მშობლების “საბავშვო” პროტესტი

მშობლების “საბავშვო” პროტესტი

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ხმაური იყო. მშობლები, რომელთაც ბავშვების ბაღებში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. საბავშვო ბაღებში თავისუფალი ადგილები თითქმის არ აღმოჩნდა, ხოლო მცირე ოდენობით დარჩენილი ადგილები კი, მომენტალურად შეივსო.

გარდა ამისა, სისტემა ხარვეზებით მუშაობდა. როდესაც მშობლები ჩქარობდნენ რეგისტრაციის გავლას, სისტემა უთითებდა, რომ ბავშვის დაბადების თარიღი ან პირადი ნომერი არასწორი იყო. არადა, მშობლებს ყველაფერი სწორად ჰქონდათ მითითებული.

თამარ ბარბაქაძეს 12:30 საათზე ოთხი თანამშრომლის კომპიუტერში გამზადებული ჰქონდა ყველა მონაცემი თბილისის ბაგა-ბაღების ვებ-გვერდზე, თუმცა 12:55-ზე მის მიერ შერჩეული ბაგა-ბაღი უკვე შევსებული იყო.

“ყველა თანამშრომელი გავაფრთხილე, რომ 12:55-დან ყოველ წამს სცადეთ დარეგისტრირება. კურსორის დაჭერა უნდოდა მხოლოდ, სხვა ყველაფერი შევსებული იყო. იქნებ როგორმე მოვხვდეს ან ერთი, ან მეორე ბავშვი... ისტერიულად, ყოველ წამს ვცდილობდი დარეგისტრირებას. ზუსტად პირველს აკლდა ორი წუთი, რომ ამომიგდო - “ბაღში ვაკანსია არ არის”. მანამდე მიწერდა, რომ ჯგუფში იყო 26 ადგილი.

ვერც ერთი ბავშვი ვერ დავარეგისტრირე. ანალოგიურ მდგომარეობაშია ჩემი მეზობელიც. ის სოფლიდან ჩამოვიდა საერთოდ, რომ ბავშვი როგორმე დაერეგისტრირებინა აქ”, - ამბობს თამარ ბარბაქაძე.

ერთ-ერთი მშობლის, ლია ბასლანიძის ინფორმაციით, მას შვილის 24-ე ბაღში დარეგისტრირება სურდა. 12:30-დან მოყოლებული სისტემა დალოდებას ურჩევდა, თუმცა 12:57 საათზე ამცნო, რომ არსებული 25 თავისუფალი ადგილი აღარ იყო.

კიდევ ერთი მოქალაქის, ჯული უჩანეიშვილის თქმით კი, მას შვილიშვილის 63-ე ბაღში დარეგისტრირება სურდა, ინფორმაცია გამზადებული და სისტემაში შეყვანილი ჰქონდა, თუმცა 12:01 საათზე, არსებული თავისუფალი 12 ადგილი დაკავებული აღმოჩნდა. ჯული უჩანეიშვილი სააგენტოში მივიდა, რათა მოითხოვოს ამონაწერი კონკრეტულად დროის რა მონაკვეთში მოახერხა აღნიშნულმა 12-მა აღსაზრდელმა რეგისტრაცია.

ამის შემდეგ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მშობლებმა დარეგისტრირების მოთხოვნით განცხადებების დაწერა დაიწყეს. სააგენტოს წარმომადგენლები მათ დამატებითი საშუალების გამოჩენის შემთხვევაში დაკავშირებას შეპირდნენ.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა ძნელაძის ინფორმაციით, სააგენტო მიღებულ განცხადებებს გადაახარისხებს და ბაღების დირექტორებთან ერთად განიხილავს. იგი მაქსიმალურად ეცდება ყველა განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველმა და ასევე წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა გაიარეს. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო საბავშვო სახლების ბენეფიციარების, სპეციალური საჭიროებების მქონე და იმ ბავშვების დარეგისტრირება, ვისი და ან ძმაც უკვე ჩარიცხულია კონკრეტულ საბავშვო ბაღში.

მეორე ეტაპზე კი, რომელიც გუშინ დაიწყო, ყველა დანარჩენი ბავშვის რეგისტრაცია მიმდინარეობდა. თავიდანვე აშკარა შეიქნა,რომ ამ შესაძლებლობას ბევრი მშობელი ვერ გამოიყენებდა, რადგანისეთი ბაღი, სადაც თავისუფალი ადგილი იყო დარჩენილი, ძნელად თუმოიძებნებოდა.

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ბაგა-ბაღებში ადგილების უკმარისობა იქიდან გამომდინარეა, რომ წლების წინათ 50-ზე მეტი საბავშვო ბაგა-ბაღი დაიხურა. თანაც ბაღები გაუქმებულია იმ რაიონებში, სადაც ყველაზე მწვავედ დგას ადგილების უკმარისობის პრობლემა.

“ვინც მეორე ეტაპზე ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, შემდგომ თვეებში უკვე ახალ ჯგუფებს გავხსნით, ახალ ბაღებსაცავაშენებთ და მათი მიღება იქ მოხდება. წლის ბოლოსთვისექსპლოატაციაში 4 ახალი საბავშვო ბაღი შევა და იმ დიდმოთხოვნას, რაც არსებობს, ეტაპობრივად დავაკმაყოფილებთ. ახალი ბაღები ისანში, სამგორში, გლდანსა და ნაძალადევში ეტაპობრივად გაიხსნება.

ჩვენ შარშან 3000-დან 3500-მდე დამატებით აღსაზრდელის მიღება შევძელით იქიდან გამომდინარე, რომ 60 ახალი ჯგუფი დავამატეთ მოქმედ საბავშვო ბაღებში, ანუ იმ ბაღებში, სადაცწლების განმავლობაში ჯგუფები გაურემონტებელი იყო. ისინი გავარემონტეთ და შესაბამისად, იქ ახალი კონტინეტის მიღება შევძელით, დაახლოებით, 3500 ბავშვზე მეტის.

ეტაპობრივად, მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ, მაგრამ ყველა აღსაზრდელის მიღებას ახლა ვერ შევძლებთ, მაგრამ ნელ-ნელა ამ პრობლემებს გადავჭრით. დღეს და ხვალ ეს ვერ მოგვარდება.

რეგისტრაცია დაიწყო გუშინ და გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ადგილები არ ამოიწურება. შემდეგ უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ, დამატებითი ადგილების შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ბაღის თანამშრომლები გამოვლენ სამსახურში, თავად ბაღების ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, შეუძლიათ თუ არა კიდევ დამატებითი კონტინგენტის მიღება”, - განაცხადა თემურ თორდინავამ.

როგორც ჩანს, მშობლებს სექტემბრამდე მოუწევთ მოცდა. მანამდე დამატებითი ადგილების შესახებ ინფორმაცია ვერ დაზუსტდება.