პრეზიდენტის ნაჩუქარი საჩუქარი

პრეზიდენტის ნაჩუქარი საჩუქარი

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის  №255 დადგენილების თანახმად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

 

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) უზრუნველყოს 920 000 (ცხრაას ოცი ათასი) ცალი სათბობი შეშის ვაუჩერის დამზადება.

 

2. თითოეული ვაუჩერის ნომინალი განისაზღვროს 5 მ3 -ით.

 

3. ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენა და სათბობი შეშის მოპოვების უფლების მიღება განხორციელდეს შემდეგი ფორმით:

 

ა) ბენეფიციარი ვაუჩერს წარუდგენს შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის რეინჯერს, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს (მათ შორის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არსებული, შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების/დირექციების დაცვის სამსახურის უფროსს და უბნის უფროსს), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუეწყებო დაწესებულების - სატყეო სამმართველოს უფლებამოსილ პირს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფლებამოსილ პირს;

 

ბ) ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის წარდგენის შემდგომ ამ პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ბენეფიციარის მოთხოვნის მიხედვით უზრუნველყოფს საშეშე მერქნის გამოყოფას (მონიშვნას) და აღრიცხვას;

 

გ) ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის დამზადების შემდგომ ამ პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი უზრუნველყოფს ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის" გაცემას, რომელიც არის ბენეფიციარის მიერ საშეშე მერქნის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტი“.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს „კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი აუცილებელი და საკმარისი დოკუმენტი“ გააჩნიათ, ორ წელზე მეტი ხანი მათი კუთვნილი მორები სახერხებზე უკანონოდ მოჭრილის საბაბით ეყარა.

 

2010 წლის დასაწყისში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი გურიის რეგიონალურ გაზეთ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდათ კუთვნილ მორებს მიიღებდნენ:

 

ნაწყვეტი სტატიიდან:  

დალუქულ სახერხებზე უნდა გკითხოთ. პრეზიდენტის მიერ საჩუქრად გამოყოფილი 5-5 კუბური მეტრი მასალა მოსახლეობის უმეტესობას სახერხებზე უწყვია. სახერხები კი, ორ თვეზე მეტია დალუქულია. გარდა ამისა, დაკავებულია სატყეო სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი. რა ხდება?

– სატყეოსთან ადრეც იყო და ახლაც არის პრობლემები. ამას იძიებს გარემოს დაცვის საგამომძიებლო დეპარტამენტი. რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე უნდა დამთავრდეს გამოძიება. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიღებული 5 კუბმეტრი მასალა თავისი ყველა შესაბამისი საბუთით, პრობლემა არ აქვთ და არც სახერხებს ექნებათ.

 

თუმცა, ორი თვეა, ეს პრობლემა მოუგვარებელია...

– არც ერთ სახერხს არ ექნება პრობლემა, თუკი საბუთები წესრიგშია, მაგრამ თუ არ არის, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და, შესაბამისად, სწავლობს ის ორგანო, რომელმაც უნდა შეისწავლოს.

 

თუ საბუთები წესრიგში აქვთ, მაგრამ მასალით ვერ სარგებლობენ დალუქული სახერხების გამო?

– არ არსებობს. დალუქულია მანამ, სანამ იქნება შემოწმება. დაითვლიან ყველაფერს, ნახავენ საბუთიერად და...

 

და ეს ზამთარიც გავა...

– ზამთარი არა. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი“.

 

როგორც ავღნიშნეთ ამ საუბრიდან ერთ წელზე მეტია გასული... აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის თვითმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გუბერნატორმა, პარლამენტარ ვახტანგ ბალავაძესთან ერთად ჩოხატაურში სტუმრობისასაც აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ეცდებოდა.

 

თუმცა ეს „მცდელობა“ მიმდინარე წლის 7 აპრილს იმით დასრულდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სახერხზე თავმოყრილი მასალა წაიღო.

 

როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ხალხის ფულით მოჭრილი სამასალე მორი სახელმწიფოს კუთვნილებაში გასული წლის 18 აგვისტოს სასამართლოს დადგენილებით გადმოეცათ. თუმცა, ვერ აგვიხსნეს რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ მორების მეპატრონეებს ან სახერხის მფლობელს.

სახერხის მეპატრონე, დავით ბარამიძე ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მისთვისაც არაფერი იყო ცნობილი.

 

„არც სასამართლოს და არც სხვა უწყების დადგენილება ჩემამდე არ მოსულა“, – გვითხრა ბარამიძემ.

 

დავით ბარამიძეს 2010 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს საგამოძიებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ლომთაძე წერს, რომ მის (ბარამიძის) მიერ გამოძიების პროცესში და განცხადებაში მითითებული გარემოებები „განხილული და გათვალისწინებული იქნება საქმეზე საბოლოო ობიექტური, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს“.

 

თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ წერილის მოწერისას გადაწყვეტილება ხალხის გარეშე უკვე იყო გამოტანილი.

 

ბარამიძის კუთვნილ სახერხზე 46 ადამიანის სამასალე მორი ეწყო. არცერთი მათგანი სასამართლოზე არ დაუბარებიათ. ისინი საკუთარი სურვილით ქუთაისის პროკურატურაში ჯერ კიდევ 2009 წელს ჩავიდნენ და სიმართლის გარკვევა კანონის ზედამხედველებისგან მოითხოვეს. უფრო მეტიც, მიმდინარე წლის 13 იანვარს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ერთობლივი საჩივრით მიმართეს.

 

„მოგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის პოლიციის და საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის შედეგად 2009 წლის ნოემბრის თვიდან დაყადაღებულია ჩვენი კუთვნილი ხე-მასალა, რომელზედაც გაგვაჩნია ყოველგვარი დოკუმენტაცია. ეს მასალა დასახერხად მიტანილი გვქონდა შპს „ქრისტინას“ სახერხში (დირექტორი დავით ბარამიძე). ადრე სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე და გურიის სატყეოს მთელი რიგი რეინჯერები პასუხისგებაში იქნენ მიცემული და გაასამართლეს, მაგრამ ჩვენი კუთვნილი ხე-მასალა, რომელიც დღემდე უპატრონოდ ყრია სახერხებში და ფუჭდება, მაინც არ გვიბრუნდება. როდესაც მივმართეთ შპს „ქრისტინას“ დირექტორს, დავით ბარამიძეს, მან უარი გვითხრა ჩვენი კუთვნილი ხე-მასალის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ ხე-მასალა დაყადაღებულია და მის კომპეტენციაში არ შედის ამ საკითხის გადაწვეტა. მას ამ საკითხზე, საოლქო პროკურატურაში შემოტანილი ჰქონდა იგივე მოთხოვნა განცხადება ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბრის თვეში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ იქნა მიღებული.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს მდგომარეობაშია დარჩენილი დაახლოებით ორმოცამდე მესაკუთრე, რომელთა კოლექტიური განცხადება ადრე წარმოდგენილი გვქონდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში,   მაგრამ მასზე რეაგირება არ მომხდარა.

 

მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით და გაყენებთ საქმის კურსში, რომ ხე მასალა ჩვენს მიერ შეძენილია კანონიერად, შესაბამისი კანონიერი პროცედურების გავლით და მხოლოდ დასახერხად მივიტანეთ ბარამიძის საამქროში. გადახდილი გვაქვს ყველა სახის გადასახადი და ხე მასალა გვესაჭიროება ჩვენი პირადი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც გთხოვთ, მიგვიღოთ პირადად, მოისმინოთ ჩვენი პრობლემები და გასცეთ განკარგულება, რათა საკითხი გადაწყვეტილი იქნას დროულად, კანონიერად და ჩვენი ინტერესების შესაბამისად“ – ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 6 ადამიანი აწერს.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორიდან, ვალერი კუჭუხიძის წერილიდან ირკევა, რომ აღნიშნული განცხადება საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საგამოძიები ჯგუფის უფროს გამომძიებელს, დავით ცქიტიშვილს გადაეგზავნა „დასავლეთის საგამოძიებლო ჯგუფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად და გამოძიების პtgროცესში გასათვალისწინებლად“.

 

არცერთ წერილში არ არის აღნიშნული, რომ გამოძიება და ყველანაირი მოკვლევა დასრულებულია და სასამართლომ ამ ადამიანებს, მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებისა, ბანკში გადახდილი ქვითრებისა,  ეს ქონება ისე წაართვა, რომ არც კი მოუსმინა:

 

„გლანძღავთ კი არა, სატყვიები ხართ ნაციონალები, ყაჩაღები ხართ, უარესები ხართ, კომუნისტები მოვიშორეთ და ამათი მოშორება რა გახდა, გაგვაგებინეთ ერთი“,– აღშფოთება ვერ დამალა ასმათ სანიკიძემ ფინანსთა  სამინისტროს სააგენტოს წარმომადგენლებთან საუბრისას 7 აპრილს, ბარამიძის კუთვნილ სახერხ საამქროსთან, რომლებმაც რჩევა დარიგება არ დაიშურეს:

 

„მიმართეთ სასამართლოს და თუ იქ გადაწყვეტენ რომ კანონით გეკუთვნით კი ბატონო, ახლა ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება, ეს მორები სახელმწიფოს საკუთრებაშია და გადაგვაქვს სახერხზე დასახერხად. ასეთია ბრძანება, თუკი ხელს შეგვიშლით გამოვიძახებთ პოლიციას  და კანონის შესაბამისად მოვიქცევი“ – განმარტება გააკეთეს სააგენტოს წარმომადგენლებმა.

 

ამ განმარტებამ სახერხზე შეკრებილი ადამიანები ძალიან გააღიზიანა:

 

„ამათ რომ ჰკითხოთ ქურდებს და ყაჩაღებს იჭერენ, არადა პირიქით. თვითონ გვაყაჩაღებენ“, – გაბრაზება არ დაუფარავს ვასილ ლომთაძეს და სამინისტროს წარმომადგენლებს ბანკში გადახდილი 120-ლარიანი ქვითარიც აუფრიალა, თუმცა ამ საბუთის ჩვენებას შედეგი არ მოჰყოლია.

 

„ასეთია ბრძანება და მორჩას“ მოტივით მანქანები მორების წასაღებად მოამზადეს, თუმცა ამას ხალხის პროტესტი მოჰყვა.

 

„ამ მორების აქამდე ჩამოტანა ქვეყნის ფული დამიჯდა. ვისესხე ვივალე და მოვჭერი. ვინმემ არ თქვას საჩუქარიაო, საჩუქარი კი არა ხაფანგია. ჩემი სახლი სტიქიისგან სადაცაა დაინგრევა. კომისიის დასკვნაც მაქვს და სხვა ყველა შესაბამისი დოკუმენტი. იმიტომ ვიწვალე რომ სახლი გადამეხურა, იმიტომ ვიშრომე რომ შვილები ქუჩაში არ დამეტოვებინა. ახლა კი რა გამოვიდა, ჩემი ნაშრომი და ნაოფლარი იმ სახელმწიფომ წამართვა, რომელიც წესით მე უნდა მიცავდეს?! არ გავატან, დამიჭირონ, ამაზე მეტს რაღაც მიზამენ“, – გვითხრა ტარიელ კეკელიძემ.

 

„ლტოლვილებს უნდა გადასცენ ეს მორებიო. ეს როგორია, ჩვენ წაგვართვან და სხვას მისცენ. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სოფელში ლტოლვილებად ჩვენვე გვხდიან. ეს არის პრეზიდენტის საჩუქარი?!“ – აღნიშნა გიორგი მახარაძემ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს მორებს დასახერხად ბარამიძის კუთვნილი სახერხიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დავით კუტუბიძის სახერხზე გადასატანად ამზადებდნენ. ეს ის კუტუბიძეა, ცოტა ხნის წინ ქრთამის შეთავაზებაზე რომ დააკავეს და თავისუფლების სანაცვლოდ 40 000 ლარი რომ გადაიხადა. როგორც კუტუბიძის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მორების დახერხვის უფლება მათ ტენდერის სახით მოიპოვეს. თუმცა ვერ დაგვიკონკრეტა ვინ და როდის გამოაცხადა ტენდერი და ვერც ის გვითხრა რა თანხას უხდიდნენ მათ ამ მორების დახერხვის სანაცვლოდ.

 

სახერხზე შეკრებილ ადამიანებთან ადგილობრივი ხელისუფლება მას შემდეგ მივიდა, რაც სიტუაცია გამწვავდა და ამ ადამიანებმა  გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაურეკეს და საარჩევნოდ დადებული პირობა – ხალხის გვერდში ყოფნა შეახსენეს და სახერხზე მოსვლა სთხოვეს:

 

„სურები საერთოდ არ ახსენდებათ, არჩევნებზე ამოდიან და იცოცხლე, მოაქვთ და მოაქვთ ხმები. ყველა არჩევნებზე იტყვილებიან. ახლა ნახონ რა ხმებსაც წამოიღებენ. სახერხზე  მოსვლაც კი არ იკადრეს. ვიღაცეები მოგვიგზავნეს და აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახლა გვაყენებენ საქმის კურსში“, – აღნიშნა ასმათ სანიკიძემ.

 

სახერხზე მოსულმა საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა:

 

„თქვენ არ დაზარალდებით. ვიცით რომ არაფერ შუაში არა ხართ. რაღაც დოკუმენტაციაა გასარკვევი. ზოგის ყალბი არისო. თქვენი ვიცი რომ არ არის ყალბი. ახლა აქ რომ ვიდგეთ ვერაფერს ვიზამთ. თქვენთან შეხვედრა გუბერნატორს უნდა და წამობრძანდით გამგეობაში, ის გაგარკვევთ ყველაფერში. ამ მორების რაღაც ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. ჩვენ შევისწავლით თქვენი ოჯახების მდგომარეობას და დაგეხმარებით. გამორიცხულია, რომ თქვენ დაზარალდეთ“, – თქვა ხუნდაძემ.

შეხვედრა გამგეობაში მართლაც შედგა, თუმცა მასზე ჩვენი დასწრება გუბერნატორმა არ ისურვა. თითქმის ნახევრსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ (რომლის პარალელურად სახერხიდან მორებით დატვირთული ურალები გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდი მოდიოდნენ) კი გუბერნატორიდან დაიმედებულმა ადამიანებმა გვითხრეს:

 

„ბატონი ვალერი დაგვპირდა დაგაკმაყოფილებთ იმ ადამიანებს, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და ჩვენ გვჯერა. გვინდა რომ დავიჯეროთ“.

ჩვენს კითხვაზე თუ როგორ აპირებს ამ ადამიანების დახმარებას გუბერნატორი და ესეც ხომ არ დალევს ჩაილურის წყალს სხვა დანაპირებით ჩიტაიშვილმა აღნიშნა, რომ მე ამ ადამიანებს ვუთხარი,  მომიტანონ დოკუმენტაცია და თუკი ყველაფერი სწორად იქნება მათ გვერდში დავდგები. რაში გამოიხატება გვერდში დგომა ჩიტაიშვილს არ დაუკონკრეტებია.