„აი, ვეფხვიც რომ ჩაძაღლებულიყო!“ - უკანასკნელ ხანს ზოლიანმა ძმამ ძალზე შემიწუხა გული და მე მას ვთვლიდი ცოცხალ არსებათა უბოროტეს მტრად. მაგრამ მამა, რომელიც პატიოსნებას ყველაზე მაღლა აყენებდა, არ დამეთანხმა: „რას ამბობ, ჩერჩეტო! ვეფხვი კეთილშობილია; დიახ, ის საშინელია, მაგრამ დაიმახსოვრე, არიან მხეცები, რომლებიც თავისი სალახანობით უფრო საშიშნი არიან. ლეოპრდი გაცილებით უფრო ქვეშქვეშა და სისხლისმსმელია. თანაც, ხომ იცი, ვეფხვი ადამიანს არ ესხმის თავს, თუ მას რაიმე მიზეზის გამო არ გაუსინჯავს ადამიანის სისხლის გემო. ფრო მეტიც, ის ლეშითაც კმაყოფილდება, როცა ძალიან შია. ყოვლისშემძლე ვეფხვი არასოდეს არ დაგლიჯავს კაცს უმიზეზოდ“, - დაასკვნა მამამ. (დხან მუქერჯი, „ჯუნგლებში“)
დიდი ეპოქა დასრულდა, ძალიან დიდი, უდიდესი, და უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დროა, საქართველოს დედაქალაქს სახელი გადაერქვას და რამე ეპოქის შესაბამისი ეწოდოს. აბა, ხოხობი ჩვენ თვალით არ გვინახავს, ცხელი გოგირდის აბაზანები კი, ცხელი გოგირდის აბაზანების მოყვარულებს თუ არ ჩავთვლით, ათწლეულების განმავლობაში ცივი პუტანკების მოყვარულთა საჯირითო ადგილი იყო.
სამაგიეროდ, მთელი სამი კვირა მილიონნახევრიანი ქალაქი ერთ გაუბედურებულ ვეფხვს დაეძებდა, ყველა ვეფხვზე ლაპარაკობდა, ვეფხვს ახსენებდა, ყველამ გაიგო, რომ ვეფხვი ზოლიანია და ზოლიანი აფთრისგან ზომებით განსხვავდება.
ამბობენ, ვიღაც-ვიღაცეებმა „ვეფხისტყაოსანიც“ კი გადაიკითხესო და ზოგ-ზოგიერთს ნამდვილი ამბავი გონიაო. ალბათ, სიმღერისაც ეშინიათ, გულში ღიღინებენ და იქნებ გულში ღიღინისაც ეშინიათ, რადგან „ვეფხისტყაოსანში“ არის...
ერთ ამბავს გავიხსენებ: 94-95 წელი იქნებოდა, სრული შემადგენლობით მოვიყარეთ თავი სახინკლე „ოჩხარში“ (ბარნოვისა და ბელინსკის კუთხეში). დავლიეთ. ერთმა ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა ემღერა და... ყროყინი მორთო. ამ დროს სახინკლეში რამდენიმე ჯეელი შემოვიდა. თემო დოლიძემ საჩვენებელი თითი შემართა და “ვეფხისტყაოსანი“ გაიხსენა: „რა ესმოდათ მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან“.
თბილისში სიმღერა სახიფათოა - ან უზოლო ვეფხვი დაგესხმება, ან ზოლიანი აფთარი, ანაც ბეჰემოთი შემოგიღებს კარს.
მოკლედ, ქალაქს სახელი უნდა გადაერქვას და თუ მთლად ვეფხვთან დაკავშირებულ რამეს არ დავარქმევთ, „ვეფხისტყაოსანთან“ მაინც უნდა იყოს კავშირში. რატომღაც მგონია, რომ საქმე მაქეთკენ მიდის - გასულ კვირაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა, აეროპორტიდან ორიოდ კილომეტრში კი დგას შენობა, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არ ეწოდა ქაჯეთი. მიზეზი - ქაჯები ტარიელს ემტერებოდნენ და ნესტან-დარეჯანს მალავდნენ, ხოლო ნაცები საახოვს ემეგობრებიან და სათარეშოდ ჩიორა ყავთ გამოშვებული.
ასეა თუ ისე, ვეფხვი ნაპოვნია, რასაც ეს ნიუსიც ადასტურებს: „თბილისის ზოოპარკი მტაცებელ ცხოველებს აღარ ეძებს. ამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი მტაცებელი აღარ ითვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა. მისი თქმით, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ლეში ნამდვილად ვეფხვის არის, რაც დასტურდება ცხოველში ჩამონტაჟებული ჩიპით, რომელიც დაზიანებული არ არის“.
მაიცა და... ჩიპს რომ არ დაედასტრებინა, კატა ეგონებოდათ? ანაც, ვეფხვისთვის შეცდომით სპილოს ჩიპი რომ ჩაეკერებინათ, სპილოდ ჩათვლიდნენ? არა, სპილოდ ნამდვილად არ ჩათვლიდნენ, რადგან თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციას, ვეფხვებისგან განსხვავებით, ყველა სპილო აღრიცხული ყავს და გრაფაში გარკვევით იკითხება „ერთი“.
თითქოსდა, ქალაქი უნდა დაწყნარდეს, უნდა დაიწყოს ტურისტების მოზღვავება, მაგრამ ჯერ იყო და მანამდე ვაზისუბანში დათვის ბელებს მიაგნეს, რომლებიც გურიელიძემ სახეზე ვერ იცნო, გასულ კვირაში კი...
„თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამშრალი ჭიდან მგლის ორი ლეკვი ამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" უფროსის მოადგილემ, ლერი ქვარაიამ განაცხადა, დამშრალ ჭაში მგლის ორი ლეკვი მოქალაქემ აღმოაჩინა, რომელმაც ამის გამო 112-ში დარეკა. ადგილზე სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი გავიდა და მგლის ლეკვები ჭიდან უსაფრთხოდ ამოიყვანა. მისივე თქმით, მგლის ლეკვები დაახლოებით ერთი თვის არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ჭაში დიდი ხნის ჩავარდნილები არ უნდა იყვნენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ პატარა ცხოველებს ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ. სააგენტოში ვოლიერში არიან ცალკე განთავსებული და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. მათივე თქმით, მგლის ლეკვების პოვნის შესახებ შესაბამისი უწყებები ინფორმირებული არიან. უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სად გადაიყვანენ მგლის ლეკვებს“.
სად გადაიყვანენ? ვფიქრობ, მათ დასაზრდელად საუკეთესო ადგილი არის ალგეთი, საუკეთესო საკვები - მტრის ჯავრი. მტერი... ვინ არის მტერი? ვინ გვმტრობს? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც კომპეტენტური, ამომწურავი, ყოვლისმომცველი პასუხი უნდა გაიცეს, თორემ გასულ კვირაში ერთი პასუხი იყო, იმის წინა - სხვა, მომავალ კვირაში კი კიდევ სხვა პასუხი იქნება.
გასულ კვირაში საქართველოს მტრები იყვნენ „ბილეთები.ჯი“, რომელმაც ბილეთები ვერ გაყიდა; მიკროავტობუსის რამდენიმე მძღოლი, რომლებმაც კონდინციონერი არ ჩართეს და ზურაბ ხარატიშვილი, რომელმაც პლაკატები გააკრა.
ბილეთები.ჯი გაუშვეს, ხარატიშვილი გამოუშვეს, მძღოლები არც გაუშვეს და არც გამოუშვეს.
რაც შეეხება ბილეთებს... ამ საქმეს თავიდან რომ გამოვყვეთ, დიდ დროს დავკარგავთ, ამიტომ ჯობს ბოლოდან დავიწყოთ. რა მოხდა ბოლოში? ბოლოში მოხდა ის, რომ აღნიშნულ ვებ-გვერდს ბილეთების გაყიდვის უფლება ჩამოერთვა და ეს უფლება ფეხბურთის ფედერაციას, ანუ დომენტის კანტორას გადაეცა. წორედ აქ არის მესის თავი დამარხული. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ საიტის ადმინისტრაციამ სერვერის საკითხი ვერ მოაგვარა? უბრალოდ, შეცდომაა, როდესაც „ფორმულა 1“-ს „დიდ ცირკს“ უწოდებენ. დიდი ცირკი არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტმაც, დომენტი სიჭინავამ, ერთხელ ჯონი ჯანელიძეს ჰკითხა, აქამდე რატომ არ გიცნობდიო, ენამოსწრებულმა ჯანელიძემ კი - სად უნდა შევხვედროდით, შენ ფეხბურთზე არ დადიხარ, მე კიდევ ცირკშიო.
სუპერთასამდე ორიოდე დღით ადრე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდებიან საეჭვო ტიპები, სამმაგ და ოთხმაგ ფასად შემოგთავაზებენ ბილეთებს, რამდენიმე ათასი ადგილი იქნება ცარიელი, და უკვე ლეგენდარული მესი გაიმეორებს ლეგენდარული მარადონას მიერ თბილისში წარმოთქმულ სიტყვებს - „ჩემდათავად, აქ ჩამომსვლელის დედაც!!!“
ასე რომ, დაველოდოთ 11 აგვისტოს, 12 აგვისტოს კი ორი თარიღის აღნიშვნა მოგვიწევს - ომში დამარცხების 7 წლისთავის და ომში დამარცხების აღსანიშნავი საზეიმო მიტინგის ასევე 7 წლისთავის. ორივე მათთვის საზეიმო თარიღს სიახლეებით ეგებება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
„ჩვენ ვჯანსაღდებით, ვძლიერდებით და "ნაციონალური მოძრაობა" რჩება დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წინ წაიყვანოს, - ამის შესაებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელ მდივნად სერგო რატიანის არჩევის შემდეგ განაცხადა. დავით ბაქრაძემ აღმასრულებელი მდივნის არჩევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის დემოკრატიული პროცესების სრული დაცვით გაიმართა. მისივე თქმით, ამის შემდეგ პარტია უფრო გაძლიერებული, განახლებული და გამთლიანებულია“.
ძაღლის კუდი არ განიმართებისო - დავით აღმაშენებელმა ბაღვაშებზე თქვა.
ღორის უკანალი არ გამთლიანდების - ამას ვამბობ მე, პურის რიგში ტრაგიკულად გარდაცვლილი მოხუცი თერაპევტი.
ვისაც უნდა - მეკამათოს.
"დარწმუნებული ვარ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ერთი მხრივ, წარსულ გამოცდილებას თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა და მეორე მხრივ, წარსულის ანალიზს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც წინა წლებში მოსწონდა, ან არ მოსწონდა. ჩვენ ვჯანსაღდებით, ვძლიერდებით და პარტია რჩება დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წინ წაიყვანოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
უვერენი ხარ, ბიჭო?!
როგორც იცით, საკუთარ აღმასრულებელ მდივნად ნაცებმა სერგო რატიანი აირჩიეს. სხვათა შორის, სერგო ორჯონიკიძის ნამდვილი სახელი იყო გრიგოლი, სერგო რატიანის მეტსახელი კი არის სირგო. ვერაფერს იტყვი, ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. კი, ამბობენ, რომ ზარმაცები ვართ, მაგრამ ბოროტ ხმებს ნუ დავუჯერებთ. როცა საჭიროა, ჩვენ მუშაობაც ვიცით, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. თუმცა, ზოგიერთი პარტია განსაკუთრებით გავს ერთმანეთს. მაგალითად - ნაცები და რესპუბლიკელები.
გიორგი ვაშაძე: „სერიოზული დისკუსია იყო იმ ცვლილებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად საჭიროა პარტიაში. იმედი მაქვს, ბოლომდე გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს“.
ვახტანგ ხმალაძე: „იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ პარლამენტმაც და მთავრობამაც დღე-ღამეში 25 საათი უნდა იმუშაოს“.
ისე, სერიოზული მუშაობა უფრო სერიოზულია, თუ დღე-ღამეში 25-საათიანი შრომა? რა გითხრათ... ანალიზია საჭირო - რომელი რას ამბობს, მანამდე რა უთქვამს, რას აკეთებდა, რას აკეთებს, რით სუნთქავს, რას ყნოსავს და რით გვაბოლებს. მოკლედ, შედარების ამბავში და ანალიზის გაგებაში. ყოველ შემთხვევაში, თუ შედარებაზე მიდგება საქმე, უნდა ითქვას, რომ ნახალოვკელებსა და ნაციონალებს შორის სხვაობა არ არსებობს. ერთსქესიანთა (ორსქესიანებიც არსებობენ?!) ქორწინების დაკანონებას ერთნაირად მიესალმებიან ნაციონალი ჩიორა თაქთაქიშვილი და რესპუბლიკელი თამარ კორძაია. ჩიორა თაქთაქიშვილი ნაციონლურ მოძრაობას წარმოადგენს, თამარ კორძაია - ნახალოვკელებს.
რა ვიცი - ახლა სიტყვა ნახალოვკელებზეა. ისინი ან უნდა დაეთანხმონ თავიანთ მაჟორიტარს, ანაც უნდა მოითხოვონ თავიანთი საარჩევნო ოლქში იმის დაკანონება, ზუსტი ტერმინი არ მახსოვს, მაგრამ პოლი-რაღაცა რომ ქვია და მრავალქმრიანობას რომ გულისხმობს. გასულ კვირაში, საითაც არ გავიხედე, ყველა ნახალოვკელი კორძაიას და მის „მშობელ #2“-ს ახსენებდა.
ერთი ნიუსი სრულად: “ჩემი დამოკიდებულება ლგბტ ქორწინების მიმართ ძალიან პოზიტიურია. ძალიან ბუნებრივია, რომ ეს მოხდა. ცივილური სამყარო ბევრ ქვეყანაში უკვე მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თუ ორ ადამიანს ერთად ცხოვრება უნდა, მათ არჩევანში არავინ უნდა ჩაერიოს. სამყარო რაღაც-რაღაცების მიმართ უფრო ტოლერანტული და ადეკვატური უნდა გახდეს, ამა თუ იმ საკითხებს ფობიებით და კომპლექსებით არ უნდა შეხედოს. ალბათ ყველაზე მეტად ის ბრაზობს, ვისაც რაღაც შიშები აქვს, რაც ფსიქო-სოციალური თვალსაზრისით, ცალკე საკვლევი თემაა” – განუცხადა ბუღაძემ ჟურნალ „17 მაისს”. “ამბობენ, რომ აი ჩვენთან აპირებენ ამის დაკანონებას და გვართმევენ ჩვენს ეროვნულობას, რწმენას, ამიტომ დასავლეთი ცუდია, კრემლი კი კარგი. ეს ფობიები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კრემლიდან საზრდოობენ“.
გაივსო ქვეყანა სუკის აგენტებით და პუტინის მონებით! ამას რომელი 25-საათიანი შრომა უშველის? გამოსავალი ერთია - ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ელგებეტე-თა საქმეების მინისტრად დაინიშნოს ლაშა ბუღაძე, კულტურის მინისტრად - გია ბუღაძე, ხოლო დანარჩენ მინისტრებად - ბუღაძის ის სტუდენტები, დიპლომის მისაღებად მონდომებით და ბარაქიანად რომ აფურთხებდნენ ერთმანეთს.
მინისტრთა კაბინეტის სხდომები გადაიცეს პირდაპირ ეთერში. რა, ცუდი სანახავი იქნება, როგორ აფურთხებენ ერთმანეთს მამა-შვილი ბუღაძეები? ანაც, როგორ აფურთხებენ მამა-შვილი ბუღაძეები მამა-შვილ გაბაშვილებს?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, აუდიტის შეფი, ომბუდსმენი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც დღეს არიან. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, ჩვენ კი, ჯერ არ ჩამოვსულვართ ხეებიდან, ანაც ჩამოვედით და უკანვე ავძვერით.
ჯერ ვაშლი მოვწყვიტოთ და „ეფლი“ მერე იყოს.
ფ.რ.ა. (ფარშევანგები? რატომაც არა!) ფარშევანგები სწორედ მისწრება იყო ჩვენთვის - ისინი ანადგურებენ ხეებზე მცხოვრებ ქვეწარმავლებს. საკვირველი კია, მაგრამ გველები ვერასოდეს გრძნობენ ფარშევანგის სუნს, ამის გამო ისინი ძალზე ცუდ დღეში ვარდებოდნენ ხოლმე და მე ხშირად მიფიქრია, რომ მათ არა აქვთ ყნოსვის უნარი. სხვათა შორის, ფარშევანგები ძალზე მეგობრულად ცხოვრობენ ვეფხვებთან. მაგრამ ამის შესახებ როგორმე შემდეგ მოგიყვებით. (დხან მუქერჯი, „ჯუნგლებში“)