პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეზე წუხს და პრობლემისგან თავის დაღწევის გზებს ეძებს. მთავარი როლი ამ საქმეში სოფლის მეურნეობამ და ბუნებრივი რესურსების ათვისებამ უნდა მოახერხოს. პრემიერის მოსაზრებას ეთანხმებიან ექსპერტებიც.
„ორი მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე ადამიანი არის ღარიბი ჩვენს ქვეყანაში და დღეს გამოდიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელსაც არ აქვთ უფლება განაცხადონ, რომ ამ ორ მილიონ ღარიბ ადამიანს რატომ ვერ უშველა სახელმწიფომ ორი წლის განმავლობაში. დამისახელოს ნებისმიერმა პროფესორმა, ნებისმიერმა ჩვენზე მეტად მცოდნე, გამოცდილმა ადამიანმა, ერთი მაგალითი, თუნდაც რომელიმე ქვეყნის პრეცედენტი მოყვანოს, სადაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს ორ წელიწადში. ეს არის ილუზია, რომელსაც უქმნიან მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შეჰყავთ შეცდომაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მაგრამ გამორიცხული არ არის ის, რაც ჩვენ დავიწყეთ და შეუძლებელი არ არის ის, რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ უნდა განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და გავაძლიეროთ სოფელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერს ასევე დიდად ეიმედება საქართველოში არსებული ბუნებრივი რესურსების. მისი ინფორმაციით, სამინისტროებმა დაამუშავეს თითოეული რეგიონი და იქ არსებული პოტენციალი შეისწავლეს.
„ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი. ის დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. არის მცდარი. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“. ეკონომიკურმა საბჭომ და პროფილურმა სამინისტროებმა დაამუშავეს თითოეული რეგიონი და იქ არსებული პოტენციალი შევისწავლეთ. აღმოვაჩინეთ, რომ არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც პრაქტიკულად გამოუყენებელია.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ლიცენზია გვაქვს გაცემული უნიკალურ რესურსებზე, რომლებსაც ვერ ვიყენებთ, რადგან თავის დროზე სხვადასხვა ადამიანების ლობირებით, ამ ადამიანებმა სახელმწიფოს რესურსები ხელში ჩაიგდეს და ეს რესურსები დღეს გამოუყენებელია. ეს დანაშაულია. არავის აქვს უფლება სახელმწიფოს კუთვნილი რესურსები პირადი ინტერესებისთვის შემოინახოს.
ჩვენ ამ ლიცენზიების აღწერა, პრაქტიკულად, დავასრულეთ და ვაპირებთ, რომ კონკრეტულად ვესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ლიცენზიები ჯერ კიდევ 20 წლის წინ და შემდეგაც აქვთ აღებული და ვერ იყენებენ. ამით ჩვენ ასეულობით მილიონ დოლარს ვკარგავთ, რაც ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა პრემიერმა.
ბუნებრივი რესურსების გამოუყენებლობის პრობლემის გადაჭრის გეგმაზე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის თავმჯდომარე რამაზ გერლიანი. იგი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სიღარიბის დაძლევა ბუნებრივი აქტივების ეკონომიკაში ჩართვითაა შესაძლებელია.
„საქართველო მდიდარია სხვადასხვა რესურსით, მაგრამ ამის მიუხედავად ითვლება ღარიბ ქვეყნად. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 30 მილიარდამდეა მაშინ, როდესაც ასეულობით მილიარდის აქტივი, რომელსაც შეუძლია ეკონომიკაში ჩაერთოს, არის აბსოლუტურად გაჩერებული.
თუ ეს პრობლემა გადაილახება, რეალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობით, აბსოლუტურად უმოკლეს ვადაში შევძლებთ დავძლიოთ სიღარიბის პრობლემა. დღეს ამ მხრივ არსებული ვითარება ჰგავს ოჯახს, რომელსაც აქვს მილიონობით საფასურის აქტივი, მაგრამ იღებს სიღარიბის შემწეობას“, - აცხადებს გერლიანი და დასძენს, რომ რესურსების სრულყოფილად გამოყენებისთვის მთავარია პოლიტიკური ნება. მანამდე კი, თუნდაც 15–წლიან პერიოდში სიღარიბის დაძლევაზე საუბარიც კი ზედმეტია.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანიც ადასტურებს, რომ ქვეყნის რესურსები არ არის გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად და შესაბამისად, ეფექტურად გამოყენებული.
„ეს ყველაფერი მიშვებული იყო ბაზარზე. სახელმწიფომ კი უფრო მიზანმიმართული, პროგნოზირებადი და პერსპექტიული პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს და სწორედ ასეთი კანონმდებლობა მზადდება. ამასთან, განსახორციელებელია კოორდინებული პოლიტიკა. ლიცენზია უფრო ეფექტურად უნდა მუშაობდეს“, – აცხადებს დეპუტატი.