ადვოკატი რეზო კახნიაური თვეების წინ For.ge-ზე დაბეჭდილ სტატიას ეხმაურება, სადაც ამხანაგობა - „ნაძალადევი 2008‘‘-ის წევრები მას ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.
ადვოკატი აცხადებს, რომ არ სურს, მის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდეს და ამით მის ახლობლებს გული ეტკინოთ. სიტუაცია კი მეტად დრამატულია. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ტრანსპარანტები მიიტანა, წარწერით, „ბატონო ბიძინა, გვიშველეთ, „ქართუ ჯგუფის“ იურისტი ალა კახნიაური და მისი ნაციონალი მეუღლე რეზო კახნიაური ლახავენ თქვენს სახელს, იყენებენ ყველანაირ კავშირებს, რის გამოც საქმე არ იძვრის არც პროკურატურაში და არც ფინანსურში“.
დაზარალებულები ირწმუნებოდნენ, რომ 2011 წლის 13 აპრილს შპს „აგის ჯორჯიას“ (დირექტორი რევაზ კახნიაური) და ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“-ის თავმჯდომარეს შორის დაიდო უკანონო ხელშეკრულება ამხანაგობა - „ნაძალადევი 2008‘‘-ის მშენებლობისთვის რკინის მასალის მიწოდების თაობაზე. შემდგომში, როგორც კახნიაურმა, ასევე, ნოტარიუსმა ნარგიზა მინდიაშვილმა მოახერხეს და ხელშეკრულებაში შეცვალეს თანხის ოდენობაც და აღსრულების წესი. ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის გამოწერილი უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მათი ქონება ხელში ჩაიგდეს ალა და რეზო კახნიაურებმა და ამ უკანასკნელის იურისტმა, ლექსო ასპანიძემ.
რეზო კახნიაური ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ადრესატი არასწორადაა შერჩეული. იგი თვლის, რომ მომხდარში დამნაშავე ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“-ის თავმჯდომარე გელა ტაბატაძეა და სწორედ მან გაფლანგა სოლიდური თანხები.
„ამხანაგობა „ნაძალადევი 2008“-მ რამდენჯერმე შეცვალა ამხანაგობის თავმჯდომარე, რადგან ვიღაცამ თანხები დაიტაცა, სახლი კი ვერ აშენდა. 2011 წლის აპრილში ეს ხალხი ჩემთან მოვიდა, მაშინ მე ვიყავი „აგის ჯორჯიას“ დირექტორი, რომელიც ეწეოდა უკრაინიდან არმატურის ჩამოტანას და მის რეალიზებას. მათ მოითხოვეს სამას-ოთხას ტონამდე არმატურის შეძენა სამი თვის გადავადებით და თანხას სამ თვეში დაფარავდნენ. ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით, მერე თქვეს, ნაძალადევში რასაც ვაშენებთ, ამ მშენებლობას და მიწას ჩავდებთ თქვენს კომპანიაში და თქვენ დაცული იქნებით, რომ თანხას აუცილებლად გადავიხდითო. ითხოვეს 90 დღე. ჩვენც დავდეთ ხელშეკრულება, რაც გაფორმდა ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილთან. ხელშეკრულებას მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ მოაწერეს ხელი, არადა, აუცილებელი იყო ამხანაგობის ყველა წევრის ხელმოწერა. არ ვიცი, რამდენად იყო ეს დარღვევა, მე არ ვარ სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, მე ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი გასცემს ნახევარი მილიონის ქონებას ისეთი დოკუმენტის შედგენით, რომელიც არასრულყოფილია?! ეს ჩემს ინტერესში არ შედიოდა. ეს მათ ინტერესში შედიოდა. როდესაც ეს ყველაფერი წაიღეს და თანხა არ დააბრუნეს სამ თვეში, გადაუვადეთ თვენახევრით, მათაც დაწერეს ხელწერილები და თანხის დაბრუნება შვიდჯერ გადაიდო. ასე მივედით 2012 წლამდე, როცა თანხა უნდა დაებრუნებინათ. მაქვს მათი ხელწერილები, თანხას დავაბრუნებთო. მათივე ექსპერტის შეფასებით, ის მიწა, თავისი დაწყებული მშენებლობით, 320 ათასი ლარი ღირდა, ხოლო ჩვენდამი მათი დავალიანება ნახევარ მილიონს შეადგენდა. მოგვიანებით ეს ქონება აუქციონზე გაიყიდა, მათაც შეეძლოთ, აუქციონზე ეყიდათ, მაგრამ ეს რატომღაც არ მოისურვეს, მიუხედავად იმისა, რომ ქონება 50%-ად გაიყიდა. მყიდველმა, ლექსო ასპანიძემ ამხანაგობის წევრებს რამდენჯერმე შესთავაზა, იმ ფასად წაეღოთ ქონება, რა ფასშიც თავად იყიდა აუქციონზე. ანუ ეს მშენებლობა დაწყებული იყო ისე, რომ არც არმატურის ფული ჰქონდათ გადახდილი, არც ბეტონის, არც მიწის, არც პროექტის და მოსახლეობისგან კიდევ წაიღეს ფული. ბუნებაში არაფერი იკარგება და ეს თანხა, ამხანაგობის თავმჯდომარე, გელა ტაბატაძემ და თანათავმჯდომარემ მიითვისეს. მარტო 220 ათას დოლარის არმატურა აქვთ გაყიდული“, - აცხადებს რეზო კახნიაური ჩვენთან საუბარში.
რაც შეეხება მორიგ ბრალდებას, რომ ეს ქონება უშუალოდ რეზო კახნიაურის იურისტმა ლექსო ასპანიძემ იყიდა, ადვოკატი განმარტავს, რომ ასპანიძე, მართალია, ერთ დროს მასთან მუშაობდა, მაგრამ უშუალოდ მისი იურისტი არ ყოფილა. რეზო კახნიაური ამ საქმეში მეუღლის, ალა კახნიაურის დადანაშაულებასაც გამორიცხავს და აბსურდულს უწოდებს ამხანაგობის წევრთა ნათქვამს, რომ მათ ალა კახნიაური, როგორც „ქართუ ჯგუფის“ იურისტი, აშანტაჟებს.
„არც „ქართულ ოცნებაში“ ვარ და არც „ნაციონალებში“, მომაწერეს, ნაციონალი იყოო, როდის ვიყავი ნაციონალებში? 2007 წლიდან სახელმწიფო სამსახურიდან წამოვედი, ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი. მესმის, რომ ამხანაგობის წევრები დაზარალებულები არიან. გამოძიება წაიყვანეს ისე, როგორც უნდოდათ. ჰყავთ კარგი მფარველები, წულუკიანის ხელმძღვანელობით. ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული ეკა ბესელია, რომელიც სასამართლოზეც ახდენს ზეგავლენას და პროკურატურაზეც. არმატურა რომ წაიღეს, თანხა არ უნდა დააბრუნონ? ამხანაგობა სოლიდარულად აგებს პასუხს ნამოქმედარზე. მე გელა ტაბატაძეს კი არ მივეცი არმატურა, არამედ - ამხანაგობას. ნახევარ მილიონიან ვალს არ უნდა ამოღება? ამხანაგობის წევრებმა იფიქრეს, გელა ტაბატაძეს რომ ვუჩივლოთ და ის რომ მისცენ პასუხისგებაში, არაფრის მომცემი არ არის, ამიტომ რეზო კახნიაურს და ლექსო ასპანიძეს მოვთხოვოთ პასუხიო, რომელთაც გააჩნიათ რაღაც და იმათ გადაიხადონო. ეს ხომ უზნეობაა? ნებისმიერი მოქალაქე როგორ მოიქცეოდა, თავისი კომპანიის ინტერესებს არ დაიცავდა და არ მოითხოვდა დახარჯულს? თუ არ აბრუნებ, ცხადია, ქონება გამაქვს აუქციონზე“, - აცხადებს რეზო კახნიაური და დასძენს, რომ სამსახური („აგის ჯორჯია“), სადაც 12-ათასლარიანი ხელფასი ჰქონდა, სწორედ ამ უკანონობის გამო დაკარგა. აღნიშნული ქონება აუქციონზე 147 ათასად გაიყიდა, თუმცა კიდევ დარჩა გადასახდელი ორი ამდენი, რომელიც სწორედ რეზო კახნიაურისგან მოითხოვა კომპანიამ და მას მოუწია დამატებით 272 ათასის გადახდა.
For.ge ამხანაგობა - „ნაძალადევი 2008‘‘-ის წევრებს მზია სეხნიაშვილს, ნაპო დიხამინჯიას, ციცინო სამადაშვილს ესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ბათილად ცნო ამ საქმეზე არსებული ყველა ხელშეკრულება და ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის მიერ გაცემული უკანონო სააღსრულებო ფურცელი.
„სწორედ ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ჩვენი ქონება ხელში ჩაიგდეს ალა და რეზო კახნიაურებმა და მისმა იურისტმა, ლექსო ასპანიძემ. ეს ის ლექსო ასპანიძე გახლავთ, ვინც შეადგინა ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ კახნიაურებს უნდა მიეღოთ ფართები და არა თანხა მიწოდებული მასალის სანაცვლოდ, მაგრამ შემდეგ, იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულებისათვის უნდა გადაეხედათ, მოითხოვეს ჩვენი ხელშეკრულების ეგზემპლარი, თითქოსდა, რაღაც შეცდომა გაიპარაო, მერე გადამალეს იგი და ბოლოს ჩვენთვის შეუტყობინებლად გამოუწერიათ სააღსრულებო ფურცელი. თუმცა ხელშეკრულების პირობები მათი მხრიდანაც არ შესრულებულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალის ოდენობა არ მიუწოდებიათ. მიუხედავად ამისა, თვითონ მოგვევლინენ ამ ქონების მესაკუთრედ. არსებობს აუდიო ჩანაწერები იმის თაობაზე, როგორ უცხადებს რეზო კახნიაური ამხანაგობის თავმჯდომარეს, გელა ტაბატაძეს, რომ მას ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება არ გააჩნია ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე და ეს ხელშეკრულება ბათილია. ამდენად, მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულება ბათილი იყო, მაგრამ ეს ხელშეკრულება შეგნებულად გააფორმა ჩვენი თანხმობის გარეშე და აუდიო ჩანაწერში გარკვევით ისმის, კახნიაური როგორ უცხადებს გელა ტაბატაძეს, რომ არა უშავს, თანახმაა, მოაწეროს ხელი ამ გარიგებას. ეს აუდიო ჩანაწერი წარდგენილია პროკურატურაში“, - აღნიშნეს ამხანაგობის წევრებმა და განმარტეს, რომ არსებობს უამრავი მოწმე და აუდიო ჩანაწერი, რომლითაც რეზო კახნიაური ითხოვდა ფართებს თანხის სანაცვლოდ.
გარდა ამისა, დაზარალებულები ეჭვქვეშ აყენებენ იმ ფაქტსაც, რომ რატომღაც სააღსრულებო ფურცელი კახნიაურების მიერ წარდგენილ იქნა არა თბილისში, არამედ ქუთაისის კერძო აღმასრულებელთან და, საერთო ჯამში, 163 000 ლარად ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება, მიწა მდებარე თბილისში ჭყონდიდელის (ყოფილი ხუთწლედის) ქ. №22, ზესტაფონის ქ. №18ა-ში (საკადასტრო კოდი 01.12.12.024.161) და შენობა მიისაკუთრეს ალა და რეზო კახნიაურებმა და მათმა იურისტმა, ლექსო ასპანიძემ, მაშინ, როდესაც ამ ქონების ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (რომელიც ჩაატარა ფინანსურმა პოლიციამ), აუქციონზე გასვლის დროს 700 000-ის ტოლი იყო.
„ის, რომ ლექსო ასპანიძე შპს „აგის ჯორჯიას“ იურისტია, გვაქვს ამის არაერთი მტკიცებულებები, რაც წარვადგინეთ პროკურატურაშიც. გამოდის, რომ სასამართლოში მივაღწიეთ სიმართლეს, ყველა გადაწყვეტილება ჩვენი სასარგებლოა, ყველა ხელშეკრულება და ნოტარიუსის სააღსულებო ფურცელი ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ დღემდე ქონება ვერ დავიბრუნეთ, რადგან ყველგან, პროკურატურაში, ფინანსურში ხელი მიუწვდებათ ალა და რეზო კახნიაურებს (ეს უკანასკნელი ნაციონალია). საქმეს ბოლო არ უჩანს, ვინაიდან ისინი სარგებლობენ იმით, რომ ალა კახნიაური „ქართუ ჯგუფის“ იურისტია და ამას ამოფარებული, თავისი კავშირებით სარგებლობს, რითაც სახელს უტეხს „ქართუ ჯგუფსაც“ და „ქართულ ოცნებასაც“. გთხოვთ, ნუ გვაქცევთ მკვლელებად მათ მიერ ქუჩაში დარჩენილი ოჯახებს. დღეის მდგომარეობით, ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი - მშობლებთან და ნათესავებთან“.