცესზე სპეცრაზმელებმა მისცეს მამხილებელი ჩვენებები მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. მინდა გავერკვე, რა ხდება? რატომ ხდება სხდომის დახურვა, იმ დროს, როცა ყველა ლაპარაკობს თავისუფალ და მიუკერძოებელ სასამართლოზე? თუ სადმე, რომელიმე მოწმე ჩვენს გვარებს ახსენებს, ჩვენ უფლება გვაქვს, თავი დავიცვათ. თუ ასეთი ბაკჰანალია გაგრძელდა, სხდომებს საერთოდ აღარ დავესწრები“, - განაცხადა შესავალი სიტყვის წარმოთქმისას ირაკლი ფირცხალავამ.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული და სპეცოპერაციის კიდევ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი გიორგი ცააძე, პროკურატურას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ედუარდ სინდოიანის ჩვენების თარგმანის გაყალბებაში ადანაშაულებს. ცააძე ამბობს, რომ სინდოიანმა ჩვენება უკარინაში რუსულ ენაზე მისცა, სადაც ნახსენები არ არის ვინმე კონკრეტული პირი და არც მის მიმართ ძალადობის გამოყენება. თუმცა პროკურატურამ საკუთარ თარგმანში ჩაწერა, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი. როგორც ცააძე განმარტავს 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ სინდოიანს დაკავებისას თავად ესაუბრა და სინდოიანმა აღიარა, რომ ის ვაზაგაშვილთან და ფუთურიძესთან ერთად საყაჩაღოდ მიდიოდა. 

„ახლა ეს პიროვნება ამბობს, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე მასთან მიდიოდნენ, რათა ის დახმარებოდა ნარკოტიკის შეძენაში. სინამდვილეში საქმეში დევს დისკი, სადაც მე მას ვესაუბრები და ეს დისკი დიდი ხანია ცნობილია. სინდოიანის ვინაობა თავიდანვე ცნობილი არ იყო, ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ტელეფონის ნომერი, შემდეგ მოხდა ამ პირის დადგენა. მოიყვანეს იგი და მე გავესაუბრე. 14 წელი ვიმუშავე პოლიციაში, ოპერატიული მუშაკი ვარ, ჩეკისტი ვარ და ჩეკისტურად შევუსრულე, დავსვი და აღიარა, რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენ“, - განაცხადა გიორგი ცააძემ.

მისი თქმით, საკონტროლო გასროლა მას არ განუხორციელებია და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში იგი ჩეზე-ს ტიპის იარაღით იმყოფება.

„არავითარი საპროცესოზე საუბარი არ მსურს, მე ვარ მართალი და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. გასულ წელს კორტების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დამიბარეს და მითხრეს, ვიცით რომ ფირცხალავამ იარაღები ჩადო და დაგვეხმარე მოწმეების მოძიებაშიო. ვუთხარი, რომ მაგაში ვერ დავეხმარებოდი, სხვაში რაც სურდათ შეეძლოთ ეთხოვათ“, - განაცხადა გიორგი ცააძემ.

მუხედავად ბრალდებულების განცხდებისა, იური ვაზაგაშვილის და, მამანა ვაზაგაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილია დანაშაული, რასაც მისივე თქმით, მისი ძმა ცხოვრების მანძილზე აცხადებდა.

„დიახ, ზურა მათ მოკლეს და ეს იყო განზრახ მკვლელობა. ამბობენ, რომ მათ არ უსვრიათ. მაშინ ვინ ჩაცრილა ის მანქანაში?! ფირცხალავა, რომელიც ჩვენებაში ყოველთვის ამბობს, რომ ზურა საყაჩაღოდ მიდიოდა, თავის ცოდვებს მიხედოს და თავის დანაშაულებზე ილაპარაკოს, რადგან თვითონ ყაჩაღიც იყო, ქონებასაც ართმევდა, ხალხსაც ხოცავდა და ბიზნესსაც ართმევდა. ესენი არიან მკვლელები და ამას ამტკიცებდა ჩემი ძმა 9 წლის განმავლობაში, რის გამოც მისი შვილის საფლავზე მოკლეს“, - ამბობს მანანა ვაზაგაშვილი.

ე.წ. კორტების სპცოპერაციის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 12 პირი მისცეს. ბრალდებულებს შორის 7 რიგითი სპეცრაზმელა. ბრალდებამ რიგითების და სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საქმე გაყო, რადგან ხელმძღვანელ პირებს ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობა.