„19 წელი ადვოკატი ვიყავი და ზუსტად ვიცი, სამმართველო სივრცეში სად არ უნდა დაუშვა შეცდომა“

„19 წელი ადვოკატი ვიყავი და ზუსტად ვიცი, სამმართველო სივრცეში სად არ უნდა დაუშვა შეცდომა“

ევროკავშირთან ასოცირებული საქართველო 1-ელი ივლისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა, ევროსტანდარტების სერვისის დანერგვა ბევრ სხვა სფეროშიც იგეგმება. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კი დედაქალაქში მცხოვრებ ბევრ ოჯახს დღეს ჯერ კიდევ უწყლობა და კანალიზაციის უქონლობა აწუხებს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იმ ტერიტორიებზე დგას, რომლებიც დედაქალაქს თვითმმართველობის არჩევნებამდე -გარკვეული თუ გაურკვეველი მიზნით შემოუერთეს. გლდანის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე For.ge-სთან საუბრისას ყვება, რომ თბილისთან შემოერთებულ „მუხიანი 2-ის“ დასახლებაში მცხოვრებლებს წყალს დღეს კვლავ სახანძრო მანქანებით აწვდიან.

რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად, რა პრინციპით გაიცემა პრემიები და რატომ სჭირდება გამგეობას როიალი? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც For.ge-ს გლდანის გამგებელი პასუხობს.

ბესიკ ქარცივაძე: როდესაც ბიუჯეტი გაიწერა, ინფრასტრუქტურული ხედვაც გაიწერა ორი მიმართულებით: ერთი, კეთილმოწყობის ნაწილი, რომელსაც ჰქვია გზები და ინფრასტრუქტურის შემადგენელი რგოლი. მეორე - კედლები, დაზიანებული ორმოულები და ა.შ.

გლდანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი პროექტი იყო წყალსადენის ქუჩაზე გზის დაგება. აქ საფარი, პრაქტიკულად, 40 წელია, არ ყოფილა. დღეს კი კაპიტალურად გაკეთდა - საუბარია 630 მეტრის გზაზე. აღნიშნული ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ავტომანქანების ნაკადი გადანაწილდეს. ამ ქუჩის საფუძვლიანად მოწესრიგება იმიტომაც იყო საჭირო, რომ ქმნიდა საფრთხეს მახლობლად მდებარე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულიყო და გამავალი გზა შეზღუდულიყო. დღეს ქუჩა უკვე ინფრასტრუქტურულად გასწორდა. ეს პროექტი 352 ათას ლარამდე დაჯდა.

გლდანში არის ძალიან ბევრი ქუჩა, რომელსაც დამისამართების პრობლემა აქვს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს გზავნილები ასეთი მისამართით მისდით: „ბუტკიდან ხელმარჯვნივ, 200 მეტრში“, ან - „გაჩერებიდან 400 მეტრში“. ფოსტალიონი, რომელსაც გზავნილი მიაქვს, მიდის მითითებულ მაღაზიაში და მაღაზიის გამყიდველის მეშვეობით უკავშირდება 200 მეტრის მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეს.

ასეთ ქუჩებს სახელები ნელ-ნელა ერქმევა. მაგალითად, გიორგიწმინდაში უკვე არის დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს და სხვადასხვა გამოჩენილ ადამიანთა სახელობის ქუჩები. მოსახლეობა ირჩევს სახელს, შემოაქვს განცხადება გამგეობაში და შემდეგ გადაწყვეტილებას სახელდების კომისია იღებს.

რა თანხით არის განსაზღვრული გლდანის გამგეობის ბიუჯეტი და რამდენად ეფექტიანად ხარჯავს გამგეობა ფინანსურ რესურსს?

- 2015 წლის ბიუჯეტი გლდანისთვის 16 მილიონ ლარზე მეტია. ბიუჯეტი მოცულობით ნაწილში განისაზღვრება კვარტლების მიხედვით. თითოეულ კვარტალში იწერება გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს. კარგად გაწერილი ბიუჯეტი ნიშნავს სწორ მენეჯმენტს. მეამაყება, რომ იმ რაიონის გამგებელი ვარ, რომელსაც ორი კვარტლის მაჩვენებლით 100%-იანი შესრულება აქვს.

გზებისა და ქუჩების დამისამართების გარდა რა პრობლემები აწუხებს გლდანელებს? რას ითხოვენ ყველაზე მეტად მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან?

- ძალიან ბევრს აწუხებს უწყლობა, კანალიზაციის პრობლემა. გლდანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შეჭირვებულია. დაახლოებით 85% მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას - გვყავს 11 ათასი დევნილი და გვაქვს სოციალურად შეჭირვებულთა კომპაქტური დასახლებები. მაგალითად, გმირ კურსანტთა 22-ში, რომელიც საბჭოთა დროს ჩაკეტილი და გარეშე პირებისთვის მიუწვდომელი შენობა იყო, დღეს 1000 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. იქ სრულად გავაკეთეთ ახალი გზა. ამჯერად კი ვაკეთებთ გლდანში ყველაზე დიდ ქუჩას - ხიზანიშვილის ქუჩას, რომელიც გლდანის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. სამუშაობს ხარისხიანად ვასრულებთ და არა ზედაპირულად, როგორც წლების განმავლობაში კეთდებოდა.

ამბობთ, რომ გლდანში მოსახლეობის დაახლოებით 85%- დახმარებს სჭირდება, რას აკეთებს გამგეობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად?

- 4 ათასი კაცი გვყავს უწყლოდ. 2013 წელს დაიწყო პროექტის - „უწყლო რეალობა დასრულდა“ - განხორციელება, რომლის თანახმადაც, თბილისთან შემოერთებულ სამ ტერიტორიულ ერთეულში წყალმომარაგება უნდა უზრუნველეყოთ. მაგალითად, „მუხიანი2“ ერთ დღეს უცებ გახდა ქალაქი და ეს მოხდა იმიტომ, რომ საარჩევნოდ ხმები დასჭირდა იმდროინდელ ხელისუფლებას, მანამდე ეს დასახლება არავის ახსოვდა. ეს არის სტეპებზე განთავსებული სახლები, მათგან ზოგ ნაგებობას სახლსაც ვერ დაარქმევ. სამი გოჭის ზღაპრის რეალობაა. იმ დროს თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე შექმნეს ამხანაგობები, გამოიყო ბიუჯეტიდან 5 მილიონ 600 ათასი ლარი და დაიწყო მუშაობა წყლის მიწოდების პროგრამამ. უნდა გენახათ, როგორ კეთდებოდა არჩევანი, როგორ ყოფდნენ ადამიანებს - „ჩემიანად“ და „სხვისიანად“. მაგალითად, „მუხიან-2-ში“ ამხანაგობამ 350 ადამიანი შეიყვანა აბონენტად დასარეგისტრირებელთა სიაში, 380 კი გამოტოვა. იგივე მოხდა სხვა შემოერთებულ ტერიტორიაზე. ანუ, დღეს არის რეალობა, როცა ამ ტერიტორიების მცხოვრებთა ნაწილს აბონენტის სტატუსი არ აქვს და აბონენტები რომ გახდნენ, 650 ლარი უნდა გადაიხადონ. ადგილობრივებს კი წყლის ჟონვის გამო მუდმივად აწუხებთ ტალახი. ექსტრემია იქ მანქანებით სიარული. ერთგვარი „ტალახის აბაზანებია“ მოწყობილი. კანალიზაცია საერთოდ არ არსებობს. ასეთ პირობებში ცხოვრობს ათასობით ოჯახი. სახანძრო-სამაშველო სამსახურები ყოველ შაბათ-კვირას ჩვენი თხოვნითა და შესაბამისი დავალებით აწვდიან მოსახლეობას სასმელ და ტექნიკურ წყალს. მოსახლეობა მუდმივად გვაკითხავს წყლის პრობლემის მოგვარების თხოვნით და წლების წინ გაცემული დაპირების შესრულებას გვთხოვს.

საზოგადოების ნაწილი ხშირად იხსენებს დავით ნარმანიას და მისი გუნდის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებასაც - მილიონი ხის დარგვას. რამდენად წარმატებით ირგვება ხეები გლდანში, შეძლებთ დანაპირების შესრულებას საარჩევნო ვადაში?

- მე იმ მთავრობის წევრი ვარ, რომლისთვისაც ეს დაპირება რეალურია. ყველა სკოლას, სადაც ტერიტორია იძლევა საშუალებას, ხის დარგვის თვეებში ვაწვდით ნერგებს. მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროცესში - დიდიან-პატარიანად ხალისით რგავდნენ ხეებს. გლდანში არის 700 კორპუსი და ამდენივე ამხანაგობა. მათთან გვაქვს სიტყვიერი მემორანდუმი ხეების დარგვასა და მოვლასთან დაკავშირებით. ნერგებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.

ანუ ფიქრობთ, რომ თბილისში თქვენი ხელისუფლების საარჩევნო ვადაში მილიონი ხე დაირგვება?

- უდავოდ. და მილიონსაც გადავაჭარბებთ თავისი ვარდებით.

საზოგადოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საჯარო თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების საკითხი. როგორ არის თქვენთან საქმე ამ მხრივ, რამდენად მსუყე პრემიებს გასცემს გლდანის გამგეობა?

- ვინც საუბრობს წახალისების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა პრემია და დანამატი, სასურველია, ფლობდეს ინფორმაცის, თუ რა რეალობა იყო წინა წლებში - ვისთვის როგორ გაიცემოდა პრემიები. რაც შეეხება რეალობას, გამგეობა მოქმედებს კანონის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს პრემიების გაცემას, მაგალითად, სააღდგომოდ და საახალწლოდ. წახალისების სხვადასხვა ფორმებიც არსებობს, თუნდაც, მადლობის გამოცხადება, გარკვეული ფასიანი საჩუქრების ან წამახალისებელი სიგელის გადაცემა. ვამაყობ, რომ მყავს საკმაოდ კარგი გუნდი, რომლებიც გაგებით ეკიდებიან პრემიების საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ისინი ამას იმსახურებენ.

ანუ გლდანის გამგეობის თანამშრომლები მეტწილად სიგელებსა და სიტყვიერ მადლობას სჯერდებიან?

- ურთიერთობას განსაზღვრავს სამშობლოს სიყვარული. ვერავინ იტყვის, რომ გლდანში პრემიები უთანასწოროდ გაიცემა. პრემიების გაცემაზე უარი პრემიების დაუმსახურებლობის გამო კი არ ითქმება, არამედ რეალობის გათვალისწინებით. სამშობლოს სიყვარული პრემიებზე მეტია. არავის დაეკარგება, რასაც იშრომებს.

ცოტა ხნის წინ აქტუალური თემა იყო გლდანის გამგეობაში როიალის დადგმის საკითხიც. საზოგადოების ნაწილი აცხადებდა, რომ გამგეობამ როიალი ბიუჯეტის ფულით შეიძინა. იქნებ გვითხრათ, რატომ სჭირდება გამგეობას როიალი და რა დაჯდა მისი შეძენა?

- გლდანში არის რამდენიმე პანსიონი, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ და სწავლობენ. 4 ათასი შშმ პირი გვყავს გლდანში. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად გვსტუმრობს გამგეობაში, კარგად უკრავენ, მღერიან. უნდა ვთქვა, რომ მე მათი ერთგვარი სავიზიტო ბარათი ვარ. უნდა ნახოთ, ამ სივრცეში როგორ გრძნობრენ თავს. მათი სტუმრობა ჩემთვის პატივია, მათი მასპინძლობა კი - ღირსება. გამგეობის სივრცე არ არის უკარება სივრცე, სადაც ადამიანები მხოლოდ განცხადებების დასაწერად და დახმარების სათხოვნელად მოდიან, ამ სივრცეში ყველა პოულობს ადგილს.

ამიტომ იყიდეთ როიალი?

- არა. არ გვიყიდია. არც ვიყიდდი. 19 წელი ადვოკატი ვიყავი და ზუსტად ვიცი, სამმართველო სივრცეში სად არ უნდა დაუშვა შეცდომა, რომ კანონმა უფლებამოსილების გადაჭრაბებაზე არ მიგანიშნოს. ეს როიალი არის ნათხოვარი - ნარდობის ხელშეკრულებით, გარკვეული დროის განმავლობაში. თუ შემდეგ მოსული გამგებელი კრეატიული ხედვით როიალს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთგვარ ინსტრუმენტად აღიქვამს, შესაძლოა, კიდევ დარჩეს გამგეობაში. თავად ძალიან მომწონს როიალი, იმიტომ, რომ ამ ინსტრუმენტთან ძალიან ახლოს ვარ.

უკრავთ როიალზე?

- ამბობენ, კი. ნებისმიერს შეუძლია, დაუკრას. მთავარია, მსმენელი როგორ აღიქვამს ამას. მთავარია, როგორ ხარ როაილათან - მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტრუმენტთან ისე რა ნამდვილად არ ვარ.