„ერთი ზარიც არ ყოფილა კულტურის სამინისტროდან...“

„ერთი ზარიც არ ყოფილა კულტურის სამინისტროდან...“

"საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ, სიცოცხლეში კი მათ არავინ აფასებს... ექვსი თვეა, კაცი ვწევარ... როცა აღარ ვიქნები, მერე პანაშვიდებზე სიარული არავის სჭირდება“,- ამ რამდენიმე ხნის წინ ყველასათვის საყვარელი მომღერალი მამუკა ჩარკვიანი სწორედ ამ სიტყვებით გამოხატავდა სახელმწიფოს მიმართ წყენას... ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, თბილისში ნაოპერაციები ფეხიდან ჩირქი სდის, სამჯერ გამოუღეს სამი ჭიქა ჩირქი, ფეხი დაუსივდა და ოჯახს უთხრეს, მოსაჭრელიაო. თუმცა გამოსავალი მაინც არსებობს, ავსტრიაში ძვირადღირებული ოპერაციის სახით..

გუშინ გაირკვა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს. როგორც ამბობენ, მამუკა ჩარკვიანის მამამ, პოეტმა ჯანს ჩარვიანმა თავად დაურეკა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის თანაშემწემაც აღუთქვა, პრემიერი აუცილებლად დღესვე დაგელაპარაკებათო. მართლაც, გუშინვე დაურეკა პრემიერმა ჯანსუღ ჩარკვიანს და უთხრა, ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავდა. პარალელურად, დღეს გაიმართება საქველმოქმედო მარათონი, სადაც შესული თანხა მომღერლის ჯანმრთელობას მოხმარდება.

ოჯახის წევრები For.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ მამუკას ოპერაციის წინ ვერ შეამჩნევთ განწყობას, ის სიმღერით გამოხატავს ყველაფერს - დარდსაც და სიხარულსაც. ფეხის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, თავისი განუყრელი გიტარა უჭირავს, ეტლით მოძრაობს და მისი მუდმივი მდგომარეობა ხელში გიტარაა.

ყველაფერი კი ექვსი წლის წინანდელი ნაიარევით დაიწყო. მაშინ მამუკას ჩვეულებრივი მოტეხილობა ჰქონდა და წლების განმავლობაში ჭრილობაში ჩადებული რკინის გამო დაიძრა ინფექცია. მამუკას ფეხიდან რკინის ამოღება დასჭირდა, მაგრამ ეს დაგვიანებული აღმოჩნდა. ფეხი არ ხორცდებოდა. როგორც ჩანს, ოქროსფერი სტაფილოკოკი და ძვლის ინფექცია მოძრაობდა.

„ტკივილები რომ დაეწყო, მერე მივხვდით, რა უბედურებაც სჭირდა. ამის შემდეგ 40- გრადუსიანი სიცხეები მისცა. ძვლის ოსტეომიელიტი (ძვლის ტვინის ანთება) განუვითარდა, შესაბამისად, სეფსისი დაეწყო, განვითარდა ცრუ სახსარი ფეხზე. აქ უკვე მხოლოდ ამპუტაციაზე აღარ არის საუბარი, აქ საუბარია ჯერ ინფექციის შეჩერებაზე, რადგან კაცმა არ იცის, ამპუტაცია რას გვაძლევს. გვაძლევს კი რამეს? იმდენად რთული ინფექციაა, აქ სიცოცხლეზეა საუბარი. დიდი ხანია, წვალობს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ  წელიწადნახევრის წინ ხერხემალზე წარმატებით გაუკეთდა ოპერაცია. მადლობის მეტი რა გვეთქმის მისი მკურნალი ექიმის - გია ხოსიაშვილის მიმართ, გაუკეთეს ხერხემალზე ორი დრენაჟი და, საბედნიეროდ, ხერხემალზე პრობლემები აღარ აქვს. ამჟამად მკურნალობა უნდა გაიაროს ავსტრიაში და 8 ივლისს „რუსთავი 2“-ზე ჩატარდება მარათონი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ნანუკა ჟორჟოლიანს და მთელ „რუსთავი 2“-ს. ამასობაში შევიტყვეთ, რომ მამუკას მკურნალობას პრემიერი დააფინასებს, რისიც მადლიერნი ვართ. ცხადია, ეს ვეებერთელა თანხებთანაა დაკავშირებული. ერთი ეტაპი 25-დღიანია, ექიმები თანხას ზუსტად ვერ გვეუბნებიან, მაგრამ არასრული კალკულაციით, ეს სადღაც 70 ათას ევრომდეა. 47 ათასი ევრო ამ წამს სჭირდება ავსტრიაში სამკურნალოდ, რადგან მის გადარჩენაზეა ლაპარაკი. ფეხის ორთოპედიაზე ჯერ საუბარიც არ არის, ამაზე მერე ვიზრუნებთ. სრული თანხა, რაც მის გამოჯანმრთელებას ესაჭიროება, ტოტალურია“, - აღნიშნა მომღერლის დამ, თაკო ჩარკვიანმა For.ge-სთან საუბარში.

ჩვენს შეკითხვაზე, მამუკას ჯანმრთელობის მდგომარეობით თუ დაინტერესდა კულტურის სამინისტრო, თაკო ჩარკვიანმა გვითხრა:

„ძალიან მრცხვენია ამაზე საუბარი, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ, როცა მამუკას მთელი სამეგობრო, „ნაცები“, „ქოცები“ რეკავენ, დახმარებას აღგვითქვამენ, ამ დროს კულტურის სამინისტროდან ზარი არ ყოფილა. თქვენ გახსოვთ მამუკას გამოსვლა ეკრანზე, რამხელა გადაცემა მიუძღვნა ეკა ხოფერიამ და ვიმეორებ, ზარი არ ყოფილა კულტურის სამინისტროდან.

მამუკა არ არის ის ადამიანი, რომ ვიღაცასთან ხელგაწვდილი დადიოდეს, ეს არ არის ჩვენი ოჯახის ფორმატი. თქვენ, როგორც ჟურნალისტს, საერთოდ, რომელიმე კონცერტში გინახავთ მამუკა ჩარკვიანი ჩასმული? თუ გინახავთ, მე ბოდიშს მოვიხდი. გამონაკლისია ის 4 თვე, როცა მას კონცერტები ჰქონდა გაკეთებული და ჯერ კიდევ თავისი ფეხით დადიოდა ამ კონცერტებზე. ვინმესკენ ხელის გაშვერა არ მინდა, ერთს კი გეტყვით, წეღან ერთმა ადამიანმა სტატუსი დადო, ვინც თავის დროზე იგნორირებას უკეთებდა მამუკას (როგორც ჩანს, ნაციონალები იგულისხმა), დღეს სწორედ ისინი ეხმარებიანო.

არა მგონია, დღეს ამ სტატუსების დრო იყოს, ჩვენს ოჯახში ყველა პარტიის წევრი რეკავს, მოდის მესიჯები, ისეთი ამბავია, მეტირება, თურმე როგორ ყვარებიათ ჩემი ძმა. თუ დაბეჭდავთ, მადლიერი ვიქნები, ჯანყარაშვილისნაირი ტიპები რომ არ გარიგებოდნენ უდესიანისნაირ მკვლელებს, ჩემი ოჯახისა და ბევრი ოჯახის საქმე ბევრად უკეთ იქნებოდა და ფინანსური კუთხით არავის შეწუხება არ დაგვჭირდებოდა. არადა, მამუკას ზურგს არავინ უმაგრებდა, ჩვენი ოჯახის გარდა. არ მერიდება ამის თქმის, აქ საჭმლის ფულზე არ არის საუბარი, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი ბანკში გვაქვს ჩადებული. ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება.

ჩვენ დასაბრუნებელი, წართმეული არაფერი გვქონდა, ჩემი მეუღლის მიერ პროკურატურაში იყო შეტანილი საქმე, რომელსაც გამოძიებაც არ სჭირდებოდა, ორდღიანი საქმე იყო, იქ პირდაპირ ჩანდა მკვლელი ადამიანის-უდესიანის საქმიანობა რვა კაცის მოწმეობით, მაგრამ არ განიხილეს, სწორედ მან ესროლა ჩემს მეუღლეს-ჯონი გიგანს. სამართლიანობა აღდგენილი არ არის, პროკურორები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ  დანიშნა ჩვენმა ხელისუფლებამ, შეეკრნენ ყველაზე ჭუჭყიან ადამიანებს, ვინც იმ გუნდს ჰყავდა. თორემ იმ გუნდს ვიღაც ნორმალურიც ჰყავდა“.

როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, მამუკას სურვილია, მისთვის გამართულ ტელემარათონზე იმღეროს. ეთერიდან ისე არ გამიშვათ, რომ ჩემს ხალხს ერთი სიმღერა  არ ვუმღერო და ამით მათ მიმართ მადლიერება არ გამოვხატოო.