ხანდაზმულობის ვადა: რუსულ–ქართული ომი სტალინის გარშემო

ხანდაზმულობის ვადა: რუსულ–ქართული ომი სტალინის გარშემო

[ჯეიმს კირჩიკი – “რადიო თავისუფლება”]
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის დროს, ერთ-ერთი პირველი სამიზნე გორი იყო, არაფრით გამორჩეული ინდუსტრიული ქალაქი სამხრეთ-ოსეთის საზღვართან ახლოს – რეგიონთან, რომელიც ერთ-ერთია იმ ორ სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის, რომლის გამოც კონფლიქტი გაჩაღდა. რუსულმა ავიაციამ ქალაქი დაბომბა, საცხოვრებელი კორპუსები და სკოლა დააზიანა. რაკეტა ქალაქის საავადმყოფოს დაეცა; კასეტური ბომბები მოედანზე აფეთქდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა.

საინტერესოა, რომ ორი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა დაბომბვას სრულად გადაურჩა. გორის სიამაყის ერთადერთი საგანია ის, რომ ქალაქი იოსებ ჯუღაშვილის, ცნობილი იოსებ სტალინის დაბადების ადგილია. რუსული ავიაციის თავდასხმის დროს, როგორც სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, ასევე საბჭოთა ლიდერის 20-ფუტიანი ქანდაკება, რომელიც მშვიდად უცქერდა გორის ცენტრალურ მოედანს, ხელუხლებელი დარჩა. ქალაქის მცხოვრებლებისთვის ეს რუსების მხრიდან ყოფილი საბჭოთა ლიდერისადმი ურყევი მოწიწების დადასტურება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ომი ორი წლის წინ დასრულდა, რუსეთს და საქართველოს შორის ბრაზის განცდა კვლავ ძლიერია და ვიდრე საქართველოს არა აქვს მისი დაკარგული ტერიტორიების სამხედრო ძალით დაბრუნების შესაძლებლობა, თბილისს ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ სხვა საშუალებები გააჩნია, რომელთა უმრავლესობა სტალინს უკავშირდება. მაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებული მოგზაურობის ფარგლებში, სტალინის მუზეუმი მოვინახულე.

მუზეუმის ვებ-გვერდი სტალინს „გამოჩენილ პიროვნებად“ ახასიათებს. სვეტებიანი მარმარილოს შენობის შიგნით, რომელიც 1957 წელს აშენდა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მკვლელის ტაძარია მოწყობილი. ერთგან სტალინი ხელგადახვეული დგას მის მომღიმარ ქალიშვილთან სვეტლანასთან ერთად, რომელიც 1967 წელს შეერთებულ შტატებში გაიქცა – ფაქტი, რომლის აღნიშვნაც მუზეუმს გამორჩა. ერთი ციდა, მოკრძალებული ქოხი, სადაც სტალინი გაიზარდა, მუზეუმის ეზოშია განთავსებული, ისევე როგორც სტალინის (რომელსაც ფრენის ეშინოდა) პერსონალური, მწვანე, დაჯავშნული მატარებლის ვაგონი, რომლითაც იგი პოტსდამში, თეირანსა და იალტის კონფერენციებზე მოგზაურობდა.

უსიამოვნო, ჩაბნელებულ ოთახში გარდაცვლილი დიქტატორის ნიღაბი ინახება, მაშინ როდესაც ფოიეს სუვენირების მაღაზია სტალინური კიტჩის ფართო არჩევანს გთავაზობს: საქაღალდეებს, ჭიქებს და საფერფლეებს. ჩემი გიდი, ახალგაზრდა შავთმიანი ქალბატონი, ენთუზიაზმის გარეშე მიმიძღვება ერთი სურათიდან მეორემდე და უდიდესი ლიდერის მიღწევებზე დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებს. მუზეუმში არ არის არანაირი მინიშნება იმ 20 მილიონზე მეტ ადამიანზე, რომელიც სტალინის მმართველობის დროს დაიღუპა, ამიტომ მე ვკითხე მას 1937-38 წლის დიდ წმენდაზე, როდესაც ასობით-ათასი გლეხი, ჩინოვნიკი, ინტელექტუალი, არტისტი და სხვა „კონტრ-რევოლუციონერი“ დახვრიტეს ან ბანაკებში გაამგზავრეს. „უამრავი ადამიანი იქნა მოკლული და დახვრეტილი“ – ამოღერღა მან.

თუმცა მუზეუმი, მალე რადიკალურად გარდაიქმნება. კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას თქმით, რომლის დეპარტამენტიც მუზეუმს აფინანსებს, განახლებული ვერსია სტალინს აღარ განადიდებს, არამედ იქნება „მუზეუმი მუზეუმის შესახებ“. მისი თქმით, „ჩვენ ვინარჩუნებთ მუზეუმის თავდაპირველ პროპაგანდისტულ ნაწილს, მაგრამ დავუმატებთ რეალურ ინფორმაციას სტალინიზმსა და ბოლშევიკურ რეჟიმზე“.

სიცოცხლის განმავლობაში, ვერასდროს გაიგებდი თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს მისი მშობლიური ქვეყნის მიმართ. საჯაროდ ის საკუთარ თავს რუს ლიდერად წარმოადგენდა და საქართველო „რუსეთის პატარა რეგიონად“ აღიქმებოდა, თუმცა კერძო ურთიერთობებში ის „ქართულად ლაპარაკობდა, ქართულად ჭამდა, ქართულად მღეროდა და პირადად მართავდა საქართველოს ადგილობრივი ბოსების დახმარებით“ – წერს საიმონ სებაგ მონტეფიორე, საბჭოთა ლიდერის ორი ცნობილი ბიოგრაფიის ავტორი, წიგნში Stalin: The Court of the Red Tsar („სტალინი: წითელი მეფის სასამართლო). მის სამშობლოს მისი ინტერესებიდან სარგებელი არ ჰქონია.

მოსკოვში, ბოლშევიკთა ახალგაზრდა ლიდერმა სტალინმა 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის ინტერვენცია დაგეგმა, რასაც შემდეგ 70 წლიანი ოკუპაცია მოჰყვა. „ბოლშევიკებმა ამ ქვეყნის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი გაანადგურეს“ – ამბობს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი. მონტეფიორეს თანახმად, საქართველო რეპრესიების მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე, ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკაზე მეტად დაზარალდა.

მაგრამ იმ მომენტისთვის, როდესაც სტალინი გარდაიცვალა 1953 წელს, ის უკვე ქართული სიამაყის წარმოუდგენელი ემბლემა იყო. ყველა მისი დანაშაულის მიუხედავად, იგი ამ პატარა კავკასიური ქვეყნიდან წამოსული უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა გახლდათ. 1956 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვმა მისი ცნობილი „საიდუმლო ტექსტი“ წარმოსთქვა, სტალინის „პიროვნების კულტი“ დაგმო და დესტალინიზაციის ეპოქა წამოიწყო. ქართველებმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ორი კვირის შემდეგ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში სტალინის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად. საბჭოთა ჯარმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, ათობით ადამიანი მოკლა და ასობით დაშავდა. კავკასიის ისტორიის სპეციალისტმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან რონალდ სანმა დაწერა, რომ ეს დემონსტრაციები „40 წლის განმავლობაში ქართული ნაციონალიზმის პირველი ღია გამოხატულება იყო“. ქართველები უკვე პატივს სცემდნენ სტალინს როგორც კაცს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი დაამარცხა. წლების განმავლობაში, გორის მცხოვრებლები ქმნიდნენ მუზეუმს მისი დაბადების და გარდაცვალების უკვდავსაყოფად.

თუმცა ბოლო დროს, მაშინ როდესაც საქართველო ცდილობდა სტალინის ადექვატურ ისტორიულ კონტექსტში მოქცევას, რუსეთი მის რეაბილიტაციას ეწეოდა. დეკემბერში, ნაციონალური სატელევიზიო არხით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ერთგვარად ხრუშჩოვის ცნობილი „საიდუმლო ტექსტის“ ანულირებას შეეცადა და განაცხადა, რომ სტალინის „მარტივად შეფასება შეუძლებელია“. პრეზიდენტის რანგში პუტინმა საბჭოთა კავშირის დანგრევას მეოცე საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა“ და რუსულ სასკოლო სახელმძღვანელოებში სტალინის უფრო პოზიტიურ კონტექსტში დახასიათება დაუშვა. (მასწავლებლებისთვის გამოცემულ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ სტალინი მოქმედებდა „აბსოლუტურად რაციონალურად… როგორც ქვეყნის ინდუსტრიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის მიმდევარი“). პუტინმა პირველი შეხვედრის დროს საქართველოს პრო-დასავლელ ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც 2004 წელს ხელისუფლებაში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საბჭოთა ბიუროკრატის ედუარდ შევარდნაძის შემდეგ აირჩიეს, როგორც ამბობენ, მას უთხრა „გმადლობთ, რომ სტალინი გვაჩუქეთ“.

კრემლის მიერ სტალინის რეაბილიტაციის მცდელობამ, საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებულ ლიდერებს მასზე უარის თქმის მეტი სტიმული მისცა. „ახალ საქართველოში სტალინი ქართველი აღარ არის“ – ამბობს მონტეფიორე – „ის რუსი იმპერატორია“. 2006 წელს სააკაშვილმა, თბილისში პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გახსნა. ამან პუტინი ისე გააბრაზა, რომ როგორც ამბობენ სააკაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაიჩივლა კიდეც. სააკაშვილმა, რომელმაც აღიარა რომ სტალინი და მისი საიდუმლო პოლიციის სასტიკი ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია წარმოშობით ქართველები იყვნენ, როგორც ამბობენ პუტინს მოსკოვში ქართული ბატონობის მუზეუმის გახსნა და მისი დაფინანსება შესთავაზა.

ივნისის ერთ-ერთ ღამეს, მუშების ჯგუფმა გორში სტალინის ქანდაკებას თოკები მოაბა. მონუმენტს პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს იმისთვის, რომ ახლოს არ მიეშვათ ისინი, ვინც ძეგლის დემონტაჟს გააპროტესტებდა. საკმაოდ მალე, მოედანთან მცირერიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა. ისინი უცქერდნენ იმას, თუ როგორ მოხსნეს კვარცხლბეკიდან სტალინის ქანდაკება, როგორ დადეს ის დიდ სატვირთო მანქანაზე და წავიდნენ. ორი დღის შემდეგ, ხელისუფლებამ ანალოგიურად ღამით სტალინის კიდევ ერთი ქანდაკება მოხსნა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ტყიბულში.

ცხადია ეს არ ყოფილა ისეთი დრამატული მოვლენა, როგორიც ბაღდადში სადამ ჰუსეინის ქანდაკების მოხსნა იყო. საქართველოს ხელისუფლება ღამით მოქმედებდა იმ აგრესიული რეაქციის შიშით, რაც შეიძლება ამ ფაქტს გორის როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლების, ასევე იმ ადამიანების მხრიდან მოჰყოლოდა, რომლებიც დიქტატორის მშობლიური ქალაქით დაინტერესებული ტურისტების მუდმივ ნაკადზე ფულს აკეთებენ, მაგრამ არანაირი უკურეაქცია არ ყოფილა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სააკაშვილის ახლო მოკავშირე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ქანდაკების დემონტაჟი უმნიშვნელო აქტია, თუმცა ის არსებითად გამოხატავს ქართულ პრინციპებს. „თუკი საუბარია საქართველოს თანამედროვე ღირებულებებზე და იმაზე, თუ როგორი იქნება ის ხვალ, სტალინი არ იქნება საქართველოს მომავალის ნაწილი“.

ქალაქის მოედნის ის ადგილი, სადაც სტალინი 58 წლის განმავლობაში იდგა, ცარიელი არ დარჩება. კულტურის მინისტრის, რურუას თქმით, იქ „სტალინის, ტოტალიტარული რეჟიმის და აგვისტოს ომის მსხვერპლთა“ ხსოვნის ახალი მონუმენტი აღიმართება. რაც შეეხება თავად სტალინის ქანდაკებას, მთავრობას ის არ გაუნადგურებია. მას განახლებული მუზეუმის ეზოში გადაიტანენ, სადაც ის ისტორიულ ექსპონატებს, სტალინის ვაგონს და მისი ბავშვობის ქოხს საბოლოოდ შეუერთდება.