დაზარალებულების დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება

დაზარალებულების დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულების დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს. განცხადება ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელსაც თბილისის მერი, დავით ნარმანია ესწრებოდა. როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობა ჩართულია და ყურადღებით ადევნებთ თვალყურს დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმას და მათ დაბინავებას.

„მინდა, რომ ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს. ვიცი, რომ ქალაქის მერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს დაბინავების და განსახლების პროცედურები. ყველა ოჯახი, ვინც დაზარალდა ამ სტიქიის შედეგად, უნდა დავაბინაოთ, ახალი სახლები შევუძინოთ, ვისაც სჭირდება, გავურემონტოთ. ეს ყველაფერი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან შეთანხმებით სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა. პროექტი დაზარალებულ მოსახლეობასაც გააცნეს. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე რიმა ბერაძ აცხადებს დაზარალებულები მათ მიერ შემუშავებულ წესს იზიარებენ. 

ბერაძის თქმით, მათ შეიმუშავეს ორი ვარიანტი - პირველი ვარიანტის მიხედვით, კომპენსაცია მოხდება სულადობით. ასეთი პირებისთვის თანხა გაიცემა საცხოვრებელის შესაძენად. მათ გადაეცემათ ასევე 10.000 ლარი პირველადი ნივთების შესაძენად. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით თანხობრივი ანაზღაურება და ეს ქონება შემდეგ გადაეცემა მერიას.

„ჩვენი აზრით, მიღებული იქნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არის უპრეცედენტო, რადგან პირველ ვარიანტში მოსახლეობას დამატებით მიეცემა 10 000 ლარი, ამავდროულად ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, რომ შეგვეფასებინა რა ღირდა მიწის ნაკვეთები და საცხოვრისები სტიქიამდე. 1კვ.მ შეფასდა 1000 დოლარად. მაგალითად, თუ ორსულიან ოჯახს ეკუთვნის 45 კვ. ბინის ფართი, ჩაერიცხება 45 ათასი დოლარი პირად ანგარიშზე და ამ თანხით ის უზრუნველყოფს მისთვის სასურველი ბინის შეძენას. მეორე წესის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურება. მოსახლეობა თავად აირჩევს რომელი ვარიანტი იქნება მისთვის სასურველი“, - აცხადებს რიმა ბერაძე.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურებას, ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია საკითხის განხილვას მომავალ კვირას მიუბრუნდება. შსს-ს მონაცემებით, დაახლოებით 200-მდე ავტომობილი დაზიანდა. ამ მანქანებიდან ნაწილი დაზღვეული იყო და მათ მფლობელებს ნაწილი უკვე აუნაზღაურდათ, დაუზღვეველი ავტომობილებისათვის კი სპეციალურ წესს შეიმუშავებენ. თბილისის სააკრებულოს უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიშვილი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ჯერ საცხოვრისის, შემდეგ კი, მანქანების პრობლემაც მოუგვარდებათ.

„საცხოვრისით უზრუნველყოფა საბაზრო ფასის მიხედვით იქნება განსაზღვრული. ეს არის პირველი ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც საცხოვრისი სტაბილურობის გარანტიაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემა მოვაგვაროთ და მერე მანქანებთან დაკავშირებითაც შევიმუშავებთ იმ ფორმულას და წესს, თუ როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება“, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს ჯერ არ გაცნობია. თუმცა, ამის მიუხედავად, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობა თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში და „ქართულ ოცნებაში“ დაზარალებულებისათვის ზარალის სრული ანაზღაურების საკითხზე ერთსულოვნება არ არის.

„უკვე 20 დღეა, საზოგადოებას უწევს მარჩიელობა, რას გადაწყვეტს თბილისის მერი. მოსახლეობის მიერ შეგროვებული თანხებიდან აუნაზღაურდება თუ არა დაზარალებულებს სრულად ზარალი. ერთადერთ შემთხვევაში დავუჭერთ ჩვენ მხარს ამ წესს, თუ ეს წესი უზრუნველყოფს მიყენებული ზიანის 100 პროცენტით ანაზღაურებას და დაზარალებულთა ცხოვრების ნორმალურად უზრუნველყოფას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი, თამარ ცინცაბაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესის საკრებულოსთვის გადმოცემა ძალიან დააგვიანა. ცინცაბაძე თვლის, რომ სამი კვირა არ იყო საჭირო იმისთვის, რათა მერიას მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორ უნდა მომხდარიყო დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურება.

„საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისათვის დოკუმენტი ხელმისაწვდომია. ოპოზიციური დეპუტატებისათვის კი არც დოკუმენტის პირველი ვარიანტი იყო ხელმისაწვდომი და არც კორექტირებული. ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია აზრი გამოვთქვა. უმთავრესი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ გულნატკენი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა თვითონ წესი და შემდეგ ზიანის ანაზღაურების პროცესი იყოს სამართლიანი და მაქსიმალურად გამჭვირვალე“, - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.