ჰიბრიდული სიმინდის თესლმა მთავრობა გამოუვალ მდგომარეობაში უკვე ჩააყენა. ამერიკული სახიფათო თესლის დათესვას, მიუხედავად გაუთავებელი პროპაგანდისა, ქართველი გლეხები თავისი ნებით არ აპირებენ. ამიტომ, რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ძალადობაზე გადავიდნენ.
თავისუფალი დემოკრატების წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში, მოსახლეობისთვის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შესყიდვის იძულების გამო, უმძიმესი ვითარებაა შექმნილი. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.
კერძოდ, გლეხებს ეუბნებიან, რომ თუ სახელმწიფოსგან 17 ლარად არ შეისყიდიან ამერიკულ, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლს, მიწას არ დაუხნავენ, მიუხედავად არსებული 5 ტრაქტორისა.
“ეს ის ტრაქტორებია, რომლებიც ადგილობრივებს აბაშაში, პრეზიდენტის სანახავად ჩააყვანინეს, ახლა კი ძრავები ამოაცალეს და მანამდე არ აპირებენ მათ ამუშავებას, სანამ გლეხები იძულებით თანხმობას არ განაცხადებენ ამ ჯიშის სიმინდის თესლის შესყიდვაზე”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ერთ ჰექტარზე ჰიბრიდული სიმინდის მოსაყვანად გარდა თესლისა, საჭიროა 80 ლ დიზელი, 100 კგ აზოტი, 20 კგ ფოსფორი და 40 კგ კალიუმი, მეორე კულტივაციის დროს კი 200-250 კგ აზოტი, რაც გლეხებმა თვითონ უნდა შეისყიდონ ყოველგვარი შეღავათების გარეშე.
დეპუტატი იმასაც უსვამს ხაზს, რომ თუ ამერიკული ჯიში ერთ ჰექტარზე 12-14 ტონა ჰიბრიდული სიმინდის მოსავალს იძლევა, ქართული ყვითელი ჯიშის სიმინდი იძლევა - 10-12 ტონას, გეგუთის - 7-8 ტონას, აბაშის ყვითელი - 7-8 ტონას, აჯამეთის თეთრი - 7-8 ტონას, პაპაშვილის თეთრი - 12-14-ს, იგივე ყვითელი - 12-14-ს.
რაც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს, დეპუტატის თქმით, არსებობს ქართული ჰიბრიდული ჯიშებიც, რომელთა შორის წეროვანის ჯიში ჰექტარზე 12-16 ტონა მოსავალს იძლევა, ენგრუსი კი - 12-14 ტონას.
ცაგარეიშვილისთვის გაუგებარია რატომ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული “ნარკომანივით” ამერიკული თესლის მომწოდებელზე მაშინ, როდესაც შესაძლებელია ქართული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი დათესოს. ცაგარეიშვილი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩავიდნენ ბაღდათში და გაეცნონ გლეხების მოსაზრებას და იქ შექმნილ მძიმე ვითარებას.
რადანაც დასავლეთ საქართველოში მთავრობა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდს ვერ ასაღებს, სოფლების გამგებლები მძიმე დღეში აღმოჩნდნენ, ვინაიდან თითოეულს რამდენიმე ტონა ჰიბრიდული მარცვლეულის გაყიდვა დაავალეს. რაც უფრო დიდია სოფელი, გამგებელს უფრო მეტი თავსატეხი აქვს - მას უფრო მეტი რაოდენობის სიმინდს აჩეჩებენ გასასაღებლად.
თუკი სოფლის გამგებელმა მარცვლეულის გასაღება ვერ მოახერხა, თანხის გადახდა თავად მოუწევს. ამ დროს სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის სხდომაზე თავს იწონებს, თითქოს უცხო ჯიშის სათესლე მასალაზე ტაციაობაა.
სინამდვილეში კი საქმე სულ სხავგვარდაა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გლეხები ჰიბრიდული სიმინდის დათესვას არ აპირებენ. გენური ინჟინერიით მიღებული სიმინდი ადამიანისთვის საკვებად უვარგისია. გარდა ამისა, მას საქონელიც არ ჭამს. ჰიბრიდული სიმინდის მარცვლისგან დამზადებული საკვები, შესაძლოა, მხოლოდ ღორის საჭმელად გამოდგეს.
თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტსაც, რომ ჰიბრიდული სიმინდი ჯვარედინი დამტვერვის მეთოდით ქართული, მაღალი ხარისხის სიმინდის დეგრადაციას გამოიწვევს, იგი დასავლეთელებისთვის საერთოდ მიუღებელია.
სოფლის მეურნეობის ექსპერტების განცხადებით, მთავრობამ ამ სიმინდში უამრავი თანხა ისე გადაიხადა, რომ არცერთ მეცნიერთან კონსულტაცია არ გაუვლია. მეცნიერების განცხადებით კი, საქართველოში, სადაც სიმინდი პურს ცვლის, ჰიბრიდის შემოტანა დაუშვებელი იყო.
“დასავლეთ საქართველოში სიმინდი პურს ცვლის, განსაკუთრებით - სოფელში. მოსახლეობა საკვებად სიმინდს უფრო ხშირად იყენებს, ვიდრე პურს. ქართული ჯიშის სიმინდი, თავისი შემადგენლობით, ადამიანის საკვებად გამოიყენება. ჰიბრიდულ სიმინდს კი მხოლოდ მესაქონლეობაში და მეცხოველეობაში გამოიყენებენ. მას ადამიანი, ვერ შეჭამს. განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, სრულიად განსხვავებული გემო აქვს”, - ამბობს სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია.
სიმინდს მასობრივად საკვებად მსოფლიოს მხოლოდ სამ რეგიონში იყენებენ - საქართველოში, რუმინეთსა და ბასკეთში.