20 აპრილს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლითეკაში აშშ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკის მთავრობა საქართველოში 10 წლის განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა პროგრამებს, რომელშიც 200 მლნ დოლარის ინვესტიცია იყო განხორციელებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კი, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში 15 ახალი პროგრამა განხორციელდება, რომელზეც 90 მლნ დოლარია გამოყოფილი.
„ჩვენ საქართველოში ახალ - 90 მილიონიან პროგრამას ვიწყებთ, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს პროგრამა მიმართულია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისკენ. ასევე გვსურს, წვლილი შევიტანოთ იმ დიალოგის განხორციელებაში, რომელიც შესაძლოა, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში შედგეს. დღევანდელი პრეზენტაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულფასოვნად გავაცნოთ ის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა.
შეხვედრას, ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა (USAID, IRI, NDI), რომელთა მეშვეობითაც ამერიკის მთავრობა აღნიშნულ პროექტებს ახორციელებს საქართველოში. სავსე დარბაზი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია ინტერესი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო სექტორი და მედის წარმომადგენლები. თუმცა ხელისუფლებიდან უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გარდა თვალი ვერავის მოვკარით.
ამერიკის ელჩმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას.
„კითხვა, რომელიც ყველაზე ხშრად ისმის, ისაა, ვის უჭერს ამერიკის მთავრობა მხარს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“, – განაცხადა ჯონ ბასმა და იქვე დასძინა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიული მიზნების განხორციელებას. თუმცა არჩევანი საარჩევნო ყუთთან თავად უნდა გააკეთოთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ შედეგებს, სადაც მოსახლეობას ექნება დიდი ნდობა მთავრობის მიმართ და საზოგადოება მიიღებს ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომლის დროსაც ადამიანს ექნება ნდობა ჩატარებული არჩევნების მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ჩვენ არ ვკარნახობთ ქართველ ხალხს რა ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოებას, რათა გარემო იყოს უფრო კონკურენტული და არჩევნების უკეთესი შედეგი იყოს მიღწეული, რაც გაზრდის ნდობას არჩევნების და არჩეული პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა ელჩმა.
ჯონ ბასმა ასევე, ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებაზე და განმარტა, რომ სახელმწიფო მდივანმა აქცენტი გააკეთა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე, კერძოდ კი იმაზე, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გზით მოხდეს დემოკრატიული ცვლილება.
მისივე განმარტებით, არ ღირს მსჯელობა, თეორიულ მოსაზრებაზე – თუ ხელისუფლება შეწყვეტს ოპოზიციასთან დიალოგს, გახდება თუ არა ხელისუფლება არალეგიტიმური.
„შეერთებული შტატები დაინეტერესებულია, რომ საქართველოში პროცესი წინ მიდიოდეს. მთავრობის წევრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან მთავრობაში, ითანამშრომლონ იმ მიზნით, რომ შემუშავებული იქნას ისეთი საარჩევნო წესები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებისთვის კონკურენტულ სივრცეს უზრუნველყოფს და ეს მოხდეს ისეთ ვადაში, რომ პოლიკურ ძალებს ისეთი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდეთ, რომ ხმები მოიზიდონ“ - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
პრეზენტაციაზე სიტყვი გამოვიდა გიგა ბოკერიაც, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოში ამერიკის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და ბოლოს ქართველი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას.
„საქართველო არ გადაუხვევს იმ გზიდან, რომელზეც აშშ გვერდით უდგას. საქართველოს სურს, გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.
ამ გზაზე ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც დღემდე შეგვხვდა და რომელიც სამწუხაროდ, ისევ დგას, ჩვენმა მეგობრებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს და ამ მეგობრებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო შეერთებული შტატები. რა თქმა უნდა, მთავარი ყოველთვის ქვეყნის და საზოგადოების არჩევანია, მაგრამ მხარდაჭერა და დახმარება ხშირად აუცილებელია. და რომ არა ეს მხარდაჭერა, უკეთეს შემთხვევაში, გაგვიჭირდებოდა.
იმ დაბრკოლებების ნაწილი, რომელიც საქართველოს თავისუფლების გზაზე ხვდება, ნაწილი ხელისუფლების შეცდომების ბრალია, ნაწილი კი მემკვიდრეობით გვერგო და ხშირად თავს გვავხვევენ. თუმცა, რამდენიმე საკითხს შორის, რომელიც ჩვენს მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში კამათს არ იწვევს, არის ის, რომ საქართველოს სურვილი, თავისუფალი ქვეყანა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გახდეს, ფუნდამენტური არჩევანია. ეს არჩევანი ურყევია და არ შეიცვლება. თუ საქართველო ამ გზას არ აირჩევდა, არანაირ დახმარებას აზრი არ ექნებოდა, ხოლო შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ამ გზაზე ფასდაუდებელ დახმარებას უწევს. პირადად ჩემი სახელით, საქართველოს ხელისუფლების სახელით, გავკადნიერდები და მთელი საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევდა საქართველოს,“ – ამ სიტყვებით დაასრულა სიტყვა უშიშროების საბჭოს მდივანმა.