„თუ ეს სოციალური რისკები კრიტიკულ ზღვარს ასცდა, შესაძლებელია სოციალური ბუნტი მივიღოთ“

„თუ ეს სოციალური რისკები კრიტიკულ ზღვარს ასცდა, შესაძლებელია სოციალური ბუნტი მივიღოთ“

„ჩვენი მოსახლეობის 50% სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“, „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

რატომ აანონსებს ხელისუფლება  5 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას და არსებობს თუ არა ქვეყანაში სოციალური ბუნტის რისკები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

გია ხუხაშვილი: რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის 50% სიღარიბეში ცხოვრობს. ადამიანი ფუნდამენტური უფლება, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ეს არის სიცოცხლის უფლება. ამ სიცოცხლის გარანტორი არის ხელისუფლება, რომელსაც იმიტომ ირჩევენ ადამიანები, რომ მან უზრუნველყოს ადამიანის უპირველესი უფლება, ჰქონდეს არსებობის საშუალება. ეს არის ხელისუფლების მთავარი ვალდებულება. კარგია, რომ პრემიერი თვითკრიტიკულად მეტყველებს.

თუმცა, თვითკრიტიკულობასთან ერთად, ალბათ, კარგი იქნება ამ ვითარების შეცვლის გზებზეც ისაუბროს ხელისუფლებამ...

- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაზეა ეს პასუხისმგებლობა, მისი მოვალეობა არ გახლავთ, რომ თვითონ იყოს ინვესტორი და შეინახოს მთელი მოსახლეობა, ან მეორეს მხრივ, თვითონ აკეთოს თუნდაც ამ ტიპის პროექტები რასაც ჰქვია „აწარმოე საქართველოში“, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ეს სისტუმურად პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

გამოსავალი რამდენად არის თუნდაც ბიზნესმენების გაერთიანება, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს ეკონომიკის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას?

- სოლიდარობა კარგია, მაგრამ ასეთი მეთოდებით ეს პრობლემა არ წყდება. საერთოდ, ადამიანისთვის თევზის მიწოდებით, მისი გრძელვადიანი პრობლემა არ წყდება. შეჭამს იმ თევზს და მეორე დღეს ისევ მოშივდება. ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა შეიმუშაოს ანკესის გარკვეული ფორმა და ანკესი მიაწოდოს ადამიანს, რომ თვითონ დაიჭიროს ეს თევზი. ამით  მხოლოდ სოციალური პრობლემა კი არ წყდება, არამედ წყდება სიღარიბიდან ადამიანების გამოსვლის პრობლემა. ის შემოსავალი, რასაც ადამიანი თვითონ გამოიმუშავებს თავისი შრომით ეს მას ღირსებასაც მატებს. გარდა იმისა, რომ ადამიანები დღეს მშვირები არიან, მათ წართმეული აქვთ ღირსებაც, რაც არანაკლები ფასეულობაა.

აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ხელისუფლება ამ პრობლემას არ უყურებს სისტემურად, მხოლოდ გადაგორების რეჟიმშია. პრობლემას პასუხობს იმით, რომ ვიღაცას რაღაცას გადაუგდებენ, აჭმევენ და ა.შ. ადამიანი ისევ რჩება სიღარიბის ზღვარზე. გასატარებელია ისეთი პოლიტიკა, რომელიც აამუშავებს საქართველოში ეკონომიკას. ეკონომიკის რეალური ამუშავება შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს, სადაც ადამიანები დასაქმდებიან და თავისი ხელფასით იარსებებენ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრემირემა ისუაბრა ეს არის, არსებული რესურსების არგამოყენება. ვისზე მიუთითებს მთავრობის მეთაური, როდესაც აცხადებს, რომ სახელმწიფო რესურსების დაკონსერვება და გამოუყენებლობა არის დანაშაული?

- დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ არის ხელიუფლებაში? ეს რესურსები არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და ვისზე ლაპარაკობს პრემიერ-მინისტრი? როცა იტყვის ა-ს, უნდა თქვაც ბეც. ვის უთითებს პრემიერ-მინისტრი, ვისთან აქვს პრეტენზია, საკუთარ თავთან? კი ბატონო, მაგრამ მარტო პრეტენზია არ არის საკმარისი. წინ უნდა წავიწიოთ, ხოლო წინ რომ ვერ ვიწევთ, ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა, დაქირავებული ცუდი მენეჯმენტის პრობლემაა და თუ ის აღიარებს, რომ ცუდი მენეჯმენტია, აქედან ლოგიკური გადაწყვეტილება ის არის, რომ გვჭირდება კარგი მენეჯერი, რომელიც ამას შეძლებს. ძალიან მარტივად არის საქმე, თუ ვერ წყვეტ პრობლემას, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადო და ადგილი უნდა დაუთმო კარგ მენეჯერს, აი, ეს არის ჯანსაღი ქმედებები.

ხელისუფლება გეგმავს, რომ მომავალი წლის განმავლობაშიაწარმოე საქართველოსფარგლებში 5 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას. როგორ ფიქრობთ, დღეს ამ განცხადების გაჟღერება  ერთგვარი წინასაარჩევნო გზავნილი ხომ არ არის?

- წინასაარჩევნოდ 5 ათასი სამუშაო ადგილი ძალიან სასაცილო თემაა. უმუშევრობის პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია. 5 ათასი სამუშაო ადგილი პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან ჩვენთან ტოტალური უმუშევრობაა. როგორც გითხარით, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის ამუშავება და ტოტალური დასაქმება. მიხეილ სააკაშვილი პოპულისტურად ამბობდა, მაგრამ იმას ჭკუა ყოფნიდა და მილიონ სამუშაო ადგილზე საუბრობდა. მართალია სიტყვებს არახუნებდა და არაფრის გამკეთებელი არ იყო, მაგრამ ციფრი იცოდა ზუსტად. 5 ათას სამუშაო ადგილზე საუბარი არადექვატურია და არაფერს ნიშნავს.

ჩვენ თუ გვინდა სახელმწიფოს მასშტაბით პრობლემა სისტემურად გადავწყვიტოთ, მისაღებია მასშტაბური გადაწყვეტილებები. ხელიუფლების როლი ის კი არ არის, რომ თვითონ ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ხელისუფლების როლია შექმნას ისეთი გარემო, სადაც ინვესტორი ჩათვლის მისთვის მომგებიანია ფულის დაბანდება ეკონომიკის რეალურ სექტორში. ამ კუთხით უნდა ფიქრობდეს ხელისუფლება და არა ის, რომ თვითონ რაღაცა პროექტებს ახორციელებდეს. ხელისუფლებაში არიან ძალიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ამ ყველაფერს, რომლებმაც იციან დაახლოებით რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიღებისუნარიანები.

რა ვითარებამდე მიიყვანს ქვეყანას ხელისუფლების უუნარობა?

- არ ვიტყვი, რომ მოკლე ვადაში შეიძლება რაღაცა კატასტროფა შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინიმუმ, მოხდება ის, რაც ხდება. ანუ, მუდმივი ტივტივის და გაჭირვების რეჟიმში იქნება ქვეყანა. მაგრამ, თუ ეს სოციალური რისკები კრიტიკულ ზღვარს ასცდა, შესაძლებელია სოციალური ბუნტი მივიღოთ.

როგორც სომხეთში?

- სომხეთთან ანალოგის გაკეთება შეიძლება. სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, არ არსებობს რეალური ოპოზიცია. დაახლოებით იგივე პროცესი შეიძლება ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციის არარსებობის პირობებში სოციალურად უმართავი პროტესეტის სხვადასხვა გამოვლინებები შეიძლება ვნახოთ.