ევროკავშირი ევროპის აკვნის - საბერძნეთის გარეშე რჩება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი საკუთარი მოქალაქეების არჩევანით კმაყოფილია, რომელთაც, მისი თქმით, „მამაცი არჩევანი“ გააკეთეს, როცა მოსახლეობის 61.3%-მა რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას.
საქმე ისაა, რომ საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა, რაც ნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორებისგან ვერ მიიღებს ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 7,2 მილიარდ ევროს, რომელიც გაყინული იყო მანამდე, სანამ ბერძნები მკაცრ ეკონომიკურ რეფორმებს არ დათანხმდებოდნენ. თუმცა ბერძნებმა ქამრების შემოჭერა არ ისურვეს. რეფერენდუმის შედეგები ნიშნავს იმას, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, ევროზონა დატოვოს.
საბერძნეთის შემდეგ ვინ იქნება შემდეგი და ვინ დატოვებს ევროზონას? რა შეცდომები დაუშვა ევროკავშირმა საბერძნეთთან მიმართებით და თავად ევროკავშირის იდეა ხომ არ განიცდის კრახს? ხომ არ ასხამს ეს ყველაფერი წყალს პუტინის სასარგებლოდ, რომელთანაც უკვე აფრინა ზარი საბერძნეთის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა და არც ვლადიმერ პუტინმა დააყოვნა ბერძენი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა.
საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებზე For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგებს ბებერი ევროპა განსხვავებული პათოსით შეხვდა. ევროზონის ლიდერები ფიქრობენ, რომ საბერძნეთმა გზა მოიჭრა და ბერძნული ლაბირინთიდან გამოსავალი უკვე არ არსებობს. საბერძნეთის რეფერენდუმის შემდეგ მტკივნეული დღეები დადგა მათთვის, ვისაც სჯეროდა ერთიანი ევროპის. თუმცა არიან საპირისპიროდ მოაზროვნენიც. მათი აზრით, „საბერძნეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა“ და ბერძნების უკომპრომისო გადაწყვეტილებამ შეიძლება, გადამდები ბაცილი როლი შეასრულოს ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილი ქვეყნებისთვისაც. ევროპის ცენტრალური ბანკი გაკოტრებული საბერძნეთის დაფინანსებას შეწყვეტს. როგორ ფიქრობთ, საბერძნეთი გაიწირა?
- ბერძნები უსინდისოდ მოიქცნენ. კი, მათი პრემიერი ციპრასი აცხადებს, ჩვენ დემოკრატიის სამშობლო ვართ, ძველი რომი, ათენიო, მაგრამ, როგორც დღევანდელ იტალიელებს აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო ძველ რომაელებთან, როგორც დღევანდელ ეგვიპტელ ფელახებს ფარაონებთან არაფერი საერთო არ აქვთ, ასევე, დღევანდელ ბერძნებს სოკრატესთან, არისტოტელესთან და იმ ბერძნულ ელიტასთან, რომელმაც შექმნა დემოკრატიის სათავე, საერთო არ აქვთ. ესენი ძალზე უსინდისოდ მოექცნენ ევროპას, მთელი ოთხი წელიწადი ცხოვრობდნენ ევროპის ხარჯზე, წარმოგიდგენიათ, უბრალო ბერძენი მემანქანე რკინიგზაზე რამდენჯერაც ხელს დაიბანდა, იმდენი პრემია ეწერებოდა... როგორც საქართველოშია, ჩინოვნიკებს პრემიებს რაში უწერენ, თვითონაც არ იციან. ახლა გაკოტრდა საბერძნეთი, 360 მილიარდი ევროს ოდენობით ვალი აქვს. რასაკვირველია, ამას საბერძნეთი ვერ გადაიხდის მანამ, სანამ არისტოტელე არ გაცოცხლდება. ამიტომ კრედიტორები (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი) ითხოვენ საბერძნეთისგან ქამრების შემოჭერას. თავად ბერძნები ქამრებს ისევე იჭერენ, როგორც ქართველი ჩინოვნიკები. ციპრასი თვითონაც მძიმე დღეშია, იგი იმ დაპირებებით მოვიდა, როგორც, ვთქვათ, ივანიშვილი, რომ კომუნიზმში გადაგვიყვანდა უცებ, გვარწმუნებდნენ, ჯერ გადაიხდით გაზის საფასურის ნახევარს, ცოტა ხანში კი საერთოდ არაფერს გადაიხდით და ხუთ წელიწადში გაზის კომპანიები, პირიქით, აქეთ მოგცემენ ფულსო. რასაკვირველია, როგორც ივანიშვილმა შეასრულა დაპირებები, ისევე შეასრულა ციპრასმაც, მაგრამ ივანიშვილს ვალი მაინც არ აქვს გადასახდელი, საქართველოს კრედიტორები ჯერჯერობით არ ახრჩობენ, არიქა, ფული გადაიხადეო, მაგრამ საბერძნეთმა თანხები უნდა გადაიხადოს.
ივნისის ბოლოს უნდა გადაედახადათ მილიარდ 600 მილიონი ევრო, რათა ამ პერიოდისთვის უკანასკნელი ტრანში-7 მილიარდი ევრო მიეღოთ, სხვანაირად, საბერძნეთში დეფოლტია, უკვე გამოცხადდა იქ ტექნიკური დეფოლტი, მაგრამ შანტაჟზე მიდის პრემიერი ალექსის ციპრასი. უსინდისობის ზენიტი სწორედ ეს არის, ციპრასი ამბობს, კი ბატონო, რეფერენდუმი ჩავატარეთ და, როგორც ხალხმა გადაწყვიტაო. ხალხმა კი გადაწყვიტა, რომ არ გადაიხდიან ვალს, რადგან ბერძნებს არ სურთ პენსიების, ხელფასების შემცირება. თუ არადა, იმუქრებიან, მაინც გავალთ ევროზონიდანო.
ეს მაგალითი გადამდები ხომ არ აღმოჩნდება სხვა ქვეყნებისთვისაც?
- თვითონ ევროზონიდან გასვლის ტენდენციაა ცუდი, მაშინ, როდესაც, აგერ, ინგლისის პრემიერმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელიწადნახევარში რეფერენდუმი მოაწყოს, იყოს თუ არა ევროკავშირში ბრიტანეთი. ამ დროს ევროკავშირისთვის საბერძნეთის ასეთი შანტაჟი მტკივნეულია. თანაც, ციპრასს რუსეთის იმედი აქვს, ის პეტერბურგშიც ჩავიდა, პუტინს ჩაეხუტა, პუტინი შეჰპირდა დახმარებას. ეტყობა, რაღაცას მისცემს რუსეთი, რასაკვირველია, მილიარდებიან ვალს ვერ გადაუხდის, მაგრამ პუტინს რუსეთში იდეალური მდგომარეობა აქვს, რუსი ხალხი უარესს მოითმენს, მთავარია, მათი მოძმე კაპიტალისტების „მსხვერპლ“ საბერძნეთს დაეხმარონ. სწორედ ეს ლოზუნგია რუსეთში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, თვითონ ევროპასაც, ყელში ამოუვიდა ბერძნების შანტაჟი. მერკელის უკანასკნელი განცხადებები ამას ცხადყოფს. არა მგონია, ევროპამ უფლება მისცეს პოპულისტ ციპრასს, შანტაჟის ქვეშ ამყოფოს მთელი ევროკავშირი და ევროკავშირმა ჩამოაწეროს ეს ვალები, მაშინ, როდესაც 70 მილიარდ ევრომდე უკვე ჩამოაწერეს ვალები და ახლა რეფორმების გატარება არ უნდათ. ბერძნებს კვლავ სურთ, იცხოვრონ ევროპის ხარჯზე. უფრო სწორად, ევროპის ლოკომოტივი არის გერმანია, გერმანელებსაც უკვე ამოუვიდათ ყელში და აღარ უნდათ ბერძნები. პოლიტკორექტულობა პოლიტკორექტულობაა, მაგრამ ბერძნები კარგი რეპუტაციით არ სარგებლობენ. ამიტომაცაა რუსული გამოთქმა, ეშმაკია, როგორც ბერძენიო. კიდევ გეუბნებით, დღევანდელ ბერძნებს არაფერი საერთო არ აქვთ ელინისტური ხანის ბერძნებთან.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა კიდეც, ციპრასმა ბოლო ხიდი დაანგრიაო. ამის მიუხედავად, ალექსის ციპრასი თავის ხალხს მიმართავს, რეფერენდუმის შედეგები სულაც არ ნიშნავს ევროპაზე უარის თქმას. ბერძნების მხრიდან ეს თავის დამშვიდებაა?
- ციპრასის მხრიდან ეს უკვე დემაგოგიაა. ერთი ხელით ყველა ხიდს ანგრევს ციპრასი და მეორე ხელითა და ენით კი იძახის, რომ არა, ჩვენ მაინც ევროპული არჩევანი გვაქვსო. ციპრასს ახლა უნდა გამოუვიდეს ისე, როგორც რუსული ანდაზაა, ჭკვიანი ხბო ორ ფურს წოვს, ანუ რუსეთიდანაც მიიღოს დახმარება და ევროპაც თადარიგში ჰყავდეს, ან კიდევ, პირიქით, ევროპიდან მიიღოს დახმარება და რუსეთი რეზერვში ჰყავდეს. რუსეთისთვის, რასაკვირველია, დიდ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ გამარჯვებად ითვლება, რომ მთელ მსოფლიოს დაანახოს ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი საბერძნეთი რა დღეში ჩავარდა და არავინ დაეხმარა. აი, თურმე საწყალ ბერძნებს რა უქნეს. რუსეთს, რომელსაც, პრაქტიკულად, მოკავშირე აღარავინ ჰყავს, ბელორუსიაც უკვე ტლინკებს ყრის, ყაზახეთი უკვე სხვანაირად არის განწყობილი, ერთგული მოკავშირე აღარ დარჩა და ამ დროს, ბერძნები გამოჩნდნენ. ციპრასს ჰგონია, გერმანელ მინისტრებს, მერკელს და სხვებს, ასევე, საფრანგეთის, იტალიის პოლიტიკოსებს ჭკუით მოატყუებს.
ბევრმა დადებითად შეაფასა ეს მოვლენა და აღნიშნა, რომ ბერძნებში გაიღვიძა თავისუფლების სურვილმა და ელადამ არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის გააკეთა. თუკი ბერძნები ევროს ნაცვლად, თავიანთ ფულის ერთეულს-დრაჰმას აღადგენენ (რომელსაც ბერძნები ვერ დაბეჭდავენ, რადგან დრაჰმის საბეჭდი მოწყობილობა საბერძნეთს ევროზონაში შესვლიდან- 2000 წლიდან აღარ გააჩნია) მაშინ დეფოლტი უფრო გაღრმავდება?
- ეს არის ცინიზმის, დემაგოგიის, უღირსობის, უპასუხისმგებლობის ვინიგრეტი. რომელ თავისუფლებაზეა საუბარი? კი ბატონო, თუკი ბერძნები აირჩევენ, რომ იშიმშილონ და არავიზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, მაშინ გასაგებია. რა, რუსეთი ლამაზი თვალებისთვის მისცემს ფულს? ერთხელ მისცემს რუსეთი ფულს და ისიც მისცემს თუ არა, ამას მარტო პუტინი არ წყვეტს. თვითონ რუსეთში გერმან გრეფიც კი, ცენტრალური ბანკის მმართველი, უკვე პუტინის კურსს აკრიტიკებს, პეტერბურგში ალექსეი კუდრინის (რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის) გამოსვლა ჩვენთან არავის წაუკითხავს, ჩვენთან ხომ გენიოსები არიან და არავის აინტერესებს ასეთი მნიშვნელოვანი გამოსვლები. არადა, კუდრინის გამოსვლა პუტინის ეკონომიკური პოლიტიკის ღია კრიტიკა იყო. სანქციები გრძელდება რუსეთში, ამიტომ პუტინს შეუძლია, ერთხელ მისცეს ფული ციპრასს, მაგრამ წინასწარ მან იცის, რომ ეს დაკარგული ფულია, ისევე, როგორც თავის დროზე კომუნისტები ფულს აძლევდნენ ანგოლას, ეთიოპიას, მოზამბიკს და ის ვალი დღესაც მოდის. აღადგინონ თავისი დრაჰმა ბერძნებმა, თავისი ეროვნული ვალუტა, მაგრამ ეს იქნება შიმშილი, კრიზისი და კიდევ კრიზისი. ამ კრიზისიდან საბერძნეთი რეფორმების გარეშე ვერ გამოვა. სხვა გზა არ არის.
თვითონ ევროკავშირის პროექტი რა კითხვებს ბადებს? საბერძნეთის მაგალითმა რა გვიჩვენა? რა შეცდომები იყო დაშვებული ევროზონის მხრიდან?
- ახლა ამბობენ, ყოჩაღ, ბერძნები, რა კარგად მოიქცნენო, ჩვენთვის ეს საგანგაშოა. უბრალოდ, სირაქლემას პოზიცია უჭირავთ ჩვენს პოლიტიკოსებს, პირველ რიგში, ჩვენს პარლამენტარებს. საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის პრესაში უკვე გამოჩნდა მასალები, რომ ევროკავშირის უცებ გაფართოება დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, ისევე, როგორც ნატოს უცაბედი, ტალღისებური გაფართოება იყო მოუმზადებელი. ამიტომ მწარე გაკვეთილი ევროკავშირმა უკვე მიიღო და ბერძნების ხარჯზე საქართველოს პახმელიაზე გამოსვლა მოუწევს იმით, რომ, თუკი ოდესმე ბრიუსელში ვარაუდობდნენ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გამხდარიყო 20 წლის მერე, ახლა ამას დაემატა კიდევ ერთი 20 წელი ბრიუსელის გათვლებში. თუმცა პიტერ სემნებიმ თავის დროზე თქვა, 30 წლის მერე შეიძლება გახდეთ ევროკავშირის წევრიო. ბერძნების მაგალითი ეს იყო, საბერძნეთში მუშაობა არავის უნდა და, ამ დროს გერმანელები როგორ მუშაობენ? - წელზე ფეხს იდგამენ, რომ არჩინონ ეს უსაქმური ბერძნები. ეს არავის არ უნდა, იმათ სირტაკი იცეკვონ და პლაჟზე გაირუჯონ გერმანელების ხარჯზე? ეგ დრო მოკვდა, აღარ იქნება. საქართველოშიც მუშაობა არავის უნდა, ქამრების შემოჭერაო და... ახლა, მე ვარ ბაზალეთის ტბაზე, მემკვიდრეობით მიღებული პატარა აგარაკი მაქვს და მარტო დუშეთის რაიონში 50 ათას ადამიანს გაუუქმეს 60-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. მუშაობა არავის უნდა, მუშა რომ ვნახო, უნდა ვეხვეწო კიდევ. რატომ? ამათ ურჩევნიათ, მთელი დღე ისხდნენ სუპერმარკეტთან, ეგებ, ვინმე გამვლელმა ერთი ბოთლი ლუდი უყიდოს.
გასაგებია, რომ ბერძნები „ატკატებით“ ცხოვრობდნენ, ძირითადად, საბერძნეთის სახელისუფლო ნომენკლატურის ჯიბეებში ილექებოდა კრედიტების დიდი ნაწილი, მაგრამ ბერძნები მაინც გამოფხიზლდნენ ახლა, როცა ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა?
- ბერძნები ვერ გამოფხიზლდებიან, ვინაიდან კარგ ცხოვრებას მიჩვეული ადამიანი ცუდ ცხოვრებას ძნელად ეგუება, მაგრამ ცუდ ცხოვრებას მიჩვეული კარგ ცხოვრებას უცებ ითავისებს. ჩვენი პოლიტიკოსები აიღეთ, გუშინ მშივრები იყვნენ, დღეს გაძღნენ და მესამე თაობის ლორდებივით იქცევიან. შეხედეთ, ივანიშვილმა რომ შეკრიბა მარგინალები ან ნახევრად მარგინალები, გააძღო და ჩააცვა ყველას, მუშაობა ვინმეს უნდა?
ახალი მსოფლიო წესრიგის მამამთავრებმა საბერძენეთის მაგალითზე დიდი დარტყმა მიიღეს. როგორ გგონიათ, საბერძნეთის გზას ინგლისი გაიზიარებს?
- პირველი საფრთხე ევროკავშირისთვის ეს არის ბრიტანეთი, რომელიც სულ სხვა მიზეზით შეიძლება გავიდეს ევროკავშირიდან, იქ არის ლტოლვილების, მიგრანტების პრობლემა. ისე, სხვის ხარჯზე არცერთი ქვეყანა არ ცხოვრობდა-არც ბულგარეთი, არც რუმინეთი, არც იუგოსლავია, არც სერბეთი. საბერძნეთი რაღაც გამონაკლისი, უჩვეულო იყო. ჯერ ერთი, თავიდანვე ამბობდნენ, ნატოს სამხრეთი ფლანგიო, მაგრამ აღარ არის ეს სამხრეთი ფლანგი უკვე ისეთი აუცილებელი, აღარ არის საბჭოთა კავშირი, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არის და რუსეთი არასოდეს არ იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნატოს პრობლემა შეუქმნას. აქ შეიძლება გაკვეთილი იყოს ის, რომ სხვა ქვეყნებებმა მართლა მოიჭირონ ქამრები და ჩვენმა მინისტრებმაც მოიჭირონ, მაგრამ მე არა მგონია, ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყოს. არ შეიძლება, ევროკავშირში გაწევრიანების იმედად ვიცხოვროთ მილიარდელებივით, როცა ქვეყანა მშიერია, არ შეიძლება, თავი ავარიდოთ რეფორმებს. რეფორმები პოპულარული არსად ყოფილა. რეფორმები ეფექტურად გატარდა ტოტალიტარული რეჟიმების დროს. შვეიცარიაში გადასახადი რომ გაიზარდოს 0,5%-ით, ეს რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს. შარშან მიიღო შვეიცარიის ექვსმა კანტონმა რეფერენდუმით გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება, იქაურმა ხალხმა თქვა, მეტი უნდა გადავიხადოთო. იქ სხვა შეგნებაა, მაგრამ ბერძნები ამ შეგნებამდე ვერასდროს მივლენ. ზოგიერთები რომ ამბობენ, ბერძნებმა თავისუფლება დაიბრუნესო, რომელ ღირსებასა და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა ბერძნები 3-4 წლის წინ ევროპის ხარჯზე რომ ცხოვრობდნენ, მაშინ თავისუფლება არ ჰქონდათ? საბერძნეთის სამინისტროში კურიერს ხელფასი ჰქონდა, მაგრამ უბრალო დოკუმენტს ერთი ოთახიდან მეორეში რამდენჯერაც მიიტანდა, იმის დანამატსაც იღებდა ხელფასზე. სამსახურში დროზე ვინც მივიდოდა და არ დააგვიანებდა, ხელფასზე დანამატი ერიცხებოდა. მაშინ, დიქტატურა იყო და ახლა მოინდომეს თავისუფლება?