თაქთაქიშვილისა და ნანუაშვილის დაპირისპირება და საქმეში ჩართული კურტანიძე

თაქთაქიშვილისა და ნანუაშვილის დაპირისპირება და საქმეში ჩართული კურტანიძე

პარლამენტში სახალხო დამცველის 900 გვერდიანი ანგარიში განხილულია, ნაციონალების მხრიდან უჩა ნანუაშვილი მმართველი გუნდის ინტერესების გამტარებლად შერაცხულია, თავად ომბუდსმენი კი, ოპოზიციონერებს „უტიფრებად“ მიიჩნევს.

საკანონმდებლო ორგანოში, ომბუდსმენის 2014 წლის ანგარიშზე მსჯელობა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში, ნახევრად ცარიელ დარბაზში, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დებატებისას, დეპუტატებმა სახალხო დამცველის ანგარიშის გარდა, ყველაფერზე ისაუბრეს. „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალებს ცხრა წლიანი მმართველობა შეახსენა, უმცირესობამ კი, ხელისუფლება აწმყოს გამო მკაცრად გააკრიტიკა.

თუკი ნაციონალები საკუთარი მმართველობის დროს, მაშინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ოპოზიციონერად მიიჩნევდნენ, ოპოზიციაში ყოფნის დროს, უჩა ნანუაშვილს პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირად და ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად მიიჩნევენ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობის ნაწილი უჩა ნანუაშვილს „სიფხიზლის“ გამო აქებს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველს სახალხო დამცველი სჭირდება.

ამ იდეით გუშინდელ სხდომაზე დეპუტატი გოგი ქავთარაძე გამოვიდა, რომელიც ლუკა კურტანიძისგან განსხვავებით, ჩიორა თაქთაქიშვილთან პოლემიკაში არ შესულა და მას არც ცხრაწლიანი მმართველობა უხსენებია.

სანამ, კურტანიძე თაქთაქიშვილს მიხეილ სააკაშვილის „გულმხურვალე“ მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა, მანამდე ნანუაშვილმა თაქთაქიშვილის განცხადება საპატიმროებში არსებულ ვითარებასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით „უტიფარ სიცრუედ“ შეაფასა, რის გამოც მათ შორის ცხარე კამათი დაიწყო. თაქთაქიშვილისგან ნანუაშვილი ისევ კურტანიძემ იხსნა, რომელიც საკუთარი ადგილიდან რეპლიკებს ისროდა.

მას შემდეგ, რაც კურტანიძე ოპოზიციონერთან კამათს მორჩა, ის მამრობითი სქესის უფლებებით დაინტერესდა და კითხვა დასვა - ამ ქვეყანაში კაცის უფლება იქნება თუ არა დაცული.

„ჩვენ უმცირესობებისა და სექსუალური უმცირესობების დაცვაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ კაცთა უფლებაზე ვინ უნდა იზრუნოს?! ამ ქვეყანაში კაცთა უფლება იქნება თუ არა დაცული მთელი თავისი შინაარსით?“, - მიმართა ნანუაშვილს კურტანიძემ, რომელსაც ომბუდსმენმა გაუღიმა და თან განუმარტა, რომ ყველა ადამიანის უფლება კონსტიტუციით არის დაცული.

ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში საუბრისას, ომბუდსმენმა განსაკუთრებული აქცენტი ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას მათი შემოწმების პროცედურაზე გაკეთა და განაცხადა, რომ არსებული წესები ღირსების შემლახავია.

მისი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნომერ მეხუთე დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ.

„დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც ღირსების შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა ნანუაშვილმა, რომელმაც ყურადღება ფართომასშტაბიან ამნისტიაზე გაამახვილა.

ნანუაშვილის შეფასებით, შეუძლებელია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამნისტიის ერთჯერადი აქტით შემოიფარგლოს.

„ამ პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ სახელმწიფოსგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც“, - განაცხადა ნანუაშვილმა, რომლის გამოსვლაც ფარსად შეაფასა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

გამოსვლისას თაქთაქიშვილმა 2012 წელს გავრცელებულ ციხის სკანდალურ კადრებზე ისაუბრა და ვიდეოში ასახული ფაქტები „ქართული ოცნების“ დადგმულ სცენარად შეაფასა.

„ადამიანის უფლებების საუბრისას პარლამენტში დიდ ფარსს ვუყურებთ, რადგან უმრავლესობას ადამიანის უფლებები გაკვრითაც კი, არ აინტერესებს. მაშინ დაინტერესდით, როცა რუსული სპეცსამსახურებისა და ოლიგარქის დახმარებით ცოცხის კადრი დადგით. ეს ფარსი ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენეთ. ბატონო უჩა, თუკი ვინმე ცოცხით იყო გაუპატიურებული, დაადასტურეთ, თუ არ იყო, მაშინ თქვით და ამის შემდეგ უფლება გექნებათ ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ. ქართველი ხალხი ტყუილსა და სადისტურ ფილმზე წამოაგეთ. თქვენც ამავე ჯგუფის ნაწილი ხართ და იმ 250 ათასი ე.წ. პოლიტპატიმრის წინაშე ხართ დავალებული“, - მიმართა ნანუაშვილს თაქთაქიშვილმა, რომელსაც კურტანიძე გამოეხმაურა.

კურტანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ის ძალადობა უნდა ანახონ, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ. მისი თქმით, ცხრაწლიანი ტრაგედიის გახსენება არავის უხარია.

„წარსულის გახსენება აუცილებელია, რადგან წარსულს თუ ვივიწყებთ, ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. ეს წლები თქვენი შვილებისთვის ძალიან ტრაგიკული და სამარცხვინო იქნება და მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა ვითარდებოდეს ქვეყანა“, - განაცხადა კურტანიძემ.

დეპუტატმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ერმა იხილა, როგორი დაუნდობელია ქართველი ქართველის წინააღმდეგ.

„თქვენი ხელისუფლების დროს 48 ათასამდე პატიმარი გყავდათ, 300 ათასამდე პრობაციონერი იყო, ახალგაზრდებს კლავდით და მამა აბრაამის ბატკანივით იძახით, რომ თურმე, რაღაც როგორ გაკადრეს. მეტს იმსახურებთ, რასაც გეუბნებით. ათეულობით ასი ფაილი არსებობდა და თქვენ იძულებით ჩაგკეტავდით და გაყურებინებდით. თქვენ აუცილებლად ის ძალადობა უნდა ნახოთ, რასაც სჩადიოდით. თითოეული თქვენი სიტყვა არის ფარსი და აგებული იმაზე, რომ როგორმე პოლიტიკურ სიმაღლეებზე იტივტივოთ“, - მიმართა უმცირესობას კურტანიძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის რეაგირებას, თუკი წლების მანძილზე, უწყება ომბუდსმენის ანგარიშებს მხოლოდ ცნობად იღებდა და ფარატინა ქაღალდად აქცევდა, ამ მოწვევის პარლამენტი დოკუმენტზე დადგენილებას იღებს.

for.ge-მ 14 გვერდიანი დადგენილების პროექტი მოიპოვა, სადაც პარლამენტი სხსვადასხვა უწყებებს რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა.

კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს სამართლებრივი მექანიზმი შეამუშაოს, რომელიც შესაძლებელს გახდის სისხლის სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაზარალებულთა სრულ რეაბილიტაციას. ასევე უწყება მთავარ პროკურატურას მიმართავს მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პრინციპების დაცვით ყველა იმ საქმის გამოძიება წარმართოს, რომელიც სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევებს შეეხება. ამასთანავე, უწყება ქალთა ძალადობის ფაქტებზეც საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს პოლიციელთათვის ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის რისკის შეფასების სტანდარტები შეიმუშავოს.