For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
საპარლამენტო სიების დაკომპლექტებისგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ უფრო აქტიურად უნდა ჩავრეულიყავი კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პროცესში.
ზურა ადეიშვილმა საქმის კურსში ჩამაყენა, რომ პრემიერ - მინისტრის პოსტის შემოღების გამო კონსტიტუციაში ცვლილებები შეჰქონდათ, ბურჯანაძე პარლამენტის ინსტიტუციონარულ დასუსტებას აპროტესტებდა და ამაზე სულ ბუზღუნებდა. ადეიშვილს ვუთხარი, რომ შენ, სააკაშვილი და ბურჯანაძე ყველანი იურისტები ხართ და როგორმე უჩემოდ გადაწყვიტეთ რა სახის კონსტიტუციური ცვლილებები უნდა გაატაროთ მეთქი.
ჩემი პრობლემებით გადაღლილი ვიყავი და ვფიქრობ ზერელედ მოვეკიდე ამ საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტზე მეტი უფლებები მიიღო, რის გამოც საქართველოში ბევრი პროცესი არასწორი გზით წარიმართა.
ამის გამო ბურჯანაძე დღემდე მსაყვედურობს, რომ მე ძალთა ბალანსის თაობაზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის 24 ნოემბრის შეთანხმება არ დავიცავი, რომელიც ამ შეთანხმების გაკონტროლებას გულისხმობდა.
ნინო ბურჯანაძემ ასევე გააპროტესტა საპარლამენტო კვოტები. თუ არ ვცდები “ნაციონალური მოძრაობის” სიით პარლამენტში საბოლოოდ 135-ზე მეტი დეპუტატი მოხვდა, საიდანაც ბურჯანაძის კვოტა მგონი 15 კაცი იყო.
სააკაშვილი ამ დროს კანცელარიაში თავის კაბინეტს “რუსთავი 2” ში ჩემი კაბინეტის ყაიდაზე არემონტებდა და სახელმწიფო ჰიმნის შერჩევით იყო დაკავებული. არჩევნების წინ, მისი მთავარი საზრუნავი და გასართობიც - ახალი ჰიმნი გახლდათ. მან ბაბინაზე ფალიაშვილის მუსიკა მომასმენინა, რომელიც ცუდი ხარისხით იყო ჩაწერილი და თავად მუსიკაც, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს დაუმთავრებელია. “არა, ჩვენ ახლა ამ მუსიკის ხელახალ არანჟირებას გავაკეთებთ და ეს იქნება ახალი ჰიმნი” - ჩემს შეფასებას არ დაეთანხმა სააკაშვილი და ჰიმნის მუსიკაზე მუშაობა გააგრძელა.
ჟვანიასთან დაპირისპირება
რევოლუციის შემდეგ მე და ზურა ჟვანია დემონსტრაციულად ვმეგობრობდით, თუმცა ჩვენს ურთიერთობას ძნელად თუ დაარქმევდი მეგობრობას.
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს შორის დაძაბულობა რამდენჯერმე წარმოიქმნა: პირველად, 2003 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მე მას ვუთხარი, რომ ბადრი პატარკაციშვილს ჩემთვის დარღვეული შეთანხმების სანაცვლოდ პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა. ჟვანიამ მხარი არ დამიჭირა, რაც ჩემი ტელეკომპანიის არსებობისთვის შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო. მეორედ, მაშინ განაწყენდა, როცა შეუძლებელს მთხოვდა, “გლობალ სტრატეგი გრუპის” ეგზიტპოლის შედეგი არ გამოაქვეყნო, ვიცი, რომ არასასურველი რეიტინგი მაქვსო. შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმიდან” 35 მილიონი დოლარის მიღებაში დაეხმარა, როცა მე მიმაჩნდა, რომ ეს თანხა სახელმწიფოს ეკუთვნოდა.
ამის შემდეგ, თითქოს კვლავ დათბა ჩვენი ურთირთობა, როცა მან სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ წარმადგინა, ჩემი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
შემდეგ ისევ დაგვეძაბა ურთიერთობა და ამის მიზეზი სახელმწიფო ტელევიზიის დაფინანსების საკითხი გახდა. მე ვითხოვდი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნილი სახელმწიფო პირველი არხი ძლიერ ტელეკომპანიად ჩამოყალიბებულიყო. ამ არხს ხელისუფლების რუპორის ფუნქცია უნდა ეტვირთა, ვინაიდან “რუსთავი 2” მუდმივად ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა. თავდაპირველად მე ხელისუფლებას ლოიალური დამოკიდებულებით ვანებივრებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ახალი ხელისუფლება ჯერ სუსტი იყო და მას დახმარება ესაჭიროებოდა. ჟვანიას ავუხსენი, რომ „რუსთავი 2“-ის ფუნქცია არ იყო ხელისუფლების ქება-დიდების ტირაჟირება, ეს, ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფალი ადამიანები იყვნენ, არც ესმოდათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ეს როგორ კეთდებოდა. ამ ჟურნალისტებმა რევოლუციისთვის დარაზმეს ხალხი, რევოლუციამ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ესენი თავისუფლად აზროვნებას როგორ გადაეჩვეოდნენ? მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც, როცა არხი პროტესტის ნიშნად უამრავმა საინტერესო ადამიანმა დატოვა.
ამიტომ ჟვანიას შევთავაზე, მე გამათავისუფლე ამ წნეხისგან, სახელმწიფო პირველ არხს დაფინანსება გაუზარდე, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ძლიერი ტელეკომპანია გაკეთდეს მეთქი.
პირველი არხის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია რეფორმირების და არხის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის 25 მილიონ ლარს ითხოვდა. იმხანად ამ ტელეკომპანიის ბიუჯეტი 12 მილიონ ლარს შეადგენდა.
25 მილიონის გაგონებაზე ჟვანია გადაირია, ძალიან ბევრიაო. შენგელიას მაქსიმალურად დავაწურინე ბიუჯეტი, რაღაც პროექტების განხორციელებაზე უარი ვათქმევინე და ამ პირობებში არხს სასიცოცხლოდ 15 მილიონი ლარი ესაჭიროებოდა.
თურქეთში ვიყავი, როცა ზაზა შენგელიამ დამირეკა და მითხრა, რომ პირველ არხს 9 მილიონი ლარი გამოუყვეს.
გავგიჟდი. თურქეთიდან ჟვანიას დავურეკე და ვეჩხუბე. მიმაჩნდა, რომ მას სპეციალურად არ სურდა, არც სახელმწიფო არხის გაძლიერება და “რუსთავი 2”-ის რეიტინგიც თუ დაბლა დაიწევდა, ესაც არ ეწყინებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში ბადრისთან გარიგებული იყო და მას მხოლოდ “იმედის” მზარდი პოპულარობა ახარებდა. ჩვენ კი პრესაში უკვე დაგვცინოდნენ, რომ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” სახელისუფლებო არხი გახდაო.
თურქეთიდან 3 მაისს დავბრუნდი. ეკა ხოფერიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მითხრა, რომ ვიღაც ანდრიაძეებს ელიავას ბაზრობის წილებს ართმევდა “პაპუასა” - ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ჟვანიას პოლიტიკურ ოპონენტს ვახტანგ რჩეულიშვილს პარლამენტში თავი გაუტეხა და ჟვანიას გუნდს “კუალდად” ჰყავდა. „მერე გააკეთე სიუჟეტი. მე რატომ მითანხმებ?”- ვეკითხები ხოფერიას“. „არა, იცი რა ხდება? მასთან ერთად ზურა ჟვანიას ძმა - გოგა ჟვანიაც არის და რა ვიცი, საქმის კურსში ჩაგაყენე” - მითხრა ხოფერიამ.
ხოფერიას ვუთხარი, რომ მე თავზე ხელის გადასმას აღარავიზე ვაპირებდი და როგორც მას უნდოდა ისე მოემზადებინა სიუჟეტი.
სიუჟეტი ეთერში გავიდა და გააფრთებულმა ჟვანიამ დამირეკა:
- ეს რა გააკეთე, ჩემს ძმას როგორ შეეხე? - აკანკალებული ხმით მეუბნება, - შენ არ იცი რა დღეში ჩაგვაგდე, დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა, ამას არ გაპატიებ,”- მემუქრება პრემიერ-მინისტრი.
მე ვუპასუხე, რომ “ჯერ ერთი, მე არაფერი გამიკეთებია, მეორეც, საერთოდ არ ვერევი ჟურნალისტების საქმიანობაში და ეს როგორც გინდა ისე გაიგე”. „მაშინ ყველაფერი გასაგებიაო”, - და მან ტელეფონი გათიშა.
მეორე დილას, როცა გავიღვიძე ჩემს წინააღმდეგ უბინძურესი ცილისმწამებლური კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდათ. ჟვანიამ საამისოდ შექმნა შტაბი, რომელის ხელმძღვანელობა “რეზონანსის” რედაქტორს ლაშა ტუღუშს შეთავაზეს, მაგრამ მან ეს არ იკადრა. “აღარ უნდა დამთავრდეს ეს კიწმარიშვილი და მისი ამბიციები?!” -ამუნათებდნენ ლაშას, რომ მათ წინადაებაზე დათანხმებოდა.
ამ შტაბს ჩემს საწინააღმდეგოდ, ვითომდაც კომპრომატები უნდა შეეგროვებინა და პრესით და ტელევიზიით მისი ტირაჟირება მოეხდინა. რეალურად კი, ჟვანიას თანაშემწეს, ეთერ მაისაშვილს, რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და კონვერტში ჩადებული 500 დოლარი ერთად დაჰქონდა, რის გამოც ბევრი გაზეთის რედაქტორი უღირსად მოიქცა. აქეთ დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი “მეორე ფრონტს” ხელმძღვანელობდა და ეს კამპანია კარგა ხანს არ გაჩერებულა, მე ამასობაში ამერიკაში გავიქეცი, მაგრამ მაინც ვერ დაშოშმინდნენ. ბევრი წერილი შევინახე, რომელთაც ასეთი სათაურები ჰქონდათ:
“რა გაუმხილა სააკაშვილზე ლეიბორისტებს ეროსი კიწმარიშვილმა აშშ-ი გაქცევის წინ”, “ეროსიმ რკინიგზა დაანგრია”, “დანაშაულებრივი გარიგება ქართულ ეკონომიკას ანადგურებს” - სადაც ეწერა, რომ -“ეროსი ჩამოალაბორანტეს, არ არის გამორიცხული თვითონაც გადადგა, როდესაც მიხვდა, რომ დანაპირების შესრულების თავი არ ჰქონდა.”
“კიწმარიშვილს იტალიელებიც აუმხედრდნენ”, “კიწმარიშვილ-ქაშაკაშვილის დუეტი ხიხინაშვილის წინააღმდეგ ახალ ინტრიგებს ამზადებს”. “რატომ გააკოტრა კიწმარიშვილმა „რუსთავი 2”, “რატომ დასცხო “ვერსიამ” კიწმარიშვილს”, “რა ვერ გაიყვეს პატარკაციშვილმა და კიწმარიშვილმა”, “როგორც ჩანს, კლანურ ბიზნესს ვარდების რევოლუცია ვერ მოერია”.
“რუსთავი 2“-ზე რაღაც სიუჟეტი გავიდა იმის თაობაზე, რომ ურეკში “აზოტის” ქარხნის კუთვნილი პანსიონატი გაიყიდა, სადაც ადრე ამ ქარხნის მუშები იაფად ისვვენებდნენ. პანსიონატი საეჭვო ვითარებაში ოზურგეთელმა ვინმე ტარიელ ბერიძემ იყიდა, რომლის უკან რეალურად პატარკაციშვილი იდგა. “ვერსია” წერდა:
“ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ ტელეკომპანია “იმედმა” კიწმარიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები სასწრაფოდ მოიკვლია და მათზე დაყრდნობით, სავაჭრო პალატის შეფს ინტრიგანისა და პროვოკატორის იარლიყი მიაწება, ამასთან არც მისი სამიზნეების გაშიფვრა დავიწყნია, ამისთვის ქვემო ქართლის გუბერნატორის სოსო მაზმიშვილის გარშემო აგორებული შავი პიარი გაიხსენა და ქვემო ქართლის უმსხვილესი ობიექტების გარდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორიაც ამოსწია. იტალიელი ინვესტორების გაძევება, ქარხნის ხელოვნურად გაკოტრება სწორედ ეროსი კიწმარიშვილის მიერ იყო ორგანიზებული. ეროსი კიწმარიშვილს ინტერესები მძიმე მეტალების გარდა ქალისა და მამაკაცის თეთრეულშიც ჰქონია, თუმცა თუ „იმედის“ პათოსით ვიმსჯელებთ, სავაჭრო პალატის შეფს კონკურენტებთან შანტაჟის გზით ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაშიც, მაინც არაფერი გამოუვა და სრული კრახი გარანტირებული იქნება”.
ტელეკომპანია “იმედი” საშინელ ბრალდებებს მიყენებდა. გიორგი ახვლედიანი, რომელიც ახლა დეპუტატი გახდა, მოამბის ყოფილი წამყვანის დავით სოკოლოვის ინტონაციით, პირდაპირ ეთერში საშინელ ბრალდებებს ახმოვანებდა. მას სიუჟეტიც არ ჰქონდა, უბრალოდ იმ შტაბში დაწერილ ცილისმწამებლურ საშინელ ტექსტებს კითხულობდა.
პარალელურად, ჟვანიას დირიჟორობით ხმებს მიყრიდნენ, რომ “ამ ეროსის ძალიან ბევრი მოუნდა, დიდი ამბიცია აქვს, რაღაც ბევრი მოინდომა. პრეზიდენტობა მოუნდა და ზურას პრემიერობას ეცილება და საერთოდ ამ კაცმა სახე საერთოდ დაკარგა”.
მე მათთვის არანაირი პასუხი “რუსთავი 2”-ის საშუალებითაც კი არ გამიცია. მე და ჩემს პარტნიორებს ჩვენი ტელეკომპანია პირადი ინტერესებისთვის არასდროს გამოგვიყენებია.
უბრალოდ ვიცოდი, რომ ამ კამპანიას ჟვანია ხელმძღვანელობდა და ველოდებოდი, პრეზიდენტი მას როდის გააჩერებდა, როდის შეაწყვეტინებდა ამ კამპანიას.
ზოგიერთი რედაქტორი ჩემი განქიქებით სიამოვნებას იღებდა, მათ ჩემთან პირადი ანგარიში ჰქონდათ.
ამ მხრივ გაზეთების ”ვერსიის” და “ყველა სიახლის” გამომცემელი მალხაზ რამიშვილი აქტიურობდა. ის ადრე „რეზონანსის“ ერთ-ერთი მეპატრონე იყო. მას ზურა ჟვანია დაეხმარა და საბეჭდი მანქანის შესაძენად 400 ათასი დოლარის გრანტი მოაპოვებინა. ამის შემდეგ ზურა ჟვანია და მალხაზ რამიშვილი მეგობრობდნენ. რაღაც დროის შემდეგ, რამიშვილმა „რეზონანსში“ თავისი წილი დაკარგა, ასევე დაკარგა “მამაჩემის რადიოც”, რომელიც მას ეკუთვნოდა.
მას 2003 წლის დასაწყისში ფინანსური პრობლემები შეექმნა. იგი ჩემთან მოვიდა და შემომთავაზა, რომ “ვერსიის”, “ყველა სიახლის” და კიდევ რაღაც ჟურნალებს უშვებდა და 50 პროცენტს დამითმობდა, თუკი მე ჩემი ტელეკომპანიის ეთერით ამ პროდუქციას რეკლამას გავუწევდი.
მართალი გითხრათ, დიდად არ მოვხიბლულვარ ამ იდეით, მაგრამ მას შევთავაზე, რომ დროის რაღაც მონაკვეთი საცდელად აგვეღო, როცა მე ამ ჟურნალ-გაზეთებს რეკლამას გავუწევდი და შემდეგ რეზულტატის მიხედვით, გვემსჯელა წილებზეც და ამ საქმის გაგრძელება-არგაგრძელებაზეც.
ასეც გავაკეთე, მე ამ პროდუქციას რეკლამას ვუწევდი, მაგრამ არანაირი შედეგი ამას არ მოჰქონდა. სხვა გამომცემლები დაიძაბნენ, სულ კითხულობდნენ, საიდან გაუჩნდა რამიშვილს იმდენი ფული, რომ მისი პროდუქციის ფართო რეკლამირებას ახერხებდა.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ დროც და ფულიც წყალში გადავყარე და რამიშვილს შევუთვალე, რომ მე ამ პროექტიდან გავდიოდი. ის ამაზე დაიბოღმა და მერე ჟვანიამ შანსი გაუჩინა, რომ ამ ბოღმისგან დაცლილიყო.
ჩემს საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო შალვა რამიშვილი, “სახელგანთქმული” 202-ის შემოქმედი, რომელსაც მე “დარდუბალა” შევუკვეთე, აპარატურა ვაყიდინე და ამ გადაცემას მთლიანად ჩემი დაფინანსებით აკეთებდა.
ესაც, ჩემი მტრების რიგში ჩადგა და ჩემზე დასაცინ სიუჟეტებს აკეთებდა. ნორმალურ ქვეყანაში ასეთ რაღაცაზე ორნაირად რეაგირებენ: ან ცხვირ-პირს ულეწავენ, მართლა პირდაპირი მნიშვნელობით, ან სასამართლოში უჩივიან, მე არც ერთი გავაკეთე არც მეორე იმიტომ, რომ ელოდებოდნენ, რომ ნერვები მიმტყუნებდა და ამას გავაკეთებდი.
ამ ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ შევიტყვე, რომ ჟვანიას სურდა ჩემთვის ობსტრუქცია მოეწყო და როგორც სავაჭრო პალატის ვითომდა არშემდგარი თავმჯდომარე, თანამდებობიდან გადავეყენებინე. თუმცა, ამ პერიოდში მხოლოდ ჟვანია აღარ იყო ჩემი გაღიზიანების მთავარი სუბიექტი.
ეს გახდა, ის ბოლო წვეთი, რომლის გამოც 2004 წლის აგვისტოში პრეზიდენტთან მივედი და გამოვუცხადე, რომ - მე თანამდებობიდან გადავდექი.
(გაგრძლება იქნება)