ზურაბ ადეიშვილის ბიძაშვილი ყვარლელებს ”ჭკვიანად მოქცევას” ურჩევს

ზურაბ ადეიშვილის ბიძაშვილი ყვარლელებს ”ჭკვიანად მოქცევას” ურჩევს

ხელისუფლების უკანონო ქმედებების შედეგად კახეთის სოფლებს დაცლის საფრთხე ემუქრება. ოპოზიციური ”ქართული პარტიის” ლიდერები სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი და თეო ტლაშაძე ყვარლის რაიონის სოფლებს წიწკანაანთსერს და კუჭატანს ეწვივნენ და ადგილობრივი მოსახლეობის უმძიმეს პრობლემებს გაეცნენ. აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებმა მათ დახმარებისთვის იმ მიზეზით მიმართეს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ საძოვრების გამოყენება ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა და საერთო სარგებლობის მიწებს მავთულხლართები შემოავლო.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული მიწების ნაწილი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა და პარლამენტარმა არჩილ გეგენავამ შეისყიდეს, დანარჩენი - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

 

”ქართული პარტიის" ლიდერები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ”ეს საკითხი იურიდიული დავის საგანი გახდება და მას შემდეგ, რაც დღევანდელი ხელისუფლება შეიცვლება, სამართლიანობის აღდგენას წინ ვერაფერი დაუდგება”.

 

ამ სოფლებს მიწის საკითხის გარდა, სხვა პრობლემებიც აწუხებს, კერძოდ, სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხები ვითომ წყალგაყვანილობასა და გზის შეკეთებაზე დაიხარჯა, მაგრამ სოფლებს არც წყალი აქვს და არც გაზი. გარდა ამისა, წიწკანაანთსერსა და კუჭატანში ვაუჩერები დღემდე არ მიუღიათ, თუმცა, ხელისუფლებისგან მიტოვებული სოფლების რეალურ გასაჭირზე სჯობს თავად სოფლელებს მოვუსმინოთ:

 

ჯამბულათ ნაგაევი, სოფელ წიწკანაანთსერის მაცხოვრებელი: სოფლის ბოლოში, ტყეში შესვლის უფლებას არ გვაძლევენ. გლეხ ხალხს გვინდა, რომ იქ წაბლი, სოკო, ღანძილი მოვკრიფოთ. პარლამენტარ არჩილ გეგენავას საკუთრებაა და გზაზე გავლის უფლებაც კი ჩამოგვართვეს. ბოლო ორი წელი ასეთი მდგომარეობაა. იქ დაცვა დგას და ყველაფერს აკონტროლებს. სასტუმრო აქვს, უცხოელები ჩადიან დასასვენებლად, აქაურ გლეხებს კი თავის ტერიტორიაზე გასვლის საშუალებასაც ართმევენ”.

 

ზიზი ლაკოევი: ”რამდენჯერაც რაიონის გამგეობაში მივედი და კუთვნილი სურსათის

ვაუჩერი მოვითხოვე, იქ არც კი შემიშვეს. კაცია და გუნება, უარი მითხრეს. იციან, რომ ცოდნა, განათლება მაქვს, დავუპირისპირდები და ახლოსაც არ მიკარებენ. გამგებელს - ლევან გამსახურდიას - პირადად ვიცნობ. ჩემს თვალწინ კაბინეტიდან გავიდა და მდივანი მიმტკიცებს, ერთი საათია, რაც წავიდაო.

 

ასევე, ჯანმრთელობის დაცვის პოლისები გვაქვს, მაგრამ ჯიბეში გამოუყენებლად გვიწყვია. ოპერაცია თუ დაგვჭირდება, თუ დავიხოცებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგვადგება საიქიოში ეს პოლისები. ვერ ვიყენებთ, რადგან სოფელ გავაზში, ”იმედი ელ”-ის საავადმყოფოსთან ვართ მიმაგრებულები. იქ ყვარელზე შემოვლითი გზით უნდა ვიაროთ, რის საშუალებაც არ გვაქვს. ჯერ ლარად ყვარელში უნდა ავიდეთ, მერე იქიდან, ლარნახევრად - გავაზში. ვეხვეწებით, გადაგვიყვანეთ-თქო და არ გადავყავართ. ყვარელში კი მარტო კბილის ექითან შეიძლება მისვლა. გამგებელს ეს პრობლემა აქ ხალხის წინაშე მოვახსენე, მაგრამ მაჩუმებდა.

 

რაც შეეხება მიწების პრობლემას... სოფელს საძოვარი აღარ აქვს. მარტო საძოვარი კი არა, ყვარელზე მიერთებული ეთერზეთების ქარხანა-მეურნეობა გვქონდა, ჯერ კიდევ 1965 წლიდან მოყოლებული. ის რომ დაიშალა, სათბურებიც გაქრა, რკინაც კი შეჭამეს და მიწები გაყიდეს. სოფელი უმუშევრად და უმიწოდ დარჩა. ვინ იყიდა და - გეგენავამ, პაპაშვილმა და მისთანებმა. აქ სხვა ვინ იყიდდა?

 

მხოლოდ საკარმიდამო 25 მეასედი და 10 ჰექტარი საძოვარიღა დაგვრჩა, მეტი არაფერი. სოფელში კი 180-მდე ოჯახი ცხოვრობს. სად წაიყვანოს ამ ხალხმა ძროხა, სად აძოვოს? ამაზე პასუხს არავინ გვცემს. ის კი არა, შეიძლება ეს დარჩენილი მწირი მიწაც აასხლიტონ სოფელს”.

 

პარმენ ბაგაევი, 77 წლის: ”გთხოვთ, რაღაც გვიშველეთ. ფრონტზე ნამყოფი კაცი ვარ და იქაც არ მინახია ისეთი რამ, რაც აქ გაგვიკეთეს და დღესაც გვიკეთებენ. იქით მხარეს კაკლების ხეივანია, 14-15 წლის ასაკში ჩემი ჩაყრილია, მოვლილია და დღეს იქ ფეხსაც არ გვადგმევინებენ. ახლა გეგენავამ დაიპატრონა ეს ტყეები, საძოვრები და არც კი შემეკითხა, ეს მიწა ვინ ეკუთვნოდა. მოხნეს მიწა და იქ ბროწეულები და ხურმები ჩაყარეს. საცაა სამარისკენ გზა ხსნილი მაქვს, მაგრამ ასეთი ცხოვრებაც არავის სჭირდება. ეს სოფელია, რომელსაც არსებობისთვის მიწა, საძოვრები სჭირდება, ესენი კი ყველაფერს გვართმევენ. სოფელს ყურადღების მიქცევა სჭიდება. ამ გეგენავამ კი სოფელი, როგორც საქონელი, ისე ალყაში მოგვაქცია და დაგვამწყდვია. აბა, ამაზე მეტი უბედურება რა გითხრათ?”

 

თამაზ ჯაოშვილი: ”დავიწყოთ იქიდან, რომ თავიდან, მიწის განაწილებისას, ოჯახს ჰექტარი და 25 მეასედიც არ შეხვდა, როგორც ეს ყველგან იყო. არ შეხვდა - არ შეხვდა, მაგრამ საძოვრების მხრივაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. სოფელში სადღაც სამას სულამდე ძროხაა. ამ რაოდენობაზე 10 ჰექტარი მიწა არის გამოყოფილი. წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცეში სამასი ძროხა ვერანაირად ვერ მოძოვს და ვერ იბალახებს.

 

ეს მიწები, რასაც უყურებთ, სოფლის, ხალხის კუთვნილება იყო. ადამიანები ხნავდნენ, თესავდნენ და ამით თავს ირჩენდნენ. ხორბალი, სიმინდი, ქერი მოჰყავდათ - რის საშუალებაც კი იყო. წელსაც ასევე უნდოდათ გაეგრძელებინათ; ერთმა პიროვნებამ მიწა შემოდგომაზე მოხნა კიდევაც, რომ ახლა კარგი მოსავალი მოსულიყო, მაგრამ უთხრეს - გაჩერდი, ეს მიწა აღარ გეკუთვნისო. დღესდღეობით ეს მიწები გაყიდულია. ვისზე და რაზე - საიდუმლოებაა.

 

ამ მიწების გვერდით არსებული 40 ჰექტარი ტერიტორია ბროწეულით და თხილით გაავსეს, ესეც სოფლის ტერიტორია იყო. აქაც საუბარია იმაზე, რომ უნდა მოიხნას და ხეხილი ჩაიყაროს. დავრჩით 25 მეასედ საკარმიდამო და ნახევარ ჰექტარ გარეთა მიწის ანაბარა.

 

გვრჩება ერთადერთი - ამ ძროხების გაყიდვა. მერე წავალთ და დავჯდებით მთავრობის სასახლესთან. აბა, სხვა საქმე ჩვენ აღარ გვექნება და თავში რა ვირტყათ? კარგად იცით, რომ მთელ კახეთის რეგიონში ღორი გაწყდა და აღარ არის. გლეხმა რომ ხორბალი არ დათესოს, სიმინდი არ მოიყვანოს, იმ ქათამსაც ხომ ვეღარ შეინახავს? იძულებული ხდები, დატოვო შენი სოფელი და წახვიდე. მაგრამ სად უნდა წახვიდე? ეს არის საკითხავი”.

 

ანალოგიური მდგომრეობაა სოფელ კუჭატანშიც, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებელი ეკა ფუნჯავაძე გვესაუბრება:

 

”ჩვენთანაც უმთავრესი მიწის პრობლემაა. ჩვენი მიწები გაყიდულია. საბუთებში გვიწერია, რომ სოფელს 100 ჰექტარი მიწა აქვს, სინამდვილეში კი 17 ჰექტარიც აღარ არის დარჩენილი. ვიცით, რომ ადრინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს ჩუმად უნდა ეყიდა, მაგრამ ახლანდელმა მფლობელებმა ეს გაიგეს, ცოტათი მეტი მისცეს და მათ გადასცეს ჩვენი საძოვრები. თითო სულ ძროხას ვეღარ ვინახავთ, აბა სოფელში რით ვიარსებოთ? გამგებელი გვპირდება დახმარებას. გუშინაც შეგვხვდა და გვითხრა, ამ საკითხს მოგიგვარებთო, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის. მანამდე კი ეს საძოვრები უკვე მოხნეს და არც კი ვიცით, რა გვეშველება”.

 

ჟუჟუნა კაჯაევა: ”ოსის ქალმა ორი ქართველი ვაჟკაცი გავზარდე. თავს ვინახავთ საქონლის მოვლით. არც პენსია მაქვს, არც ხელფასი და არც დახმარება. თავი რით ვირჩინო, მარტო ესღა მაინტერესებს. გამგებელსაც მხოლოდ ეს მოვახსენე. მან კი გვითხრა, მიწა გაყიდულია, თქვენმა სოფლელმა ბიჭმა იყიდა და მე ვეღარ დაგეხმარებითო. ვუპასუხე - 13 წელია ეს საქმე ძიებაშია და როგორ გაყიდეთ მეთქი. თუ მართლა მისი საკუთრება იყო, ღამით რატომ მოხნა მეთქი. თავისი საკუთრებაა, გინდა ღამით მოხნავს, გინდა დღისითო.

 

არავისი მეშინია, მაღალი ღმერთის გარდა. დღესაც ბევრს აქ გამოსვლა უნდოდა, მაგრამ ემუქრებიან და ეშინიათ. ზოგი სკოლაში მუშაობს და ეშინიათ, სამსახურიდან მოხსნიან. სხვა არაფერი გვინდა, დაგვიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი საძოვრები. პოლიტიკა მე არ მაინტერესებს. დაგვიბრუნეთ ის, რაც ჩვენი საკუთრებაა”.

 

შექმნილ ვითარებაზე კომენტარს ”ქართული პარტიის” ლიდერები აკეთებენ.

 

თეო ტლაშაძე: ”ის პრობლემა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გორის ერთ-ერთ სოფელში იყო, ერთი კონკრეტული სოფლის პრობლემა არ არის. ეს ზოგადად, მთელი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს - როდესაც ქართველ გლეხს მიწას ართმევენ, ვიღაც უცხო, გადამთიელი ქვეყანაში შემოჰყავთ და მას აძლევენ. ამას აკეთებენ მოტყუებით. მოსახლეობამ საერთოდ არ იცის, როდის, რა პირობებში გაიყიდა მათი კუთვნილი მიწა, ან ვინ არის მესაკუთრე. მათ მხოლოდ ერთი უნდათ - დაუბრუნონ მიწა, რათა მეცხოველეობა განავითარონ. ეს კი, ქართული სოფლის და მთლიანობაში ქვეყნის განვითარებას წაადგება.

 

ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას ხელისუფლებას გავაცნობთ, ახლოდან დავანახვებთ. თუ ისინი ამას ვერ მოაგვარებენ (ალბათ - არ მოაგვარებენ, რადგან საკუთარ თავს არ დასჯიან), მაშინ პრობლემას ჩვენი ძალებით გადავწყვეტთ. რა ფორმით და როგორ, ამას ყველა ძალიან მალე დაინახავს.

 

მოსახლეობას შევუთანხმდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მასშტაბურ აქციას ჩავატარებთ. ჩვენ აქ კვლავ დავბრუნდებით, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ ადგილას, სადაც აღნიშნული უამძიმესი პრობლემა იდგება. გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ. რაც შეეხება მასშტაბურ აქციას, მას დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში ჩავატარებთ”.

 

ეროსი კიწმარიშვილი, ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი: ”დღევანდელ ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამათ სახრეებით გავყრით და წელსვე დავამთავრებთ! როგორც ძალით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ასევე ძალით წავლენ. ხალხი ამ სოფლებში ცხოვრების გაგრძელების პერსპექტივას და კონკრეტული საარსებო გარემოს შექმნას ითხოვს. ეს ერთი, და მეორე - რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ისინი ამ ძალადობისა და უსამართლობის დამთავრებას ითხოვენ. ადამიანები სრულ განცხრომაში მყოფი ხელისუფლების სწრაფად მოშორებას ითხოვენ,

რომელიც მათ ზემოდან დაჰყურებს და ბუზის ტოლადაც აღარ მიიჩნევს. დავპირდით, რომ ამ რეჟიმს რაც შეიძლება სწრაფად მოვაშორებთ, თუმცა მანამდე ამ შუალედურ პრობლემებს მოვუგვარებთ”.

 

სოზარ სუბარი, ქართული პარტიის თავმჯდომარე: ”რამდენიმე თვეა დაიწყო კამპანია, რომელიც სოფლებში გლეხობის საარსებო გარემოს, ანუ მიწების გაყიდვას გულისხმობს. ხელისუფლებამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიწების გაყიდვა დაიწყო. ისინი ყიდიან სოფლის საკუთრებაში მყოფ მიწებს, რომლებიც საძოვრები და სათიბები იყო. კიდევ მესამე კატეგორიის მიწებს, რომელსაც სარეზერვო მიწები ჰქვია. ეს სოფლები პრაქტიკულად დაცლისთვის, ან შიმშილით სივდილისთვის არიან განწირულნი.

 

სააკაშვილს ხალხი, საქართველო და ყველაფერი, გარდა საკუთარი გართობისა, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის და, სულ ფეხებზე კიდია. ხელისუფლებამ ყველაფერი გაყიდა, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა და ახლა მათ გასაყიდი შემოკლდათ და მიწებს მიადგნენ. მიწას ადგილობრივებზე და უცხოელებზე ყიდიან.

 

აი, მაგალითად, გორში მიწა ვიღაც პოლიციელმა იყიდა და შემდეგ ინდოელს მიყიდა. დღეს ინდოელების თემა ძალიან სერიოზულად დგას კახეთშიც, სადაც ამბობენ, რომ მიწების უმეტესობას ინდოელებზე ყიდიან. ასევე, როგორც გვეუბნებიან, მთელი რიგი კარგი მიწებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებზეა გაყიდული.

 

როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი სააკაშვილის მართლა ჯიბე და მთავარი დამფინანსებელი არჩილ გეგენავაა. რაღაც ნაწილი მიწებისა მარიკა ვერულაშვილსაც ეკუთვნის. არა მარტო საძოვრები წაართვეს ხალხს, არამედ შემოუღობეს ტყე, საიდანაც შეშა შემოჰქონდათ. ხალხს ტყეში სოკოს დასაკრეფადაც კი არ უშვებენ.

 

მაშინ, როდესაც სოფელში არ არის გაზი, ჩვენ ვნახეთ, რომ გაზი ცენტრალურ ქუჩაზე ამ სოფლის გავლით გაიყვანეს და მოსახლეობას კი ამ გაზის საკუთარ სახლებში შეყვანის უფლება არ აქვს, რადგან ეს გაზი ზურაბ ადეიშვილის სოფელში მიდის. რა თქმა უნდა, ადეიშვილის სოფელს უნდა ჰქონდეს გაზი, მაგრამ იქნებ მითხრათ, სხვა სოფლებმა რა დააშავა? ეს მოსახლეობის ღია დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

 

ასევე, იყიდება ჰომუსი - მიწის ზედა ფენა, რომელიც მოსავლისთვის არის აუცილებელი და რომლის შექმნასაც საუკუნეები კი არა, ათასწლეულები სჭირდება. ამას ოფიციალურად ვერ გაყიდი, რადგან დანაშაულია და ეს არაოფიციალურად იყიდება და მიდის უცხოეთში. თანხები კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ჯიბეში ილექება. ჩვენს მისვლამდე სოფლებში ჩასულა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის ბიძაშვილი დედის მხრიდან და ხალხს უთხრეს, რომ თქვენი პრობლემა უკვე იცის გუბერნატორმა და მოგიგვარებთ, თუ ”ჭკვიანად მოიქცევითო”. რას ჰქვია, ”გუბერნატორმა იცის თქვენი პრობლემა”!  ეს ადამიანები 12 წელია, რაც ამ მიწებზე სასამართლოში დავობენ, პროცესი მოგებულიც აქვთ გუბერნატორთანაც და გამგებელთანაც არაერთხელ არიან ჩასულები. მაგრამ მათი პრობლემები არავის აწუხებს.

 

მეტიც - ყვარლის გამგებელმა, ლევან გამსახურდიამ, მშვენივრად შეისყიდა თავისთვის 100 ჰექტარი მიწა მარტო ერთ ადგილას და სხვაგან კიდევ რამდენი აქვს, კაცმა არ იცის. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ხალხთან ერთად, აქციებსაც გავმართავთ და ვპირდებით, რომ ყველას, ვინც უკანონოდ ჩაიგდებს სხვის მიწას ხელში, პასუხს ვაგებინებთ. საარსებო მიწას სოფელს მაინც დავუბრუნებთ. ამ თანხებს კი ადეიშვილის, ვერულაშვილის, გეგენავას და უამრავი სხვა ადამიანის ჯიბეებიდან ამოვიღებთ”.