„ხათუნა კალანდაძემ ახალაიას თამაში ითამაშა“

„ხათუნა კალანდაძემ ახალაიას თამაში ითამაშა“

„მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში. სწორედ ამიტომ, მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება დამნაშვეების დასჯასა და მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლის განცხადებას, რომ ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე არიან.

სერგო თეთრაძის ოჯახის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ მზად არიან შეხვდნენ თავდაცვის მინისტრს და წარუდგინონ იმ ადამიანების სია, რომლებიც მონაწილეობდნენ თეთრაძის საქმეში და რომლებიც დღემდე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან.

რა თანამდებობა უკავიათ თეთრაძის საქმეში მონაწილე პირებს, რატომ არ წაუყენეს ბრალი ბაჩო ახალაიას მოადგილეს, ნიკა ძიმცეიშვილს და რატომ მოხსნა ხათუნა კალანდაძემ დასაკითხ პირთა სიიდან ის ადამიანები, რომლებიც ახალიას დანაშაულებრი ქმედებებზე საუბრობდნენ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მაგდა კოტრიკაძეს ესაუბრა.

ნანა თეთრაძე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე არიან. ვინ არიან ეს ადამიანები?

- ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია ვინ არიან და რამდენი თანამშრომელია. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ჩვენ მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს კითხვით, არ გვიპასუხეს. როდესაც საქალაქო სასამართლოში მიდიოდა ყაჭეიშვილის, ფაცაციას და მეგის ქადრავას პროცესი, აი, მაშინ მოვითხოვეთ ყველა იმ ადამიანის ჩამოშორება თანამდებობიდან, ვისაც შეხება ჰქონდა თეთრაძის საქმესთან. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ისინი გავლენას იქონიებდნენ გამოძიებაზე. ირაკლი ალასანიას გადავეცი ამ ადამიანების სახელები და გვარები.

შეგიძლიათ გითხრათ ვინ არიან ისინი?

- ზაზა მჭედლიძე, გაბუნია, გოგიჩაიშვილი და ა.შ. სია საკამოდ დიდია. ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ალასანიამ გააკეთა ის, რომ ყველა გადაიყვანა კადრების განკარგულებაში.

რა შეხება ჰქონდათ თავდაცვის სამინისტროს ამ თანამშრომლებს სერგო თეთრაძის საქმესთან?

- ეს ადამიანები საკამაოდ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, მათ შორის პროკურორი გიორგი ხვედელიძე, რომელიც შემდგომ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს ზედამხედველი პროკურორი იყო. ამ ადამიანებს შეეძლოთ გამოძიება სხვა მიმართულებით წაეყვანათ და არ დამდგარიყო ბაჩო ახალაიას და მისი მოადგილის, ნიკა ძიმცეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ან ნაკლები მტკიცებულება ყოფილიყო ამ საქმეში. მაგრამ, მოგვიანებით, ეს ადამიანები ისევ აღადგინეს თანამდებობაზე. მაშინ ალასანიამ გვიპასუხა, რომ ეს ხალხი გადავიყვანე კადრების განკარგულებაში, მაგრამ ვინაიდან მათ წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, უფლება არ მაქვს უკანონოდ დავითხოვო სამსახურიდანო.

მიმართეთ პროკურატურას რატომ არ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ამ პირების მიმართ?

- პროკურატურას ჰქონდა ერთი პასუხი - მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს პერიოდში ექნებათ ბრალი წაყენებული მონაწილე პირებსო და დღემდე ასე გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საქმეში ჩვენ მხარე არ ვართ, ჩვენთვის სისხლის სამართლის მასალები არ გადმოუციათ. აქედან გამომდინარე, რა ინფორმაციასაც ვღებულობთ პროკურატურიდან გახლავთ ის, რომ მიდის გამოძიება. მე, როგორც ოჯახის ადვოკატი, ასევე სერგო თეთრაძის მეუღლე, ნანა თეთრაძე მოვითხოვთ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას, რომელსაც გადავცემთ იმ ადამიანების სრულ სიას, რომლებიც დღესაც თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ.

მათ შორის მამხილებელ დოკუმეტებს?

- მამხილებელი დოკუმენტაცია აქვს პროკურატურას. ეს საქმე იყო გრიფირებული, შესაბამისად, ეს მასალები ხელმიუწვდომელია. თუმცა, სასამართლო პროცესზე დაკითხული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჩვენებებიდან ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩანს, რომ ამ საქმეში მონაწილეობას იღებდნენ და დაიგეგმა ახალიას, ქარდავას და ჯოგლიძის მიერ.

გარდა იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ შეხება თეთრაძის საქმესთან, რამდენადაც ვიცი, დღემდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს ის ექსპერტი, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ ჩაუტარა თეთრაძეს ექსპერტიზა...

- ამ საქმეში ასევე ფიგურირებდა ექსპერტი ბახტაძე, რომელიც გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ექსპერტს, ჩემთვის უცნობია ვინ იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს თბილისის პროკურორის მოადგილეა ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი გიორგი ქევხიშვილი. ყველა ის ადამიანი ვინც დაიწყო გამოძიება ჯაშუშობის საქმეზე, დღემდე თანამდებობაზე მუშაობენ. გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე ვითხოვ ამ ადამიანმების განთავისუფლებას და მათ წინააღმდეგ გამოძების დაწყებას.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაიწყო მათ წინაამდეგ გამოძიება?

- მიზეზი შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას. მე არ შემიძლია მათ მაგივრად გაგცეთ პასუხი. იგივე საგამოძიებოს უფროსის მოადგილის, ხათუნა კალანდაძის შუამდგომლობით, სასამართლო პროცესიდან დასაკითხ პირთა სიიდან მოიხსნა ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ ახალიასთან.

კონკრეტულად, კალანდაძემ ვინ მოხსნა დასაკითხი სიიდან?

- ესენი იყვნენ პროკურორები, გამომძიებლები, სამმართველოს უფროსები, რომლებიც უშუალოდ იტყოდნენ ვისი მითითებით მოქმედებდნენ და მონაწილეობდა თუ არა ამ საქმეში ბაჩანა ახალაია. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხათუნა კალანდაძემ ახალაიას თამაში ითამაშა, რადგან მისი მოქმედება პირდაპირ ბაჩანა ახალაიას წისქვილზე ასხამდა წყალს. ეს გააკეთა და იმის მერე პროცესზე არ გამოჩენილა. სასამართლო პროცესებზე ძირითადად გამოდიოდა ხათუნა კალანდაძე და რეზო ნადოი. რამდენიმე პროცესზე კი მხოლოდ კალანდაძე გამოვიდა, რამაც ძალიან გამაკვირვა, ვინაიდან საგამოძიებოს უფროსის მოადგილეს არ ეკუთვნოდა სასამართლო პროცესზე გამოსვლა. როგორც ვიცი, დღეს კალანდაძე ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურში მუშაობს.

რა ინტერესის გამო ითამაშა კალანდაძემ ახალაიას თამაში?

- ეს მას ჰკითხეთ. ფაქტია, რომ ინტერესი ჰქონდა, საქმე გაწყვიტა და მოქმედი პირები გამოაცალა საქმეს. შეგნებულად მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან მთავარი მოქმედი პირები, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება არ დამდაგარიყო.

თქვენ ახსენეთ ნიკა ძიმცეიშვილი, რომლესაც ბრალი თეთრაძის ეპიზოდში არ აქვს წაყენებული. რატომ?

- ეს კითხვა ჩვენც გვაქვს, რატომ არ აღიძრა ძიმცეიშვილის წინააღმდეგ საქმე. რადგან, ეს ადამიანი მონაწილეობდა თეთრაძის საქმეში და ამაზე საუბრობენ დაზარალებულები.

რაში გამოიხატება ძიმცეიშვილის ბრალეულბა?

- მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ძიმცეიშვილის სიტყვიერი მითითებით დაიწყეს საქმეზე გამოძიება კადრების განკარგულებაში მყოფმა პირებმა. ანუ, ეს ხალხი ოფიციალურად დანიშნული არ იყვნენ და დაშვება არ ჰქონდათ. მოგეხსნებათ, როდესაც საქმეს გრიფი ადევს, დაშვება უნდა ჰქონდეს კონკრეტულ პირებს.

ამ პირობებში, როდესაც ყველა მონაწილე პირი რჩება თანამდებობაზე, რა შანსი გაქვთ, რომ საქმეზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი? ბაჩო ახალაიას დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი...

- სწორედ ამ საშიშროების გამო ვითხოვდით, რომ ჩამოცილებულიყვნენ საქმეს ეს ადამიანები და მათ წინააღმდეგ დაწყებულიყო გამოძიება, რადგან ამ ადამიანების ქმედებაში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, რაც იყო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ხვედელიძე, რომელიც მაშინ უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯაშუშების საქმეს, შემდეგ, უკვე, გამოძიების პერიოდში, თავდაცვის სამინისტროში იყო ზედამხედველი პროკურორი. ახლა, ვინმე მეტყვის რომ საქმე ობიექტურად იქნებოდა გამოძიებული? თეთრაძის საქმემ გადაიყოლა წინა ხელისუფლება, თუ ეს საქმე ობიექტურად არ იქნება გამოძიებული, გარწმუნებთ, რომ ამ ხელისუფლებასაც გადაიყოლებს. თეთრაძის წამება დაიწყო თავდაცვის სამინისტროში და შემდეგ უკვე გაგრძელდა გლდანის ციხეში.