ელექტროენერგიის ტარიფს პირველი გამოცდა, დაახლოებით, ერთ კვირაში მოუწევს, შემდეგი და უფრო სერიოზული კი - სექტემბერში. თუკი სემეკმა პრინციპულობა არ გამოიჩინა, „ქართული ოცნების“ შესრულებული დაპირება შეიძლება წყალში გადაიყაროს.
პარლამენტის სხდომაზე მყოფმა სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დაადასტურა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება. რაც შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მოსალოდნელ ზრდას, ამასთან დაკავშირებით მილორავამ პროგნოზის გაკეთება თავისი მხრიდან არასწორად მიიჩნია.
ორიოდე დღის წინ კი ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა აუცილებლად იმსჯელებს სატარიფო პოლიტიკაზე, თუკი ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება. მინისტრის თქმით, ინვესტიციების დაბანდება არც ერთ კომპანიას არ შეუჩერებია და ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების საკითხი ლარის გაუფასურებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სადისტრიბუციო კომპანიებს, ისინი დღესდღეობით ზარალს განიცდიან.
თბოელექტროსადგურების სატარიფო განაცხადების განხილვა 15 ივლისს იგეგმება. სემეკის თავმჯდომარემ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძველად ლარის კურსის ცვლილება მიუთითა.
„ჩვენ თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ვიხილავთ. წარმოების ტარიფში ბუნებრივი აირის ხარჯის კომპონენტი წარმოდგენილია 99%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება თბოელექტროსადგურების ტარიფზე აისახება.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით სატარიფო განაცხადი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიამ“ აპრილში წარმოადგინა. აღნიშნული განაცხადის განხილვისთვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის 150 დღე გვაქვს. ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე შესაძლებელია ამ ნაწილშიც მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა წინასწარი შეფასების გაკეთება არასწორი და არაკორექტული იქნება. კომისია კოლეგიალური ორგანოა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სამი ადამიანი იღებს. როგორი იქნება გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, დღეს ამის პროგნოზირება სწორი არ იქნება“, - განაცხადა ირინა მილორავამ, კომისიის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ტარიფის დასათვლელად მარეგულირებელ კომისიას ვადა 10 სექტემბრამდე აქვს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა მმართველ უმრავლესობას მიმართა, რომ ენერგეტიკაში შექმნილი პრობლემების მიზეზები საკუთარ არასწორ პოლიტიკაში ეძებონ. მისივე აზრით, სამომხმარებლო ტარიფების სუბსიდირება მახინჯი გზაა და იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიას არავინ მოუფრთხილდება.
„ტარიფის ცვლილება ძალიან ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული, მათ შორის, გაზის ფასსა და ლარის კურსის გაუფასურებაზე. ტარიფი1.73-ზე იყო გაანგარიშებული. რაც ხდება, თქვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ვინ უნდა დაფაროს? თქვენ რომ გკითხოთ, ისევ სახელმწიფოს ჩაუძვრებით ჯიბეში, რაც არის არასწორი“, - მიმართა უმრავლესობის წევრებს მიხეილ მაჭავარიანმა.
სამომხმარებლო ტარიფების შესაძლო გაძვირებაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა უმრავლესობი დეპუტატს გედევან ფოფხაძეს. მან მარეგულირებელ კომისიას მომხმარებელთა უფლებების დაცვა შეახსენა.
„ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაიცვას ბალანსი კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული. მომხმარებელი ზარალდება უსამართლოდ, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. არის ეს მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში და უფლებამოსილების ფარგლებში?! თუ ასეა, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ და მივუთითოთ სემეკს, რომ ადამიანის უფლებები ამ საკითხში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებიმიერი სხვა საკითხი.
როცა ბუნებრივი მონოპოლისტები ჩნდებიან, მათ ავტომატურად უჩნდებათ ვალდებულება მოქალაქეების წინაშე. მათი შეუსრულებლობა პირდაპირ აზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ მოქალაქეს, არამედ იმ საზოგადოებრივ წესრიგს, რომელშიც ვცხოვრობთ. არ შეიძლება საუბარი დემოკრატიაზე, თუ ჩვენ მოქალაქეებს საძიძგნად გადავცემთ კომერციულ, იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ მონოპოლია და აქვთ საშუალება, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებით მანიპულირება მოახდინონ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.