ვიეტნამის ომის დროს ჩადენილი დანაშაულიდან დღემდე - კომპანია „მონსანტოს“ წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდა

ვიეტნამის ომის დროს ჩადენილი დანაშაულიდან დღემდე - კომპანია „მონსანტოს“ წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გაერთიანდა

ვიეტნამის ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო 60-იან წლებში კომპანია “მონსანტო” საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. საქმე ისაა, რომ  ვიეტნამის გაუვალი ჯუნგლები სავსე იყო პარტიზანებით, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ამერიკელებს. ამიტომ საჭირო გახდა ჯუნგლების მცენარეების განადგურება, რაც იოლი არ იყო. ამაში სამხედროებს „მონსანტოს” პროდუქტი „აგენტი ორანჟი” დაეხმარა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ზევიდან გადაასხეს 40 მილიონი ლიტრი „აგენტი ორანჟი“, რაც 400 კილო სუფთა დიოქსინს შეიცავდა. შედეგად, სამი მილიონი ადამიანი დაავადდა, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცებიც. ამ პროდუქციის ქიმიური შემადგენლობა ხელს უწყობდა მცენარეული საფარის განადგურებას, თუმცა პარალელურად, ბევრი უკუეფექტი ჰქონდა, იწვევდა სიმსივნეს, მუტაციას და სხვა დაავადებებს, რაზეც ყველა თვალს ხუჭავდა. ამან ვიეტნამელები ძლიერ დააზარალა, დიოქსინის მსხვერპლთა რაოდენობა არც ომის დამთავრებიდან 60 წლის შემდეგ შემცირებულა, ეს შხამი კიბოს და მწვავე გენეტიკური მოშლილობის მიზეზი ხდება, მაგრამ ამ კომპანიის დანაშაულის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება „მონსანტოს“ საქმიანობას ხელს არ უშლიდა.

დღესდღეობით ეს კომპანია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს აწარმოებს, რაც, თანამედროვე მეცნიერული კვლევების თანახმად, უარყოფით შედეგს იწვევს. ახალმა გენებმა შეიძლება შეცვალონ ბუნებრივი გენების მოქმედება, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს გაუთვალისწინებელი თანამდევი ეფექტები.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ ინიციატივით, გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც „მონსანტოს“ დანაშაულებრივ სქემაზეა საუბარი. ვიდეორგოლის მიხედვით, უკვე სამი წელია, მილიონობით ადამიანი გენმოდიფიცირებული პროდუქციის გავრცელებას აპროტესტებს, დევიზით - „არა მონოპოლისტ და გენმო-ს მწარმოებელ „მონსანტოს“, რომლის პროდუქციის მასობრივი წარმოება აშშ-ში 1994 წლიდან დაიწყო. პირველ რიგში, ეს მცენარის თვისებების შეცვლას გულისხმობდა მავნებელთა და გარემოს არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის მიზნით. ამიტომაც კარტოფილში ჩასვეს მორიელის გენი, ხოლო პომიდორში - პოლარული ზღვის თევზის, კამბალას გენი.

სხვათა შორის, ფრანგი მეცნიერები ორი წლის განმავლობაში საიდუმლოდ იკვლევდნენ ტრანსგენური სიმინდის გავლენას ვირთხებზე. შედეგი საინტერესო აღმოჩნდა. საცდელ ორგანიზმებში გამოვლინდა გიგანტიური სიმსივნეები, ვირთხების მეორე თაობა განუვითარებელი დაიბადა, მესამე თაობა კი - საერთოდ სტერილური.

როცა დიდ ბრიტანეთში ამერიკიდან ტრანსგენური სოიოს პირველი პარტია შევიდა, არპატ პუშტაიმ, ამ სფეროში აქტიურად მომუშავე მეცნიერმა „ბიბისი“-ს განუცხადა, რომ უსამართლობაა ბრიტანელი მოქალაქეების საცდელ ბაჭიებად გამოყენება. თუმცა იმის გამო, რომ შოტლანდიის კვლევითი ინსტიტუტი „მონსანტოსგან“ სოლიდურ დაფინანსებას იღებდა, „მონსანტო“ ინტერვიუს ეთერში გასვლამდე ბევრად ადრე მიხვდა მეცნიერთა მიერ დადებული უარყოფითი შედეგების მნიშვნელობას. ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს პუშტაის და ექსპერიმენტზე მომუშავე ყველა მეცნიერს ლიცენზია ჩამოართვეს. უფრო მეტიც, ვინც ნეგატიური დასკვნა წარადგინა „მონსანტოს“ წინააღმდეგ, ყველას ლიცენზია ჩამოართვეს. თუმცა მანამდე არსებულ ყველა კვლევას თავად „მონსანტო“ აფინანსებდა და, ცხადია, დაფინანსებული „მეცნიერებიც“ გენმოდიფიცირებული პროდუქციის უსაფრთხოებაში არწმუნებდნენ მომხმარებლებს.

ცნობილია „მონსანტოს“ დიდი გავლენა სახელმწიფოს მაღალ ეშელონებზე, არსებობს საარქივო მასალა, სადაც ჯორჯ ბუში (უფროსი) „მონსანტოს“ ლაბორატორიებს სტუმრობს. ეს იყო 9 წლით ადრე, ვიდრე სოიოს გლიფოსატი ბაზარზე გავიდოდა. იმ პერიოდში „მონსანტოს“ ხელმძღვანელობამ შესჩივლა უფროს ჯორჯ ბუშს - სოფლის მეურნეობის მინისტრმა ნებართვის გაცემაზე უარი გვითხრა, მაგრამ იმედია, ტონს შეიცვლისო. თავის მხრივ, ბუშმაც აღუთქვა, თუ დაგჭირდეთ, დამირეკეთ, დარეგულირება ჩემი საქმეა, როგორმე დაგეხმარებითო. ოთხი წლის შემდეგ კი ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ამერიკის პოლიტიკა მხარს უჭერს „მონსანტოს“ ნებას გენმოდიფიცირებული პროდუქტების გავრცელებასთან დაკავშირებით. ამ დროს სწორედ ამ პროდუქციას უკავშირებენ ონკოლოგიური დაავადების მომრავლებას.

კერძოდ, მეცნიერთა მტკიცებით, ამ პროდუქციის მიღების შედეგად, უჯრედების მუტაცია იწვევს ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის განვითარებას და ცხოველებზეც ახდენს უარყოფით გავლენას. თავის მხრივ, ცხოველებიც განიცდიან მუტაციას, იბადებიან ზედმეტი კიდურებით, ან ზოგიერთი ორგანოს გარეშე. ბოლო რამდენიმე წელია, ევროპა მსხვილფეხა საქონლის სიკვდილიანობამ მოიცვა. ცხოველს უჩნდება წყლული, სუსტდება და კვდება, რადგან გენმოდიფიცირებული საკვებით იკვებება, რაც შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული ამერიკული აგრარული ინდუსტრიის „მონაპოვარია“ და ამერიკიდან ევროპაში შედის. ამერიკული სავაჭრო კომპანიების მიერ გაყიდული პროდუქციის 70% ტრანსგენურ პროდუქტებს შეიცავს.

„მონსანტო“ კრძალავს მოსავლიდან აღებული თესლის კვლავ გამოყენებას და ამით ვალდებულს ხდის მეწარმეს, ხელახლა შეისყიდოს სათესლე ნედლეული, რაც დიდ დანახარჯს გულისხმობს. ათასობით ამერიკელ ფერმერს „მონსანტომ“ სასამართლოში უჩივლა და გააკოტრა, რის გამოც „მონსანტოს“ ამერიკაში  გენურ პოლიციასაც უწოდებენ. 1995-2000 წლებში „მონსანტომ“ მსოფლიოს მასშტაბით 50-მდე სათესლე კომპანია იყიდა, რომელთაც გამოჰყავდათ სოიოს, სიმინდის, ბამბის, ხორბლის, პომიდვრის, კარტოფილის თესლები. ამ მონოპოლიზაციამ გლეხობა შეაშფოთა, კომპანია ყველაფერს აკეთებდა, რომ მათ სუფთა პროდუქტი არ მოეყვანათ.   

მოგვიანებით „მონსანტომ“ გამოიგონა ტრანსგენური ჰორმონი, რომელსაც ძროხებს უკეთებენ, რომ 20%-ით მეტი რძე მოიწველონ. ეს მომაკვდინებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ძროხებს უჩნდებათ მასტიტი, მათ უხვად აწვდიან ანტიბიოტიკებს და ასეთ დროს რძის უვნებლობაზე საუბარი ზედმეტია. კანადამ არ დაუშვა ამ ჰორმონის გამოყენება თავის ქვეყანაში, ასევე, ევროპამაც აკრძალა მისი გამოყენება. 

თავდაპირველად გენმოდიფიცირებული საკვების შექმნის არგუმენტი აფრიკის კონტინენტის შიმშილისგან გადარჩენა იყო. თუმცა ამ კონტინენტის უღარიბესმა ქვეყნებმაც კი ხუთი წელია, აკრძალეს გმო-ს შემცველი პროდუქტების შეტანა, რადგან ფიქრობენ, რომ მათი გავრცელება შიმშილზე უარესია.

მინიმალისტური კვლევების დამსახურებაა, გენმოდიფიცირებულმა პროდუქტებმა მთელი მსოფლიო რომ დაიპყრეს, განსაკუთრებით, დაიპყრეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აზია და ავსტრალია. არადა, მოკლევადიანი კვლევა შედეგს ვერ გვიჩვენებს, უარყოფითი შედეგი დროთა განმავლობაში დგება. პრობლემა გლობალურია, რადგან ათ წელიწადში ტრანსგენური კულტურები ას მილიონ ჰექტარზე გაშენდა. ევროსაბჭოს დეპუტატი კარენ ლე პენი ამბობს, „ჩვენ დიდი სისულელე ჩავიდინეთ, როცა ევროპაში დავუშვით გენმოდიფიცირებული საკვების შეტანა. ახლა საჭიროა ორწლიანი მორატორიუმი საკითხის უკეთ შესასწავლად“.

ექიმები შეშფოთებულნი არიან, რადგან ჰერბიციდებით დაბინძურებულ გარემოში ჩასახული ბავშვები აუტიზმითა და სხვა დეფექტებით იბადებიან. მათი აზრით, სამწუხაროა, რომ გენმოდიფიცირებული მწარმოებლები აქტიურად არიან ჩართულნი ბავშვთა პროდუქციის წამოებაში, რაც მოზარდის ჯანმთელობაზე კატასტროფულ გავლენას ახდენს.

გასაოცარია, რომ ფუტკარი, რომელიც ჯანმრთელი გარემოს მანიშნებელია და მცენარისთვის სასიცოცხლო ფუნქცია აქვს, მცენარეთა დამტვერვის შედეგად იღუპება და გადაშენების პირასაა. ამერიკისა და კანადის შემდეგ ფუტკრების სიკვდილიანობა ევროპაშიც დაფიქსირდა. მეცნიერები ამას გენმოდიფიცირებულ მცენარეებში პესტიციდების სიმრავლით ხსნიან. თაფლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი-უნგრეთი მიზნად ისახავს გმო-ს სრულ აკრძალვას. ევროპაში მოქმედებს პროდუქტებში გმო-ს შემცველობის ნორმა, არაუმეტეს, 0,9 პროცენტისა. ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავს პროდუქტს ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ იგი გენმოდიფიცირებული გზით არის მიღებული. საქართველო კი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე. პროდუქცია  ძირითადად იმ ქვეყნებიდან შემოდის, რომლებიც ცნობილნი არიან გენმოდიფიცირებული მასალის წარმოებით. დასაშვები 0,9 %-ის ნაცვლად, დღეს საქართველოში შემოდის გენმოდიფიცირებული ხორბლის 92 %, მცენარეული ცხიმის 83 %, ფრინველის ხორცის 76 %, შაქრის 65 %, ღორის ხორცის 65 %, ბოსტნეულის 30 %.  შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში იმატა გულსისხლძარღვთა, ტრომბულმა, ალერგიულმა და სიმსივნურმა დაავადებებმა, რაც არაჯანსაღ გარემოსა და კვებაზე მიუთითებს, თუმცა 1-ლი ივლისიდან საქართველო  65-ე ქვეყანა გახდა, სადაც სავალდებულოა პროდუქტზე გმო-ს შემცველობის დატანა.

ამ პროდუქციას დადებითი თვისებები არ აქვს. 2015 წლის 11 მარტს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს ახალი რეგულაცია მიიღეს, რომელიც წევრი ქვეყნების ხელისუფლებას ნებას რთავს, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მათ ტერიტორიაზე გმო-ს კულტივაციისა და აკრძალვის შეზღუდვის თაობაზე. ე.ი. ევროკავშირი არ გვაძალებს ამ მავნე პროდუქციის შემოტანას და საქართველოს შეუძლია, შეუერთდეს ევროპის ქვეყნებს -შვეიცარიას, ავსტრიას, პოლონეთს, საბერძნეთს და გახდეს გმო-სგან თავისუფალი ქვეყანა.

მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის  მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ „მონსანტო“ ეკონომიკურ დივერსიაში ნამდვილად არის შემჩნეული, ამიტომ კანონი უფრო უნდა გამკაცრდეს.

„მონსანტოს“ 90-იან წლებშიც ჰქონდა პრობლემები და შემდგომში ზოგიერთ ქვეყანაში დაშვებულ იქნა სპეციალური კოდები. ევროკავშირსაც აქვს ეს კოდები  მითითებული, რომლითაც დგინდება, რომელი პროდუქციის შეტანაა დასაშვები და, რომლის- არა. ბევრი ქვეყანა საერთოდ კრძალავს „მონსანტოს“ პროდუქციის შეტანას. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა საქართველოში, პრინციპში, აკრძალულია და ის ხვრელი, რომელიც დარჩა კანონმდებლობაში, გასასწორებელია. ვიცი, რომ საფურაჟე მასალის შემოტანაზე იყო საუბარი, რაც არ უნდა გამოიყენონ თესვისთვის, რადგან ცოცხალი ორგანიზმების აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა დავთესოთ, თუმცა რამდენად არის მართლაც საფურაჟედ შემოტანილი მასალა, ეს უკვე სახელმწიფოს გასაკონტროლირებელია“,-გვითხრა ნინო ჩხობაძემ.