„თუ კეზერაშვილი ოდესმე გამოჩნდება, საკუთარი ხელით ვესვრი და ჩემს მოთხოვნას დავიკმაყოფილებ“

„თუ კეზერაშვილი ოდესმე გამოჩნდება, საკუთარი ხელით ვესვრი და ჩემს მოთხოვნას დავიკმაყოფილებ“

პროკურატურა ყოფლ მაღალჩინოსნებს ბრალს უმძიებს, დაუსწრებლად პასუხსიგებაში აძლევს, მაგრამ ძებნილ მაღალჩინოსნებს ეს ხელს არ უშლით, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ. ქონების იძულებით ჩარმოთმევის ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი.

გამოძიების თანახმად, 2010 წლის აგვისტოში, დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნეს საქმიანობაში, ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოვებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.

იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი - თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი. ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო MISSION INVESTMENT LIMITED, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის.

გარდა ამისა, თამაზ ნიჟარაძე 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შპს „მეტალექსში“, რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას. ეს იყო ნიჟარაძეების ის ბიზნესი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა. აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.

მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. სწორედ ამ პირობებში ითხოვდა კეზერაშვილი ბიზნესის ქონების დათმობას.

ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების DAVOR HOLDING LIMITED-ის, AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD-ისა და STEINLORD ENTERPRISES LLP-ის სასარგებლოდ.

დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით, MISSION INVESTMENT LIMITED-ის წილის გასხვისების ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა, ნიჟარაძეებმა წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შპს „მეტალექსის“ წილის ღირებულებად განისაზღვრა 1050 ლარი. სინამდვილეში კი ნიჟარაძეებს ძალადობის შედეგად დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ მიუღიათ.

ფოთის პორტთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, სხვა პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში. მთავარი პროკურატურის სპიკერის კოკა კაციტაძის განცხადებით, ნიჟარაძეებისთვის ნავთობპროდუქტების გადატვირთვის კომპანიებში წილების ჩამორთმევის პროცესში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართულნი. რაც შეეხება ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნების საკითხს, კაციტაძის განმარტებით, ამის ერთადერთ მექანიზმად რჩება სასამართლო, ხოლო კომპანიებიდან, რომელიც კეზერაშვილმა მუქარისა და ზეწოლის შედეგად ჩამოართვა ნიჟარაძეებს, პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე, სხვის საკუთრებაშია.

თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომრაც 20 წელი აშენა, ერთ დღეში წაიღო კეზერაშვილმა. ნიჟარაძე კეზერაშვილს ასევე ბრალს დებს 2013 წლის მაისში ავტომობილის აფეთქებაში.

„მთელი ქონება და ბიზნესი, რომელიც მე და ჩემს შვილს წაგვართვეს, ისევ კეზერაშვილის განკარგულებაშია. ახლა უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია დამიბრუნდება თუ არა წართმეული ქონება. კეზერაშვილი სხვადასხვა პირების მეშვეობით მე და ჩემს შვილს მუქარას გვითვლიდა, რომ არ მოგვეთხოვა წარმთეული ქონება. საქმეს იძიებს პოლიცია. აფეთქების შემდეგ რომ დამკითხეს, მის მერე აღარც დავუკითხივართ. კეზერაშვილის მხრიდან იყო მუქარა, რომ აღარ მომეთხოვა პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან საქმის გამოძიება“, - აცხადებს თამაზ ნიჟარაძე.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა, თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომლის განცხადებით, არაფრის მქონე 27 წლის ბიჭი ხელისუფლებაში მოვიდა და ხელისუფლებიდან 7-8 წლის შემდეგ მილიარდერი წავიდა.

„27 წლის დროშების მქნეველი, არაფრის მქონე ბიჭი, ფინანსური პოლიციის უფროსი, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი გახდა და ხელისუფლებიდან მილიარდერი წავიდა. ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროცესები ამით არ დასრულდება. ეკა ბესელიას განცხადებით, ფოთის პორტთან დაკავშირებით იყო სხვა კრიმინალური და დანაშაულებრივი საქმეები.

„თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გახსნა და ვფიქრობ, რომ ალბათ, ამით არ დასრულდება. იმიტომ, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებით, კიდევ იყო სხვა კრიმინალური და დანაშაულებრივი სქემები, რომელიც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გაიხსნება. კეზერაშვილის მიმართ ამ ბრალის წარდგენა გამოძიების მიერ გამოვლენილი ფაქტებით მოხდა და ჩვენ დაველოდებით რა იქნება გადაწყვეტილება“, - აცხადებს ეკა ბესელია.

თამაზ ნიჟარაძის მსგავსად, კეზერაშვილს ქონების იძულების წესით წართმევაში ადანაშულებს, ნავთობ იმპორტიორი კომპანია „მაგნატის“ დამფუძნებელი ჯემალ ლეონიძე, რომელმაც კეზერაშვილის მიერ წართმეული ქონების დაბრუნება ვერც ამ ხელისუფლების პირობებში ვერ შეძლო.

„არა მარტო ჩემს საქმეში, არამედ საქართველოს დაღუპვაში და დაქცევაში ფიგურირებს კეზერაშვილი, მაგრამ ვინ რა უქნა, რომ? ჩემი საქმე გადაეცა ახალ დეპარტამეტს და მიდის გამოძიება. მე ვიყავი ახალი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში, გამესაუბრნენ, მაგრამ დაკითხვის ოქმი არ შემდგარა. მინდა გითხრათ, რომ მე იმის იმედი მაქვს, რომ თუ კეზერაშვილი ოდესმე გამოჩნდება საქართველოში, საკუთარი ხელით ან მივახრჩობ, ან ტყვიას ვესვრი და ჩემს მოთხოვნას დავიკმაყოფილებ. შევძლებ, რომ საკუთარი ხელით გავუსწორდე კეზერაშვილს“, - აცხადებს ჯემალ ლეონიძე.